რა პრობლემები ექმნება მამაკაცს, რომელიც ცოლში მეტოქესა და დაპირისპირებულ ქალს ხედავს
პრობლემები ჩნდება მაშინ, როცა ვეღარ ვუმკლავდებით საკუთარ კომპლექსებს. ხან ვამჩნევთ მათ, ხანაც, მიგვაჩნია, რომ კომპლექსიანები ისინი არიან, ვინც ამ კომპლექსებისკენ მიგვითითებენ. ფსიქოლოგიისთვის საკითხი გაცილებით მარტივია და განსაზღვრული: ადამიანს, რომელიც ვერ აცნობიერებს, რა უშლის ხელს, რომ იყოს შინაგანად თავისუფალი, უჭირს ცხოვრებაში ადაპტირება. ვერ აღწევს მიზანს, არ გამოსდის ურთიერთობები და რაც ყველაზე ცუდია, ამ ყველაფერში ვერ ხედავს საკუთარ ბრალეულობას. ამას კი ის ზოგჯერ დეპრესიამდე, ზოგჯერ კი მარტოობამდე მიჰყავს.
ზაზა (39 წლის): საკმაოდ ბევრი ქალი მყავდა – პარტნიორსაც ვგულისხმობ და ჩვეულებრივ მეგობრებსაც. ამას ტრაბახით არ ვამბობ, არ ვარ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის, უბრალოდ, მინდა, კარგად გაგარკვიოთ იმ საკითხში, რაზეც ვლაპარაკობ. ანუ, იმისი თქმა მინდა, რომ, დღესაც კი, ძალიან მიჭირს ქალის გაგება. განსაკუთრებულს და გამაოგნებელს არ ვეძებდი და არც მქონდა იმის ილუზია, რომ ციდან ჩამოფრენილ ანგელოზს შევხვდებოდი. 35 წლის ასაკში შევხვდი იმას, ვისაც ჩემი ცხოვრება დავუკავშირე. წესით, რაღაც გამოცდილება უნდა დამეგროვებინა ამ პერიოდისთვის, მაგრამ, ეტყობა, კაცისთვის ქალი ყოველთვის დარჩება ასუცნობიან განტოლებად, როგორი სიახლოვეც უნდა ჰქონდეს მასთან.
– იქნებ, პრობლემა თქვენშია?
– შეიძლება, ჩემშიც არის, მაგრამ, ფაქტია, რომ მაქსიმალურად ვცდილობ ურთიერთობის გადარჩენას. არ მინდა, დაინგრეს ის, რაც ოთხი წლის განმავლობაში ვაშენეთ. ჩვეულებრივ, კაცები ასე არ იქცევიან.
– საინტერესო რაღაც თქვით. აბა, როგორ იქცევიან კაცები?
– ახალ გასართობს პოულობენ და არ დარდობენ იმას, რომ ერთმა ქალმა მისი ღირსებები არ დააფასა. დიახ, სწორედ რომ, არ აფასებს ჩემს თავგანწირვასა და ერთგულებას. სხვათა შორის, თავიდანვე შევთანხმდით იმაზე, რომ ერთმანეთთან ბოლომდე გულახდილები ვყოფილიყავით, სკანდალებისა და ისტერიკების გარეშე დაგველაგებინა ურთიერთობა. ძალიან არ მიყვარს სკანდალები და ისტერიკები. მაშინებს და ყველაფრის ხალისს მიკარგავს. მიკვირდა იმ ცოლ-ქმრის, დილით რომ ხოცავენ ერთმანეთს, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ, ღამით კი ერთ ლოგინში წვებიან. ასეთი ოჯახი ნამდვილად არ მინდოდა.
– სიყვარულზე ერთი სიტყვაც არ გითქვამთ...
– ანუ, მიყვარდა თუ არა ჩემი ცოლი? რა თქმა უნდა, ეს რა სალაპარაკოა? რადგან მასთან ერთად გადავწყვიტე ცხოვრება, რადგან სხვაზე უკვე აღარ ვფიქრობდი, ესე იგი, მიყვარდა. ჩვენი სურვილები და მისწრაფებები ერთმანეთს ემთხვეოდა. საკმაოდ დიდხანს ვიყავი თავისუფალი მამაკაცი და ამ თავისუფლებას არ შეველეოდი, სიყვარული რომ არ მქონოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა „პერეხვატი“ იქნებოდა ჩემზე. იმიტომ არ ვამბობ ამას, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს. არანაირად. ზოგადად, ქალების სიჭარბეა; ჭკვიანების, ლამაზებისა და პერსპექტიული საპატარძლოების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით. თუმცა, ამით არაფერს ვამტკიცებ. ჩემს ცოლსაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ, იმისთვისაც მე აღმოვჩნდი განსაკუთრებული. მერე რაღა დაგვემართა, არ ვიცი. რაშია პრობლემა, რატომ აღარ გვესმის ერთმანეთის? რატომ აღარ ვიცინით ხუმრობებზე და ერთმანეთზე დაბოღმილები სულ ვკინკლაობთ, უმნიშვნელო წვრილმანებზეც კი? ადამიანები ხომ არ იცვლებიან, ჩვენ რატომღა შევიცვალეთ უარესობისკენ?! ის მე მტრად აღმიქვამს და მეც რაღაცნაირი, უცნაური გრძნობა მაქვს – თითქოს მეტოქესთან ერთად ვცხოვრობ.
– როგორ გგონიათ, რა ხდება?
– ჩვენ შორის მისი სამსახური დგას. მე ვეჭვიანობ იმაზე, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე ძალიან უყვარს, ჩემზე და ოჯახზეც კი.
– შვილზეც?
– შვილზე მეტად, ალბათ, არ ეყვარება, მაგრამ... ყველაფერი კარგად იყო, სანამ სამსახურში დააწინაურებდნენ. დღეს ის ჩემზე წარმატებულიც არის და მაღალანაზღაურებადიც. მძღოლიც კი ემსახურება, არადა, ერთი პროფესიის ვართ.
– ანუ, გშურთ და იბოღმებით?
– ეგ რა შუაშია, საკუთარი ცოლის როგორ უნდა შემშურდეს?! ეჭვიანობით კი ნამდვილად ვეჭვიანობ. ერთ დღესაც რომ გადაწყვიტოს, მე მისი შესაფერისი არ ვარ, მერე რა ვქნა?! არ იცით ქალების ამბავი? საკმარისია, რაღაცას მიაღწიონ, რომ მაშინვე კაცებთან თანასწორობის იდეა შეიპყრობთ ხოლმე. ჩემი ცოლის ლექსიკონში გაჩნდა ფრაზა: „ყველაფერს მე ვაკეთებ, შენ რიღასთვის ხარ?!,“ „მთელი პასუხისმგებლობა ჩემზეა, შენ რა გენაღვლება?!“, „იმდენს ვმუშაობ, შენ კი ჩვეულებრივი დიასახლისივით მექცევი“... – რომელი კაცი მოითმენს დიდხანს ამას?! მე არც აზიატი ვარ და არც მონსტრი. ერთი წლის იყო ბავშვი, სამსახურში რომ გავუშვი და ხმაც არ ამომიღია.
– „გავუშვი“ ნიშნავს იმას, რომ, თქვენს ნებაზე იყო დამოკიდებული, მეუღლე იმუშავებდა თუ არა?
– პირობები რომ არ შემექმნა მისთვის და ხელი არ შემეწყო, ვერ იმუშავებდა. არ ვარ პრეტენზიული ქმარი, მაგრამ, როცა ცოლი დიდკაცობს და მბრძანებლური ტონი აქვს, საშინელებაა.
– თუ, არასრულფასოვნების კომპლექსი გაგიჩნდათ?
– არა. თქვენ ჩემი არ გესმით – ჩვენთვის საერთოდ აღარ სცალია. ხშირად ვფიქრობ, რომ მე მისთვის აღარაფერს წარმოვადგენ.
– გაგრძნობინათ რამე?
– ყოველდღიურობა მთრგუნავს. ერთად ისე კარგად ვიყავით, გადაწყვეტილებებსაც ერთად ვიღებდით. ის ჩემს აზრს პატივს სცემდა, მეკითხებოდა, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ უნდა მოქცეულიყო. ახლა მე მისთვის ავტორიტეტი აღარ ვარ – თანამდებობაც და შემოსავალიც ჩემზე მეტი აქვს.
– მერე, ეს რატომ არის პრობლემა?
– მეტისმეტად თავდაჯერებული გახადა ფულმა – კაცს ხომ გაცილებით მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს ცოლზე?
– ეს სტერეოტიპია, რატომ იჯერებთ?
– სტერეოტიპი რა შუაშია? თავიდან მეც არ ვაქცევდი ყურადღებას და მეღიმებოდა კიდეც, როცა სხვა კაცები მიმტკიცებდნენ, თუ ქალს ქმარზე მეტი აქვს ხელფასი, ენაც უგრძელდება, პრეტენზიებიც უჩნდება და ამბიციებიცო. უძახეთ ახლა სტერეოტიპი – სიტყვასიტვით ახდა ყველაფერი. მისი ტელეფონი სულ რეკავს – დღისითაც და ღამითაც, ადამიანები მოწიწებით ელაპარაკებიან, ზოგი დახმარებას სთხოვს... მე კი დროს ბავშვთან ვატარებ და ვჭამ მისი ძიძის მიერ მომზადებულ საჭმელს. საერთოდ დამავიწყდა, ჩემი ცოლი სამზარეულოში, კერძის მომზადების პროცესში, ბოლოს როდის ვნახე. ოღონდ, არ მითხრათ ახლა, რომ აზიატი და ჩამორჩენილი ვარ. უბრალოდ, თავს ძალიან დაჩაგრულად ვგრძნობ. ის დრო მენატრება, როცა ჩემი ცოლი მხოლოდ ჩემით იყო დაკავებული. ეგოისტობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ, ეჭვიანი გამხადა მისმა გაუთავებელმა მივლინებებმა. ვიცი, რომ არ მიღალატებს, მაგრამ, მაინც ვეჭვიანობ. ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, რომ ჩემზე ორჯერ მეტი ხელფასი აქვს.
– ამას ჩვეულებრივი შური ჰქვია.
– არა, ასე მარტივად არ არის საქმე. მე მამაკაცი ვარ და ოჯახში მთავარი შემომტანი მე უნდა ვიყო.
– ცოლი გიშლით ხელს იმაში, რომ ოჯახში მთავარი შემომტანი იყოთ? თუ, თავის შემოსავალს საკუთარ სიამოვნებაში ხარჯავს და ეს გაღიზიანებთ? იქნებ გაყვედრით?
– თქვენ გინდათ, ყველაფერში მე გამომიყვანოთ დამნაშავედ? არ გამოვა. ძალიან კარგი ქმარი ვარ, მაგრამ, ვატყობ, თუ ახლა არ „დავიჭირე“ სიტუაცია, მერე უარესი იქნება.
– სიტუაცია უნდა დაიჭიროთ თუ ცოლი? ხომ შეიძლება, ის ტოტი მოიჭრათ, რომელზეც ზიხართ?
– თქვენ ასე ფიქრობთ? მე კი ძალიან დავითრგუნე და ძალიან ვებრძვი საკუთარ თავს, რომ ცოლს ულტიმატუმი არ წავუყენო. მაგალითად, მოვთხოვო, მეტი დრო დაუთმოს ოჯახს – შვილს და მე; შეზღუდოს შეხვედრები უცხო ხალხთან, მიღებებზე და მივლინებებში სიარული. სწორად გამიგეთ, ყოველთვის მჯეროდა, რომ ცოლი კაცს წარმატებული უნდა ჰყავდეს. არანაირად არ მხიბლავს წინსაფარაფარებული, მხოლოდ კერძების მომზადებაზე და სახლის დაგვა-დასუფთავებაზე გადართული ქალები, სხვა რომ არაფერი აინტერესებთ და ვერაფერზე დაელაპარაკები. მაგრამ, ის, რაც ახლა ჩემს ოჯახში ხდება, მეტისმეტია. არ მეჩვენება, მართლა ასეა, რომ ჩემი ადგილი უკვე აღარ არის ასეთი წარმატებული ქალის გვერდით.
– ამის შესახებ ცოლს არ ელაპარაკეთ?
– ვცადე. გაიცინა და მითხრა, როგორი უმადური და დაუნახავი ხარ, ვერც კი ხვდები, რომ მე საერთო საქმისთვის ვწვალობ და ვშრომობ; შენ მაგივრადაც მე ვაგვარებ უამრავ პრობლემას და კიდევ აქეთ გაქვს პრეტენზიებიო?! უკვე ვნანობ, რომ ცოლად ჩვეულებრივი ქალი არ შევირთე, ნაკლები ამბიციებითა და მეტი სურვილით, რომ საკუთარი თავი ოჯახს მიუძღვნას. გაცილებით მშვიდად და კომფორტულად ვიქნებოდი. ზოგჯერ იმაშიც აღარ ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც მომენტში არ მიღალატებს.
– მგონი, თავს ტყუილუბრალოდ იტანჯავთ.
– ვითომ? იცით, რა საშინელებაა კაცისთვის საკუთარი ცოლის ჩრდილის ქვეშ ყოფნა?! დავითრგუნე და ნელ-ნელა საკუთარი თავის რწმენასაც ვკარგავ. მაგიჟებს იმაზე ფიქრი, რომ ცოლზე ნაკლები ვარ. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ ძალიან გამიმართლა. გაპრიალებული ლითონიც ოქროსავით ბრწყინავს შორიდან. ვხვდები, თქვენც არ მეთანხმებით, მაგრამ, მუდმივად იმაზე ფიქრმა, რომ საკუთარ ცოლზე დაბლა ვდგავარ, გამაწამა. რამდენიმე დღის წინ მითხრა, სუსტი და ლაჩარი ხარო. ვატყობ, ჩემი დამცირება ჩვევაში გადასდის და ამას დიდხანს ვეღარ გავუძლებ.