რა გზით მოიპოვა პირველი მილიონი დაღესტნელმა სულეიმან ქერიმოვმა და რამდენი ოფიციალური საყვარელი ჰყავდა მას
2013 წლის 3 სექტემბერს ინტერპოლმა, რესპუბლიკა ბელარუსის მოთხოვნის საფუძველზე, საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ტირაჟირებული რუსი ოლიგარქი, საფეხბურთო კლუბ „ანჟის” მფლობელი სულეიმან ქერიმოვი. „ფორბსის” 2013 წლის მონაცემებით, სულეიმან ქერიმოვის კაპიტალი 7,1 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს და მას მილიარდერების მსოფლიო რეიტინგში 162-ე ადგილი უკავია.
სულეიმან აბუსაიდის ძე ქერიმოვი 1966 წელს დაიბადა ქალაქ დერბენტში, დაღესტანში. მამამისი პროფესიით იურისტი, პროკურატურაში გამომძიებლად მუშაობდა, ხოლო დედა შემნახველ სალაროში მთავარი ბუღალტერი იყო. სულეიმანი უმცროსი შვილი გახლდათ ოჯახში, მისი უფროსი ძმა ექიმია, ხოლო და – რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ყმაწვილობაში სულეიმანი გატაცებული იყო ძიუდოთი და სიმძიმეების აწევით და ამ სპორტის სახეობებში მნიშვნელოვანი წარმატებებიც ჰქონდა მიღებული ახალგაზრდულ სპარტაკიადებზე. საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, სულეიმანმა დაღესტნის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტეზე ჩააბარა გამოცდები და პირველი კურსის დასრულების შემდეგ ჯარში წავიდა. 1984-1986 წლებში მომავალი ოლიგარქი სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო დივიზიაში მსახურობდა და 1987 წელს ინსტიტუტში უფროსი სერჟანტის წოდებით დაბრუნდა, ოღონდ, ამჯერად ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, სულეიმანმა თავის თანაკურსელ ფირუზაზე იქორწინა, რომლის მამა გავლენიანი პარტიული ჩინოვნიკი იყო და სიძე თავდაცვის სფეროსთვის განკუთვნილ ელექტროქარხანა „ელტავში” ეკონომისტის თანამდებობაზე მოაწყო. ქარხანაში ქერიმოვმა წარმატებული კარიერა გაიკეთა და რიგითი თანამშრომლიდან მთავარი დირექტორის მოადგის ადგილამდე ხუთ წელიწადში მიაღწია. საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, ქარხნის პროდუქციის მომხმარებელთა დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციის გარეთ დარჩა და, მომხმარებელთან ანგარიშსწორების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, 1993 წელს, „ელტავის” დირექციამ მოსკოვში ფედერალური სამრეწველო ბანკი დაარეგისტრირა, რომლის მართვა სულეიმან ქერიმოვს დაევალა. დამწყებმა ბიზნესმენმა მოსკოვში საქმიან წრეებთან ურთიერთობები ააწყო. როდესაც რუსეთის ბიუჯეტიდან 500 მილიონი დოლარი გამოიყო სახელმწიფო კვების მარაგების შესავსებად, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ ფედერალურ სავაჭრო პალატას (რომლის ხელმძღვანელი იყო ქერიმოვის ძველი ნაცნობი, კომუნისტური პარტიის დაღესტნის საოლქო კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი, მაგომეტდაგირ აბდულბასიროვი) და სულეიმან ქერიმოვის დაქვემდებარებაში მყოფ ბანკს, დაევალათ თანხის ხარჯვის კონტროლი. დღემდე უცნობია, რამდენი მილიონი დაიხარჯა სახელმწიფოს სასარგებლოდ, ცნობილი კი ის არის, რომ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა არც ქერიმოვის და არც აბდულბასიროვის მიმართ. ამ საქმიდან ისე გამოვიდა, რომ ქერიმოვი 1997 წლისთვის რამდენიმე მილიონდოლარიან ქონებას ფლობდა და სწორედ აქედან იწყება მისი, როგორც მილიარდერის, კარიერის აღმასვლა.
1998 წელს ქერიმოვმა ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანია „ნაფტა-მოსკვას” აქციათა 55 პროცენტი შეიძინა. გარდა ამისა, იგი, რომან აბრამოვიჩთან და ოლეგ დერიპასკასთან ერთად, „ავტობანკის”, „როსგოსტრახის”, „ინგოსტრახ-როსიასა” და კომპანია „ნოსტას” აქციების მფლობელი გახდა. იმ პერიოდში ქერიმოვი რუსეთის დუმის დეპუტატი იყო ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტია „ლიბერალ-დემოკრატებიდან”. ცნობილია, რომ ის საკმაოდ სოლიდურ თანხებს რიცხავდა ჟირინოვსკის პარტიაში. დღეისათვის სულეიმან ქერიმოვი ვლადიმირ პუტინის „ედინაია როსიას” პარტიის წევრია. რაც შეეხება მის ბოლო დროინდელ ბიზნესაქტივებს, ქერიმოვი ფლობს: „გაზპრომის” აქციების 4,5 პროცენტს, „სბერბანკის” 2 პროცენტს, „პოლიმეტალის” 75 პროცენტს, „ნაციონალურ ტელეკომუნიკაციურ სისტემებს”, „მოსსტროიეკონომბანკსა” და სავაჭრო ცენტრს „სმოლენსკი პასაჟი”, ასევე, „უარლკალიუმის”, „ვნეშტორგბანკისა” და „პოლის გოლდის” აქციებს. გარდა ამისა, ქერიმოვი იმ 50 რუსი მილიონერის სიაში შედის, რომლებსაც ჰყავთ საკუთარი „ბოინგ 737-700”, რომლის ფასი 50 მილიონი დოლარია. ქერიმოვი, ასევე, ფლობს ძვირად ღირებულ იახტებს: Ice (91 მეტრიანი) და Millenium (36 მეტრიანი).
გარდა სამეწარმეო საქმიანობისა, სულეიმან ქერიმოვი საფეხბურთო კლუბების ყიდვითაც გახლდათ დაინტერესებული. ცნობილი იყო მისი დაინტერესება მოსკოვის „დინამოთი”, რომლის ყოფილი პატრონი, ალექსეი ფედორიჩევი, მისი ბიზნესპარტნიორი იყო. 2005 წელს ინტენსიური საუბარი მიდიოდა „ნაფტა-მოსკვას” მიერ იტალიური „რომას” შეძენის შესახებ. დაღესტნელი მილიარდერი რომაულ კლუბში 400 მილიონ დოლარს იხდიდა, მაგრამ, საბოლოოდ, მოლაპარაკება არ შედგა. შემდეგ იყო რამენსკოეს „სატურნის” ყიდვის მცდელობა, თუმცა, ეს გეგმაც ჩაიშალა. საბოლოოდ 2011 წლის იანვრიდან სულეიმანმა აისრულა ოცნება – მახაჩკალის „ანჟი” იყიდა და დაიწყო სუპერკლუბის მშენებლობა. თავდაპირველად ქერიმოვმა ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი რობერტო კარლოსი შეიძინა, რასაც მოჰყვა კიდევ არაერთი გახმაურებული ტრანსფერი, მათ შორის – სამუელ ეტოოს, იური ჟირკოვის, ვილიანის, ლასინა ტრაორეს, იგორ დენისოვის, ლასანა დიარას ტრანსფერები. „ანჟი”, რუსული პრესის ცნობით, „ვარსკვლავებს ეთამაშებოდა“: ქერიმოვი მილიონებს ახარჯავდა კლუბს, ფეხბურთელებს მოსკოვში აცხოვრებდა და მხოლოდ თამაშის დღეს ჩაჰყავდა მახაჩკალაში. სამუელ ეტოოს პირადი თვითმფრინავი ემსახურებოდა, ხოლო მწვრთნელის – გუუს ჰიდინკის ხელფასი 15 მილიონ ევროს შეადგენდა. „ანჟის ზღაპარი” 2013 წლის აგვისტოში დასრულდა, როდესაც ქერიმოვს ბიზნესპრობლემები დაეწყო და მას კლუბის დაფინანსებისთვის საკმარისი ხარჯები აღარ ჰქონდა. „ანჟიმ” გაყიდა ყველა ვარსკვლავი და კლუბის სტრატეგია სრულიად შეცვალა. ინტერპოლით ძებნილი სულეიმან ქერიმოვის კლუბის ბედი კი ჯერაც გაურკვეველია.
ბიზნესინტერესების გარდა, სულეიმან ქერიმოვს რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი დონჟუანადაც იცნობენ. 2006 წელს ნიცაში მომხდარი გახმაურებული ავარიის შემდეგ, ცნობილი გახდა მისი და თინა კანდელაკის რომანის შესახებ. მართალია, კანდელაკი თავდაპირველად უარყოფდა ყოველგვარ კავშირს ქერიმოვთან, მაგრამ, ბოლოს აღიარა, რომ „ფერარი-ენცოს” მგზავრი იყო, რომელსაც რუსი ოლიგარქი მართავდა. ავარიის შედეგად ქერიმოვმა სხეულის 70 პროცენტის დამწვრობა მიიღო, ხოლო ავტომობილი, რომლის საბაზრო ფასი 650 ათასი ევროა, სრულიად უვარგისი გახდა. გარდა ამისა, ქერიმოვს თითქმის ოთხწლიანი რომანი ჰქონდა არჩილ გომიაშვილის შვილთან, მოსკოველ დიზაინერთან, კატია გომიაშვილთან. ქერიმოვის დახმარებით კატიამ საკუთარი ბუტიკები გახსნა ლონდონსა და მოსკოვში. მისი დიზაინით შეკერილ ტანსაცმელს კი დეფილეზე, ქეით მოსის „თამადობით“ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ტოპ-მოდელები იცვამდნენ. მას შემდეგ კი, რაც ქერიმოვი სხვა ქალბატონით დაინტერესდა, კატია გომიაშვილს ბუტიკების დახურვა მოუწია, ვინაიდან, ოლიგარქის ფინანსური დახმარების გარეშე მისი ბიზნესი სულს ღაფავდა. სხვადასხვა დროს ქერიმოვის საყვარლები იყვნენ: რუსი პოპ-მომღერლები – ნატალია ვეტლიცკაია და ჟანა ფრისკე, ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვა, მსახიობი ოლესია სუძილოვსკაია და ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი. სხვათა შორის, ნატალია ვეტლიცკაისთან ქერიმოვს ყველაზე ხანგრძლივი ურთერთობა აკავშირებდა. ამბობენ, რომ დაშორების შემდეგ, სულეიმანმა მომღერალს თვითმფრინავი და პარიზში ბინა აჩუქა. ოფიციალური წყაროების ცნობით სულეიმან ქერიმოვს ჰყავს მეუღლე – ფირუზა ჰანბალაევა და სამი შვილი: აბუსაიდი, ამინატი და გულნარა.