რატომ არის კლიმატური და ბუნებრივი პირობებით გამორჩეულ საქართველოში საკვების დეფიციტის ისეთივე დონე, როგორიც აფრიკის ქვეყნებში
საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქის საარსებო მინიმუმი 150,7 ლარით განისაზღვრა, ივლისში კი ეს მაჩვენებელი 144,8 ლარამდე შემცირდა (ოფიციალური ინფორმაციით, პროდუქტების სეზონური გაიაფების გამო). იგულისხმება, რომ ამ თანხის 70 პროცენტი მოქალაქემ კვებაზე უნდა დახარჯოს, 30 კი – სხვა დანარჩენზე (კომუნალური გადასახადებით დაწყებული, მგზავრობა-ჩაცმა-დახურვით დამთავრებული). ქართული ნორმით, საქართველოს მოქალაქემ ყოველდღიურად 2 300 კილოკალორია უნდა მიიღოს, რაც, ჯერ ერთი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ნორმაზე (2 450 კილოკალორია) ნაკლებია და, რაც მთავარია, მინიმალური სასურსათო კალათის კალორიულობა იაფი, ღარიბი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი პროდუქტებითაა გაზრდილი (კარტოფილი, შაქარი და ა. შ.). აქვე გეტყვით, რომ, ჩვენებური სტატისტიკოსების აზრით, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის დღეში 10 გრამი ღორის ხორცია საკმარისი, მაშინ, როცა ნივრის დღიურ ნორმად 7 გრამს გვიწესებენ. ქართული სასურსათო რეალობის არცთუ ნათელ მხარეებს პროფესორ პაატა კოღუაშვილთან ერთად განვიხილავთ.
– ცნობილია, რომ საქართველოს, თავისი ღვთისგან ბოძებული პოტენციალიდან გამომდინარე, შეუძლია 10-12 მილიონი ადამიანის გამოკვება. როგორ მოხერხდა, რომ საარსებო მინიმუმადაც კი ვერ ვახერხებთ ამ კლიმატის შესაბამისი ნორმების დაწესებას?
– საქართველოში უახლოეს მომავალში გადასაჭრელი პრობლემებიდან უპირველესი – სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფაა. ეს მოიაზრებს ქვეყნის უნარს, უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობა კვების ძირითადი პროდუქტებით, ადგილობრივი რესურსების წარმოების ხარჯზე. მაგალითად, 2012 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 1,1 მილიარდი აშშ დოლარის სასურსათო პროდუქცია, ხოლო ექსპორტმა მხოლოდ 443 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მაგალითად, იგივე მაჩვენებლები 2003 წელს 171 და 163 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. არადა, თანამედროვე მსოფლიოში დასაშვებად მიიჩნევენ სამამულო ბაზარზე სურსათის იმპორტს 15-20 პროცენტის ფარგლებში.
– რამ გამოიწვია საქართველოში სასურსათო პროდუქციის წარმოების კლება?
– ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ სასურსათო პროდუქციის წარმოება, დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე, ქვეყანაში 3-ჯერ შემცირდა, ხოლო, 2004 წლიდან დღემდე – 2-ჯერ. ქვეყანაში წარმოებული სურსათი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოსახლეობის ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამის რაოდენობასაც კი. ეს არც უნდა იყოს დიდი მოულოდნელობა, თუ გავიხსენებთ, რომ FAO-ს მონაცემებით, 2003-2009 წლებში საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე აგრარული პროდუქციის წარმოების ინდექსი 29 პროცენტით შემცირდა, რაც ყველაზე უარესი მაჩვენებელია მსოფლიოს 194 ქვეყანას შორის. ეს მაჩვენებელი ბალტიის ქვეყნებში გაიზარდა 38-47 პროცენტით, ბელორუსში – 64-ით, მოლდოვაში – 16-ით, აზერბაიჯანში – 32-ით, სომხეთში კი 89 პროცენტით.
2003 წლიდან 2011 წლამდე ნათესი ფართობების 2-ჯერ შემცირების გამო, 4-ჯერ შემცირდა ხორბლის წარმოება, შესაბამისად, თვითუზრუნველყოფა 35 პროცენტიდან 6 პროცენტამდე დაეცა; სიმინდის – 1,6-ჯერ, კარტოფილის – 2-ჯერ, ბოსტნეულის – 2,5-ჯერ, ხორცის – 2-ჯერ, ხილის, ყურძნისა და ციტრუსების – 5-ჯერ.
– მოსავლიანობა?
– თითქმის 2-ჯერ შემცირდა ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობაც, რაც, საშუალოდ, 3-ჯერ ნაკლებია იმავე მაჩვენებელზე განვითარებულ ქვეყნებში. მოსავლიანობის შემცირება პირდაპირი შედეგია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც წინა ხელისუფლებამ გაატარა აგრარულ სექტორში. ქვეყანაში შემოდის სასურსათო პროდუქციის ისეთი სახეობებიც, რომელთა ძირითადი მწარმოებელი თვით საქართველო იყო – კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული, ხილი. მაგალითად, ბოლო წლებში კარტოფილის იმპორტი 19-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როცა ამ პროდუქციით თვითუზრუნველყოფა, ფაქტობრივად, 100 პროცენტს შეადგენდა. არადა, უახლოეს პერიოდში გარდაუვალია მწვავე სასურსათო კრიზისი, რაც, უპირველესად, სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებზე აისახება.
– რას გულისხმობს სრულფასოვანი კვება?
– სურსათი სრულფასოვანია, თუ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საკმარისი რაოდენობის აუცილებელ ინგრედიენტებს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს. ხელისუფლება ვალდებულია, მოსახლეობას შეუქმნას ისეთი სოციალური პირობები, რომ მან შეძლოს ჯანმრთელობისათვის აუცილებელი რაოდენობის დაბალანსებული საკვების შეძენა-მოხმარება. კერძოდ, ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად, საკვებ რაციონში პური უნდა შეადგენდეს დღეში 350 გრამს, ხორცი – 200 გრამს, რძე და რძის ნაწარმი – 960 გრამს, კარტოფილი – 170 გრამს, ბოსტნეული – 370 გრამს, ხილი – 210 გრამს, თევზი – 50 გრამს, ცხიმი – 30 გრამს, შაქარი – 100 გრამს. ეს არის საერთაშორისო ნორმები და გათვალისწინებულია საშუალო ასაკის, 70 კილოგრამი წონის, მსუბუქი შრომით დაკავებული 31-50 წლის მამაკაცისათვის. იგივე მონაცემებია 60 კილოგრამი წონის მქონე ქალისთვისაც და შეადგენს 2 800 კილოკალორიას დღეში.
– მაგრამ, ჩვენთან ამაზე დაბალი ნორმაა, კერძოდ, 2 300 კილოკალორია დღეში.
– ჩვენთან საკვების მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმები ძალზე უხეშადაა დარღვეული. განსაკუთრებით დაბალია სასიცოცხლოდ აუცილებელი ცილოვანი საკვების მოხმარება: ხორცის მოხმარება შემცირებულია – 2,5-3-ჯერ, თევზის – 4-5-ჯერ, რძის პროდუქტების – 2-3-ჯერ. ცილოვანი დეფიციტი კი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ბავშვების, მოზარდებისა და ხანდაზმულებისათვის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ხორცის საშუალო მოხმარება მოსახლეობის კვების რაციონში, გამოხატული კალორიებში, არ აღემატება 3-5 პროცენტს, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის კი – 1 პროცენტს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მხარეებიდან ხორცს ყველაზე მეტად მოიხმარს კახეთი – 5 პროცენტი, ყველაზე ნაკლებად კი – აჭარის მოსახლეობა – 2 პროცენტი. საყურადღებოა, რომ ქალაქების მოსახლეობა მეტად განიცდის სურსათის, მათ შორის – ცილების დეფიციტს, ვიდრე სოფლის მოსახლეობა, რაც აიხსნება იმით, რომ ქალაქის მოსახლეობა იძულებულია, გასწიოს მეტი არასასურსათო ხარჯი, რაც ამცირებს სასურსათო ხარჯების გაწევის შესაძლებლობას. მეორე მხრივ, სოფლად ფულის დეფიციტი ამცირებს არასასურსათო ხარჯებს. პარადოქსია, მაგრამ, ფაქტია, რომ, ქვეყანა, რომელიც თვითონ იყო ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორი, 2-3-ჯერ ნაკლებს მოიხმარს ამ პროდუქციას, ვიდრე, არა მხოლოდ განვითარებული, არამედ, პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ეს მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მსყიდველობითი უნარით უნდა აიხსნას. მეორე მხრივ, მაღალია პურისა და პურპროდუქტების მოხმარების მაჩვენებელი: მაგალითად, პურისა და პურპროდუქტების მოხმარება 1,8-2-ჯერ მეტია ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით, რის გამოც საკვები რაციონის ენერგეტიკული ღირებულების თითქმის 62 პროცენტი პურპროდუქტებზე მოდის. ანუ, ჩვენი მოსახლეობა ძირითადად პურით იკვებება და დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულების კომპენსაციას პურით ახდენს. მაგალითად, განვითარებულ ქვეყნებში პურის წილი საკვებ რაციონში 12-15 პროცენტს არ აღემატება. ასეთი დისბალანსი საკვებ რაციონში, ბუნებრივია, იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს, ჯანმრთელობის გაუარესებასა და სავალალო შედეგებს, რაც გამოიხატება კიდეც ბოლო წლების სტატისტიკაში: თვალშისაცემია ბავშვთა სიკვდილიანობა, რითაც ჩვენ პირველ ადგილზე ვართ ევროპაში და, ზოგადად, ავადობის უპრეცედენტო მატება ფატალური შედეგებით.
– გარდა, პურისა, რომლის ხარისხიც საეჭვოა, რა პროდუქტს მოიხმარს ჩვენი მოსახლეობა?
– 2009 წლის შემდეგ ჩვენ მწირი ინფორმაციაც კი არ გვაქვს მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების შესახებ, რადგან, 2010 წლიდან სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში გაუქმდა მასთან არსებული სასურსათო უსაფრთხოების ობსერვატორია და, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს არანაირი კვლევა და სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავება სასურსათო უსაფრთხოების თემატიკაზე. 1991 წლიდან დღემდე სურსათის მოხმარების მაჩვენებელი თანდათან მცირდებოდა, ყველაზე დაბალი იყო 1995 წელს, თუმცა, 1997-1998 წლებში მოკრძალებულად დაიწყო მატება 2003 წლის ჩათვლით, მაგრამ, მაინც მნიშვნელოვნად ნაკლები დარჩა ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით: ხორცზე შემცირდა 2,5-ჯერ, რძესა და რძის პროდუქტებზე – 1,7-ჯერ და პურის მოხმარება ისევ 2-ჯერ მეტი იყო ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით. 2004-2009 წლებში კი სასურსათო პროდუქციის მოხმარება ისევ შემცირდა და 2009 წლის მოხმარების მაჩვენებლები კიდევ უფრო დაშორდა ფიზიოლოგიურ ნორმებს. რაც შეეხება პურის მოხმარებას, 2004 წლიდან 2009 წლის ჩათვლით ეს მაჩვენებელი სტატისტიკაში არ ჩანს; სავარაუდოდ, ის იმდენად მაღალია, რომ მისი გამოჩენა უხერხულობას გამოიწვევდა.
– ანუ, ფაქტობრივად, ვშიმშილობთ?
– 2010 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად, საქართველო იმ სახელმწიფოებს შორის აღმოჩნდა, სადაც შიმშილობის საშუალო დონეა. გაეროს მიერ დადგენილი ნორმით, ადამიანი შიმშილობს, თუ ის დღეში 1 800 კილოკალორიაზე ნაკლებს იღებს. ამავე კვლევის შედეგებით, საქართველო ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებს: სომხეთსა და აზერბაიჯანს. საქართველოში მოსახლეობის 50 პროცენტი გაეროს მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე – 2 150 კილოკალორიაზე ნაკლებს იღებს, ხოლო 22 პროცენტი კი კრიტიკულზე – 1 800 კილოკალორიაზე ნაკლებს – 1 600 კილოკალორიას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კალორიების ნახევარზე მეტი პურზე მოდის, მოსახლეობის მდგომარეობა კომენტარს აღარ საჭიროებს. გაეროს მსოფლიოს მოსახლეობის ორგანიზაციის 2011 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 13 პროცენტს, ანუ, 600 ათას ადამიანს, დღეში შეუძლია დახარჯოს მხოლოდ 2 ლარი. მაგალითად, სომხეთში ასეთი მოსახლეობის რიცხვი 4 პროცენტია, აზერბაიჯანში, რუსეთში, ყაზახეთსა და მოლდავეთში – 2 პროცენტი. მეტიც, საქართველო, სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლით, რომელმაც განვითარებადი ქვეყნების მე-5 ჯგუფიდან მე-6 ჯგუფში გადაინაცვლა, უღარიბესი ქვეყნების რიცხვშია სუდანის, კამერუნისა და ნიგერიის გვერდით. ყოველივე ეს მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს სასურსათო გენოციდთან, რასაც, ნებსით თუ უნებლიეთ, ახორციელებდა ყოფილი ხელისუფლება.
– რის მიხედვით დგინდება ჩვენთან სასურსათო მინიმუმი? ჩემთვის შოკისმომგვრელია, რომ დღეში ნორმად გვაქვს 10 გრამი ღორის ხორცი და 7 გრამი ნიორი!
– 2003 წლის 8 მაისის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 111-ე ბრძანებით, ხორცის მოხმარების დღიურ მაჩვენებლად დამტკიცდა 80 გრამი, რაც 2,5-ჯერ ჩამორჩება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმას, ანუ 200 გრამს დღეში; რძისა და რძის პროდუქტების ნორმა შემცირდა 4,5-ჯერ – 960 გრამიდან 215 გრამამდე; ბოსტნეულის განახევრდა: 370 გრამიდან – 182 გრამამდე; შაქარი შემცირდა 100 გრამიდან 55 გრამამდე. სამაგიეროდ, მოუმატეს პურის მოხმარების ნორმას – 350-დან 400 გრამამდე დღეში. ამდენად, ფიზიოლოგიურ ნორმად ჩაითვალა მინიმალური საკვების ის რაოდენობა, რის მიღებასაც მოსახლეობა ახერხებდა, მოხმარების მაჩვენებელიც ახალ „ნორმებს“ დაუახლოვდა და ასე მარტივად „მოგვარდა“ სასურსათო უსაფრთხოების დარღვევის საგანგაშო მდგომარეობა.
2011 წლის ივნისში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნდა სურსათის რეკომენდებული ნორმები და, თუ შევუდარებთ ჩვენს ნორმებს, ვნახავთ, რომ საქართველოს მოქალაქე ზრდასრული, შრომისუნარიანი მამაკაცისთვის განსაზღვრული ნორმა ბევრად ჩამორჩება არა მარტო იმავე კატეგორიის აშშ-ის მოქალაქისთვის რეკომენდებულ ნორმას, არამედ, ნაკლებია 3-4 წლის ბავშვის ნორმაზეც კი, რასაც აბსურდამდე მივყავართ.
– რამდენია რეალური მინიმალური სასურსათო კალათა?
– ჩვენს საარსებო მინიმუმში, როგორც გითხარით, სურსათის წილი 70 პროცენტია, რაც არასწორია, ანუ, საარსებო მინიმუმი 112 ლარს შეადგენს, რაც მაინც მიუწვდომელია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. სპეციალური შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საარსებოდ მიღებული მინიმალური ნორმის შესაბამისი სასურსათო კალათის რეალური ღირებულება 156 ლარია, რაც 28,2 პროცენტით აღემატება ოფიციალურად მიღებულს, ანუ, 112 ლარს. საარსებო მინიმუმის გაანგარიშება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ხორციელდება ეგრეთ წოდებული ნორმატიულ-სტატისტიკური მეთოდის საფუძველზე და, მიჩნეულია, რომ სურსათის წილი ამ მაჩვენებელში უნდა შეადგენდეს 70 პროცენტს, რაც არასწორია, რადგან, ადამიანს, როგორც გონიერ არსებას, სხვა მოთხოვნილებებიც გააჩნია. სასურსათო და სამომხმარებლო ხარჯების გათანაბრების შემთხვევაში, რაც სწორი და სავსებით მისაღები გადაწყვეტილება იქნება, საარსებო მინიმუმის ღირებულება 312 (156+156) ლარს გაუტოლდება. ცნობისათვის, ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში – 328 ლარია, სომხეთში – 230 ლარი, რუსეთში – 450 ლარი, ესტონეთში – 520 ევრო, სლოვენიაში – 830 ევრო, აშშ-ში – 902,5 დოლარი, ნორვეგიაში – 2 100 ევრო. სასურსათო კალათის ის მაჩვენებელი, რაც გვაქვს, საკმარისია მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანი ლოგინიდან ადგეს და ფეხსალაგამდე მივიდეს, სხვა აქტივობის საშუალებას ის არ იძლევა.