ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ უკვე საქართველოშია!
12 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე მულტინაციონალური კომპანია „ვენდის“ პრეზენტაცია გაიმართა. „ვენდი“ ამერიკული რესტორნების ქსელია‚ რომელიც პოპულარულია მთელ მსოფლიოში და ამჯერად „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად შემოვიდა ქართულ ბაზარზე. ამერიკული რესტორნის – „ვენდის“ გახსნის ცერემონიას „ვენდის“ საერთაშორისო პრეზიდენტი დარელ ვან ლიკტენი და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრნენ. სიმბოლური ლენტი საზეიმოდ გაჭრა ოპერის ცნობილმა მომღერალმა და საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ. „ვისოლ ჯგუფმა“ მულტინაციონალური კომპანია „ვენდისგან“ საქართველოსა და აზერბაიჯანში რესტორნების ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა და მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით „ვენდის“ 15 რესტორნის გახსნას გეგმავს.
პრეზენტაციამ მეტად მხიარულად და შთამბეჭდავად ჩაიარა პოპულარული მუსიკებისა და ალაფურშეტის ფონზე. გაიჭრა ულამაზესი ტორტი „ვენდის“ ლოგოთი. მოწვეულმა სტუმრებმა ერთხმად მოიწონეს რესტორნის თანამედროვე ინტერიერი და უგემრიელესი საფირმო კერძები‚ რაც კომპანიის სამომავლო წარმატებებსა და პოპულარობაზე მიუთითებს.
რუსთაველის გამზირზე, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე‚ განთავსებული ორსართულიანი ამერიკული რესტორანი ყველაზე დიდია „ვენდის“ ქსელში მსოფლიო მასშტაბით‚ რადგან თბილისში არსებული რესტორანი ბავშვთა გასართობ‚ სადღესასწაულო ცენტრს‚ სათამაშო ზონასა და კაფესაც მოიცავს. რაც შეეხება საფირმო კერძებს‚ აქ დიდი არჩევანია: საქონლისა და ქათმის ხორცის ბურგერები‚ „ჩილის“ ბოსტნეულის სალათები‚ გამომცხვარი კარტოფილი... გარდა ამისა‚ ამერიკული რესტორანი ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი მოხიბლავს პრემიუმ-კლასის 15 სახის იტალიური „ტრუჩილოს“ ყავითა და დესერტებით.
დარელ ვან ლიკტენი („ვენდის“ საერთაშორისო პრეზიდენტი): მოხარულები ვართ‚ რომ „ვენდის“ რესტორნების ქსელის განვითარებას საქართველოში ისეთ მსხვილ ბიზნესპარტნიორთან ვახდენთ‚ როგორიც „ვისოლ ჯგუფია“. საქართველოს დინამიკურად მზარდ ბაზარზე შემოსვლა „ვენდის“ აღმოსავლეთ ევროპაში განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის განხორციელების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მიუთითებს იმაზე‚ რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს უკეთესი მომავლის.
სოსო ფხაკაძე („ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი): ჩვენთვის საამაყოა‚ რომ ამერიკული რესტორნების ქსელის – „ვენდის“ განვითარება ექსკლუზიურად „ვისოლ ჯგუფს“ ერგო წილად როგორც საქართველოში‚ ასევე აზერბაიჯანში. „ვენდისთვის“‚ ისევე‚ როგორც „ვისოლ ჯგუფისთვის“‚ პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების ქვაკუთხედია. „ვენდის“ დამაარსებლის, დევიდ ტომასისთვის, საზოგადოებაზე ზრუნვა ძირითადი ღირებულება იყო. „ვისოლ ჯგუფმა“ ეს ტრადიცია უკვე დიდი ხანია‚ დანერგა და მომავალშიც გავაგრძელებთ. შესაბამისად‚ სიმბოლურია‚ რომ „ვენდის“ პირველი რესტორანი სწორედ საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამაარსებელმა პაატა ბურჭულაძემ გახსნა. „ვისოლ ჯგუფმა“ შეთანხმებას მიაღწია საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაცია OPIC-თან და მათი მხარდაჭერით ჩვენ „ვენდის“ ფართო ქსელის შექმნას შევძლებთ. მისასალმებელია‚ რომ „ვენდი“ – მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი – უკვე საქართველოშია!