ფლორის სამყაროში
კითხვა: რა სიხშირით მოვრწყათ ჰერბერა ჯემსონა და როგორ ადგილას გვირჩევთ მის დადგმას?
პასუხი: მთელი წლის განმავლობაში ჰერბერა უნდა მოირწყას ზომიერად, რადგან, ზედმეტმა სინესტემ, შეიძლება, სოკოვანი დაავადება გამოიწვიოს. სასურველია, თუ გაზაფხულზე, კვირაში ერთხელ, ყვავილის ნაკელით განოყიერდება. რაც შეეხება ადგილს, ამ მცენარეს უყვარს ნათელი, მზიანი, თბილი და კარგად განიავებული ოთახი. ზამთარში ნიადაგის ტემპერატურა უნდა ემთხვეოდეს ოთახის ტემპერატურას. ზაფხულში შეგიძლიათ, გარე კლიმატშიც ამყოფოთ.
კითხვა: მაინტერესებს, შესაძლებელია თუ არა კინკანის ოთახის პირობებში გაზრდა და საჭმელად ვარგისია თუ არა მისი ნაყოფი?
პასუხი: კინკანი არის ცნობილი მარადმწვანე ბუჩქი. თქვენ ძალიან იოლად შეგიძლიათ, გაახაროთ ის ოთახის პირობებში. ქოთანში ჩარგულმა კინკანმა შეიძლება ორ მეტრამდე სიმაღლესაც კი მიაღწიოს. მისი ნაყოფი პატარაა და ფორთოხლისფერია. ის საჭმელად ვარგისია და მისგან არაჩვეულებრივი მურაბაც მზადდება. ისევე, როგორც ყველა ციტრუსს, მასაც უყვარს ნათელი, მზიანი ოთახი. ზაფხულში ის გაიტანეთ გარეთ, ზამთარსა და წელიწადის სხვადსხვა სეზონზე კი ამყოფეთ ბინაში და მშვენივრად გაიხარებს.
კითხვა: პრეტენზიული მოსავლელია თუ არა რუდბეკია და როგორ პირობებში ხარობს ის?
პასუხი: იმისათვის, რომ ეს მცენარე მაღალი არ გაიზარდოს, უნდა დარგათ მზიან ადგილას, გარე გრუნტში. მისი ნიადაგი წინასწარ უნდა შეირჩეს – სასრუველია, იყოს ნახევრად თიხიანი, ნოყიერი ნიადაგი, რომლის ძირითადი თვისებაა, წყლის შეკავება და შენარჩუნება მიწაში. რუდბეკია ძალიან ამტანი და გამძლე მცენარეა. ის იოლად უძლებს დიდ ყინვასაც და ზაფხულში ძალიან დიდ სიცხესაც. გაზაფხულზე და ზაფხულში მორწყეთ რეგულარულად, ზამთარში კი – ოდნავ შეამცირეთ. მცენარე მრავლდება თესლით. მისი თესლი მარტში ითესება სათბურებში, შემდეგ კი გადააქვთ ქოთნებში, გაზაფხულის ყინვების დამთავრებისთანავე ხდება მისი გარეთ გატანა. მართალია, ამ მცენარეს ხშირად უჩნდება მავნებლები, მაგრამ, თუ დროულად შეწამლავთ, თქვენს რუდბეკიას საფრთხე არ დაემუქრება. მას უყვარს განათებული ადგილი. მოვლის დროს ყველაზე მთავარია, ჭარბი წყლის დასხმით არ გამოიწვიოთ მისი ლპობა. ამიტომ, ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ მორწყვის რეჟიმს.
კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა აბუტილონი და როგორ მოვუარო გაზაფხულზე?
პასუხი: თბილ გარემოში მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში, როცა ცივა, მორწყვიდან მორწყვამდე შეშრობა დააცადეთ. აქტიური ზრდის პერიოდში, ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ თხევადი, ბალანსირებული სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ძალიან რომ არ გაიზარდოს, აბუტილონი გაზაფხულზე უნდა გასხლათ. თუ წვეროებს წააჭრით, ბუჩქს დაემსგავსება, თუმცა შეიძლება, გვიან აყვავდეს. ზაფხულში აქტიური ზრდის პერიოდი აქვს, ამიტომ შემოდგომის დასაწყისში შეიძლება ხელახლა დასჭირდეს გასხვლა.