რატომ შეიძლება გახდეს ერთი ადამიანის ცოდვა მეორე ადამიანის სასჯელი და როდის მოსდის ქრისტიანს ყველაზე ხშირად ცოდვილი აზრები
როგორც სახარებიდან არის ცნობილი, მაცხოვარი არავის შეგაქებთ იმის გამო, რომ აღსარებას ამბობდით, ეზიარებოდით, ეკლესიას აშენებდით; არა, ის გეტყვით: „მშიოდა და არ მაჭმევდით, მწყუროდა და არ მასვით, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, პატიმრობაში ვიყავი და არ მინახულეთ“. უპირველეს ყოვლისა, ღმერთი ჩვენს მოწყალებას გადახედავს, ჩვენს დამოკიდებულებას მოყვასისადმი, რომლებსაც, თურმე, ძალიან ხშირად განვიკითხავდით და ამით კიდევ უფრო მეტ ცოდვებს ჩავდიოდით. ამ საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ღმერთმა მოგვცა გონება, ჯანმრთელობა, აზროვნება, გარკვეული ნიჭები და, თუ ჩვენ ამ ნიჭებს, იმას რაც უფალმა მოგვცა და ჩვენ არ გვეკუთვნის, არ გავცემთ გულითა და სულით, სხვას არ დავეხმარებით, მაშინ, საერთოდ არ გავცემთ იმას, რაც ჩვენია, ჩვენით გვაქვს ნაშოვნი. ამიტომაც, უნდა ვიყოთ უდარდელად, უყვედრელად ხელგაშლილი და, ღმერთი ამ ყველაფერს შეიწყნარებს და გარკვეულ წყალობას მოგცემთ.
– და მაინც, რა არის ყველაზე დიდი ცოდვა?
– ყველაზე დიდი ცოდვა – შიშია, ყველაზე დიდი შეცდომა – უიმედობა, ყველაზე დიდი სისუსტე – სიძულვილი, ყველაზე დიდი სიმდიდრე – ჯანმრთელობა, ყველაზე დიდი ჯილდო – სიყვარული, ყველაზე საშიში კაცი კი – მატყუარა. არ არის სასურველი გამოუცდელ ადამიანებთან გულახდილი საუბარი; არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ვინმე უცხოსავით დაგიწყებთ ყურებას, როდესაც მათ რაღაცას ვერ ეუბნებით, რადგან, ისინი სხვანაირად აზროვნებენ. ცოდვა ხშირად სწორედ ფიქრის დროს იბადება, ეს კი განსაკუთრებით ლოცვის დროს ხდება. ხშირად ადამიანს სწორედ ასეთ დროს მოსდის მაცდური ფიქრები, რომელთაგან გაშორებაც ძალიან უჭირს და შემდეგ მათ ხშირად ქმედებაში ახორციელებს. როგორც ანტონი დიდი ამბობს: შეიძლება, შენ გქონდეს სარწმუნოება, მაგრამ, სულიერად თუ კარგად არ გაიაზრებ, შეიძლება, შენი სარწმუნოება არ იყოს ისეთი, როგორიც უფალს სურს; შეიძლება, გქონდეს სიყვარული, მაგრამ, ეს სიყვარული იყოს მშვინვიერი, დროებითი, ადამიანური, საეშმაკო და არ იყოს მაცხონებელი... როცა უკმაყოფილო ხარ ყველაფრით, ყველასი: ცოლის, შვილის, მეზობლის, მეგობრის – აი, ეს არის უკმაყოფილების განცდა. ამას კი ხშირად იმით ნიღბავენ, რომ – „მე ვარ ძალიან წმიდა, პატიოსანი; არ შემიძლია, ეს მოვითმინო“... აღშფოთებულები, გაკვირვებულები არიან და თავიანთ გარშემო არაფერი არ მოსწონთ, არიან მუდმივად განკითხვაში. აი, აქედან მოდის მუდმივად განკითხვა: როცა არავინ და არაფერი მოგწონს. უკმაყოფილო ხარ შენ და ნიღბავ იმით, თითქოსდა იმხელა სულიერების მქონე ხარ, რომ გარშემო არაფერი აღარ მოგწონს, სანამ საუბარს დაიწყებთ, ან რამის აღსრულებას დააპირებთ, დაფიქრდით, სულიერი განსჯით მოიფიქრეთ, რადგან, შეიძლება, თქვენი განსჯით, სიტყვით, უკმაყოფილებით სხვა ადამიანი დაიღუპოს. ნურასდროს იკამათებთ და ნუ მოჰყვებით თავის დაცვასა და მართლებას. უნდა იყოთ გულწრფელნი და გულით, სიყვარულით მიიღეთ დარიგება, შენიშვნები და მხილება სხვათაგან, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყოთ. არ უნდა იყოთ მოძულეები, შურიანები და ზედმეტად მკაცრები სიტყვასა და საქმეში. რაც თქვენთვის არ გსურთ, იმას სხვას ნუ გაუკეთებთ და, რაც გინდათ, რომ სხვებისგან მიიღოთ: ის თავად გაეცით.
– წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: სიამაყის ეშმაკი ხარობს ჩვენში, როდესაც ჩვენი სათნოებების სიმრავლეს ვხედავთ. რაც უფრო მეტი წარმატება გვაქვს, რაც უფრო კარგად გვაცვია; როდესაც ვმსჯელობთ, პატივმოყვარეობით ვივსებით, თუ საუბარს ვიწყებთ – მაშინაც სიამაყით ვივსებითო.
– სიამაყე უკიდურესი თავდაჯერებულობაა, რომელიც უარყოფს ყველაფერს, რაც მისი არ არის, ის რისხვის, სისასტიკისა და ბოროტების წყაროა, ხშირად კი – ღმერთის შეწევნის უარყოფაც. ის თითოეული ცოდვის შემადგენელი ნაწილია. ამაყი ადამიანი, ჩვეულებრივ, ვერ ხედავს საკუთარ ცოდვას. თუკი ადამიანს უჭირს პატიების თხოვნა, თუ ადვილად სწყინს, ეჭვიანია, თუ ბოროტება ახსოვს, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობს, სხვებს განსჯის, საკუთარ თავში კი დირესაც ვერ ხედავს, ეს ყველაფერი უკვე სიამაყის უტყუარი ნიშანია. ამ დროს ადამიანში ჩნდება საკუთარი უპირატესობის გურლწრფელი რწმენა. საკუთარ თავში ზედმეტად თავდაჯერებულობა ხშირად მკაცრი, სხვისთვის დამამცირებელი განკარგულებების გაცემაში ვლინდება – ამით ის სხვების თავისუფალ ნებას ესხმის თავს, თუმცა, ვერ იტანს, როდესაც ოდნავ მაინც ეხებიან მისას. განაგებს სხვის ყურადღებას, დროს, ძალებს, ენერგიას; ხდება კადნიერი და თავხედი; მისი საქმე მნიშვნელოვანია, სხვისი – უმნიშვნელო; ის ყველაფერს ჰკიდებს ხელს და ყველაფერში ერევა. როცა წინააღმდეგობას აწყდება, უკუქმედებებს იწვევს, ღიზიანდება, ჭირვეულობს, ჯიუტდება. დარწმუნებულია, რომ მისი არავის ესმის, ახლობლებსაც – კი. ხარბად ცდილობს, გახდეს ცნობილი, თუნდაც სკანდალურად და ამისთვის ყველანაირ გზას მიმართავს. „სიამაყე სულის უკიდურესი სიღატაკეა“, – ბრძანებს წმიდა იოანე სინელი. ამაყი ადამიანი საბოლოოდ მარცხდება ფსიქოლოგიურად: მას იპყრობს სევდა, სიბნელე, უარყოფა, სიბრაზე, მორალური მარტოობა, სულიერი სიკვდილი, რომელიც ხორციელ სიკვდილს უტოლდება. ამიტომ, საჭიროა, მას დავუპირისპიროთ თავმდაბლობა, ადამიანებისადმი უანგარო სიყვარული, სამართლიანობა, წყენის დათმენა, საკუთარი თავის უკანასკნელ ადგილზე დაყენება, სხვისი მდგომარეობის გათვალისწინება და მის ადგილას საკუთარი თავის დაყენება, ზნეობრივი კანონების დაცვა ისევე, როგორც უფლის მცნებების. ზნეობრივი კანონები ითვალისწინებს ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიას – ის ხომ ადამიანისთვის არის ფარი და ჯავშანი; განამტკიცებს ადამიანებს შორის სიყვარულს, პატივისცემას და იცავს მათ ღირსებას. ზნეობრივ ქცევას ალტერნატივა არ აქვს, ის ყოველთვის თანამედროვეა, მოდაშია, რადგან, ადამიანის სასარგებლოდ არის მიმართული.
– ამაყ ადამიანებს კიდევ ერთი თვისება ახასიათებთ: ისინი საკუთარ შეცდომებს იშვიათად ხედავენ, სამაგიეროდ, შეუძლიათ, სხვის შეცდომებზე ხმამაღლა სხვებთან ისაუბრონ, განიხილონ და, გარკვეულწილად, დაამცირონ კიდეც.
– როდესაც ადამიანი საკუთარ უსჯულოებას უყურადღებოდ ტოვებს, ის მაშინვე იწყებს მოყვასის ცოდვების თვალთვალს, რასაც კი შედეგად ის მოჰყვება, რომ მას განიკითხავს, ამცირებს, ბოლოს კი თვითონაც იმავე ან უარეს ცოდვებში ვარდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა რამაა ადამიანზე ძვირის თქმა და სხვა – განკითხვა. ძვირის თქმა ის არის, როცა ვინმეზე იტყვიან: მან იცრუა, იმრუშა ან სხვა ცუდი რამ გააკეთა. მაგრამ, ადამიანს მაშინ განიკითხავს, როდესაც სხვაზე იტყვის: მატყუარაა, მრისხანე, მრუში. ამ დროს იგმობა ადამიანის სულის წყობა და განაჩენი ეცხადება მთელ მის ცხოვრებას, რაც გაცილებით მძიმე ცოდვაა. ასევე, სხვადასხვა რამ არის განკითხვა და დამცირება. დამცირება ის მდგომარეობაა, როდესაც, არა მარტო განიკითხავ მოყვასს, არამედ, კიდეც გძულს და ზიზღით აქცევ მას ზურგს, ამცირებ ყველგან. ეს განკითხვაზე კიდევ უფრო დამღუპველია. სულის ცხონების მსურველებმა ასეთ დროს უნდა გაიფიქრონ: „ვაიმე, დღეს ის სცოდავს, ხვალ კი მე შევცოდავ“, – რადგან, არ არის გასაკვირი, რომ მეორე დღესვე ზუსტად იმავე ცოდვაში ჩავცვივდეთ, რომელშიც ჩვენი მეგობარი, ახლობელი ჩავარდა და რომელსაც ამის გამო ხმამაღლა განვიკითხავდით ან დავცინოდით. ამიტომ, ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჩაუნერგოს იმის შიში, რომ ხვალ, შეიძლება, თვითონ შესცოდოს და ამით მოყვასის განკითხვას განერიდება. ჩვენ რომ სიყვარული გაგვაჩნდეს, თანაგრძნობით მოვეკიდებოდით მოყვასის ნაკლს, ცოდვას და მის ნაკლოვანებებსაც არ მივაქცევდით ყურადღებას. პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ ადამიანებთან ახლო ურთიერთობა, სიყვარული, რადგან, როცა მოყვასთან, მსგავსთან ახლოს ვართ, კიდევ უფრო მეტად ვუახლოვდებით უფალს, მასთან ერთობაში ვიმყოფებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიღაც, შეიძლება, უცოდინრობის გამო სცოდავდეს, მაგრამ, ისეთი კეთილი საქმეები ჰქონდეს გაკეთებული, რომ ღვთისთვის მთელ შენს ცხოვრებაზე უფრო მეტად სათნო იქნება. შენ კი ზიხარ და მას განკითხავ, განსჯი და, ამით მას კი არ ვნებ არაფერს, არამედ, საკუთარ სულს იმძიმებ, ცოდვებს იმატებ; ან, შეიძლება, დაეცა ადამიანი, მაგრამ, მან ამის შემდეგ ბევრი იტირა, შეინანია, ცრემლი დაღვარა... ღმერთი მის შრომას, ღვაწლს ხედავს, შეიწყალებს, შენ კი მხოლოდ ცოდვას ხედავ და განიკითხავ, სულს იღუპავ და მასაც ცოდვაში აგდებ... ასე რომ, სანამ სხვის განკითხვას დავიწყებდეთ, სანამ სიამაყით ზემოდან გადმოვხედავთ სხვებს, დავამცირებთ, უმჯობესი იქნება, მანამდე საკუთარ სულში, გულში, უფრო ღრმად ჩავიხედოთ, ბევრი ვიფიქროთ – იქ აუცილებლად დავინახავთ ჩვენს ცოდვებს და ამით სხვების განკითხვაზე ნელ-ნელა ვიტყვით უარს.