ინტიმური საუბრები
მშობლები მომავალს გვინგრევენ
ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრის ქორწილში ვიყავი მისი მეჯვარე. იქ გავიცანი სიძის ძმა. თავიდან ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი, მერე შეგვიყვარდა კიდეც. რამდენიმე თვე ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე კი ანდრომ სახლში წამიყვანა და მშობლები ახლოს გამაცნო. გაკითხვა-გამოკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ანდრო ჩემი გარდაცვლილი ბიცოლის დის შვილიშვილი აღმოჩნდა, რის გამოც მისმა მშობლებმა უარი თქვეს ჩვენს დაქორწინებაზე. ჩემები ანდროს პირადად არ იცნობდნენ, არც მისი გვარი იცოდნენ, რადგან, მხოლოდ ის მქონდა ნათქვამი, რომ ვხვდებოდი ძალიან კარგ ბიჭს, სახელად ანდროს. გვარი რომც სცოდნოდათ, მაინც არაფერზე გაუჩნდებოდათ ეჭვი, რადგან, ისეთი გავრცელებული გვარია, საქართველოში, ლამის ყოველი მეათე ადამიანი ამ გვარს ატარებს. ანდროს მშობლების კატეგორიული უარის შემდეგ, იძულებული გავხდი, ჩემებისთვის ყველაფერი მომეყოლა, რადგან, უკვე სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ, მოიყვანე შენი შეყვარებული და გაგვაცანიო. მეგონა, ჩემი მშობლები მაინც შეხედავდნენ ჩვენს სიტუაციას საღად, მაგრამ ამათ უარესი ამბავი ამიტეხეს – ნათესავს ცოლად როგორ უნდა გაჰყვე, თანაც, ხალხში თავი მოგვეჭრება, ნათესავები კი ახლოს აღარ გაგვიკარებენო. ვერ ვიგებ, რატომ არის ჩემი ნათესავი ბიცოლაჩემის დის შვილიშვილი, ან, რატომ მოგვეჭრება თავი, ჩვენ ხომ სისხლით ნათესავები არ ვართ?! მოძღვართანაც კი ვიყავი და ვკითხე, როგორ მოვიქცეთ-მეთქი. მან მითხრა, ეკლესიურად არანაირ კანონს არ არღვევთო. აბა, რა უნდათ ამ ჩვენს მშობლებს, რატომ ერევიან ჩვენს სიყვარულში და რატომ ცდილობენ, ერთმანეთს დაგვაშორონ?
სოფო, 21 წლის.
და ბინაში მედავება
ბებიამ მე და ჩემს დას დაგვიტოვა სამოთახიანი ბინა. ჩვენს მშობლებს ოროთახიანი (ლოჯიით) ბინა აქვთ. ძალიან არ მინდა ქონების (თუნდაც ბინის) გამო და დავკარგო, მაგრამ, ვატყობ, დიდი უსიამოვნების გარეშე ვერ მოვრიგდებით. საქმე ისაა, რომ ჩემი და მოითხოვს, მშობლების ბინა მთლიანად გადაფორმდეს მის სახელზე, ბებიას ბინა კი ერთოთახიან და ოროთახიან ბინებზე გადავცვალოთ, საიდანაც, მე მხოლოდ ერთოთახიანი მერგება. ვერ ვიგებ, სადაური ლოგიკაა. გამოდის, რომ თვითონ ორი ოროთახიანი ბინა დარჩება, მე კი – მხოლოდ ერთოთახიანი. თანაც, ის გაუთხოვარია, მე კი ქმარი რამდენიმე წლის წინ მომიკვდა და მარტო ვზრდი ორ პატარა შვილს. ქმრის მშობლებს ბავშვებისთვის არაფერი მიუციათ – თავიანთ ქალიშვილს დაუმტკიცეს ყველაფერი და მეც აღარ დამიწყია სასამართლოებში სიარული. ვიფიქრე, ასე თუ ისე, ჩემს შვილებს ოროთახიანში მაინც ვიცხოვრებ-მეთქი, მაგრამ, ჩემს დას არაფრის გაგონება არ სურს. მამა ჩემს მხარეზეა და ყველანაირად ცდილობს, თავის უფროს ქალიშვილს გააგებინოს, რომ არც იურიდიულად და არც მორალურად, მართალი არ არის; მაგრამ, დედა მეუბნება, დაანებე თავი, ნერვიული გოგოა, რამე არ დაემართოს, მოიქცეს, როგორც უნდაო. ანუ, რადგან ჩემი და ნერვიულია, მე ჩემი შვილები ქუჩაში დავტოვო?! სინამდვილეში, ნერვიული კი არა, შურით და ბოღმით არის გამსკდარი, რომ ჩემზე ხუთი წლით არის უფროსი და, გათხოვება კი არა, ფლირტიც კი არავისთან ჰქონია (ისეთი ხასიათი აქვს, ყველა გაურბის), მე კი, მართალია, დავქვრივდი, მაგრამ ორი შვილი მყავს და დედა მქვია. ისეთი გაგიჟებულია, ჩემს პატარა შვილებსაც სულ ლანძღავს და ეჩხუბება, ბავშვებს უკვე ეშინიათ მისი დანახვის. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. მაგრამ, ჩემს დაზე მეტად დედაჩემის საქციელი მაღიზიანებს – ნუთუ შეიძლება შვილების ასეთი განსხვავება?!
თეონა, 31 წლის.