„კტო ნა სვეტე ვსეხ მილეე”?!
ხუნდი თუ ბახალა
გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ რფ-ის განათლების ფონდს ნობელის პრემიაზე პრ. პუტინი წარუდგენია: არც მეტი, არც ნაკლები, ნობელის მშვიდობის პრემიაზე და, ზემოხსენებული ფონდის პრეზიდენტს (ვინმე სერგეი კომკოვს) ნობელის კომიტეტის შესაბამისი წერილითაც მიუმართავს (პათოსით: „კტო ნა სვეტე ვსეხ მილეე? ვსეხ რუმიანეე ი ბელეე?!“). აი, რფ-ის განათლების ფონდის ექსპერტს (ვინმე ოლეგ სერგეევს) კი, ზედაც, დაუმატებია, რომ, ჯერ ერთი, პრ. პუტინი მშვიდობისთვის პრაქტიკული მებრძოლია და, რაც მთავარია, მისი ყველაზე დიდი დამსახურება ჩეჩნეთში ომის შეჩერებაა (სამგზის ვაი!!!). ვინმე სერგეევი იმასაც შენიშნავს, რომ პრ. პუტინი ლომივით იბრძვის სირიის კონფლიქტის უსისხლოდ მოსაგვარებლად.
რფ-ის განათლების ფონდის მოტივაცია კიდევ გასაგები იქნებოდა (პრინციპით, ყვავს თავისი ბახალაო), მაგრამ, თავისი სიტყვა ჩრდილოელი მმართველისთვის საფრანგეთსაც შეუწევია (აი, იმ საფრანგეთმა ჩვენთვის რომ სამოქალაქოდ გადაცმული სამხედრო ვერტმფრენები მოუყიდია) .
რუსული მხარე იუწყება, რომ, ფრანგი კოლეგების აზრით, თუკი პრ. პუტინი შეძლებს სირიის დაბომბვის თავიდან აცილებას, ეს იქნება დასტური იმისა, რომ სწორედ პრ. პუტინია ყველაზე მშვიდობისმოყვარე ორფეხა მთელ დედამიწაზე და უფრო მეტი გაუკეთებია, ვიდრე მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ბარაკ ობამასო.
მართალია, ჩვენ სავსებით მკაფიო აზრი გვაქვს ჩამოყალიბებული პრ. პუტინზე, თუმცა არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნობელის კომიტეტი, ოღონდ, ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას კითხვას: უფრო ხუნდია თუ ბახალა (მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მას ეს პრემია მიანიჭეს, ჩვენ ცივილიზებული სამყაროსთვის წიწილები ვყოფილვართ).