გაუმართლებლები
ტერორისტი, კატა და საქართველოს მოქალაქე
ეს წუთისოფელი ვისთვის დედაა, ვისთვის დედინაცვალი და, ვისთვის – ორივენიცა. ასე, მაგალითად, გასულ კვირას 34 წლის ტერორისტი ანდერს ბრეივიკი (21 წელი რომ მიუსაჯეს 69 ადამიანის დახოცვისთვის, რომლებიც სისცოცხლეს „ნორვეგიის ისლამიზაციის შესაჩერებლად“ გამოასალმა) ოსლოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
ტერორისტი-მანიაკი პოლიტოლოგიას დაეუფლება, ერთი ისაა, დაუსწრებლად. ოსლოს უნივერსიტეტის პრეზიდენტის განმარტებით, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს (აბა, უფასო განათლება სოციალისტურიაო?!). სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინათ ბრეივიკს უარი ეთქვა უნივერსიტეტში მიღებაზე, ვინაიდან, სრული საშუალო განათლება არ მიუღია, მაგრამ, უბეჯითია, გამოცდები ჩაუბარებია და საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტიც მოუპოვებია.
თავის მხრივ, ციხის ხელმძღვანელობა პირობას დებს, რომ ტერორისტ პატიმარს ყველა საჭირო წიგნითაც უზრუნველყოფენ და სამეცადინოდ ცალკე ოთახსაც გამოუყოფენ (პრინციპით: „დააფარე, დააფარე, არ გაცივდეს“).
ამის პარალელურად, ცნობილია, რომ, მაგალითად, გერმანიაში, ველურ კატებს (რომლებსაც, სხვათა შორის, არ აქვთ ხმის უფლება) გადასასვლელებს უშენებენ. მას შემდეგ, რაც სპეციალისტები შეისწავლიან ველური კატების გადაადგილების მარშრუტებს (რომლებიც ზოგჯერ ავტომაგისტრალებს კვეთს, რის გამოც კატები ხშირად იღუპებიან), საჭირო ადგილებში სპეციალურ ხიდებს უშენებენ.
ჰოდა, თუ ამ ევროპულ რეალობას – ტერორისტით დაწყებული და კატით დამთავრებული – ჩვენს რეალობას შევუდარებთ (დღემდე რომ დაგებულ გზებს გვამადლიან), რთულია, არ ინატრო, აქეთ – ნორვეგიელი ტერორისტის, იქით – გერმანული ველური კატის ბედი.