რატომ ვერ აალაპარაკა ქართულმა სახელმწიფომ სახელმწიფო ენაზე თავისი მოსახლეობის მესამედი და ვისი სუსტი წერტილია მოთხრობითი ბრუნვა
წლიდან წლამდე იმდენად მძიმდება ჩვენი საჯარო მეტყველება, რომ ქართული სალაპარაკო ენა არათუ გასცდა სალიტერატურო ნორმებს, არამედ, უკვე შინაარსის გაგებაც ჭირს, ისეთი უცნაური ქართულით მეტყველებენ ჩვენი პოლიტიკოსები, ჩემი კოლეგები თუ უბრალოდ ქუჩაში გამვლელები. იმის პარალელურად, რომ საქართველოს არაქართველი მოქალაქეებით დასახლებული რეგიონების მცხოვრებლებთან საკომუნიკაციო ენა საერთოდ აღარ გვაქვს. ბოლო 9 წელია, საერთაშორისო ტრიბუნებზე საქართველოს სახელმწიფო ენა თითქმის არავის გამოუყენებია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ იტალიის პრეზიდენტმა ინგლისურად მოსაუბრე ჩვენს პრეზიდენტს პროტოკოლის დაცვა სთხოვა და ქართულ ენაზე ლაპარაკი აიძულა. პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი სახელმწიფო ენის შესახებ (რადგან სარეკლამო ბილბორდებიდან ჯერ კვლავაც ახალგაზრდა უცხოურმა ენამ უკვე განდევნა სამყაროსავით ძველი ქართული ენა), თუმცა, სანამ ხალხის რჩეულები ჩვენს დედაენას რამეს უსაშველებენ, იმას, თუ სადამდე შეიძლება, მიგვიყვანოს სახელმწიფო ენისადმი ასეთმა უდიერმა დამოკიდებულებამ, ლევან ღვინჯილია განვგვიმარტავს.
– მეჩვენებოდა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს რცხვენოდათ ქართულ ენაზე ლაპარაკი საერთაშორისო ტრიბუნებიდან. პრეზიდენტმა შენიშნა კიდეც ერთხელ: ქართული სულ სამ მილიონ ადამიანს ესმის დედამიწაზე, ამიტომ ინგლისურს უნდა მივეძალოთო, თუმცა, ჩემი აზრით, ქართულად მეტყველებდა რუსთაველი და ეს სავსებით საკმარისია ამ ენის პრესტიჟისთვის.
– ქართულ ენიდან გასვლა გიწევს, როდესაც საერთაშორისო არენაზე საქმიანობ, არ მინდა, ვთქვა - ,,მოღვაწეობ”. სამწუხაროდ, ბოლო დროს ამ სიტყვასაც დაეკარგა თავისი ნამდვილი შინაარსი: კაცი სულ რაღაც თვე-ნახევრით იყო წასული სადღაც სამუშაოდ და ამბობს: აქა და აქ ვმოღვაწეობდიო; მას ჰგონია, რომ მისი „საქმიანობა“ იყო „ღვაწლი“. ის, რომ საზღვრები გაიხსნა; ის, რომ საერთაშორისო ურთიერთობები გააქტიურდა; ის, რომ საქართველო ერთიან გლობალურ პროცესებში ჩართვას იწყებს, ბუნებრივია, ითხოვს ენობრივ ურთიერთობათა გააქტიურებასაც და, შეიძლება, გარე სამყაროსთან ურთიერთობა ქართულად ყოველთვის არ იყოს მოსახერხებელი და შესაძლებელი, მაგრამ ამ ყმაწვილებს, რომლთაც, ძალაუფლება რომ ჩაიგდეს ხელში, ჯერ სწავლა-განათლებაც კი არ ჰქონდათ დამთავრებული, ბუნებრივია, უჩნდებოდათ სურვილი და როგორც ჩანს, დღესაც აქვთ, უცხოელებს თავი მოაწონონ მათი ენის ცოდნით და საერთაშორისო ღონისძიებებზე „მოდური“ გახდა ინგლისურად საუბარი, უფრო ამერიკული - სლენგი. ამერიკელების დამოკიდებულება თავიანთი ენისადმი გარკვეულწილად ჩვენთანაც რაღაც ასახვას ჰპოვებს. ამერიკელს აქვს სახელმწიფო, აქვს ტერიტორია, კარგად მოწყობილი ქვეყანა, მაგრამ სხვა ქვეყნის ენაზე ლაპარაკობს და, ბუნებრივია, უჩნდება სურვილი, ჰქონდეს თავისი, ანუ „ამერიკული ენა“, რომელიც ჩამოყალიბდება მაშინ, როდესაც მაქსიმალურად დაშორდება ბრიტანულ ინგლისურს. ამერიკელებმა ამას მიაღწიეს ენისადმი მიშვებული, თავისუფალი დამოკიდებულებით. ამიტომაც წარმოუდგენელია, იქ ვინმემ დაიწყოს ინგლისური (ბრიტანული) სალიტერატურო ენის, შექსპირის ენის სიწმინდის დაცვა, ნორმების ჩამოყალიბება და შემდეგ ამ ნორმების დამკვიდრებაზე ზრუნვა…
– ღიმილს იწვევს, იმდენად არაბუნებრივი იქნება.
– დიახ, ვიღაცას ეს შეიძლება, სასაცილოდაც მოეჩვენოს, მაგრამ ენისადმი ამგვარი დამოკიდებულების გადმოტანას საქართველოში, როდესაც შენი ენისადმი გაქვს ერთგვარად აგდებული დამოკიდებულება, ნორმების დაცვას ყურადღებას არ აქცევ, ტერმინოლოგიურ საქმიანობას არ ეწევი და ქართული ტერმინების დამკვიდრებაზე არც კი ზრუნავ, როგორც გინდა, ისე ლაპარაკობ, ოღონდაც გააგებინო, შედეგად მოსდევს ის ვითარება, რაც გვაქვს დღეს.
– თუმცა სულ სხვანაირია ევროპელების დამოკიდებულება თავიანთი ენებისადმი.
– ამერიკულის შემთხვევა იმიტომ მოვიყვანე, რომ თვალსაჩინო მაგალითია. როდესაც ერთი და იგივე ენა სხვადასხვა ტერიტორიაზე ვრცელდება იზოლირებულად, ეს იწვევს ხოლმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ფორმებისა და გამოთქმების გავრცელებას, რის შედეგადაც მივდივართ ენობრივ თავისებურებათა დაშორიშორებამდე (შდრ. ფერეიდნული დიალექტის შემთხევა, რომელიც ოდესღაც კახური იყო), მაგრამ, თუ ამერიკელისთვის ეს არის გზა სხვა („ამერიკული“) ენის ჩამოყალიბებისა, ჩვენთვის, ქართველთათვის ეს დამღუპველია, რამდენადაც ქართული ენა არის დედაენა ქართველი ერისათვის. „დედაენა“ მხოლოდ „მთავარს“ და „უმთავრეს ენას“ არ ნიშნავს, ის აყალიბებს ერს ერად. რომ არა ქართული ენა, ისტორიული ქართველური ტომები ერთ ქართველ ერად ვერ ჩამოყალიბდებოდა. მეგრელ-ლაზებს, სვანებსა და ქართებს, კიდევ სხვა ენათა წარმომადგენელ ჩვენი ერის შექმნაში მონაწილე ტომებს ქართულმა ენამ მისცა ეს პერსპექტივა და ქართული ენით მოხერხდა ის, რომ დღეს ქართველ ერში მოიაზრება არამხოლოდ ქართულ ენაზე მოლაპარაკე ქართველური ტომები, არამედ ის ეთნოსებიც, რომლებიც მხოლოდ საქართველოში ცხოვრობენ, სხვა სამშობლო არსად აქვთ და ამ დროს ქართველურ ენათა ჯგუფს არ მიეკუთვნებიან. მხედველობაში მყავს წოვა-თუშები. წოვათუშური ანუ ბაცბური არის ჩაჩნურისა და ინგუშურის მონათესავე ენა, მაგრამ წოვა-თუშები დღეს, აგრეთვე, ქართველები არიან, ისეთივე ორენოვნები, როგორც მეგრელ-ჭანები (ლაზები) და სვანები და მათი დედაენა, მშობლიურ ბაცბურთან ერთად, არის - ქართული.
ამავე გზას ადგას პანკისის ხეობის კიდევ ერთი მოსახლეობა ქისტების სახით. ასევე, არიან შემოსული ქართულ ენობრივ-სახელმწიფოებრივ სხეულში უდიები, ყვარლის რაიონის სოფელ ზინობიანის მცხოვრებლები. ეს არის ისტორიული ალბანეთის გადარჩენილი მოსახლეობა, ჩამოსახლებული მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ამჟამინდელი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ისინიც უკვე საკუთარ თავს, სავსებით სამართლიანად, აიგივებენ ქართველებთან.
– ოსების შემთხვევაშიც ასე არ არის?
– ჩვენში მცხოვრები ოსები უკვე ლინგვისტურად ქართველი ერის ნაწილად იყო ქცეული, რა გაზსაც უნდა დავდგომოდით აფხაზების შემთხვევაშიც. ეს ერთიანობა მიიღწევა მხოლოდ და მხოლოდ ენის მეშვეობით და ამიტომაც ამბობდა ფარნავაზზე მეისტორიე: „განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“. თუ სახელმწიფოს გათვალისწინებული არა აქვს ენის შემაკავშირებელი ფუნქცია, მაშინ ეს ფუნქცია ნელ-ნელა მოირყევა და თვითნებობას ეძლევა გასაქანი. საქართველოში არსებობდა სალიტერატურო ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია; მას „მუდმივი“ კი ერქვა, მაგრამ სააკაშვილსითვის სხვა რა იყო „მუდმივი“, ეს რომ ყოფილიყო და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააუქმა იმიტომ, რომ „მათ“ იციან, როგორ უყურებენ თავიანთ ენას ამერიკელები, ენაზე ზრუნვა სასაცილოა ამერიკელისთვის, მაგრამ საქართველოში ეს საკითხი სხვანაირად დგას. ქართველისთვის ენა არის თავისთავადობის, თვითმყოფადობის, გადარჩენის ერთადერთი საშუალება. თითოეული ერი, ამ სიტყვის ეთნიკური და არა „ამერიკული“ მნიშვნელობით, არის კაცობრიობის სახეობა და ეს სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმით, რომ განსხვავებულად აღიქვამენ სამყაროს. სხვადასხვანაირად უყურებენ სამყაროს: სომეხი, რუსი, ბერძენი, ჩინელი… შესაბამისად, განსხვავებულად აზროვნებენ და განსხვავებულად ქმნიან. ქართველი, თავისი ენის კვალობაზე, ქმნის „ვეფხისტყაოსანს“, „ჩაკრულოს“, ვაზისა და ხორბლის სხვადასხვანაირი ჯიშები გამოჰყავს. ვიღაცამ, შეიძლება იკითხოს: რა კავშირშია ენა ვაზთანო? სწორედაც რომ უშუალო კავშირშია, რადგანაც ეს არის ქართული აზროვნების, სამყაროს ქართველისეული ხედვის, მის განსხვავებულ აზროვნებაზე დამყარებული ქმნადობის შედეგი და ეს ასევე ძალიან კარგად ჩანს ქართულ პოლიფონიაში, რომელიც უბადლო და უანალოგოა მთელ მსოფლიოში და იმდენად განსხვავებულია, რომ ამერიკელებმა, როდესაც სხვა პლანეტელების გასაოცებლად დედამიწიდან კოსმოსში რაღაც ატრიბუტები გააგზავნეს, მათ შორის ერთ-ერთი იყო ქართული ხალხური სიმღერა. ქართველებისთვის არც უკითხავთ, ისე გააგზავნეს, როგორც დედამიწაზე არსებული კაცობრიობის ერთ-ერთი სახეობის მიერ შექმნილი უნიკალური შემოქმედებითი ნიმუში. არადა, „ჩაკრულოსნაირი“ რამდენი გვაქვს ქართველებს აქ? ეს არის ქართულ ენაზე მოაზროვნე ადამიანის მიერ შექმნილი კულტურის ნიმუში. კულტურული ქმნადობა ენობრივ შემოქმედებასთანაა დაკავშირებული. ქართველს მხოლოდ მისი ენა აქცევს ქართველად.
– ჩვენი მეტყველების დამახინჯება ხომ მიანიშნებს აზროვნების დამახინჯებაზეც?
– ეს არის ამის სიგნალი, ოღონდ პირიქით, ეს იმის გამოვლინებაა, რომ ადამიანს შიგნით, სააზროვნო აპარატში აქვს რაღაცა მოუწესრიგებელი. მეტყველების თავისებურებასა და ენის გამართულობას რომ არ აქცევენ ყურადღებას, ამას ემატება ისიც, რომ მახინჯდება წარმოთქმული ტექსტის შინაარსიც.
– ჩვენ გვყავდა განათლების ერთი მინისტრი, რომელიც გამართულად ვერ წერდა მარტივ სიტყვას და კიდევ ერთი მინისტრი, რომელიც მეტყველებისას ქვემდებარესა და შემასმენელს პირში ვერ უთანხმებდა ერთმანეთს.
– თუ შაშკინი გყავთ მხედველობაში, მას რუსულენოვანი განათლება აქვს მიღებული და ამიტომაც უჭირდა მოთხრობითი ბრუნვის სწორად გამოყენება. საერთოდ, საქართველოში მცხოვრები არაქართველურენოვანი ეთნოსების პრობლემაა მოთხრობითი ბრუნვა. ზოგჯერ მსგავსი რამ ეთნიკურ ქართველებსაც ემართებათ ხოლმე, თუ სხვა (ინდოევროპულ) ენაზე აქვთ მიღებული განათლება. მოთხრობითი ბრუნვა ის ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც მათ, ამ მხრივ, „ამხელს“. შორს რომ არ წავიდეთ, ქვეყნის ხელისუფლების ეს დამოკიდებულება თავისი ენისადმი არის ასახული იმ ვითარებაში, რაც დღეს გვაქვს, ხოლო საკუთრივ ეს ვითარება ვიღაცითვის არის ქვეყნის სამომავლო გეზის შემადგენელი ნაწილი. იქეთკენ მივდივართ, რომ ეროვნული თავისებურება კი არ იყოს შენარჩუნებული და განვითარებული, პირიქით, განსხვავება იყოს ნიველირებული და მაქსიმალურად დავუახლოვოთ ერთმანეთს სხვადასხვა ეთნოსების მოქალაქეობრივი ერთიანობა. გზა არის ორნაირი: ან „სინგაპურის აშენება“, როდესაც სახელმწიფო ენა იქნება სხვა (მაგალითად, ინგლისური) ან ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელშიც სხვა ეთნოსების წარმომადგენლები, სავალდებულო წესით, ისევე, როგორც ეს არის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, გნებავთ, იმავე ამერიკაში, დაეუფლებიან სახელმწიფო ენას. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ბოლო ათწლეულების განმავლობაში საამისოდ მნიშვნელოვანს თითქმის არაფერს აკეთებს.
– ძალიან დიდი ეჭვი მიჩნდება, რომ ჩვენი უცხოურ ენაზე ამეტყველებული ჩინოვნიკები ისეთივე ხარისხით მეტყველებენ, როგორც ქართულად?
– ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი გიორგი ახვლედიანი იტყოდა ხოლმე, არ შეიძლება, ადამიანმა მშობლიურ ენაზე უკეთესად იცოდეს უცხო ენაო. არამხოლოდ ის არის მთავარი მშობლიურ ენაზე მეტყველებდე გამართულად, არამედ, ამ ენის შენარჩუნების, განვითარებისა და დაფასების მოთხოვნილება უნდა გქონდეს, რადგან ეს არის შენი ერის პერსპექტივის გამომხატველი. დღეს ჩვენს სახელმწიფოს უჭირს თავის მოქალაქეებთან ლაპარაკი, რადგან, სახელმწიფო ენაზე თუ დაელაპარაკება, მას მოსახლეობის მესამედი ვერ გაუგებს. ეს პრობლემა მოსაგვარებელია და მას ინგლისურის ინტენსიური სწავლება ვერ უშველის. ამას შემდეგ მივყავართ სეპარაციისკენ და იქითკენ, რომ ის ადამიანი გაუცხოებული ხდება. არასდროს ქისტებს, წოვა-თუშებს, უდიებსა თუ სხვებს, ვისაც ენობრივი ბარიერი დაძლეული აქვთ, თავში არ მოუვათ სეპარატიზმი. მაგრამ აგერ თითქმის ჩვენ თვალწინ, 1828 წელს, პასკევიჩის დროს სამცხე-ჯავახეთში რომ ჩამოასახლეს თურქეთის ტერიტორიიდან სომხები, თურმე, ეს ყოფილა „სომხეთის ძირძველი ტერიტორია“ და იქ ჩვენ, სამწუხაროდ, ქართული ენა ჯეროვნად ვერ გავავრცელეთ.
– მე ვიტყოდი, არ გავავრცელეთ, რადგან ყველა ხელისუფალს აძლევს ხელს, ჰყავდეს სახელმწიფო ენის არმცოდნე მოსახლეობა, რომელიც არჩევნებისას გარანტირებულად მისცემს ხმას, მათ შორის, იმიტომაც რომ გაუცხოებულია.
– ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა რამდენიმეგზის იყო, მაგრამ - წარუმატებელი. მათ შორის, მაშინაც, როდესაც მეც ვიყავი სახელმწიფო მოხელე და ახლა ზუსტად ვიცი, რომ ის გზები, რითაც ხელისუფლება ცდილობდა ამ ხარვეზის გამოსწორებას, იყო მცდარი.
– მეტყველების რა სიმახინჯეებია ყველაზე ყურში მოსახვედრი?
– მე უფრო ზოგადს მივაქცევდი ყურადღებას. ჩვენ დღეს გვაქვს კანონი რეკლამის შესახებ, რომელიც 1998 წელსაა მიღებული და, სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მათ შორის - დედაქალაქის მერი და საკრებულო) აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ, რომ ამ კანონის მოთხოვნები დაიცვან... და დღეს რუსთაველის პროსპექტიდან, დედაქალაქის მაღლივი შენობებიდან ქართული ანბანი განდევნილია. ამ ობიექტების მეპატრონეთა უმეტესობას შენი სახელმწიფო ენა ფეხებზე ჰკიდია და ხელმძღვანელობს დედაენის ხარჯზე მეტი ფულის დაზოგვის პრინციპით. ამგვარი დამოკიდებულების მიმართ ბევრ უცხოურ ქვეყანაში იქნებოდა ძალიან მძაფრი რეაქცია ხელისუფლების მხრიდან, ჩვენში კი ამას რატომღაც ვერც კი ამჩნევენ ისინი, ვისაც კანონით ევალებათ ამაზე ყურადღების გამახვილება..
რაც შეეხება იმას, თუ რანაირად მახინჯდება ქართული ენა, ხშირად ეს არის არცოდნა სიტყვათა მნიშვნელობისა. მაგალითად, არცოდნა ისეთი სიტყვის მნიშვნელობისა, როგორიც არის „სპონსორი“. ჩვენ ყველა გადაცემაში გვესმის, რომ გადაცემის სპონსორია ესა და ეს. შესბამისი კანონი განმარტავს, რომ „სპონსორი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი“... და ასე შემდეგ. მთავარია, რომ ის აუცილებლად „პირი“ უნდა იყოს, უნდა მოიხსენიებოდეს კითხვით - „ვინ?“... როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ გადაცემის სპონსორია „ჰიგიენური პაკეტი“, ან გაყინული „ქათმის ბარკალი“, ან „კათხა ლუდი“ და მისთანანი, უტიფრად გვატყუებენ, რადგან არ შეიძლება, გადაცემის სპონსორი იყოს „რა“ ჯგუფის სახელი. რას ნიშნავს ეს? რომ არც ერთ ტელე- თუ სარეკლამო კომპანიაში არ იციან ამ სიტყვის მნიშვნელობა?! ეს ხდება იმიტომ, რომ სარეკლამო და სასპონსორო თანხები განსხვავებულად იბეგრება. ერთი სიტყვის შესახებ ვმსჯელობთ და ვრცელი საუბარი კი გამოგვივიდა, მაგამ ამ ერთ მაგალითში ჩანს დამოკიდებულება შენი ენისადმი. თუ ჩვენ გვინდა, რომ ქართველი, როგორც კაცობრიობის სახეობა, მანამ სახლობდეს დედამიწაზე, სანამ საკუთრივ დედამიწა იარსებებს, ეს იქნება შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანთა ეს სახეობა ქართულ ენაზე იაზროვნებს, იმეტყველებს და კულტურულ ქმნადობას განაგრძობს, სხვანაირად ჩვენ შეიძლება, რომელიღაც ერში გავითქვიფოთ. ფიზიკურად ჩვენი „დეენემის“ მატარებელი ადამიანთა რაღაც რაოდენობა არსებობდეს, მაგრამ არ იქნება ქართული ენა, ქართულად აზროვნება. ჩვენზე ბევრად უფრო დიდი ეთნოსები გადაგვარებულან, გამქრალან დედამიწის ზურგიდან. მე-19 საუკუნის შუა წლებში თურქეთში გადასახლებული უბიხები მთლიანად გაქრნენ და დღეს უბიხური, სამწუხაროდ, მკვდარი ენაა... ეს პროცესი გრძელდება.