რატომ დადის „ვისოლის“ ყოფილი გენდირექტორის და ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 1997 წელს გამოშვებული ავტომანქანით
ილია ელოშვილი
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი, 1975 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო (დაამთავრა 1999 წელს), სადაც საერთაშორისო ბიზნესის სამართალს ეუფლებოდა. მოგვიანებით განათლება უცხოეთში გაიღრმავა: 2005 წელს ჰოლანდიაში ბიზნესის ადმინისტრირებას პროფესიული განათლების უნივერსიტეტში სწავლობდა, 2007-სა და 2009 წლებში MCC უნივერსიტეტის ყოველწლიურ ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა, 2010 წელს ლუქსემბურგში იმყოფებოდა, 2011 წელს აშშ-ში – სამხედრო ინჟინრების ასოციაციაში. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში უცხოეთში სწავლის დეტალები ერთობ ბუნდოვნადაა მითითებული, ამიტომაც, ჭირს დადგენა: მან რამდენიმეთვიანი კურსები გაიარა თუ საფუძვლიანი სწავლა-განათლების პროცესი.
ბ-ნი ელოშვილის კერძო სექტორული კარიერა საკმაოდ სწრაფად განვითარდა: 2000-2003 წლებში შპს „ოსტორ-ნიდერლანდების“ კონსულტანტად მუშაობდა, 2003-2004 წლებში – შპს „გორგასლის“ მენეჯერად; 2004-2005 წლებში გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია PA Consulting Group-ის დასავლეთის ცენტრალური რეგიონის დირექტორი იყო; 2006-2007 წლებში კი ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დირექტორი გახდა; 2007-ში იმავე ფონდში უკვე მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა; 2007-დან 2008-წლამდე შპს „ვისოლ პეტროლიუმის” გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, თუმცა, 2008 წელს კვლავ ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ დაუბრუნდა – აწ უკვე აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ; აი, 2010-2011 წლებში კი „ნიუ ენერჯის“ ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა; 2011-2012 წლებში ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტ Tetra Tech Inc-ის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. აწ კი, როგორც მოგეხსენებათ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეა. რაკი ბ-ნი ელოშვილის კარიერა ბოლო დანიშვნამდე ჩინოვნიკური არ ყოფილა, თავისი პირველი დეკლარაცია 2010 წელს შეავსო, რომლის მეშვეობიაც ვიგებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ასევე, მათთან ერთად ცხოვრობს მინისტრის მოადგილის დედაც – ქ-ნი მზია შეწირული.
ელოშვილების ქონება შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ილია ელოშვილის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი გლდანში (4 100 კვადრატული კილომეტრი ფართობის); ასევე, მიწის ნაკვეთი ყაზბეგის რაიონში (1 500 კვადრატული მეტრი ფართობის); საცხოვრებელი სახლი ყაზბეგის რაიონში (300 კვადრატული მეტრი ფართობის) და, აგრეთვე, 1997 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა.
ქ-ნი მზია შეწირულის საკუთრებაა: საცხოვრებელი ბინა თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე – 120 კვადრატული მეტრი ფართობის და მიწის ნაკვეთი ყაზბეგის რაიონში, 6 000 კვადრატული მეტრი ფართობის. ქ-ნ მზიას, ასევე, ანაბარი აქვს „რიკო კრედიტში“ – 20 000 აშშ დოლარის ოდენობის.
ენერგეტიკის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილის მეუღლე 2011 წლის განმავლობაში „ენერგო პროში“ მუშაობდა თანაშემწედ (არ არის მითითებული, ვის თანაშემწედ) და მისმა წლიურმა სახელფასო ანაზღაურებამ 18 000 ლარი შეადგინა. ხოლო, აწ უკვე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს „ტეტრა ტეკის“ მშენებლობის ზედამხედველობამ 60 000 ლარი მოუტანა.