ადამი და ევა
ისტერიკის გარეშე
ქალები ადვილად ვარდებიან ისტერიკაში. მათ უმნიშვნელო მიზეზიც ჰყოფნით, რომ სკანდალი ატეხონ – ასე მიაჩნიათ მამაკაცებს და არის ამაში ჭეშმარიტების მარცვალი. ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ მართლაც არ გვაქვს სერიოზული საბაბი ნერვიულობისთვის... მართალია, ადვილი არ არის, სიმშვიდე შეინარჩუნო მაშინ, როცა გარშემო ამდენი გამაღიზიანებელი ფაქტორია, თუმცა, ქალს ხომ ყველაფერი შეუძლია – თუკი, რა თქმა უნდა, გულწრფელად მოინდომებს.
ერთხელ მაინც სცადეთ და, როცა ძალიან მოგინდებათ სკანდალის მოწყობა, არ გააკეთოთ ეს. სწრაფად გადით მეორე ოთახში და იტირეთ ან ბალიშს „ეჩხუბეთ“. როცა იგრძნობთ, რომ დამშვიდდით, კარგად გააანალიზეთ ის პრობლემა თუ მიზეზი, რამაც ისტერიკამდე მიგიყვანათ და შეარჩიეთ მისი მოგვარების ვარიანტები: იფიქრეთ იმაზე, რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია. ნუ ამოაფრქვევთ მთელ ბოღმას საყვარელ მამაკაცზე. შესაძლოა, თქვენი აღშფოთებისა და ნერვიულობის მიზეზი სწორედ ის არის, მაგრამ, ისტერიკით ვერაფერს მიაღწევთ. დასაწყისისთვის, უთხარით პარტნიორს (თუ ის არ გყავთ, ოჯახის რომელიმე წევრს), რომ გაკლიათ ყურადღება, მხარდაჭერა და სითბო. იფიქრეთ იმაზეც, რა არის მიზეზი იმისა, რომ ასე სწრაფად და ადვილად ღიზიანდებით. თუ ამას არ გააკეთებთ, აუცილებლად შეხვალთ ჩიხში, საიდან გამოსვლაც ძალიან გაგიჭირდებათ. ბოლოს და ბოლოს, ნუ ათქმევინებთ მამაკაცს, რომ ისტერიული და ნერვიული არსება ხართ, სიმშვიდით დაუმტკიცეთ საპირისპირო!
ცხოვრება ეჭვებში
ბევრი ქალისთვის ნაცნობი სიტუაციაა ეჭვიანი მეორე ნახევარი. ზოგადად, ეჭვიანი ქალების ნაკლებობაც არ არის, მაგრამ, თვალშისაცემი უფრო ძლიერი სქესის ეჭვიანი ბუნებაა. იმ მარტივი მიზეზით, რომ ქალები უფრო ხშირად წუწუნებენ... ზარები ყოველ წუთს და კითხვები ყველაფერზე... ბოლოს კი – ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში – რატომ უნდა მოითმინო ამისთანა? იქნებ, უნდა ადგე და წახვიდე?! მაგრამ, არც ასე ადვილია ამის გაკეთება. ერთმანეთთან უამრავი რაღაც გაკავშირებთ, ბოლოს და ბოლოს, გიყვარს ის. ასეთ დროს საკუთარ თავს ეკითხები, როგორ მოვიქცეო და ერთბაშად აცნობიერებ იმას, რომ საყვარელ ადამიანთან განშორებისთვის საერთოდ არ ხარ მზად. თუმცა, ყოველდღიური კინკლაობაც ძალიან დამღლელი და გამაღიზიანებელია. მიტოვებას არ გირჩევთ, მაგრამ, ზომები აუცილებლად უნდა მიიღოთ. თუკი არ გინდათ, რომ ურთიერთობა კრახით დასრულდეს, შეეცადეთ, სიტუაცია არ გართულდეს და არ გაღრმავდეს. ჯანსაღად შეაფასეთ მოვლენები და დააკვირდით, რა იწვევს მის პერიოდულ „აფეთქებებს“.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ეჭვიანობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი ადამიანის თვითშეფასების დაბალი კრიტერიუმია, ანუ, როცა ის დარწმუნებულია, რომ სხვებზე გაცილებით ნაკლებია; არანაკლები გავლენა აქვს ნეგატიურ გამოცდილებასაც, თუნდაც ეს გამოცდილება არაპირდაპირი, ინფორმაციული და „გვერდიდან“ მოსული იყოს. ანუ, როცა იცით, რომ თქვენი ქმარი ეჭვიანია, ნუ მოყვებით მისი თანდასწრებით, როგორ ღალატობს ვიღაც ქალი ქმარს, როგორ ოსტატურად ატყუებს და ასე შემდეგ... პირიქით, შეეცადეთ, მაქსიმალურად დაბლოკოთ ასეთი ინფორმაციები; მშვიდად მიიღეთ მისი შენიშვნები თქვენს ჩაცმულობასთან დაკავშირებით. თუ თავისუფალი ქცევების მქონე მეგობარი გყავთ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ მან თქვენი მეუღლის ცხვირწინ არ იტრიალოს და არ „აფრქვიოს“ აზრები ქალების პირადი თავისუფლების შესახებ. ნაკლებად იკეკლუცეთ მეუღლის თანდასწრებით გარეთ და, თუ მეორე ნახევარი მართლაც პათოლოგიურად ეჭვიანი არ გყავთ, ყველაფერი კარგად იქნება.
ფრთხილად, მახეა!
ქალების უმრავლესობა ძალიან ცუდად იცნობს საპირისპირო სქესს. არსებობს გავრცელებული, მცდარი სტერეოტიპები, რომლებსაც ბრმად ვიჯერებთ და მახეში ამოვყოფთ ხოლმე თავს. მაგალითად, როცა მამაკაცს მიაჩნია, რომ ქალის ნდობა არ შეიძლება და თითქმის დარწმუნებულია ამაში, შენ არ უნდა უმტკიცო, რომ გამორჩეული და განსაკუთრებული ხარ; რომ არასოდეს მიაყენებ მას ტკივილს და, საერთოდაც, ნამდვილი განძი იპოვა შენი სახით. ამის გაკეთება, მინიმუმ – შეცდომაა, მაქსიმუმ – სიბრიყვე. ასეთი აქტიურობები აუცილებლად შეგიყვანთ ჩიხში.
შეცდომაა ისიც, როცა ფიქრობთ, რომ პირადი მსხვერპლშეწირვის მაგალითებით პარტნიორს გააბედნიერებთ და დაუმტკიცებთ თქვენს არაჩვეულებრიობას. წარმოიდგინეთ, იმისთვის, რომ აამოთ თქვენს რჩეულს, უარს ამბობთ მეგობრებთან შეხვედრაზე, საყვარელ გასართობზე, ჩაცმის სტილზე, მაკიაჟზე; უყვებით პარტნიორს თქვენი მარშრუტის შესახებ, თანაც, დაწვრილებით და მუდმივად; არ გაქვთ არანაირი პირადი საიდუმლო... თუ ამ ყველაფერს აკეთებთ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღარ ხართ პიროვნება. ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად შეგაწუხებთ და ურთიერთობაშიც პრობლემებს შეგიქმნით. მახეა ისიც, როცა მიგაჩნიათ, რომ მამაკაცს ყველაფერში უნდა დაეთანხმოთ და გაუგოთ. ადამიანი არ ირჩევს იმას, რა იგრძნოს და რა არა, მაგრამ, თქვენ თავისუფლად უნდა ამოირჩიოთ მოქმედების სტრატეგია და ისწავლოთ, როგორ არ გაებათ მახეში.
მშვიდობით, ზაფხულო!
ზაფხული გავიდა და ამის გაცნობიერება სევდას გვგვრის. შემოდგომის მიწურულს და ზამთრის დასაწყისს ისედაც ახლავს დეპრესია, უსიამოვნო განწყობა და სტრესი, რომელსაც ჩვენგან დამოუკიდებლად ვიღებთ. თუმცა, არსებობს საშუალება, მომზადებული შეხვდე შედარებით რთულ პერიოდს, დაიმხუტო დადებითად ისე, რომ მზისა და ნათელი დღეების ნაკლებობა ადვილად გადაიტანო. ქალებს არ უხდებათ მოწყენა და ამას, უპირველესად, მამაკაცები ამჩნევენ.
როგორ შევინარჩუნოთ ზაფხულის განწყობა დიდხანს?! საკმაოდ მარტივი მეთოდებით. თუ არ დაგეზარებათ და თავს ცოტათი გაინებივრებთ, თქვენ თავად გამოასხივებთ სითბოსა და სინათლეს, რომლის მიმართ არც ერთი მამაკაცი არ რჩება გულგრილი.
მაგალითად, დაიკელით რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი იმით, რომ, მსუყე ვახშმის ნაცვლად, მიირთვით კიტრისა და მწვანე სალათის უბრალო სალათა; უყურეთ მხიარულ ფილმებს ან წადით კინოში; ისეირნეთ; თბილი საღამოები მაქსიმალურად გამოიყენეთ იმისთვის, რომ ბუნებაში გაატაროთ დრო; იფიქრეთ მხოლოდ პოზიტიურზე და იმაზეც, რომ შემოდგომაზე და ზამთარშიც შეიძლება მხიარული დღეების მოწყობა. თუ თქვენი პარტნიორი ზარმაცია, ალერსითა და თხოვნით აიძულეთ, შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გაატაროთ. შეიძლება, ვერ ხვდებით, მაგრამ, ასეთი უიქენდები ძალიან პოზიტიურ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკასა და ნერვულ სისტემაზე. რაც მთავარია, არ მოამრავლოთ თქვენს ჩაცმულობაში რუხი და შავი ფერები – ყველაზე ცუდად სწორედ ეს იმოქმედებს თქვენს გუნება-განწყობაზე.