რას ვერ ასცდება ადამიანი დედამიწაზე და როგორ ახერხებს ის ძველი ცოდვების დავიწყებას
ადამიანი ყოველთვის უნდა ისწრაფოდეს უფლისკენ, უნდა ცდილობდეს მასთან მიახლოებას, რადგან, მხოლოდ ამ მხრივ არის შესაძლებელი მისი ჭეშმარიტი გადარჩენა, ხსნა. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „ღმერთი არავის აიძულებს მასთან მიახლებას, თუკი მას ეს არ სურს”. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია ცხონება, არა იმიტომ, რომ ღვთის ნებაა უძლური, არამედ, იმიტომ, რომ ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია არა მხოლოდ უფალზე, არამედ, ჩვენზეც. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი):
– ადამიანის გადარჩენისთვის ორი ნებაა აუცილებელი: ერთი – ღვთის, მეორე – საკუთარი. ჩვენ ყოველთვის პირველებმა უნდა გადავდგათ ნაბიჯი ღვთისკენ. საკუთარი კეთილი ნებით ბოროტად არ უნდა ვისარგებლოთ, უფლის ნება კეთილად უნდა აღვასრულოთ და მას შიშით და ძრწოლვით უნდა მივეახლოთ. ყოველთვის უნდა დავაფასოთ ეკლესია, რომელიც ჩვენი დედაც არის და მამაც. მას დიდი პატივი, მოფრთხილება, დაფასება და სიყვარული სჭირდება. როგორც ჭეშმარიტი ღმერთია ერთი, ასევე ერთი და ჭეშმარიტია დედაეკლესია, სადაც ყველაზე დიდ ნუგეშსა და სიმშვიდეს ვპოვებთ. ის ჩვენი სახლი და ნავსაყუდელია. ვინც ეკლესიაში დადის, ჰყავს მოძღვარი, სისტემატურად აბარებს მას აღსარებას და ეზიარება, მან კარგად იცის, რომ ეს არის ჭეშმარიტი და სწორი გზა, რომელიც მას უფალთან მიაახლებს და მის საიდუმლოებასთან, სიღრმეებთან აზიარებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანი სხვა გზების ძიებას აღარ დაიწყებს და მხოლოდ ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ სწავლებასა და ცხოვრებას გაჰყვება.
– ადამიანებს განსაკუთრებულად უჭირთ ცოდვებისგან განშორება, მუდმივად ერთსა და იმავე ცოდვებში ვარდებიან. რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ იმ ცოდვებს გაშორდნენ, რომელთა ჩადენაც ხშირად უკვე მათი ცხოვრების წესი გახდა?
– დედამიწაზე ვერავინ ასცდება ცოდვებს, მაგრამ, არ უნდა დაკარგოთ სინანულის უნარი, რამდენჯერაც დაეცემით, იმდენჯერვე უნდა შეძლოთ წამოდგომა და ამ საკითხში უფალს უნდა სთხოვდეთ შემწეობას, დახმარებას – უფალი ყოველთვის გამოგიწვდით ხელს და სინანულის საშუალებას მოგცემთ. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ დედაეკლესიას, სადაც დიდ ნუგეშსა და სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებთ, ეს კი დაგეხმარებათ იმაში, რომ უკეთ მოემზადოთ ცათა სასუფევლისთვის. ადამიანი რამდენჯერაც შესცოდავს, იმდენჯერ უწვდის ხელს მას მაცხოვარი, იმდენჯერ წამოაყენებს ფეხზე და განწმენდს ცოდვებისგან, რათა მან თავიდან დაიწყოს ცხოვრება; დაივიწყოს, ხაზი გადაუსვას ძველ ცოდვებს და უფლისკენ ისწრაფვოს; ეზიაროს მის სისხლსა და ხორცს და შემუსროს ძველი ადამიანი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა სცადოს ცოდვებისგან განშორება. თუ ქრისტიანი გადაწყვეტს უფლისკენ სიარულს, მან უნდა დაივიწყოს ჭორაობა, სხვისი განკითხვა, სიცრუე, ამპარტავნება. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ცოდვებს უნდა ჩაუღრმავდეს, შეიცნოს ისინი, გააანალიზოს და ერთხელ და სამუდამოდ წაშალოს საკუთარი ცხოვრების წიგნიდან. ეს კი მხოლოდ გულმხურვალე ლოცვით, სინანულით არის შესაძლებელი. რითაც შეიძლება, რომ დააბრკოლოთ ან შეურაცხყოთ მოყვასი, იმას საერთოდ ნუ გააკეთებთ. ხოლო, თუ ის შეურაცხგყოფთ, ეს მიიღეთ არა როგორც შეურაცხყოფა, არამედ, როგორც ღვთისგან თქვენთვის გამზადებული იარაღი, რომლითაც, თუკი ისურვებთ, შეგიძლიათ, მოსპოთ თქვენში არსებული ყოველგვარი უწმინდურება გულისა. არავის არ უნდა ატკინოთ გული და არ მოექცეთ ცუდად. სიკეთე უნდა მიაგოთ მწუხარებას, მრისხანების მაგივრად; რაც მთავარია, ყველანაირად წინ უნდა აღუდგეთ სიფიცხეს და, ის, ღვთის შეწევნით, შესუსტდება. ყოველთვის ეცადეთ, რომ არაფერზე გაბრაზდეთ. არასდროს განსაჯოთ სხვა. დგას ის თუ ეცემა, მას ჰყავს ღმერთი, რომელსაც ძალუძს, შეაჩეროს მისი დაცემა და აღადგინოს ის დაცემის შემდეგაც. ჩვენ, ყველამ, საკუთარ დაცემასა და აღდგენაზე უნდა ვიფიქროთ; ვიღვაწოთ იმისთვის, რომ მყარად ვიდგეთ ფეხზე, რადგან, შეიძლება, მეორე წუთს ისე დავეცეთ, ადგომა ვერ მოვახერხოთ. არ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, ვინ გაწყენინათ და რისთვის. მხოლოდ ერთი რამ უნდა გახსოვდეთ: თავი ანებეთ ადამიანებთან ურთიერთობისას სიმკაცრეს და ღვთის წინაშე ყოველთვის იყავით, როგორც ბავშვები. მუდამ ღვთის სიყვარულში უნდა იმყოფებოდეთ, სწავლობდეთ მას, სუნთქავდეთ მისით. ხსნა მრავალსიტყვაობაში კი არ არის, რომელსაც ხშირად მივმართავთ, არამედ, საკუთარი თავისადმი სრულ ყურადღებაში. აღშფოთების წუთებში უნდა შეეცადოთ, რომ გაჩუმდეთ და ამ დროს ილოცეთ იესოს ლოცვა.
– რატომ აქვს იესოს ლოცვას ასეთი დიდი ძალა?
– ეს ლოცვა თავად უფლის მიერ არის დადგენილი და გადმოცემული საიდუმლო სერობის შემდეგ, როდესაც დაწესდა უდიდესი ქრისტიანული საიდუმლო – ევქარისტია. წმიდა წერილიდან ბევრი ადგილის მოთხრობაა შესაძლებელი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რამხელა ძალა აქვს უფლის სახელით ლოცვა-ვედრებას. წმიდა მოციქულები, როგორც „საქმე მოციქულთას“ წიგნიდან და სახარებიდან ჩანს, იესო ქრისტეს სახელით დიდ სასწაულებს აღასრულებდნენ: კურნავდნენ სნეულებს, მკვდრებს აცოცხლებდნენ, ეშმაკებს იმორჩილებდნენ. იესოს ლოცვაში განსწავლის წესს საფუძვლად უნდა ედოს სწორი წარმოდგენა ღმერთზე, იესო ქრისტეს უწმიდეს სახელსა და ღმერთთან ადამიანის ურთიერთობაზე. წმიდა იოანე სინელი გვირჩევს: „გონება ლოცვის სიტყვებში ჩავკეტოთ და, რამდენჯერაც უნდა გაგვექცეს, იმდენჯერ მოვაბრუნოთ. ლოცვის სიტყვები აუჩქარებლად, ოდნავ გაგრძელებულადაც უნდა წარმოითქვას, რომ გონებამ მთლიანად ამ სიტყვებში შეძლოს ჩანთქმა“. მღვდელმონაზონი დოროთე კი იესოს ლოცვის შესწავლის მსურველებს ურჩევს: „ხმით ლოცვა თავისთავად გადადის გონებით ლოცვაში, ხოლო გონებით ლოცვიდან იწყება გულით ლოცვა“. იესოს ლოცვის ხმით წარმოთქმა შეგვეწევა ხორციელ გულისთქმებთან და მრისხანების გულის სიტყვასთან ბრძოლაში.
– ადამიანებმა იციან: შესცოდავენ, მერე აღსარებას ჩააბარებენ და მიეტევებათ ეს ცოდვები. ამიტომ, შემდეგ იმავეს თავიდან იმეორებენ, რადგან, იმედი აქვთ, რომ უფალი კიდევ მიუტევებს.
– შეიძლება, ადამიანი სისტემატურად დადიოდეს ეკლესიაში, ეზიარებოდეს, მაგრამ, მაინც დამძიმდეს ცოდვებით, რადგან, ცოდვები და ვნებები ყოველდღიურად უტევენ ადამიანებს. მთავარია, შეგვეძლოს, შეგვწევდეს იმის ძალა, რომ მათ გავუმკლავდეთ და თავიდან ავიცილოთ, თუმცა, დაცემული მდგომარეობა ადამიანს დიდ სულიერ გამოცდილებას სძენს. რაც მთავარია, ვისაც ცხოვრების განმავლობაში ბევრი განსაცდელი გადაუტანია, ცოდვებით დამძიმებულა და მერე გულწრფელად შეუნანია, მან იცის, რომ სწორედ ეკლესია, სინანული გადაარჩენს მას და უდიდეს შვებასა და ნუგეშს მისცემს. ჩვენ გვიჭირს ერთმანეთის პატიება და, წარმოიდგინეთ, რამდენად მოწყალეა უფალი. ის ამქვეყნად მოვიდა როგორც ადამიანი, იტვირთა ჩვენი ცოდვები, ეწამა ჩვენთვის და გაგვათავისუფლა საუკუნო სასჯელისგან. რწმენის სიმტკიცე დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, ყველა ცოდვას კი თავისი გადასახადი აქვს. ჩვენ თითოეულ ქმედებაზე ვაგებთ პასუხს, თითოეულ სიტყვასა და ქცევაზე, ამიტომაც მოგვეთხოვება სიფრთხილის გამოჩენა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის და შემდეგ – სხვების მიმართ. ქრისტიანი მიმტევებელი, შემწყნარებელი უნდა იყოს, არ უნდა მრისხანებდეს, არ ამპარტავნებდეს; ყოველთვის სიმშვიდეს უნდა ინარჩუნებდეს და თავმდაბლობას ამჟღავნებდეს. ადამიანი ყოველთვის უნდა ფიქრობდეს საკუთარ ცოდვებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცოდვითი მიდრეკილება გადადის შთამომავლობით, და არა ცოდვა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ცოდვა უნდა დავინახოთ, საკუთარი ცოდვითი მიდრეკილება და არა – სხვისი.