რა ტრავმა მიიღო ბავშვობაში ადამ ოქრუაშვილმა და როგორ სძლია ქართველმა ძიუდოისტმა უძლიერეს რუს მეტოქეს
საქართველოს ნაკრები რამდენიმე დღის წინ ბრაზილიიდან – რიო-დე-ჟანეიროდან გამარჯვებული დაბრუნდა – მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა პრინციპულ და ძლიერ მეტოქეს – რუსეთის ნაკრებს სძლიეს და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს, რისთვისაც მათ სოლიდური ფულადი პრიზიც ხვდათ წილად. ნაკრებს გადამწყვეტი გამარჯვება დუშელმა ადამ ოქრუაშვილმა მოუტანა, რომელიც დღეს ჩვენი რესპონდენტია.
– ადამ, გილოცავთ გამარჯვებას! მეც და ყველა ქართველი გულშემატკივარიც, ძალიან ვართ გახარებულები. გვითხარი, როგორ მიმდინარეობდა ჩემპიონატისთვის მზადება, რა ხდებოდა, რას ელოდით ამ ასპარეზობისგან?
– რა თქმა უნდა, ძალიან დაძაბული რეჟიმი გვქონდა: ვარჯიში, დატვირთვა, ფსიქოლოგიურადაც კარგად ვიყავით მომზადებულები. დასკვნითი შეკრება გვქონდა ყვარელში. მთელი გუნდი მაქსიმალურად ვიყავით მოტივირებულები – ჩვენც, მწვრთნელებიც, ექიმებიც. ყველანაირად გვიწყობდნენ ხელს და, გვინდოდა, მაქსიმალური შედეგი გვეჩვენებინა რიოში. მანამდე დიდხანს ვემზადებოდით, თუმცა, ბოლო ორი კვირა განსაკუთრებით დატვირთული გვქონდა.
– ალბათ, ძალიან რთული პერიოდი გქონდათ.
– რა თქმა უნდა, პროფესიონალური სპორტი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ბევრ ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ მწვრთნელები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დატვირთვა გადაენაწილებინათ და გაეადვილებინათ ვარჯიში. ათი დღით ადრე ჩავედით რიოში, რომ აკლიმატიზაცია გაგვევლო და გაგვადვილებოდა შემდეგ ასპარეზობა.
რიოში მანამდეც ვყოფილვარ, მაგრამ, ცოტა ადრე წავედით, რომ იქაურ ამინდს, კვების რეჟიმს, დროს შევჩვეოდით. მოვიგე სამი შეხვედრა; ამერიკელ ტედი ლინერს შევხვდი ფინალში გადასასვლელად, მაგრამ, სამწუხაროდ, დავმარცხდი და შემდეგ მესამე ადგილისთვის განვაგრძე ბრძოლა. ძალიან განვიცდი და გულდაწყვეტილი ვარ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში ვერ შევძელი მედლის მოპოვება, მაგრამ, სამაგიეროდ, გუნდურ ჩათვლაში გავხდი ჩემპიონი.
– გუნდურ ჩათვლაში რომელ ნაკრებებს შეხვდით?
– პირველი მეტოქე იყო საფრანგეთი და დავამარცხეთ ფრანგები; მერე მონღოლ ძიუდოისტებს მოვუგეთ. დიდი ამბით ველოდით იაპონიის უძლიერეს ნაკრებთან შეხვედრას, მაგრამ, ამ ჩემპიონატზე მოხდა სენსაცია – იაპონიის ნაკრები დამარცხდა უზბეკეთის ნაკრებთან, არავინ ელოდა ასეთ შედეგს! არადა, ფინალში გასასვლელად იაპონიასთან უნდა გვეჭიდავა. უზბეკეთის ნაკრებს ძალიან ადვილად მოვუგეთ და ფინალში შევხვდით რუსებს. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან, რუსეთის ნაკრები უძლიერესია და, თან, წინა წლის ჩემპიონია. ძალიან დაძაბული შეხვედრები იყო: პირველი და მეორე წავაგეთ, მერე კი ჭრიკიშვილმა შეიტანა გარდატეხა ანგარიშში და ეს არასდროს დამავიწყდება, ისეთი განცდა იყო; შემდეგ – ლიპარტელიანმა... არ დამავიწყდება მათი სახეები და განცდები. რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ უკან დასახევი გზა არ მქონდა, უბრალოდ, ჩემი შესვლის და წაგების შანსი არ იყო. მოვიგე სუფთა გამარჯვებით – ალექსანდრ მიხაილოვს მოვუგე, რომელიც საკმაოდ ტიტულოვანი და ძლიერი სპორტსმენია, ჩემი გამარჯვება გარდამტეხი იყო – საქართველო ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
– რა ხდებოდა ტატამზე, ტრიბუნებზე?
– თბილისიდან იყვნენ გულშემატკივრები ჩამოსული. ტრიბუნები საკმაოდ ახლოსაა ტატამთან და, ყველა შეძახილი, რეპლიკა და სიტყვა გვესმოდა, ემოციურად გვგულშემატკივრობდნენ. დიდ მუხტს გვაძლევდა ეს, რომ მათი იმედები გაგვემართლებინა.
– საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარება, არ იგრძნობოდა შეჯიბრისას?
– ჩვენსა და რუს სპორტსმენებს შორის ასეთ რამეს არ ჰქონია ადგილი, ძალიან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, ვიცნობთ ერთმანეთს, ვმეგობრობთ კიდეც. შეხლა-შემოხლა და ჩხუბი არ ყოფილა. პოლიტიკა – პოლიტიკაა, სპორტი – სპორტია. ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით, უბრალოდ, იმიტომ იყო დაძაბული შეხვედრა, რომ ძლიერი მეტოქეები იყვნენ, თან, შარშანდელი ჩემპიონები.
– თქვენი ასპარეზობა როგორ წარიმართა, მიხაილოვს მანამდეც შეხვედრიხარ?
– დიახ, წინა დღეს შევხვდი მაგ შეჯიბრზევე და გაფრთხილებებით მოვუგე. ვცდილობდი, მისთვის არანაირი შანსი არ მიმეცა. ბოლოს საშინელი დაღლა ვიგრძენი, მაგრამ, მთელი ძალები მოვიკრიბე და ვეცადე, დამემარცხებინა – მე ვწყვეტდი ჩემი გუნდის ბედს და, ამიტომ, ფსიქოლოგიური მომენტიც იყო. ძალიან გახარებული ვიყავი, ემოციებს ვერ ვმალავდი. ეს დღე ცხოვრებაში არ დამავიწყდება. ბიჭებიც ძალიან მგულშემატკივრობდნენ. სხვანაირი, თბილი ურთიერთობა გვაქვს, შეკრული გუნდი ვართ – შურისა და კონკურენციის მომენტი არ არის.
– მწვრთნელმა რა გითხრათ, სანამ საჭიდაოდ გახვიდოდით?
– მწვრთნელთან ახლო კონტაქტი არ მქონია, უფრო – ბიჭებთან. ერთმანეთს ვამხნევებდით, ვთათბირობდითსავით... ჩემპიონატი რომ დამთავრდა, წავედით და ბარში აღვნიშნეთ. ორი ღამე არ გვძინებია სიხარულისგან (იცინის). ასეთ დროს რა დაგვაძინებდა!
– რუს სპორტსმენებთან ხშირად გიწევთ შეხვედრები?
– საკმაოდ, ჩემპიონატებზეც და ისედაც. ამჟამადაც არის თბილისში ჩამოსული ერთი რუსი სპორტსმენი და ძალიან გვიხარია. ომის დროსაც გვამხნევებდნენ. ორივე მხარეს მიგვაჩნია, რომ ომი საშინელებაა. რიოში ერთადაც ვსეირნობდით, ვსაუბრობდით შეხვედრებს რაც შეეხება, ხშირად გვიწევს ერთხელ იყო ჩელიაბინსკში ჩემპიონატი, სადაც ჯერ ფრანგები დავამარცხეთ, მერე რუსებს შევხვდით, მოვუგეთ ფინალში და ჩემპიონები გავხდით.
– პუტინი გინახავთ ტრიბუნაზე?
– რა თქმა უნდა, იყო მოსული და აქტიურად, ემოციურად გულშემატკივრობდა. კარგი სპორტსმენია, უყვარს ძიუდო და დიდ ყურადღებასაც აქცევს, აფინანსებს ამ სახეობას. სპორტში კარგად ერკვევა.
– ადრეულ ამბებსაც გკითხავ: რატომ მოგინდა, ძიუდოისტი გამხდარიყავი?
– პირველი კლასიდან დავიწყე ვარჯიში – მამაჩემიც ძიუდოისტია და, ალბათ, ამიტომ. მაშინაც ასეთი დიდი ვიყავი (იცინის), მაგრამ, მალე ფანჯრიდან გადმოვვარდი და ტვინის შერყევა მივიღე. ექიმებმა მამაჩემს უთხრეს, რომ ვერასოდეს ვერც ერთი სპორტით პროფესიონალურად ვერ დავკავდებოდი! მაგრამ, მერე მოვმჯობინდი, ისევ დავიწყე ვარჯიში, შემამოწმეს ექიმებმა და... ისევ დავკავდი სპორტით. სკოლამდე დუშეთში, მჭადიჯვარში ვიზრდებოდი, პაპაჩემთან და იქ დავიწყე პირველად ძიუდოზე სიარული. ისე, მწვრთნელები სულ ამბობენ, რომ მეტი შემიძლია და ზარმაცი სპორტსმენი ვარ (იცინის). სულ მეხვეწებოდნენ ხოლმე, ივარჯიშეო, თუმცა, დაძალება მაინც არ მჭირდებოდა. მაინც გუნდური შეხვედრები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური.
– რა ტიტულების მფლობელი ხარ?
– ევროპის ორგზის პრიზიორი ვარ და მრავალი ტურნირი მაქვს მოგებული.
– ჩხუბისთავი ბავშვი იყავი?
– არასდროს არაფრის გამო არ მიჩხუბია, გოგოს გამოც კი და, არც ვიჩხუბებ. თავიდან კარგად ვსწავლობდი, მაღალი ნიშნები მქონდა, მერე მაგრად ავუშვი. საერთოდ, ჩემებური შეხედულებები მაქვს ყველაფერზე – თუ არ მინდა, ვერავინ ვერაფერს დამაძალებს. სკოლა აქ დავამთავრე.
– რიოს დათვალიერება თუ მოასწარი და ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
– პირველად არ ვყოფილვარ რიოში. ძალიან ლამაზი ქალაქია. ჩვენგან განსხვავებული ხალხია, ვერ ვიტყვი, რომ რამით გვგვანან. ჰყავთ ულამაზესი ქალბატონები და, რამაც გამაოცა, არის ის, რომ ძალიან თამამები არიან, ადვილად შემოდიან კონტაქტში. ხშირად ქალები თვითონ არიან ურთიერთობის ინიციატორები, რაც სასიამოვნოა (იცინის). ულამაზესი პლაჟებია რიოში, ოკეანე. თუმცა, ნუდისტურ პლაჟზე არ ვყოფილვარ (იცინის). იქ ყველა პლაჟი ნუდისტურია. კრიმინალური ქალაქია რიო და გაგვაფრთხილეს, ფაველაზე არ ახვიდეთ; და თუ მაინც ახვალთ, ძვირფასეულობას, ფულს, ტექნიკას ნუ წაიღებთ, საშიშიაო. მაინც ავედი. იქ ნარკობარიგა არ მინახავს, მარტო ერთმანეთზე ხუხულასავით მიდგმული სახლები ვნახე. საერთოდ, ბევრგან ვარ ნამყოფი, მაგრამ გამორჩეულად რომი მიყვარს – ქალაქი-მუზეუმია.
– ესე იგი, უცხოელ ცოლსაც შეირთავდი.
– არა, არასოდეს! ჩემი მეუღლეც და შვილებიც უნდა იყვნენ ქართველები. ის კი არა, ორ კვირაზე მეტი ხნითაც ვერ წავალ ვერსად.