ექიმის რჩევები
კითხვა: რამ შეიძლება გამოიწვიოს პანკრეასის გადიდება?
პასუხი: პანკრეასის გადიდება შეიძლება აღინიშნებოდეს მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტის, მუკოვისციდოზის, კუჭუკანა ჯირკვლის განვითარების ანომალიის, სიმსივნისა და სხვა დაავადებების დროს.
კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა, როდის ვაბანავებთ 5-7 თვის ბავშვს – ჭამის წინ თუ შემდეგ?
პასუხი: დაბანა ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ, უმჯობესია, საღამოთი ბოლო კვების წინ. ისეთი დრო უნდა შეურჩიოთ, რომ არც ახალი ნაჭამი იყოს და არც მშიერი.
კითხვა: ორი კვირაა, გავიკეთე გლანდების ოპერაცია, გულის არეში ტკივილები კი მაინც მაქვს, ჯერჯერობით შედეგს ვერ ვგრძნობ.
პასუხი: ოპერაციის შემდგომ საშუალოდ 4–5 კვირა მაინც უნდა გავიდეს, რათა ამ მხრივ შვება იგრძნოთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა პინცეტით ძუძუსთავიდან (ყავისფერი ადგილიდან) ბეწვის ამოღება?
პასუხი: უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ, მიმართოთ ენდოკრინოლოგს და გაიკეთოთ ანალიზი სისხლში ტესტოსტერონის შემცველობაზე, რადგან, როცა ქალს ძუძუს დვრილების ირგვლივ, სარძევე ჯირკვლებს შორის, თეთრ ხაზზე ამოსდის ბეწვები, ეს მიუთითებს ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონის) სიჭარბეზე. რაც შეეხება მოშორებას, ეპილაცია ან ბეწვის პინცეტით ამოღება დვრილების ირგვლივ არ არის რეკომენდებული. დასაშვებია თმის მაკრატლით მოჭრა.
კითხვა: ვარ 16 წლის. ამ დღეებში ენაზე გამიჩნდა მოყავისფრო ლაქები. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: ესაა გლოსიტი – ენის ანთების ნიშანი, რომელიც პირის ღრუს ინფექციურ დაზიანებაზე მეტყველებს. დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობის შესარჩევად მიმართეთ სტომატოლოგს.
კითხვა: შეიძლება თუ არა დიეტის დროს სამარხვო მაიონეზის მიღება?
პასუხი: ეს არ არის რეკომენდებული, რადგან, ნებისმიერი მაიონეზი მაღალკალორიული პროდუქტია.
კითხვა: ვარ 32 წლის. ახლახან მქონდა წითელა. გამონაყარი აღარ მაქვს, თუმცა, ძალიან მაწუხებს წვერი. რამდენ ხანში შეიძლება წვერის გაპარსვა და საპნით დაბანა?
პასუხი: თუ გამონაყარი აღარ გაქვთ გაპარსვაც შეგიძლიათ და დაბანაც.
კითხვა: მზეზე გასვლის შემდეგ თვალები მიწითლდება და მეწვის. შეიძლება ჰიდროკორტიზონის მალამო ვიხმარო?
პასუხი: აუცილებლად უნდა ატაროთ მზისგან დამცავი სათვალე. თქვენი ჩივილი, შესაძლოა, მზის გამოსხივებაზე მომატებულ მგრძნობელობას უკავშირდებოდეს. დიაგნოზის დასაზუსტებლად, მკურნალობის დასანიშნად და თვალის სხვა პრობლემების გამოსარიცხად, სასურველია მიმართოთ ოფთალმოლოგს.