საიდან წარმოიშვა და რას ნიშნავს სიტყვა „ყარაჩოხელი“ და რა ტრადიციები ჰქონდათ მათ
სიტყვა „ყარაჩოხელი“ თბილისური, ქალაქური, ქართული წარმოშობისაა და მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა. სახელწოდება „ყარაჩოღელი“ ან „ყარაჩოხელი“ ჩაცმულობიდანაა მიღებული და „შავჩოხიანს“ ნიშნავს. ძველ თბილისში ყარაჩოხელი დარბაისელი, ჩასპანდი, გულმართალი, პატიოსანი და რაინდი ადამიანის სახელით სარგებლობდა. ყარაჩოხელების შესახებ გვექნება საუბარი „თბილისელების” ამ ტრადიციულ რუბრიკაში.
ყარაჩოხელი
ყარაჩოხელები ქალაქის დაბალ ფენას ეკუთვნოდნენ. ისინი ჩვეულებრივი, რიგითი თბილისელი მუშები და ხელოსნები იყვნენ, რომლებსაც სინდისის საკუთარი კოდექსი ჰქონდათ. ეს ყველაფერი ძალიან მოგვაგონებს ევროპაში შუა საუკუნეებში შექმნილ ამქარ-გაერთიანებებს, რომლებშიც ასევე ქალაქის წვრილი ხელოსნები შედიოდნენ, თუმცა, ყარაჩოხელის ცხოვრების წესი მათგან მაინც განსხვავდებოდა. ყარაჩოხელები, პრაქტიკულად, კანონგარეშე ცხოვრობდნენ; ისინი მხოლოდ იმ წესებით ხელმძღვანელობდნენ, რომლებსაც მათი წინამძღოლი, უსტაბაში ამკვიდრებდა. ამ წესების მიხედვით, თითოეულ ყარაჩოხელს ევალებოდა: 1) ყოველი ოსტატი ვალდებულია, გაჭირვებაში მეორეს დაეხმაროს. 2) ოსტატებმა ერთმანეთს შეგირდები არ უნდა წაართვან. 3) რომელიმე ყარაჩოხელის სიკვდილის შემთხვევაში, მისი დამარხვისა და სხვა ხარჯები ყველა იმ ადამიანმა უნდა გაიღოს, რომელიც ამქარში ირიცხება. 4) შეგირდი ოსტატად მთელმა ამქარმა უნდა აკურთხოს. 5) ახალი უსტაბაშის არჩევის დროს ამქრიდან ერთი წევრიც რომ იყოს ამ კანდიდატურის წინააღმდეგი, მას არ აირჩევენ.
ისტორიკოს თამაზ ბერაძის აზრით, „ყარაჩოხელს, როგორც ქალაქის სოციალური ფენის წარმომადგენელს, დაახლოებით რვაასი-ცხრაასი წლის ისტორია აქვს. მისი წინაპარია რინდი, ჯევანმარდი. რინდი სპარსული სიტყვაა და ნიშნავს მოქეიფეს, ზარხოშს. „რინდი“ ეწოდებოდა, აგრეთვე, აჯანყების მონაწილეს, არსებული წეს-წყობილების წინააღმდეგ მებრძოლს. „ჯევანმარდიც“ სპარსული სიტყვაა: „ჯევან“ – ახალგაზრდას ნიშნავს, „მარდ“ კაცს. ამ სიტყვიდან არის ნაწარმოები ქართული – „ჯომარდი“. ჯევანმარდის (ჯომარდის) საპირისპირო სიტყვაა „ნემარდი“-„ნამარდი“, რაც არაკაცურ კაცს, მოღალატეს ნიშნავს. ჯომარდსაც და ნამარდსაც მხოლოდ თბილისში გაიგონებდით, ის ქალაქური ტერმინია. ძველ უბნებში, ავლაბარში, ჩუღურეთში, ხარფუხში შესაძლოა, დღესაც მოჰკრათ ყური ამ სიტყვებს. ჯევანმარდს უყვარდა სპორტი. ის ქალაქის მოსახლეობის საყვარელი ფალავნი იყო, უსამართლობის მოძულე, სუსტების მფარველი და თბილისელმა ყარაჩოხელმა ჯომარდმაც მემკვიდრეობით მიიღო ეს კარგი თვისება. თბილისელი ყარაჩოხელი ქალაქის მოსახლეობის საყვარელი ფალავანი, უსამართლობისა და ძალმომრეობის მოძულე, სუსტების, დაჩაგრულებისა და ქვრივ-ობლების ქომაგი იყო.
ყარაჩოხელის ჩაცმულობა
შავი შალის ჩოხა, გრძელკალთებიანი, მოკლენაოჭიანი და ორჩაქიანი. ჩოხის ნაპირებზე მოვლებულია ბუზმენტის ბრტყელი ჩაფარიში, შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის დოშლუღგაკეთებული და გულამოჭრილი პერანგი, ზედ – შავი ატლასის ან სატინის წვრილნაოჭიანი ახალუხი. მათი განიერი შარვალი, განსაკუთრებით – ქობაჩი, შავი შალისაგან იკერებოდა, თავებში აბრეშუმის ფოჩებიანი ხონჯარი ჰქონდა გაყრილი. ამ შარვლის ფართო ტოტები შიგნიდან ჰქონდათ ჩამაგრებული საცვეთების ჩარჩუბაღებში. საშინაოდ იცვამდნენ ქოშებს, საგარეოდ ხმარობდნენ ყაფაღიან წაღებს. მათი სამკაული იყო: ვერცხლისგობაკებიანი ქამარი, ქამარში – მწვანე ბაღდადი, „გალიბანდის” ქუდი, წელში – ვერცხლის ჩიბუხი და ჩიბუხისთვის – ქისა წეკოთი.
ყარაჩოხელთა ჩვეულებები
ყარაჩოხელი ძველი თბილისის ძველი თაობაა. ის იმდროინდელი მოქალაქეა, როცა, „ქართლის ცხოვრების” სიტყვით: „ქალაქი ტფილისი ჯერეთ არა სრულიად შემოყვანებულიყო უღელსა ქვეშე მორჩილებისასა”. ყარაჩოხელი სინთეზია ქართულ-სპარსული ურთიერთობისა და, საზოგადოდ, აღმოსავლეთის ხალხთა ჩვენში ყონაღობისა. წარმოუდგენელია ძველი თბილისი ყარაჩოხელთა ქეიფებისა და დროსტარების გარეშე. მათ ნახავდით თბილისის დუქნებსა და სამიკიტნოებში, ორთაჭალისა და კრწანისის ბაღებში, მტკვრის ტალღებზე მოქანავე ტივსა თუ ნავზე. ყარაჩოხელები შრომით მოპოვებულ ფულს არასდროს ინახავდნენ და უზრუნველად ხარჯავდნენ ღვინოში. ძველ თბილისში ლეგენდაც კი არსებობდა ყარაჩოღელი ალექსას შესახებ, რომელმაც ორთაჭალის ბაღში ძალიან დიდი ფული – 100 თუმანი იპოვა და, იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა შეენახა, ადგა და მთელი ამქარი ერთი კვირის განმავლობაში აქეიფა. ყარაჩოხელის ხმა ტკბილი იყო და შთამბეჭდავი. ყარაჩოხელის საყვარელი საკრავები იყო ზურნა, დუდუკი, საზანდარი და ქამანჩა. ყარაჩოხელის მუსიკა – დუდუკია. შრომით დაღლილი, დუდუკის დარბაისლურსა და ნაღვლიან კვნესაში ახშობდა სიყვარულის კაეშანსა და ცხოვრებისეულ ჭირ-ვარამს. მათ მიერ წარმოთქმულ სადღეგრძელოში ჩაქსოვილი იყო კაცთმოყვარული, ჰუმანური აზრები; ადამიანის ყოველდღიური, ცხოვრებისეული ფიქრი და ტკივილი. ყოველ სადღეგრძელოს მოჰყვებოდა დუდუკის ტკბილი ჰანგი, რომელიც, ღვინისგან შეზარხოშებულთ, ეშხში შესულებს, ცხოვრების სითბოსა და სილამაზეს აგრძნობინებდა. ქეიფში, პურ-მარილში ღამენათევი მეინახენი გათენებისას, დილის საარზე, ქეიფს თბილისის გოგირდის აბანოებში განაგრძობდნენ. ცხელი აბაზანისა და ლაზათიანი ქისის შემდეგ სუფრა ზედ აუზის თავზე იშლებოდა და კვლავ ისმოდა ყარაჩოხელთა სადღეგრძელოები. ყარაჩოხელის სასმისი იყო ჩინური ჯამი, თიხის ფიალა, აზარფეშა და ვერცხლით შეჭედილი ხის კულა.