როგორ პოზირებდა მილა იოვოვიჩი „ატელიე კიკალას“ ტყავის მოსასხამით და რის კეთებას სთხოვდა მას ობიექტივის წინ მამუკა კიკალიშვილი
„აზერბაიჯანში ვთანამშრომლობ ისეთ ჟურნალებთან, როგორიცაა: Boutique, L‘Officiel, ასევე მოსკოვში Vogue-თან, GQ-სთან. როდესაც უცხოურმა ჟურნალებმა ჩემი გადაღებული პროექტები ნახეს, მოეწონათ და შემომთავაზეს, ორი ჟურნალისთვის – „ბუტიკისა“ და „ელ ოფისელისთვის“ ყდა გადამეღო. გარდა ამისა, ჩვენი ბრენდი „ატელიე კიკალა“, ბოლო დროს, უცხოეთში პოპულარული და მოთხოვნადი გახდა. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ძირითადად, უცხოურ ბაზარზე გვაქვს კოლექცია გათვლილი...“ – ეს არის ამონარიდი მამუკა კიკალიშვილის ინტერვიუდან, რომლის მიერ გადაღებული ქართველი მოდელების ფოტოები არა მხოლოდ ცნობილი ტოპ-ჟურნალების ფურცლებზე მოხვდა, არამედ გარეკანზეც. სულ ცოტა ხნის წინ კი, მამუკამ ფრანგული ჟურნალებისთვის მილა იოვოვიჩი გადაიღო. გარდა ამისა, „თბილისის მოდის კვირეულზე“, „ატელიე კიკალას“ კოლექციის წარმატებული დებიუტის შემდეგ, ეს ბრენდი უცხოეთში ძალიან პოპულარული გახდა.
მამუკა კიკალიშვილი: მიხარია, რომ ვთანამშრომლობ ისეთ ჟურნალებთან, როგორიცაა: Boutique, L‘Officiel. ამან შესაძლებლობა მომცა გამოჩენილიყო ჩემი ნამუშევრები. საქართველოს, ჩვენი ჟურნალების პირობებში, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩვენს ჟურნალებთან რამე პრეტენზია მაქვს, არ არის ამის შესაძლებლობა. სამი თვის წინ ჩავედი ბაქოში, გადავიღე ფოტოები, ძალიან მოეწონათ და სწორედ ამ გადაღებების შემდეგ შემომთავაზეს თანამშრომლობა მოსკოვში Vogue-მა, GQ-ემ. სექტემბრის „ელ ოფისიელის“, „ბუტიკის“ ნომრები უკვე გამოვიდა, სადაც ერთის გარეკანზე თამთა შედანიას ფოტოა, ხოლო მეორეზე – სოფო შერგელაშვილის. ახლა ბაქოში ვიყავი და ოქტომბრის ნომერი გადავიღე. ზუსტად ამ ნომრისთვის შემომთავაზეს მილა იოვოვიჩის გადაღება. საკმაოდ რთული პროცედურები გავიარეთ. ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა მოლაპარაკებები, იმდენი საფეხურები გაიარეს... მილა იოვოვიჩი საუკეთესო ფოტოგრაფებთან არის ნამუშევარი და ვერც ვიჯერებდი, თუ დათანხმდებოდა. უცხო ფოტოგრაფთან არ მუშაობს. უთხრეს: რომ ჰყავდათ ძალიან კარგი ფოტოგრაფი, რომელსაც საქართველოდან იწვედნენ. აჩვენეს ჩემი ნამუშევრები, მოეწონათ და დათანხმდნენ. ფოტოსესიისთვის ძალიან ცოტა დრო გვქონდა მოცემული – 25 წუთი. სასწაული ჩავიდინე, რომ ყველაფერი კარგად გამოსულიყო. ბოლოს „ატელიე კიკალას“ მოსასხამიც ვაჩუქეთ. ძალიან მოეწონა, ფოტოც კი გადაიღო. ჩემთვის ეს იყო არანორმალურად დიდი შანსი – რომ ჯერ ასეთი დიდი ვარსკვლავისთვის გადამეღო ფოტოები და შემდეგ „ატელიე კიკალას“ ნამუშევარი მეჩუქებინა, რომელიც ძალიან მოეწონა და, იმედია, ჩაიცვამს. რაც შეეხება გადაღების ფორმატს – „მილა სასტუმროში“.
– როგორი იყო მუშაობის პროცესი?
– ძალიან უშუალო, მხიარული ადამიანია. კარგად მიგვიღო, ფოტოებიც მოეწონა – მომილოცა. შემდეგ დიდი სიამოვნებით პოზირებდა ჩემთან. 25 წუთში მოვასწარი გადამეღო ციფრულზეც და შავ-თეთრ ფირზეც. ოპერატიურად ვიმუშავე. ვუთხარი, სად უნდა დამჯდარიყო, რა უნდა გეკეთებინა და იმის მიხედვით პოზირებდა. იმდენჯერ შეიცვალა გადაღების დღე, საათი, იმდენჯერ გადაიდო, ობიექტივში რომ ვიყურებოდი, ვფიქრობდი: ეს მილაა თუ მეჩვენება-მეთქი, ვერ ვიჯერებდი... რამდენიმე ძალიან კარგი კადრი გამოვიდა, ჟურნალის რედაქტორებსაც მოეწონათ, ბედნიერები არიან, რომ ასეთი კარგი შედეგი მივიღეთ. სიმართლე გითხრათ, დროის სიმცირის გამო, მეშინოდა, რომ რაღაც ისე არ გამოსულიყო. სამი-ოთხი კადრი უნდა მიმეღო, მაგრამ, საბოლოოდ, იმაზე მეტი მივიღე, რაც საჭირო იყო. თვითონაც ძალიან გაუხარდა – პროფესიონალი ხარ, ამ მოკლე დროში ეს რომ მოახერხეო. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. მოხარული ვარ, რომ გავიცანი, ვნახე და ფოტოები გადავუღე – ეს, ალბათ, ყველა ფოტოგრაფის ოცნება კი არა – ფანტაზიაა. ახლა დავალაგებთ, რამდენი ფოტო უნდა გავიდეს ჟურნალში, დავამუშავებთ და ალბათ, ოქტომბერში გამოვა. გარდა ამისა, ამ ნომერშივე იქნება ქართველი მოდელი.
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ჟურნალების გარეკანზე სწორედ ქართველი მოდელები იბეჭდებიან. ამაში კი, შენ მიგიძღვის დიდი წვლილი.
– სულ ვცდილობ, რომ ასეთ საერთაშორისო ტოპ-ჟურნალებში ქართველი მოდელები დაიბეჭდოს. დამეთანხმებით, რომ ასეთი ტიპის, ფრანგული ჟურნალის ყდაზე ქართველი მოდელებიდან, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, არც ერთი არ მოხვედრილა. არც ქართველი ფოტოგრაფის ფოტო დაბეჭდილა ასეთი დონის ჟურნალის ყდაზე. ამიტომ, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა და მიხარია, რომ ქართველ გოგონებს, ჩვენი სახით, იმის საშუალება ეძლევათ, ასეთი დონის ჟურნალების ყდაზე მოხვდნენ და გაიკვლიონ უცხოურ ბაზარზე გზა. სწორედ, ასეთი ჟურნალებით არჩევენ უცხოელი პიარ-სააგენტოები გოგონებს და დიდი შანსია, მათ სარეკლამო შემოთვაზებებიც მიიღონ. რადგან მე ამ ჟურნალების ფოტოგრაფი და ნდობით აღჭურვილი პირი ვარ, ვისაც შევთავაზებ და მივიჩნევ საჭიროდ, მთანხმდებიან და არავინ მეკამათება. არა ისე, როგორც ჩვენმა ჟურნალებმა იციან – ის უნდა გადავიღოთ და მერე ვიღაცისგან ანგელოზი უნდა გამოიყვანო. სასწაულები უნდათ და ამ დროს არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სასწაული მოხდეს. იქ ასეთი რამ არ ხდება. როცა იციან, რომ ფოტოგრაფი პროფესიონალია, მას ბოლომდე ენდობიან და ითვალისწინებენ მის აზრს.
– როგორც ვიცი, იტალიური „ვოგისთვისაც“ იღებ ფოტოებს.
– იტალიური „ვოგისთვის“ ძალიან ბევრ ფოტოს ვიღებ. მათ მე, როგორც კონტრიბუტორს, მომცეს საქართველოში კონტირბუციის ლიცენზია. კონტრიბუტორი კი ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ მათ საიტზე artandcommerce.com იყიდება შენი ნამუშევრები. ანუ, ერთი ეტაპია, როდესაც VOGUE ITALIA-ზე დევს შენი ფოტო და მერე – უკვე გაძლევენ ლიცენზიას. ანუ, ამ ფოტოების დიდი რეზოლუციით დაბეჭვდისა და გაყიდვის უფლებას. თითზე ჩამოსათვლელია იმ ფოტოგრაფთა სახელები, ვისაც ამის უფლება მისცეს. მე 6 თვის წინ მომცეს ლიცენზია, ახლა მოლაპარაკება მიდის, პრინტზე წავიდეს ბევრი ნამუშევარი. „ვოგ იტალიაში“ თუ დაიბეჭდება ჩემი ფოტოები, სავარაუდოდ, ინფარქტიც მომივა – რადგან ეს უკვე ბეჭდვითი მედიის პიკია. მოსკოვის „ვოგსა“ და „ჯი ქიუში“ უკვე ერთწლიანი შეთანხმება მაქვს, ერთადერთი ბარიერი ვიზაა და ამას ვაგვარებ. ამ 6 თვეში იმდენი რამ მოხდა, რომ იქ ჩვენი ფოტოების მოხვედრას, ალბათ, დიდი დრო აღარ უწერია. გარდა ამისა, გვაქვს ერთი კარგი სიახლე: მარბელას გალერისტმა აარჩია ჩვენი ფოტოები და სურს გალერიაში დაკიდოს – ეს კი ძალიან პრესტიჟული და მნიშვნელოვანია. მარბელას გალერისტი ამსტერდამის „ფეშენ-ვიქის“ ერთ-ერთი ორგანიზატორია. მათ რომ „ატელიე კიკალას“ კოლექციები ნახეს, ძალიან მოეწონათ და მიწვევაც მოგვივიდა. გარდა ამისა, პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის „ფეშენ-ვიქზე“ მიიწვია ბრენდი „ატელიე კიკალა“ და, რაც მთავარია, თავიდან ბოლომდე გვაფინანსებენ. ესეც სასწაულია, რომ ვინმე „ფეშენ-ვიქზე“ გაფინანსებდეს შენი კოლექციით და პლუს, ჰონორარს გიხდიდეს. 26 სექტემბერს მივფრინავთ. ჩვენს დიზაინერ ლადო ბოკუჩავაზე ნიჭიერი დედამიწის ზურგზე არავინ მეგულება – გენიოსია და გეტყვით რატომ: ახლახან ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქზე“ ალექსადრ ვანგმა ზუსტად ის ტენდენცია გამოიტანა, რაც ჩვენ გაზაფხულზე „ფეშენ-ვიქზე“ გვქონდა. ვგულისხმობ, შარშან ლადოს მიერ გაკეთებულ „ატელიე კიკალას“ კოლექციას – ტყავის ტანსაცმელს, რომელიც ხელით არის ამოჭრილი. ძალიან ბევრი ბლოგი წერს ჩვენზე, მათ შორის, ძალიან ცნობილი – ბიური. მირასლავა დუმას ეცვა ჩვენი ტანსაცმელი. ასევე, ცნობილ მოდელს ელენა პერმინოვას. ინსტაგრამზე არეკლამებდნენ ჩვენს კოლექციას. ძალიან გვეხმარება ჩვენი კონსულტანტი ნინო ელიავა. როგორც კონსულტაციის, ასევე მარკეტინგის საკითხებში, პროფესიონალია. მას მირასლავა დუმამ უთხრა: რამდენი უნდა გადაგიხადო, რომ ქვედაბოლო გაიხადო და მე მომცეო. ფული არ გადაახდევინა და ისე მისცა, მაგრამ მერე მირეკავდა: შიშველი დამტოვესო. რაც კი ჩვენი ტანსამცელი ეცვა, ყველაფერი ტანიდან გახადეს.
– ემზადებით ნოემბრის „ფეშენ-ვიქისთვის“?
– ნოემბრისთვის გვექნება ძალიან კარგი კოლექცია. წინა კოლექცია წაიღეს ბაქოში, მოსკოვში, იყიდეს ბაიერებმა. ონლაინ მაღაზიაც გვაქვს გახსნილი atelierkikala.com, სადაც ჩვენი ნებისმიერი სამოსის ყიდვაა შესაძლებელი. „თბილისი ფეშენ-ვიქს“ რომ ატარებენ, ამით ძალიან კარგ რამეს აკეთებენ. ვიცი, რამდენად შრომატევადი და აუნაზღაურებადი საქმეა. გაურკვეველი მომავლისკენ რომ მიდიხარ, ამას გმირობა სჭირდება. ამიტომ, ის ხალხი, ვინც ამ სფეროში ასეთ რაღაცეებს აკეთებს, ყველა ძალიან დასაფასებელია.
– კიდევ თუ იგეგმება რომელიმე ცნობილი ვარსკვლავის გადაღება?
– ირინა შეიკი შეიძლება გადავიღოთ, კიდევ მიმდინარეობს სხვა მოლაპარაკებები, რასაც საიდუმლოდ შევინახავ.