რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ მონდეო”, 1993 წლის, რომელსაც ჰაერმზომი („ვოზდუხამერი”) გაუფუჭდა. მანქანას საგრძნობლად შეუსუსტდა გაწევა და გაცილებით მეტ საწვავს წვავს. იქნებ, მითხრათ, სად შეიძლება ამ ნაწილის განვადებით შეძენა და, საერთოდ, რა ღირს ის? ამასთანავე, მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მანქანის მართვა ან სხვა გზით მისი შერემონტება, სანამ ამ დეტალს შევიძენ?
პასუხი: განვადება კეთდება ყველა დიდ მაღაზიაში, მათ შორის, ქუთაისის ქუჩაზე, სადაც ავტონაწილები იყიდება, ბანკის წარმომადგენლები სხედან და ეს ძალიან მარტივი პროცედურაა. რაც შეეხება ჰაერმზომის („ვოზდუხამერის”) ფასს, სერიოზული განსხვავებებია ფასში იმის მიხედვით, თუ რომელი ფირმის ნაწილს იძენთ. კარგი ხარისხის ჰაერმზომი საკმაოდ ძვირია. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ეს ნაწილი ელიავას ბაზრობაზე, ეგრეთ წოდებულ „დაშლილებში” შეიძინოთ, სადაც, მართალია, ნახმარ, მაგრამ, სამაგიეროდ, მანქანის ორიგინალ ნაწილს იშოვით, მით უფრო, რომ ამ ავტომობილის ნაწილები საკმაოდ ბევრია. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა მანქანის მართვა ამ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, შეიძლება. გაფუჭებული ჰაერმზომი არც ერთ სხვა დეტალს არ დააზიანებს, მაგრამ, საწვავის წვას სხვა ხერხებით ვერ შეამცირებთ. ეს არის ინ ნაწილი, რომელიც კომპიუტერს საწვავისა და ჰაერის ნაზავის შესახებ აწვდის ინფორმაციას. რადგან ის გაფუჭდა, შესაბამისად, კომპიუტერიც არასწორად მუშაობს და უფრო დიდი რაოდენობით საწვავს აწვდის. ამიტომ, უმჯობესია, ეს დეტალი რაც შეიძლება მალე შეცვალოთ.
კითხვა: ვარ ახალგაზრდა მძღოლი და მინდა ახალი ავტომობილის შეძენა. იქნებ, მირჩიოთ, „მერსედესის ემელის 350” „ჯიპი“ შევიძინო თუ – „ბეემვეს იქს 5”, 3.0 ძრავას მოცულობით?
პასუხი: ამ ორ ავტომობილს შორის იმდენად რადიკალური განსხვავებაა, რომ, მიკვირს, როგორ შეიძლება მათი შედარება. ერთს გეტყვით: თუ თქვენ დინჯი ხასიათის, მშვიდი ადამიანი ხართ, ავტომობილი გირჩევნიათ გამძლეოაბზე იყოს გათვლილი, ვიდრე სისწრაფეზე და, ასეთ შემთხვევაში, „ემელის ჯიპი“ უნდა შეიძინოთ. ხოლო, თუ თქვენ ხანდახან მაინც გიყვართ გაზის პედალზე ფეხის მიჭერა და ავტომობილის მართვაში გარკვეულ აგრესიას დებთ, მაშინ, „იქს 5” შეიძინეთ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსაგენ ჯეტა”, 2001 წლის, ტიპ-ტრონიკი. სიჩქარეთა სხვადასხვა პოზიციაში გადატანისას (ვთქვათ „ერ”, „ენ” ან „დე” პოზიციებში), ბერკეტის ჩაგდებისას პატარა ხმა აქვს, თითქოს დგაფუნობს. სახიფათოა თუ არა ეს, როგორ შეიძლება ამ გაუმართაობის გამოსწორება და, საერთოდ, რა შემთხვევებში იცვლება სიჩქარეთა კოლოფში ზეთი, ანუ, როგორ უნდა დადგინდეს, გამოსაცვლელია თუ არა ის?
პასუხი: პოზიციებში გატანისას თუ ხმა აქვს და, ამავდროულად, ალბათ, ბიძგიც იგრძნობა ძარაზე, ტრანსმისიის გაუმართაობასთან გვაქვს საქმე, თუმცა კონკრეტულად რაზეა პრობლემა, ცოტა ძნელი სათქმელია, ამიტომ, უმჯობესია, ხელოსანს ანახვოთ. რაც შეეხება ზეთის შეცვლას კოლოფში, ის გარკვეული გარბენის შემდეგ, დაახლოებით, ყოველი 50.000 კილომეტრის გავლის შემდეგ იცვლება. რა მდგომარეობაშია დონე, ამის დადგენაც არ არის რთული – ეს ადვილად შესამჩნევია, რადგან, ავტომატური კოლოფი სიჩქარეების გადართვას აგვიანებს, ანუ, სიჩქარეებს დიდი ინტერვალებით რთავს. გარდა ამისა, შესაძლებელია, შუპზეც ნახოთ, თუ როგორ მდგომარეობაშია ზეთი.
კითხვა: ვიცოდი, რომ მუხრუჭთან ერთად მოდების გათიშვა უფრო რბილად აჩერებს ავტომობილს, მაგრამ, როგორც მითხრეს, ეს მოდებას საგრძნობლად აზიანებს, თუმცა, ვერ ამიხსნეს, როგორ. იქნებ, მირჩიოთ, როგორ ჯობია ავტომობილის გაჩერება?
პასუხი: უცნაურია, მაგრამ, ძალიან ბევრი იქცევა ასე და ყველას ერთი ახსნა აქვს – რომ ავტომობილი მოდებით უფრო რბილად ჩერდება. უმჯობესია, მუხრუჭით მაქსიმალურად შეანელოთ და ბოლოს დააწვეთ მოდებას, რომ არ ჩაქრეს. თუ მაინცდამაინც რბილად გაჩერება გსურთ და თან გეშინიათ, რომ ავტომობილი არ ჩაგიქრეთ, ჯობია, თავიდანვე ამოიღოთ ბერკეტი სიჩქარეებიდან, ეგრეთ წოდებული „ხალასტოი ხოდით” მიხვიდეთ, ვთქვათ, შუქნიშნამდე და მხოლოდ მუხრუჭით გააჩეროთ ავტომობილი. ამ დროს მას ნაკლები ძალა ადგება. თუ სიჩქარეებშია ავტომობილი, იქ მთელი ტრანსმისია მუშაობს და ავტომობილი უფრო დაძაბულია. რატომ არის, რომ ავტომატური კოლოფით აღჭურვილ ავტომობილებს ხშირად უცვდებათ მუხრუჭები, „კალოდკები”. ეს იმიტომ, რომ „ავტომატებს” სიჩქარეები არ აქვთ და მაღალი სიჩქარიდან მხოლოდ მუხრუჭებს უწევთ ავტომობილის გაჩერება, სიჩქარეები არ ეხმარება ავტომობილის შენელებას; მეორე, როდესაც მუხრუჭს ადგამ ფეხს, ამ შემთხვევაში მოდებას არ თიშავ, ავტომობილი უფრო მეტად იჭიმება და მეტი დატვირთვა აქვს მუხრუჭს. ერთი სიტყვით, ჩემი რჩევა იქნება, რომ ავტომობილი სუფთა მუხრუჭით გააჩეროთ, რომელ სიჩქარეშიც არ უნდა იყოს; ნელ-ნელა სიჩქარეებიც ქვემოთ ჩამოწიოთ და, უკვე საბოლოოდ გაჩერებისთვის დააწვეთ მუხრუჭს, პარალელურად მოდება უნდა გამოთიშოთ და ბერკეტი სიჩქარიდან ამოაგდოთ – ასე ყველაზე ნაკლებად ხდება მოდების ცვეთა.
კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში პაჯერო”. როდესაც ხიდებს ვრთავ, ხან თავისუფლად ვარდება, ხან კი ამისთვის დიდი ძალისხმევა მჭირდება. ერთხელ ხიდების გამორთვაც ძალიან გამიჭირდა, ბევრი ვიწვალე და, როგორც იქნა, გამოვრთე. რამე გავაფუჭე, არასწორად ვრთავ, თუ, ყველა „ჯიპს“ ასე უჭირს ხიდების ჩართვა?
პასუხი: ხიდების მექანიკურ ჩართვას თავისი სპეციფიკა აქვს. თუ ხიდების ჩართვა გვინდა, რიჩაგი კი გვეწინააღმდეგება ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჩასართავი კბილანა ვერ პოულობს თავის ბუდეს, ანუ, კბილი კბილზეა დამიზნებული. ამისთვის ძალიან მარტივი მოქმედებაა საჭირო: ავტომობილი ან წინ ან უკან სულ ოდნავ დავწიოთ, რათა კბილი კბილს ასცდეს და თავის გზით წავიდეს და ხელმეორედ ვცადოთ ხიდის ჩართვა. ყველაზე კარგი მომენტია, როდესაც ან აღმართზე ან დაღმართზე ვდგავართ და, შესაბამისად, ავტომობილს დაგორების საშუალება აქვს. ჩვენ შეგვიძლია, ხიდების ჩამრთველ ბერკეტს მივაწვეთ და, მუხრუჭს ოდნავ შევუშვათ ფეხი, რომ ავტომობილს ოდნავ დაგორების საშუალება მივცეთ. ამ დროს ის ადვილად იპოვის ბუდეს და თავისუფლად ჩახტება თავის ადგილას. როგორც არ უნდა დარწმუნდეთ, რომ ხიდები ჩაირთო, მაინც უნდა გააკეთოთ საკონტროლო მოძრაობა. იგივე გააკეთეთ ხიდების გამორთვის დროსაც. ანუ, სულ ოდნავ დაძარით ავტომობილი და მოდება გათიშეთ, რათა ხიდების ჩასართავ კბილანას მიეცეს საშუალება, კარგად მოერგოს თავის ბუდეს. თუ ამ წესებს დაიცავთ, არასდროს გაგიფუჭდებათ ხიდების ჩასართავი მოწყობილობა და ზოგადად, არც მათი ჩართვა გაგიჭირდებათ.