კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

არ უნდა მოვისმინოთ მღვდლის განკითხვა

უდაბნოში განმარტოებით მოღვაწე ერთ ბერს დროდადრო მღვდელი აკითხავდა ხოლმე, რათა სამეუფეო მსხვერპლი შეეწირა. ერთხელ ამ ბერთან ეშმაკის მიერ შეპყრობილი კაცი მივიდა და მღვდელი განიკითხა. ბერმა მოუსმინა მას და დაბრკოლდა. როცა მას, ჩვეულებისამებრ, მღვდელმა მიაკითხა, რომ წირვა ჩაეტარებინა, ბერმა კარი არ გაუღო. მღვდელი დამწუხრებული დაბრუნდა შინ.

ბერი სალოცავად, რომ დადგა, ზეციდან ხმა შემოესმა: დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლე და მსჯავრში მეცილებიანო. ეს რომ გაიგონა, დაყუდებული შიშმა შეიპყრო და შეძრწუნდა. ამ დროს დაინახა ოქროს ჭა, ოქროსავე თოკი და ჭურჭელი. წყალი გასაოცრად წმინდა იყო, მაგრამ, წყლის ამომღები ჩანდა არაწმინდა. მივიდა მასთან უფლის ანგელოზი და უთხრა: ჰოი, კაცო, რას ავნებს ამ წმინდა წყალს უწმინდური ამომღები, ან რას მოაკლებს ყოვლადწმიდა მსხვერპლს უღირსი შემწირველი? ის მხოლოდ თავს დაისჯის, მაგრამ სხვებს ვერარას ავნებსო.

ბერი გონს მოეგო, შეძრწუნდა, ცრემლით შეინანა დანაშაული, მოუხმო იმ მღვდელს, დაუჩოქა, შენდობა სთხოვა და ვედრებით დაითანხმა, რომ ძველებურად ეწირა ხოლმე. მას შემდეგ ეს ბერი სხვებსაც ასწავლიდა, არავინ განეკითხათ, რადგან, მხოლოდ ღმერთია ყოველთა განმკითხველი. მით უფრო, არ უნდა განვიკითხოთ მღვდლები, რომლებიც ანგელოზების გვერდით დგანან, წმიდა ძღვენს შესწირავენ უფალს და გარდმოიწვევენ სულიწმიდას, რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

გლახაკის, უძლურის მოწყალეს უფალი შეიწყალებს

ბერი მარტირი მონასტრიდან სხვა სავანეში მიდიოდა სულიერი მამის სანახავად. გზად ავადმყოფი, ფუფქით დაფარული მათხოვარი შეხვდა, რომელსაც იმავე სავანისკენ ედო გზა, მაგრამ, უძლურების გამო ადგილიდან ვერ იძვროდა. თანაგრძნობით აღვსილმა მარტირმა გლახაკს თავისი მოსასხამი შემოახვია, წამოაყენა, მხარში შეუდგა და მასთან ერთად განაგრძო გზა. სავანეს რომ მიუახლოვდნენ, მოძღვარმა, რომელსაც განჭვრეტის ნიჭი ჰქონდა, ძმებს მიმართა: სასწრაფოდ წადით, მონასტრის კარი გააღეთ, ძმა მარტირს ჩვენთან უფალი მოჰყავსო. ეს იყო და, მარტირის მხარს მინდობილი გლახაკი წელში გაიმართა, წამოდგა და მაცხოვრის სახით წარმოუდგა ბერს, ისეთად, როგორსაც მას ხატებზე გამოსახავდნენ ხოლმე და ცად ამაღლდა. „შენ მე არ შემიზიზღე მიწაზე და არც მე შეგიზიზღებ ცათა შინა. შენ მცირე ხნით მომაპყარი მოწყალების თვალი, მე კი ნეტარგყოფ უკუნითი უკუნისამდე“, – თქვა ეს და უხილავი გახდა.

„სად არის იგი, ვინც მოგყავდა?“ – ჰკითხა მოძღვარმა მარტირს.

„რომ მცოდნოდა, მამაო, ვისი ტარების ღირსი გავხდი, მაგრად ჩავეჭიდებოდი ფეხებზე“, – უპასუხა მან. 

„გიჭირდა მისი ტარება?“ – კვლავ ჰკითხა ბერმა. 

„არა, მამაო, მიუგო მარტირმა, – მას, ვინც მომყავდა, სიმძიმე არ ჰქონდა, რამეთუ, იგი იყო ის, ვინც თავად გვზიდავს მე და მთელ ქვეყანას და თავისი სიტყვით გვიფარავს.“

скачать dle 11.3