როგორ „გაზარდა“ მეუღლემ თაკო ჩხეიძე და რაში არიან ისინი ერთმანეთს აყოლილები
თაკო ჩხეიძის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო, წარმატებული ეტაპი იყო და ეს ეტაპები ახლაც გრძელდება. მისი სამოდელი კარიერა პატარა ასაკში დაიწყო, ძალიან ახალგაზრდა გათხოვდა და ფიქრობს, ამ კუთხით ძალიან გაუმართლა. დღეს თაკო მოდის სფეროში კვლავ წარმატებულად საქმიანობს და საქართველოში მოდის განვითარებას ყველანაირად უწყობს ხელს. ამის პარალელურად, ის არც მეუღლეს და სამ შვილს აკლებს ყურადღებას და დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ყოველთვის ახერხებს მათთან ერთად ყოფნას.
თაკო ჩხეიძე: „ჯეო მოდელსში“ წელს საერთოდ ვცვლით პროგრამას. ანუ, მთელი წლის განმავლობაში ვინც ჩვენთან მოვა, ვასწავლით: პოდიუმზე სიარულს, ლათინო-ამერიკულ ცეკვებს, პოზირებას, მაკიაჟის გაკეთებას, ფსიქოლოგიას, მეტყველებას, სამსახიობო ოსტატობას, სთაილინგს, თმის ვარცხნილობებს, გვექნება მასტერკლასები. ამიტომაც, ვიღებთ ნებისმიერ მსურველს, არ აქვს მნიშვნელობა ის მოდელი გახდება თუ არა. მიღება უკვე დაწყებულია და გრძელდება. გარდა ამისა, ვეძებთ ახალ სახეებს, რომლებსაც შემდეგ „ფეშენ-ვიქზე“ გამოვიყვანთ.
– როდის იგეგმება წელს „თბილისი ფეშენ-ვიქი“?
– 13-17 ნოემბერს არის დაგეგმილი. მოხარულები ვართ, რომ „ფეშენ-ვიქი“ მოხვდა საერთაშორისო კალენდარში, ბევრი სტუმარი გამოგვეხმაურა, ბევრ ადამიანს სურს ჩამოსვლა. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სპონსორებთან. ძალიან მწყდება გული, რომ არც თბილისის მერია და არც კულტურის სამინისტრო არ უდგას ამ ღონისძიებას გვერდში. „თბილისის მოდის კვირეული“ არ არის ჩემი ღონისძიება ან ჩემი სააგენტოსი, ეს არის ქალაქის სავიზიტო ბარათი. მოდის სფეროს განვითარება, თავის მხრივ, მიბმულია ეკონომიკაზე, ტურიზმზე. ჩამოდის არაერთი პოპულარული ჟურნალისტი და წერენ არა მხოლოდ მოდის კვირეულზე, არამედ ქალაქზე. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მასტერ-კლასები და ხელს ვუწყობთ ქართველი დიზაინერების პოპულარიზაციას უცხოეთში. ასეთი პროექტი მარტო, ანუ სპონსორებისა და შენი ძალებით გაკეთება, ძალიან რთულია. ქვეყანა აუცილებლად უნდა გედგას გვერდში.
– ანუ, კულტურის სამინისტროს, ქალაქის მერიას მიმართეთ დახმარების თხოვნით, მაგრამ მათგან უარი მიიღეთ?
– კულტურის სამინისტრო წინა „ფეშენ-ვიქზე“ მასტერკლასებით შემოიფარგლა, დააფინანსეს და მართლაც ძალიან საინტერესო მასტერკლასები ჩატარდა. მაგრამ, წელს გვითხრეს, რომ მოდა არ ზის მათ პრიორიტეტში. მე და ძალიან ბევრ ადამიანს გვაინტერესებს და გვსურს, იქნებ კულტურის სამინისტრომ გაგვაცნოს, რა არის მათი პრიორიტეტი. კარგი, მოდა არ არის მათი პრიორიტეტი, გავიგე, რომ კიდევ სხვა რამ არ არის მათი პრიორიტეტი და საინტერესოა, აბა, რა არის მათი პრიორიტეტი?! მადლობელი ვარ, აქამდე რაც გაგვიკეთეს და ეს ყველგან ითქვა, დიდ მადლობას ვუხდიდი. იგივე პრეტენზია მინდა, გამოვთქვა ქალაქის მერიის მიმართ. ეს ღონისძიება ქალაქის სახელია, ქალაქს ეკუთვნის. ადრე განათებას გვაძლევდნენ, გახმოვანებას. წელსაც გახმოვანების მოცემას შეგვპირდნენ, ამისთვის მადლობლები ვართ, მაგრამ, ასეთი მასშტაბური ღონისძიების ჩასატარებლად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ისეთი დონის სტუმრები ჩამოდიან, ისეთებს წერენ ჩვენზე, დასანანია, რომ კიდევ უფრო მეტად არ განვითარდეს ეს სფერო. გვყავს ფრანგი პარტნიორები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ ჩვენს საერთაშორისო პიარზე, „ვოგის“, „ელის“ რედაქტორებს აქვთ სურვილი, ჩამოვიდნენ, დაესწრონ „თბილისის მოდის კვირეულს“ და ამ დროს ჩვენ არავინ გვიდგას მხარში, გარდა სპონსორებისა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფარ-ხმალს არ ვყრით. მადლობა ღმერთს, რომ არიან სპონსორები, რომლებსაც ამ სფეროს განვითარება აინტერესებთ.
– ახლა მომიყევი, ამ ზაფხულს თუ მოახერხე დასვენება?
– ბავშვები ქალაქგარეთ მყავდა, აგარაკზე, მეც სულ გზაში ვიყავი: მივდიოდი, მოვდიოდი. თუმცა, ეს ჩემთვის უფრო პრაქტიკული იყო, რადგან ასე, ბავშვებთანაც ვიყავი და თან, საქმეებსაც ვაგვარებდი. მივლინებით ვიყავი, ასევე, რამდენიმე ქვეყანაში. შემდეგ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, მოვახერხე ზღვაზე დასასვენებლად წასვლა და ახალი ენერგიით სავსე დავბრუნდი თბილისში. თუმცა, ახლა იმდენი საქმე მაქვს, არ ვიცი, საიდან დავიწყო. თან, დასვენების შემდეგ ცოტა გიჭირს საქმეზე გადართვა, მაგრამ მე საქმის გარეშე არ შემიძლია. მინდა, უფრო მეტი გავაკეთო ამ სფეროში.
– ბავშვებთან ერთად დასვენება მოახერხე?
– უფროსი უკვე დიდია და სკოლიდან წაიყვანეს შვეიცარიაში, საზაფხულო სკოლაში. ძალიან ვღელავდი. როგორ ჩავიდოდა. პირველად იყო ასე მარტო და ძალიან კმაყოფილია ისიც და ჩვენც. კიდევ გავუშვებ.
– მახსოვს, შენს მეუღლეს მაისში ელჩობის ვადა ამოეწურა.
– მაისში ამოეწურა ვადა და ახლა საქართველოში ვართ. თავის საქმე აქვს, კარგად არის. ჯერჯერობით მე არსად წასვლა არ მინდა, ბევრი საქმე მაქვს წამოწყებული და მინდა, რაღაც წერტილამდე მივიყვანო. ბოლო რამდენიმე წელი განსაკუთრებულად დამღლელი იყო, რთული წლები მქონდა. დავფრინავდი ხან ორსული, ხან პატარა ბავშვით საქმეებზე, ძალიან დავიღალე, მაგრამ კარგად მახსენდება. ახლა მინდა, აქ ვიყო და ჩემმა უფროსმა შვილმა საქართველოში დაამთავროს სკოლა.
– შენ გგავს გარეგნობით ძალიან.
– რაც უფრო წამოიზარდა, უფრო მეტად დამემსგავსა, ადრე უფრო მამას ჰგავდა. კარგი ხასიათის ბიჭია, სამივესთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. სამივეს დედა აკერია პირზე. ჩემი სახლიდან გასვლა იწყება მათი ტირილით... დედა მოვა, კანფეტებს მოგიტანს, გაგასეირნებთ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მომიწევს საქმეებზე მოგზაურობა და არ ვიცი, როგორ უნდა წავიდე. ერთი ერთ ფეხზე მეკიდება, მეორე – მეორეზე. ეს უფროსიც, რომელიც შვეიცარიაშია, ყოველდღე მწერს, ვენატრები. სულ ვამბობ: რომ არ გამეჩინა ეს ბავშვები, რა უნდა მეკეთებინა. ხან იმასაც ვფიქრობ: მე გავაჩინე ეს ბავშვები?! წლები ისე მალე გადის... მერე ვფიქრობ: ვაუ, რა მაგარია!
– ადამიანების დიდი ნაწილი ხშირად ამბობს, რომ ვერ ახერხებს ერთდროულად წარმატებას მიაღწიოს კარიერასა და პირად ცხოვრებაში – ან ერთში უმართლებს, ან მეორეში. თუმცა, შენ ძალიან წარმატებულად ახორციელებ არაერთ საქმეს და ასეთივე წარმატებით ზრუნავ ოჯახზე. როგორ ახერხებ ამას?
– ვაბალანსებ ყველაფერს. უპირველეს ყოვლისა, მეხმარება ის, რომ ირგვლივ მყოფებისგან – ქმრისგან მშობლებისგან დიდი ხელშეწყობა მაქვს. ზაფხულში სულ ვცდილობ, ბავშვებთან ერთად ვიყო. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა, გართობა. მაგრამ, რაც ბავშვები წამოიზარდნენ, მირჩევნია, მათთან გავატარო მეტი დრო. ამიტომ ისინი ვერ გრძნობენ, რომ დედას არ სცალია.
– კლუბური გართობა გიყვარს?
– რომ გითხრა, ღამის ცხოვრება ძალიან მიყვარს-მეთქი, მოგატყუებ. ამას მირჩევნია, მეგობრებთან ერთად კარგ რესტორანში წავიდე, ვივახშმოთ, ვისაუბროთ. თუმცა, კლუბში გართობაც მიყვარს, ოღონდ, საქართველოში სად არის კლუბები, არ ვიცი. როცა უცხოეთში მივდივარ, ამასაც ვაბალანსებ, მეგობრებთან ერთად კარგად ვერთობი. ჩემი მეუღლეც ძალიან მხიარულია, ერთმანეთს ვართ აყოლილები.
– შენი ახალი ფოტოები ვნახე. რა გადაღება გქონდა?
– „მაესტროს“ პროექტია, სადაც ბევრი ცნობილი სახე მონაწილეობს და ამის გადაღება მქონდა ბასასთან, რომელთან მუშაობაც ძალიან მიყვარს. პროფესიონალია და თავის საქმეს აკეთებს. ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს, უფრო კარგად იქნება ყველაფერი. ზედმეტად გვიყვარს სხვის ცხოვრებაში, საქმეებში ქექვა. ალბათ, იმიტომ, რომ თბილისი პატარაა და ყველა ყველას ნაცნობია. მახსოვს, ძალიან ადრე, მე და ჩემი მეუღლე რომ ვხვდებოდით, სადმე რომ მივდიოდით, ყოველთვის ვიღაც გვხვდებოდა და ეუბნებოდნენ ჩემს მეუღლეს: თაკო ჩემს ხელშია გაზრდილიო. ბოლოს მკითხა: მითხარი, ვინ გაგზარდაო, რადგან ყველა ამბობდა, რომ მისი გაზრდილი ვიყავი. ახლა მეუბნება: მგონი, მე გაგზარდე ყველაზე მეტადო. 15 წლიდან ვარ ჩემს ქმართან, ანუ 15 წლისამ გავიცანი, 17 წლის გავთხოვდი. ეს პერიოდი თან ძალიან კარგად მახსოვს, თან არ მახსოვს, რადგან ბევრი წლის წინ იყო. შეყვარებულობის პერიოდი ძალიან ლამაზი იყო, ჩემი თავი კი ისეთი დიდი მეგონა. მაგრამ, მე გამიმართლა. თუმცა 15 წლის გოგო ამაზე კი არა, საერთოდ არაფერზე ფიქრობ – ყველაფერი ვარდისფერია შენთვის. იმ დღეს გოგონები ვსაუბრობდით: ახლა რომ ვთხოვდებოდეთ, რამდენ რამეზე ვიფიქრებდითო. პატარა რომ ხარ, გიქრის, არაფერზე ფიქრობ. მერე, ასაკი რომ გემატება, გადაწყვეტილების მიღებაც გიჭირს.