მშობლიური კვერცხების ხიბლი
სანამ დანარჩენი მსოფლიო იმაზე მსჯელობს, რა მოხდება სირიაში, იმის პარალელურად, რომ აშშ კუნთებზე იყურება, რფ-ს კი მშვიდობის ხუნდობა აქვს შეთავსებული, ჩვენს სამშობლოში კვერცხის გაძვირებას პროგნოზირებენ.
სახელდობრ, ამ საგანგაშო ინფორმაციას მეფრინველეობის ასოციაცია ავრცელებს, ხოლო მიზეზად იმას აცხადებს, რომ, რაკი ამ ბოლო დროს კვერცხის იმპორტირებას მივეძალეთ (სიიაფის გამო), ჩვენებურ მწარმოებლებს წარმოების მოცულობა 30 პროცენტით შეუკვეცავთ; ამასობაში კი, მოლდოვასა და უკრაინაში, საიდანაც კვერცხს ვეზიდებით, ეს პროდუქტი გაძვირებულა.
იმ მარტივი მიზეზით, რომ ადგილობრივი მწარმოებლები ასე უცბად ვერ გააფართოებენ თავიანთ წარმოებას, შესაძლოა, კვერცხი გაგვიძვირდეს (საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, გასულ წელთან შედარებით, კვერცხის იმპორტი 795 პროცენტითაა გაზრდილი). სხვათა შორის, თუ გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, აშშ-ში კვერცხის საცალო ფასი 25,2-თეთრია, გაუგებარია, ჩვენთან როგორ ახერხებენ 30-თეთრიანი კვერცხების შექმნა-ჩამოტანას.
ასეა თუ ისე, ჯერჯერობით გვამშვიდებენ (ამ ეტაპზე გაძვირებას გავუძლებთო), თუმცა, ამთავითვე აშკარაა, რომ თვით ასეთ პროზაულ საკითხშიც კი, მხოლოდ საკუთარი კვერცხების იმედზე უნდა იყო.