ექიმის რჩევები
კითხვა: ხშირად მექავება თვალები. რა უნდა იყოს ამის მიზეზი და რა უნდა ვქნა ამ დროს?
პასუხი: ყველაზე ხშირი მიზეზი ალერგიული ანთებაა. ბოლო პერიოდში გავრცელებულია მშრალი თვალის სინდრომი (კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა თვალის ლორწოვანს აშრობს და ქავილს იწვევს). მკურნალობა ინიშნება ოფთალმოლოგის მიერ, გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე.
კითხვა: როგორ მოვამზადოთ გვირილის აბაზანები 10 დღის ჩვილისთვის?
პასუხი: 50 გრამი გვირილას დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და თავდახურული დადგით 1 საათის განმავლობაში (შეგიძლიათ, 15-20 წუთი ადუღოთ და შემდეგ 1 საათი გააჩეროთ), გადაწურეთ და ჩაამატეთ ბავშვის აბაზანის წყალს.
კითხვა: იოდინოლს, იოდომარინსა და იოდბალანსს აქვს ერთნაირი შემადგენლობა: კალიუმის იოდიდი. შეიძლება თუ არა, იოდომარინის ნაცვლად იოდინოლის მიღება (ფასში დიდი განსხვავებაა და იმიტომ)?
პასუხი: ასეთ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ იოდბალანსი ან კალიუმის იოდიდი (ყურადღება მიაქციეთ დანიშნულ დოზას). რაც შეეხება იოდინოლს, ეს სხვა დანიშნულების პრეპარატია.
კითხვა: ჩემს მეუღლეს აღმოაჩნდა ჭიები. მირჩიეს სახლის პირობებში დამზადებული წამალი. რამდენად ეფექტური იქნება 25 წლის მამაკაცისთვის გოგრის თესლი და თაფლი?
პასუხი: გოგრის თესლს ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას. პარაზიტების საწინააღმდეგოდ ეფექტურია ასეთი ნარევი: აურიეთ ერთმანეთში 1 ჩაის ჭიქა გოგრის უმი თესლი, 2 უმი კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი თაფლი და 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. მიიღეთ უზმოზე. შემდეგ დაიდეთ მარჯვენა გვერდზე ცხელი სათბური და ასე იწექით 2 საათი. გაიმეორეთ კიდევ ორჯერ, ათ-ათდღიანი ინტერვალებით.
კითხვა: რა დაავადებაა აუტიზმი? საიდან ჩნდება და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? რას ურჩევთ ამ დაავადების მქონე ადამიანს?
პასუხი: აუტიზმი ნერვული სისტემის განვითარების შეფერხებაა, რომლის წარმოშობაზეც ერთიანი აზრი არ არსებობს. ძირითადათ გამოიხატება დამახასიათებელი ტრიადით: სოციალური ურთიერთობის პრობლემა; დარღვეული ურთიერთკომუნიკაცია; შეზღუდული ინტერესები და ქცევითი განმეორებადი რეპერტუარი. აუტიზმის „წამალი“ არ არსებობს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აუტიზმით დაავადებულს არაფერი ეშველება. არსებობს ინტერვენციათა მთელი რიგი და სწავლა-განვითარების ხელშემწყობი მეთოდები. მათი საშუალებით დახმარება შეიძლება. იმის საპირისპიროდ, რაც ბევრს ვერ წარმოუდგენია, ზოგიერთ აუტიზმით დაავადებულ ბავშვსა და მოზარდს შეუძლია თვალით კონტაქტის დამყარება, გაღიმება, სიცილი, მოწონებისა და სხვა ემოციის გამოხატვა. ზოგიერთი მუშაობს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ურთიერთობს სხვებთან, ქორწინდება და ზრდის ბავშვებს. ბევრი ცნობილი გენიოსი აუტიზმით იყო დაავადებული.