რა ნათესაური კავშირი ჰქონდა თეთრბატკნიანთა მბრძანებლის უსაყვარლეს მეუღლე თეოდორა კომნენს ქართველებთან
ისტორიაში არიან ისეთი პიროვნებები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს არა მარტო თავისი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის ისტორიაში. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ თეოდორა კომნენი, რომლესაც სისხლით ნათესაობა აკავშირებდა საქართველოს სამეფო გვართან. მისმა მამამ კალო (ლამაზი) იოანემ, საქართველოში ჰპოვა თავშესაფარი. აქ მან იქორწინა გიორგი მერვეს დაზე. სწორედ გიორგი მერვეს, ამ ქართველი მეფის დახმარებით იოანემ მამამისი ტახტიდან ჩამოაგდო და ტრაპიზონის სამეფოს დაეპატრონა. კალო იოანესა და მისი ქართველი მეუღლის ქორწინების შედეგად მოევლინა ქვეყანას კატერინა, იგივე თეოდორა, მუსლიმურ სამყაროში დესპინად ცნობილი. ჩვენი რესპონდენტი ისტორიკოსი, პროფესორი მირიან მახარაძე, სწორედ ამ ქალბატონის შესახებ გვიამბობს.
დედით ქართველი თეოდორას სილამაზე არამარტო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არამედ მთელ იმჟამინდელ მსოფლიოში იყო ცნობილი. ისეთი დიდი დამპყრობელი, როგორიც თეთრბატკნიანთა მბრძანებელი უზუნ ჰასანი იყო, ტრაპიზონის პოლიტიკის დამცველედაც კი მოგვევლინა, იმ პირობით, რომ ამის შემდეგ მას თეოდორას მიათხოვებდნენ. თავის მხრივ, თეოდორა ძალიან ჭოჭმანობდა ამ ქორწინებაზე თანხმობის განცხადებას. ეს იქიდანაც ჩანს, რომ საქორწილო მოლაპარაკება 2 წელს გაგრძელდა. 1456 წელს, გარდაიცვალა კალო იოანე და თეოდორა გაათხოვა მისმა ბიძამ – ტრაპიზონის უკანასკნელმა იმპერატორმა დავითმა.
თეოდორას ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ქორწინების შემთხვევაში, ის რჯულს არ შეიცვლიდა. უფრო მეტიც, მან გათხოვების შემდეგ, არათუ რჯული შეიცვალა, არამედ ამ ვეებერთელა მუსლიმურ სახელმწიფოში 5 ათასამდე ქრისტიანი მრევლი წაიყვანა. ეს, ერთი შეხედვით, ეპოქისთვის წარმოუდგენელი რამ იყო. თეოდორას სიყვარულით გაოგნებულმა უზუნ ჰასანმა, რომელიც ყოველთვის ისლამის დროშის ქვეშ იბრძოდა, თავის სახელმწიფოში ეკლესიების მშენებლობა დაიწყო. დღესაც გვხვდება დიარბაქირის ტერიტორიაზე უზუნ ჰასანისა და თეოდორას მიერ აგებული ეკლესიები. ცნობილია ისიც, რომ თეოდორა, არა მარტო რჯულზე, არამედ თავის სამშობლოზეც ზრუნავდა. 1461 წელს თურქებმა დაიპყრეს ტრაპიზონის სამეფო და მთელი კომნენოსთა გვარი ადრიანოპოლში გადაასახლეს. ორი წლის შემდეგ თეოდორას მითითებით, თეთრბატკნიანებმა და ვენეციის სავაჭრო სახელმწიფომ კავშირი დადეს ოსმალების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისთვის. სწორედ ამის გამო, თეოდორამ წერილი მისწერა თავის ბიძას, დავითს, რომ მას მალულად თეთრბატკნიანთა სახელმწიფოში მისი რომელიმე შვილი, ან ძმისშვილი – ალექსი გამოეგზავნა. ამით თეოდორა ფიქრობდა, რომ თუ თეთრბატკნიანები ოსმალებს დაამარცხებდნენ, ის ტრაპიზონის სამეფოს აღადგენდა და მასთან გაზრდილ კომნენოსს კვლავ ამ სამეფოს სათავეში მოიყვანდა. მას უნდოდა, ტრაპიზონი კვლავ დამოუკიდებელი და თვითმყოფადი ქვეყანა გამხდარიყო, ანუ დამოკიდებული არც ოსმალებსა და არც თეთრბატკნიანებზე არ ყოფილიყო. შესაძლებელია, იგი ფიქრობდა, რომ სიბერე ისევ თავის ქვეყანაში გაეტარებინა და თავის სამშობლოში დამარხულიყო. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.
კერძოდ, მოღალატეები მეთხუთმეტე საუკუნეშიც მრავლად არსებობდნენ. იმპერატორ დავითის პირადმა ხელქვეითმა წერილის არსებობის შესახებ ოსმალეთის სულთანს, მეჰმედ მეორეს შეატყობინა. განრისხებულმა სულთანმა კომნენოსთა გვარის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. ის იმდენად იყო შეურაცხყოფილი, რომ მათი განადგურების შემდეგ მიცვალებულთა დამარხვაც კი აკრძალა. დავითის მეუღლემ, დედოფალმა ანამ უპატრონოდ მიგდებული მეუღლისა და შვილების საფლავი საკუთარი ხელით გათხარა და ისე დამარხა ისინი. ამისთვის კი ის სულთანმა ფინანსურად დააჯარიმა. გასაცოდავებულ და სასოწარკვეთილ დედოფალს გამოსასყიდი დატყვევებულმა მრევლმა შეუგროვა ამ ჯარიმის დასაფარავად.
ამ ინცინდენტის შემდეგ კომნენოსთა გვარიდან გადარჩა ორად-ორი კომნენი ქალ-ვაჟი. ქალი გადაარჩინა იმან, რომ ამ საბედისწერო დღემდე უკვე გათხოვილი იყო რუმელიის ბეგლარბეგზე. რაც შეეხება ვაჟს, ის თავისმა მცირეწლოვნობამ გადაარჩინა. ის სულთნის ბრძანებით ჩარიცხეს იანიჩართა კორპუსში, რჯული შეუცვალეს და ნამდვილ ოსმალო მეომრად ზრდიდნენ. თუმცა, ამ პატარა ბიჭმა მოახერხა თავის მამიდასთან, თეოდორასთან გაქცევა. იქ მან კვლავ ქრისტიანობა მიიღო. რამდენიმე წელში თეოდორას რჩევით ის საქართველოში წამოვიდა, სადაც გურიელის ქალზე იქორწინა და აქ დამკვიდრდა. ამის შემდეგ ცნობები ამ კომნენოსის შესახებ წყდება. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1473 წელს თერჯანის ბრძოლაში, სადაც ერთმანეთს თეთრბატკნიანები და ოსმალები დაუპირისპირდნენ, ქართული რაზმით იბრძოდა ვინმე ბერძენი, მუსლიმებს შორის „ურჯულო ისაკად” მოხსენიებული. ის ამ ბრძოლაში დაიღუპა. მე შესაძლებლად მიმაჩინა, რომ ურჯულო ისაკი სწორედ ის მცირეწლოვანი კომნენოსია.
რაც შეეხება თეოდორას, მის შესახებ სხვა ცნობებიც მოიპოვება. მაგალითად: თეოდორამ ერთგვარად დააკავშირა ტრაპიზონის, თეთრბატკნიანთა სახელმწიფოსა და საქართველოს ურთიერთობები. ის იყო ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ანტიოსმალური კოალიციისა, სადაც ქართველები ტრაპიზონელები და თეთრბატკნიანები ერთად იყვნენ გაერთიანებულები ოსმალთა წინააღმდეგ. თეოდორამ არა მარტო თეთრბატკნიანებთან დააკავშირა ქართველები, არამედ ცნობილ ვენეციელთა გვართანაც. ეს არის ცნობილი ვენეციელი მთავრების, კრესპოს გვარი. სწორედ თეოდორას იმედი ჰქონდათ ქრისტიან ვენეციელებს, რომ ის აიძულებდა თავის ქმარს ოსმალების წინააღმდეგ ომი დაეწყო.
თეოდორა აქტიურად ებმებოდა სახელმწიფო საქმეებშიც. ფაქტობრივად, ის ერთპიროვნული მმართველი იყო თეთრბატკნიანთა სახელმწიფოსი, როდესაც უზუნ ჰასანი სალაშქროდ მიდიოდა. მან თავად მისწერა სამცხის ათაბაგს, ყვარყვარე მეორეს წერილი, რომ ოსმალების წინააღმდეგ ომში ჩაბმულიყო. ცნობილია, ისიც, რომ ყვარყვარეს უარის შემდეგ, თეოდორას დაჟინებული მოთხოვნით, უზუნ ჰასანმა სამცხეში სადამსჯელო ოპერაცია განახორციელა.
თეოდორას ეკუთვნის იმ ეპოქისთვის კიდევ ერთი თამამი საქციელიც. კერძოდ, 1471 წელს ქმარზე გაბრაზებული დედოფალი თეოდორა უზუნ ჰასანს გაეყარა.
ასეთი ფაქტები თითზე ჩამოსათვლელია და აღსანიშნავია, რომ ასეთივე საქციელი თავის დროზე კონიის სელჩუკთა სახელმწიფოს დედოფალმა, თამარ მეფის შვილიშვილმა, – გურჯი ხათუნმაც ჩაიდინა. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ გურჯი ხათუნი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შეურიგდა ქმარს. ალბათ, გაინტერესებთ, თუ როგორ მოიქცა თეოდორა... თეოდორასაც იგივე ბედი ელოდა. ერთ წელიწადში ქმარს შეურიგდა და 1478 წლამდე (უზუნ ჰასანის გარდაცვალებამდე) შაჰის უსაყვარლეს მეუღლედ ითვლებოდა. უზუნ ჰასანის სიკვდილის შემდეგ კი მისი ცხოვრება შეიცვალა.
საქმე ისაა, რომ თეოდორა არ ყოფილა უზუნ ჰასანის პირველი მეუღლე, ამიტომ კანონიერად ტახტი უზუნ ჰასანის პირველი მეუღლის შვილს, იაყუბს ეკუთვნოდა. ამის მიუხედავად, თეოდორამ იმდენი მოახერხა, რომ თავისი შვილი გაამეფა. თუმცა, ამ უკანასკნელის მეფობამ მხოლოდ ერთი დღე გასტანა.
ნახევარძმებმა მას შეთქმულება მოუწყვეს და მოკლეს. ამის შემდეგ თეოდორას ცხოვრება აირია. უზუნ ჰასანის პირველი მეუღლის შვილებმა ის აიძულეს, სახელმწიფოს დედაქალაქი დაეტოვებინა და მის მიერვე აგებულ ეკლესიაში მონაზვნად აღკვეცილიყო. ცნობილია, რომ თეოდორა ამავე ეკლესიაში გარდაიცვალა. ის დაასაფლავეს ეკლესიის კარიბჭესთან.
1505 წელს, ერთ-ერთმა ვენეციელმა მოინახულა და აღწერა მისი საფლავი. ეს დიდებული ქალბატონი თურმე, უღირსად ყოფილა დასაფლავებული. მის ქვეშევრდომებს მიწაც კი არ გაუთხრიათ. მიცვალებულისთვის პირდაპირ დაუდიათ ლოდი, რომლის ქვეშიდან თურმე, მისი სამოსელის ფრაგმენტებიც კი ჩანდა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თეოდორამ პირდაპირ თუ ირიბად, მაინც იძია შური უზუნ ჰასანის პირველი მეუღლის შვილებზე. მას უზუნ ჰასანთან ვაჟის გარდა ჰყავდა ქალიშვილი – მარტა. მარტა ცოლად გაჰყვა არდებილის მთავარს – შეიხ ჯუნეიდის შვილს, ჰაიდარს. ამ ქორწინების შედეგად დაიბადა ისმაილი, რომელიც არის სეფიანთა ირანის იმპერიის დამაარსებელი. სწორედ ისმაილმა გაანადგურა საბოლოოდ თეთრბატკნიანთა სახელმწიფო და მბრძანებლობა აართვა უზუნ ჰასანის პირველი ცოლის შთამომავლებს. ყოველივე აქედან, აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ისმაილის ჯარში თეთრბატკნიანთა წინააღმდეგ ქართველებიც იბრძოდნენ. ასე, რომ სეფიანთა ირანის იმპერიის შექმნაში არა მხოლოდ ქართულ ჯარს მიუძღვის წვლილი, არამედ, თეოდორას ხაზით, ისმაილ პირველსა და ქართველებს სისხლით ნათესაობაც აკავშირებდათ.