„უგრძნობი“
ოსტაპ ბენდერის მოტივებზე
ჯერჯერობით არც ხელისუფლებას გამოუძიებია, ჰქონდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს უფლება, უპრაგონოდ ეხარჯა ბიუჯეტის ფული (მხედველობაში მაქვს ის დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, ბ-ნმა სააკაშვილმა შვილის სწავლის ფულიც ბიუჯეტს გადაახდევინა და თანაგუნდელი ქალბატონებისთვის ნაჩუქარი ნაირ-ნაირი სამკაულისაც) და, მეორე მხრივ, არც პრეზიდენტს (არც მის თანაგუნდელებს) უგრძნია უხერხულობა ამგვარი ფაქტების გამო (არც ახლა გრძნობს).
ჰოდა, ვიდრე ისინი კოაბიტირებენ (ამ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე), ვერტმფრენების საქმეც გასკდა. კერძოდ, ამ ჩვენს პირველ პირს ამ ჩვენი პარტნიორი საფრანგეთისგან ფრიად ძვირად ღირებული ვერტმფრენები შეუძენია, ხელისუფლებას კი ამ სამი ევროკოპტერის გაყიდვა გადაუწყვეტია, რომ ბიუჯეტს შეეწიოს. თუმცა, თავის მხრივ, მყიდველი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი ფრენის მოყვარული პრეზიდენტი) აცხადებს, რომ ეს ძვირად ღირებული ვერტმფრენები საქართველოს თადაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად შეიძინა.
მეტიც, იქვე დასძენს, რომ ამ საფრენ აპარატებს თავის დროზე სამოქალაქო დანიშნულება ოკუპანტთათვის თვალის ასახვევად განესაზღვრათ (მომყავს ამონარიდი პრეზიდენტის საჯარო განმარტებიდან: „როდესაც ჩვენ ამ ვერტმფრენებს ვყიდულობდით, მედვედევი და ლავროვი დაემუქრნენ საფრანგეთს სანქციებით, რომ თუ საქართველოს მისცემდნენ ისინი ამ ვერტმფრენებს, ისინი ევროკოპტერს აღარ შეუშვებდნენ რუსეთში.“). რაც მთავარია, ამ საქმეში საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი სარკოზიც პირადად ყოფილა ჩართული (აბა, ისეთი წვრილფეხობა, როგორიც საფრანგეთის იმჟამინდელი ტრანსპორტის მინისტრია, ხომ იყო და იყო ჩარეული).
ერთი სიტყვით, პრეზიდენტი სასტიკად ეწინააღმდეგება ამ სიმწრით მოპოვებული ვერტმფრენების გაყიდვას (მაღალმთიანი რეგიონი ვართ და ვერტმფრენები ჰაერივით გვჭირდებაო). კვლავ ციტატას მოვიშველიებ: „ახლა ვიყავი მთაში. იქ რომ რამე მოხდეს, ერთი ვერტმფრენი არა ჰყავს, რომელიც ავა და, მაგალითად, გამოიყვანს სადმე გაჭედილ მოგზაურს ან გადაიყვანს თუნდაც ჯარის ნაწილს ან პოლიციის ნაწილს. ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსი და ამ ერთადერთ შანსსაც გვართმევენ.“
ასეა თუ ისე, მართალია, ჯერჯერობით საფრანგეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია (იყო თუ არა ჩართული ბ-ნი სარკოზი ამ საერთაშორისო აფერაში) , მაგრამ, ეჭვი მაქვს, რომ ბ-ნი სარკოზის წინააღმდეგ თავის სამშობლოში აღძრულ საქმეს ჩვენმა პრეზიდენტმა ფრიად საინტერესო დეტალები დაუმატა.