ასოთა თამაში
ანუ, წაუკითხავ წიგნთა შურისძიების მსხვერპლნი
შესაძლოა, იმიტომ, რომ პატრიოტიზმი მოეძალათ, ან, სულაც, იმ პროზაული მიზეზით, უსაქმო კაციო … გასულ კვირას დედაქალაქის საკრებულომ, ცხადია, სხვა საჭირბოროტო საკითხებთან ერთად, დედაქალაქის რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების შესახებაც იმსჯელა.
იმსჯელეს და დაადგინეს, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღმის უსახელო ქუჩების, ჩიხებისა თუ შესახვევებისთვის, „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების სახელები მიენიჭებინათ („კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა“?!).
შესაბამისად, აწ უკვე თბილისის ქუჩებითაა უკვდავყოფილი ნურადინ-ფრიდონის (ცნობისთვის: საკრებულოს საიტზე გამოქვეყნებულ ამ ოფიციალურ ინფორმაციაში ეს ჩვენი ნურადინ-ფრიდონი, მურადინ-ფრიდონადაა მოხსენიებული), მელიქ-სურხავის, მულღაზანზარის, ხატაეთისა თუ გულანშაროს ქუჩები (აი, ინდოეთმა რა დააშავა, ეს ვერ გავიგე) და, ამიერიდან, თვით ჭაშნაგირის (აი, ჭაშნაგირი რა შუშაია ამ გაუგებრობასთან, რთული ასახსნელია) სახელობის ქუჩაც კი გვექნება (და, ვითომ, მესტუმრეთუხუცესის რატომაც არა?!).
უკვდავყოფილთა სიაში მოხვდნენ როგორც ფატმანი, ისე მისი ქმარი – უსენი, თვით მამიდა დავარიც კი (რომლის წყალობითაც დატრიალდა ნესტან-დარეჯანის დაკარგვის ტრაგედია) და ბუნებრივია, მთლად ცენტრალური პერსონაჟებიც.
სავსებით ბუნებრივია, დასაფასებელია ჩვენებურ საკრებულოელთა ეს რომანტიკული წიაღსვლები, რომ არა ერთი „მაგრამ “: თვით ამ ჩამონათვალშიც კი ნათლად იკვეთება, რომ „ვეფხისტყაოსნისთვის“ თვალი სკოლის დამთავრების შემდეგაც არ ჩაუკრავთ. ხოლო, თუ უფრო დავწვრილმანდებით (მაგალითად, იმას, ნურადინი მურადინი რომ ჰგონიათ), შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ სკოლაში სწავლის პერიოდშიც არ მოუკლავთ მაინცდმაინც თავი „ვეფხისტყაოსნის“ წვდომა-კითხვით. ჰოდა, იქნებ (აწ უკვე თავიანთ მიერ მონათლული ქუჩების ხათრით), გადაეკითხათ (თუ, რა თქმა უნდა, „ვეფხისტყაოსნის“ პატივისცემა ამოძრავებთ და არა უსაქმო კაცის სინდრომი), რომ ამ ასოთა თამაშს (როგორც მწერალი იტყოდა, – წაუკითხავ წიგნთა შურისძიებას) მომავალში მაინც ამგვარ უხერხულობაში არ ჩაეყარა?!