როგორ ეხმარება ცოლი ქმარს შვილის მოძებნაში და ვის ეძებს 40 წლის ქალბატონი მანავიდან მურმანსკის მხარეში
40 წლის თინიკო ავსაჯანიშვილი და 47 წლის აკაკი მაზიაშვილი ეძებენ 25 წლის ირინა პუბანეცსა და 8 წლის ნინა პუბანეცს.
ისტორია: ვეძებ ჩემი მეუღლის შვილს – 8 წლის ნინა პუბანეცს და მის დედას – 25 წლის ირინა პუბანეცს. მათ შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ისინი ცხოვრობდნენ მურმანსკის მხარის ქალაქ კოლგორში. აკაკიმ ნინას დედა კოლგორში გაიცნო, რუსეთში ყოფნის დროს, დაახლოებით 2004-2005 წლებში. მათ შეეძინათ გოგონა – ნინა. მალე აკაკი საქართველოში დეპორტით გამოუშვეს და ასე დაკარგა მან ირინასთან და ნინასთან კავშირი, შემდგომ კი მე შემირთო ცოლად. ყოველთვის ვატყობდი ქმარს სევდიანობას და, ვიცოდი, რომ ეს ბავშვის გამო იყო. აკაკი ძალიან განიცდის, რომ შვილს ვერ ნახულობს. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ ბავშვის მოძებნაში.
ჟურნალისტის შენიშვნა: თინიკო ტელეფონით დამიკავშირდა და დახმარება მთხოვა ირინასა და ნინას მოძებნასთან დაკავშირებით. შემდგომ კი, ჩემი თხოვნით, დამიკავშირდა თავად აკაკიც და დამიდასტურა, რომ შვილი ჰყავს რუსეთში, რომელთანაც კავშირი არ აქვს. რესპონდენტების თხოვნით, მათი გვარები შეცვლილია.
– თინიკო, მოგვიყევით, რატომ ეძებთ მეუღლის შვილს? ჩემს პრაქტიკაში ეს სულ მეორედ ხდება.
– მე და აკაკის გვიყვარს ერთმანეთი და, მე, ბუნებრივია, რომ მინდა მისი გახარება, ამიტომაც მსურს, შვილის პოვნაში დახმარება გავუწიო. დაახლოებით 7 წლის წინ ჩემი მეუღლე დეპორტით ჩამოვიდა საქართველოში. ის რუსეთში არალეგალურად იმყოფებოდა და იქ ყოფნის დროს გაუცნია ირინა პუბანეცი, რომელიც იმ დროს 16-17 წლის თუ იქნებოდა. ირინასგან მას შეეძინა გოგონა – ნინა. მე და აკაკის შვილები არ გვყავს. ზუსტად ვიცი, რომ ის ძალიან დარდობს ნინასთან კავშირის არქონას. ნინა დაახლოებით წლინახევრის იყო, როდესაც კაკომ ის ბოლოს ნახა. დამოუკიდებლად ჩვენ ისინი ვერ ვიპოვეთ და ამიტომ დახმარებისთვის თქვენ მოგმართეთ. მინდა, გავაბედნიერო ჩემი მეორე ნახევარი და შვილი ვაპოვნინო.
– მაშინ, როდესაც ეს ამბავი მოხდა, თქვენ უკვე იყავით ცოლ-ქმარი?
– არა, მაშინ მე არც კი ვიცნობდი აკაკის, ყველაფერი ჩემამდე მოხდა. ამჟამად ჩვენ გვაქვს ოჯახი და გვიყვარს ერთმანეთი. ირინასაც იმიტომ ვეძებთ, რომ ნინას ამბავი გავიგოთ. მე, როგორც ქალს, მესმის ირინასი. წარმომიდგენია, როგორ გაუჭირდებოდა მას შვილის მარტო გაზრდა, მაგრამ, იმედი მაქვს, მისი პოვნის შემთხვევაში, ის მამა-შვილის დაკავშირებაზე უარს არ იტყვის. ყოველ შემთხვევაში, მის ადგილზე, მე დავთანხმდებოდი. ჩემი და ჩემი მეუღლის გვარის გამოაშკარავება იმიტომ არ მინდა, რომ თავიდან ნინა უნდა ვაპოვნინო და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მამა-შვილს შორის კავშირი აღდგება, ამ ინფორმაციას საჯაროს გავხდი. მინდა, თავიდან ავიცილო მეუღლის ნათესავების ამ საკითხში ჩარევა, რადგან, თავიდან საჭირო იქნება ნინასა და კაკოს შორის ურთიერთობის დალაგება. ამდენი წელია, იმ გოგონას არაფერი გაუგია მამაზე და, აჯობებს, რომ მათ თვითონ მოაგვარონ ურთიერთობა.
– ნინა ჯერჯერობით არასრულწლოვანია და მისი მოძებნა რთულიცაა და არასწორიც. ამიტომ, უმჯობესია, ჯერ ირინა ვიპოვოთ და მას ვთხოვოთ აკაკისთან შვილის დაკავშირების ნებართვა.
– უკვე ამდენი წელია გასული, რაც ნინა აკაკიმ ბოლოს ნახა. მეცოდება, ჩემს ქმარს რომ ვუყურებ. მას შემონახული აქვს შვილის ერთადერთი ფოტო, რომელზეც ნინა სულ პატარაა – დაახლოებით წლინახევრის და ხშირად დასცქერის ამ სურათს. იმედია, ირინას პოვნის შემთხვევაში, თქვენ აუხსნით მას ჩვენს სიტუაციას. მე პირადად მხოლოდ და მხოლოდ მეუღლის კარგად ყოფნა და მისი გახარება მსურს.
– ამდენი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ უცდია აკაკის შვილის ან იმ ქალის მოძებნა?
– საქმე ისაა, რომ ის ვერანაირად ვერ უკავშირდება ირინას. თითქმის ყველა გზა და ხერხი მოსინჯა, მაგრამ, უშედეგოდ. მე სრულიად შემთხვევით გადავაწყდი თქვენს რუბრიკას და თქვენთან დაკავშირება ვცადე. სამწუხაროდ, ჩვენ მანავში ვართ, აქ ვცხოვრობთ, უახლოეს ხანში ვერ ჩამოვალთ თბილისში და ამის გამო ვერ გაწვდით ნინასა და ჩვენს ფოტოებს.
– ირინას და ნინას პოვნის შემთხვევაში, ხომ არ შეიცვლება თქვენი ურთიერთობა მეუღლესთან და თქვენს ოჯახს დანგრევის საფრთხე ხომ არ დაემუქრება?
– მე ჩემს მეუღლეში დარწმუნებული ვარ, ისევე, როგორც ჩემს გრძნობებში. ზუსტად ვიცი, რას შეიძლება მისგან ველოდო და რას არ გააკეთებს ის არასდროს. მე აკაკისთვის ნათქვამიც კი მაქვს, რომ მას შვილის პოვნაში დავეხმარები და ის ამითაც ბედნიერია. არც მე და არც მას არ გვსურს იმ ქალის ცხოვრების არევა, ჩვენ, უბრალოდ, გვინდა გავიგოთ, როგორ არიან და როგორ არის ნინა. ძალიან გთხოვთ, გვაპოვნინეთ ისინი.
– აგვიწერეთ ირინა.
– აკაკის თქმით, ირინა არის ცისფერთვალება, პუტკუნა, საშუალო სიმაღლის გოგონა. ამჟამად ის 25 წლის უნდა იყოს. როგორც გითხარით, ბოლოს ის მურმანსკის მხარის ქალაქ კოლგორში ცხოვრობდა. მეტი ინფორმაცია მის შესახებ ჩვენ არ გაგვაჩნია. ნინას პოვნის შემთხვევაში, მისი საქართველოში დაპატიჟებაც მინდა; არც იმის წინააღმდეგი ვარ, რომ ირინაც ჩამოვიდეს – ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. შვილები არასდროს არ უნდა აგებდნენ პასუხს მშობლების შეცდომებზე.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.