როგორ გავარკვიოთ, რომელი მცენარეა ჩვენთვის სიკეთის მომტანი, რომელი სახიფათო და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი დარგვის დროს
ბევრმა არც კი იცის, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობასა და მცენარეებთან კონტაქტს შორის პირდაპირი კავშირია. სწორედ მათთან ურთიერთობისას შეუძლია ადამიანს, გაიხანგრძლივოს სიცოცხლე, თავი აარიდოს პრობლემებს, გამორიცხოს უდროოდ სიკვდილის ალბათობა და, უბრალოდ, მოიპოვოს ჰარმონიული ცხოვრება ამქვეყნად. როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნათელა ამბობს, ხეებთან ურთიერთობით ადამიანი ბევრ რამეს სწავლობს. ზოგ ხესთან კონტაქტი სასარგებლოა, ზოგთან კი – მომაკვდინებელი.
ნათელა: ადამიანსა და მცენარეებს შორის უჩინარი კონტაქტი არსებობს და ისინი, ფაქტობრივად, ერთმანეთთან უხილავი მაგიური ძაფებით არიან დაკავშირებული.
– როგორ გავარკვიოთ, რომელი მცენარეა ჩვენთვის სიკეთის მომტანი და რომელი – სახიფათო; რა უნდა გავითვალისწინოთ მათი დარგვის დროს და რაში გვეხმარებიან ისინი?
– შევეცდები, ამ თემებზე ამომწურავი ინფორმაცია მოგაწოდოთ. დამიჯერეთ, ეს ნამდვილად წაგადგებათ და უფრო გაგიხანგრძლივებთ სიცოცხლის ხაზს. ალბათ, დამეთანხმებით, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა დღეს თვალშისაცემად შემცირებულია. არადა, ჩვენი წინაპრები ღრმა მოხუცებულობამდე ჯანმრთელად და შრომისუნარიანად გამოიყურებოდნენ. ასე რომ, რეალურად, წინათ დღეგრძელები მეტნი იყვნენ, ახლა კი – ნაკლებად. ამ თემაზე მეცნიერები, ეზოთერიკოსები და პარაფსიქოლოგები ბევრს ფიქრობენ, იკვლევენ და სათანადო დასკვნებს დებენ. ბევრი მეუბნება, ალბათ, ძალიან გიყვარს სიცოცხლე, რომ მის გახანგრძლივებაზე ასე ბევრს ფიქრობო. რატომაც არ უნდა მიყვარდეს და რატომაც არ უნდა ვფიქრობდე მის გახანგრძლივებაზე? დიახ, სიცოცხლე მიყვარს, მაგრამ, სიკვდილისაც არ მეშინია. უბრალოდ, ძალიან მაინტერესებს, როგორ გადავალ ამ ცხოვრებიდან იმ ცხოვრებაში, ანუ, სხვა, ჩვენთვის წარმოუდგენელ სამყაროში.
– გეთანხმებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ზოგადად, ბოლო წლებში საკმაოდ შემცირდა. და მაინც, რა შეიძლება ჩაითვალოს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემამცირებელ ფაქტორად?
– დღეს ჩაკეტილები ვართ საკუთარ ბინებში, დილიდან საღამომდე ვმუშაობთ უჰაერო სივრცეში, ოფისებში გამოკეტილები და, ვერც კი ვამჩნევთ, ამით როგორ ვიმოკლებთ სიცოცხლის ხანგრძლივობას. მესმის, რომ, თუ არ იმუშავე, არავინ არაფერს მოგცემს, მაგრამ, ისე უნდა გადაანაწილოთ დრო, რომ ორგანიზმი არ გადაძაბოთ და საფრთხე არ შეუქმნათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ძველად ხალხი გარკვეულ დროს ატარებდა ბუნების წიაღში, რადგან, იცოდა, რომ მისგან სასიკეთო ენერგიებს იღებდა, იმუხტებოდა დადებითი ემოციებით და ასე შემდეგ. ჩვენი სიცოცხლის გენის გახანგრძლივება, სწორედ ბუნებასთან, კერძოდ კი, კონკრეტულ ხეებთანაა კავშირში. დაავადებულ ადამიანს ექიმბაშები სწორედ, ათასგვარი მცენარეების ნაყენებით მკურნალობდნენ, რასაც უფრო მეტი ეფექტი ჰქონდა, ვიდრე დღევანდელ ქიმიურ აბებსა თუ მიქსტურებს. დამიჯერეთ, ნებისმიერმა ადამიანმა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად საჭირო ენერგია ხეებისგან უნდა მიიღოს. ხეებს მართლაც გააჩნიათ სხვადასხვა სიდიდისა და ნიშნის ბიოენერგეტიკული ველები. სხვათა შორის, ექსტრასენსები საჭირო ბიოენერგიას ხეებისგან იღებენ, იმუხტებიან მათი ძალით და შემდეგ კურნავენ ადამიანებს. ანუ, იმუხტებიან ხის ენერგიით და ავადმყოფთა გამოსაჯანმრთელებლად, მათ სამკურნალოდ, არა საკუთარ, არამედ, ხის ენერგიას ხარჯავენ. მაგალითად, თუ ადამიანს ენერგიის გადაჭარბებით ხარჯვა უწევს, აუცილებელია, ის შეივსოს, რათა თავადაც არ დაუძლურდეს. ამისთვის კი აუცილებელია მუხის ხესთან კონტაქტი და მისი ენერგიით დამუხტვა. მუხის დადებითი ენერგეტიკული ველი ორ მეტრზე მეტი რადიუსით ვრცელდება.
– სხვა ხეებსაც ასეთი ენერგეტიკული ველი აქვთ?
– არა. ყველა ხეს განსხვავებული ენერგეტიკული ველი გააჩნია. მაგალითად, კაკლის ხის ენერგეტიკული ველის გავრცელების არეალი ერთი მეტრია; წიწვოვანი ხეების – მეტრ-ნახევარი, არყის ხის – სამოცდაათი სანტიმეტრი და ასე შემდეგ. თუ ემოციით დაღლილი ხართ, შინაგანად აფორიაქებული და რაღაც არ გასვენებთ, ჩაეხუტეთ ცაცხვის ხეს და მალევე იგრძნობთ, როგორ ეუფლება თქვენს ორგანიზმს სიმშვიდე და თანდათან წყნარდებით. სხვათა შორის, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ყველაზე გამოუსადეგარი და ადამიანისთვის საშიში ხე ალვაა და მისი ეზოში ან სახლის მახლობლად დარგვა-გახარება არ არის რეკომენდებული. საქმე ისაა, რომ ალვის ხეს უარყოფითი ენერგია აქვს, ანუ, ის, ფაქტობრივად, ხე-ვამპირია, რომელიც შთანთქავს მის ახლომახლო მყოფ ადამიანთა ენერგიას. ალვა ჩვენგან იმ ბიოენერგიის ნაწილს ითვისებს და გვართმევს, რაც წარმატებისა და წინსვლის გარანტიაა. თუ არ გსურთ, უარყოფითი ენერგიით აავსოთ ორგანიზმი, ამ ხესთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამცირეთ. იმისთვის კი, რომ მუხისგან დადებითი ენერგიებით დაიმუხტოთ, მას ზურგით უნდა მიეყრდნოთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, თვალები დახუჭოთ და არაფერზე იფიქროთ. ამ დროს არ შეიძლება კითხვა, ლაპარაკი ან რამე ნეგატიურზე ფიქრი, რადგან, ამას ხე გრძნობს და თქვენ მიმართაც ასევე უარყოფითად განეწყობა. მუხას დახმარება უნდა სთხოვოთ და საამისოდ განაწყოთ, სხვაგვარად ის თქვენს დახმარებაზე უარს იტყვის. ვცდილობ, ყოველ შაბათ-კვირას გავიდე ბუნებაში და ამ ხესთან მქონდეს კონტაქტი. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ენერგიას ვიძენ წიწვოვანებთან და მუხასთან კონტაქტით. მათგან მიღებული ენერგია მთელი კვირის განმავლობაში მეხმარება, მეტად შრომისუნარიანს მხდის და დადებითი ემოციებით მავსებს. თქვენ, ალბათ, არ გემახსოვრებათ, რომ კომუნისტების დროს ბევრი ალვის ხე დაირგო მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. მიაჩნდათ, რომ ისინი ქარისგან იცავდა გაშენებულ ვენახებს და ხეხილის ბაღებს. დღეს, იმ ადგილებში, რომლებიც ალვის ხეების გარემოცვაშია, ვერც ერთ ოჯახში ვერ ნახავთ ბარაქასა და კეთილდღეობას. ეს ნამდვილად იმის შედეგია, რომ მათ ვამპირი ხეები აცლიან ძალას და უარყოფითი ენერგიით მუხტავენ, რაც, საბოლოო ჯამში, მათი წარუმატებლობის, უბარაქობისა და ხელმოცარულობის მიზეზია. წიწვოვანი მცენარეები კი ამ მხრივ ნამდვილად სასარგებლოა და, გირჩევთ, მეტი იაროთ ტყეში, ისუნთქოთ წიწვოვანისა და მუხნარის არომატი. ეს ყოველივე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელია.
– იქნებ, ასეთი ხეების ეზოებში დარგვა ჯობია?
– ამას არ გირჩევთ, რადგან, წიწვოვანი და კაკლის ხის დარგვა საკუთარ ეზოში უბედურების მომტანია. მაგრამ, თუ მეზობელი, ნათესავი ან უცხო დარგავს მას თქვენს ეზოში, მაშინ საშიში აღარ არის. ასევე, არაფრისდიდებით არ შეიძლება საკუთარ ეზოში კაკლის ხის მოჭრა – ასე სიცოცხლის წლებს მოიკლებთ. მართალია, გამხმარი ხის ეზოში გაჩერება არ ვარგა, მაგრამ, თქვენ ნუ მოჭრით მას, ჯობია, ეს საქმე სხვას დაავალოთ, ანუ, ოჯახის წევრს არა. საერთოდ კი, თუ ხეებთან კონტაქტის დროს ზემოთქმულს გაითვალისწინებთ, საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას ძალიან დაეხმარებით.
– გამიგია, რომ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, კარგია ეზოში იასამნის გახარება. ეს ასეა?
– დიახ, უდიდესი სამკურნალო თვისებებით და ენერგეტიკული ბალანსით გამოირჩევა იასამანი. ხშირად მას სასაფლაოზე რგავენ და, მოხუცები ამბობენ, ეს იმის სიმბოლოა, რომ ცხოვრება გრძელდებაო. კარგია მისი დარგვა ყველა ეზოსა და ბაღში, რადგან, ეს მცენარე ადამიანებისთვის სიკეთის მომტანია. სასაფლაოზე კი, უბრალოდ, აუცილებელია – ამით ცოცხალი ადამიანი გარდაცვლილი ახლობლის მიმართ პატივისცემას გამოხატავს და მას იმქვეყნად სიმშვიდეს უმკვიდრებს.