როგორ „მოახერხა“ ქართველმა დედოფალმა, მართა-მარიამმა, ბიზანტიის ორი იმპერატორის მეუღლეობა
მართალია, მეთერთმეტე საუკუნის ბიზანტია აღარ წარმოადგენდა იმ მასშტაბის იმპერიას, როგორიც რამდენიმე საუკუნის წინ იყო, თუმცა, ამ პერიოდისთვისაც, ის კვლავ ითვლებოდა ევროპისა და აზიის სუპერსახელმწიფოდ. სწორედ ამ სახელმწიფოს ისტორიაში ჩაიწერა ოქროს ასოებით ქართველი დედოფლის – მართა-მარიამის სახელი. მართა-მარიამი იყო საქართველოს მეფის, ბაგრატ მეოთხის ქალიშვილი და ბიზანტიის ორი იმპერატორის მეუღლე. ის ატყვევებდა მნახველებს იმ ფიზიკური მონაცემებით, რომელიც მას ბუნებამ დაანათლა.
მართა 1050 წელს დაიბადა. დაახლოებით 6 წლის იყო, როდესაც პირველად ჩაიყვანეს ბიზანტიაში, რადგან, ბიზანტიის მაშინდელმა დედოფალმა მძევალი მოითხოვა საქართველოს მეფისგან. ქართველ პრინცესას სამშობლოში მართა ერქვა. ისტორია ისე წარიმართა, რომ დედოფალი თეოდორა მართას ჩასვლითანავე გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მართასა და მთელი ქართული დელეგაციის სამეფო სასახლეში შებრძანების პროცესს ესწრებოდა გიორგი მთაწმინდელი, რის შემდეგაც მას წარმოუთქვამს სიტყვები, რომლებიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მას უთქვამს: „უწყოდეთ ყოველთა, რამეთუ, დღეს დედოფალი განვიდა და დედოფალი შემოვიდა”. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დაახლოებით 15 წლის შემდეგ ბიზანტიას ახალი დედოფალი მოევლინებოდა და ეს იქნებოდა მართა-მარიამი. პატარა პრინცესა მალევე დაბრუნდა საქართველოში. გავიდა წლები და, 1064 წელს, იმპერატორმა კონსტანტინე დუკამ ბაგრატ მეოთხეს ქალიშვილის, მართას ხელი სთხოვა სარძლოდ – ქართველი პრინცესა მომავალი იმპერატორის, მიხეილ დუკას მეუღლე უნდა გამხდარიყო. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ბიზანტიაში უცხოელი დედოფლის ჩაყვანის ძალიან ცოტა შემთხვევა არსებობდა. ბიზანტიელები ცდილობდნენ, საგანგებოდ შეერჩიათ უცხოელი პრინცესები.
1065 წელს შედგა ნიშნობა. წესისამებრ, მართას ბიზანტიაში მარიამი უწოდეს. ამის შემდეგ ბიზანტიის ქართველ დედოფალს ისტორიაში მართა-მარიამის სახელით ვიხსენიებთ. ქორწილი შედარებით გვიან გადაიხადეს, რამდენიმე წლის შემდეგ. ამის მიზეზი იყო იმპერატორის კონსტანტინე დუკას ჯანმრთელობის მდგომარეობა – იმპერატორი ლოგინად ჩავარდა და დიდხანს ავადმყოფობდა, 1067 წელს კი კონსტანტინე გარდაიცვალა, მაგრამ, ტახტი არა მიხეილმა, არამედ, რომანოზ მეოთხე დიოგენემ დაიკავა. ამ მოვლენამ გადასწია მართა-მარიამის ქორწილი. სავარაუდოა, რომ რაღაც დროით იგი სამშობლოშიც დაბრუნდა.
1071 წელს მიხეილ მეშვიდე დუკამ ბიზანტიის იმპერატორის ტახტი დაიკავა. ამის შემდგ მალევე შედგა მიხეილ დუკას ქორწინება მართა-მარიამთან. 1074 წელს კი მათ შეეძინათ მომავალი უფლისწული – კონსტანტინე პორფიროგენეტი. ბიზანტიელები განცვიფრებულნი იყვნენ დოდოფლის სილამაზით. ჩვენ გვაქვს მართა-მარიამის რამდენიმე აღწერილობა და ყველგან ამაღელვებელი სიტყვებია ნათქვამი მის გარეგნობასა და ხასიათზე. ერთ-ერთი ყველაზე სრული აღწერილობა შემონახულია ანა კომნენოსის ნაწარმოებში. ანა კომნენოსი იმპერატორ ალექსი კომნენოსის ქალიშვილი გახლდათ. ის დანიშნული იყო კონსტანტინე დუკაზე, ანუ მართა-მარიამის შვილზე და ამის გამო მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მარიამთან. ის ასეთ სიტყვებს წერს: „მარიამი იყო ლამაზი და ტანადი, როგორც კიპაროსი, თეთრი, როგორც თოვლი, პირისახე ჰქონდა არცთუ ძალიან მრგვალი, მაგრამ გაზაფხულის ვარდივით გაფურჩქნილი ალისფრად. ახლა თვალის ბრწყინვალებას აღარ იკითხავთ?! ვინ შეძლებს ამის აღწერას! წამწამები გრძელი და განსაცვიფრებელი, თვალები – ცისფერი. მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობა, ყველაფერი ეს აღემატება ფერწერასა და ხელოვნებას“... ანა კომნენოსი იმასაც ამატებს, რომ, თუ ვინმე თვალს მოჰკრავდა მას სეირნობის დროს, შეშდებოდა ამ სილამაზის მნახველი.
მართა-მარიამის ცხოვრება ბიზანტიაში საკმაოდ ტრაგიკულადაც წარიმართა. საქმე ისაა, რომ მიხეილ მეშვიდე დუკა სულაც არ აღმოჩნდა ისეთი მონარქი, რომელსაც შეეძლო, იმპერია კრიზისიდან გამოეყვანა. ქვეყანაში კიდევ უფრო მძაფრდებოდა პოლიტიკური დაპირისპირება. მიხელ მეშვიდე 1078 წელს ტახტიდან ჩამოაგდო ნიკიფორე მესამე ბოტანიატმა, რის შემდეგაც ის ბერად აღკვეცეს.
ბიზანტიის სათავეში მოსულმა ნიკიფორე მესამემ უცნაური ნაბიჯი გადადგა – ყოფილ დედოფალს ხელი სთხოვა. მართა-მარიამმა საგანგებოდ მოითხოვა პატრიარქისგან, რომ მისთვის ნიკიფორეზე ქორწინების უფლება მიეცა. ვინაიდან მისი მეუღლე – მიხეილ დუკა უკვე ბერობაში იყო წასული, მან თანხმობა მიიღო.
იმპერატორმა ნიკიფორემ იქორწინა მართა-მარიამზე და ყოფილი დედოფალი უკვე ახალი იმპერატორის მეუღლე გახდა. მაშინდელ ბიზანტიაში ბევრი ჭორი ტრიალებდა იმის შესახებ, თუ რატომ გადადგა მარიამმა ეს ნაბიჯი. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ამ ნაბიჯით დედოფალს სურდა, შვილისთვის შეენარჩუნებინა ტახტი, მაგრამ, მისი გათვლა არ გამართლდა, რადგან, მართა-მარიამისა და ნიკოფორეს თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც კი ბოტანიატმა ხელთ იგდო ძალაუფლება, გადაწყვიტა, რომ სხვა პიროვნება გამოეცხადებინა მემკვიდრედ, რამაც მასა და დედოფალს შორის ურთიერთობა დაძაბა და, საბოლოოდ, მართა-მარიამი ქმრის მოწინააღმდეგეთა ბანაკის ლიდერი გახდა, იმ ბანაკისა, რომელმაც მალე ნიკიფორე ბოტანიატი ჩამოაგდო და სათავეში მოიყვანა ის დინასტია, რომელმაც ერთი საუკუნის განმავლობაში მართა სახელმწიფო. ეს იყო კომნენოსების დინასტია. მარიამმა ძალიან ჭკვიანურად და ფარულად მოახდინა შეთქმულების ორგანიზება.
ეს ყველაფერი კი ასე მოხდა: მართა-მარიამმა კარგად უწყოდა ალექსი კომნენოსის ამბიცია – კომნენოსს სურდა, ხელთ ეგდო იმპერატორის ტახტი. ალექსი კომნენის სწრაფვა საიმპერატორო ტახტისკენ სამართლებრივად გამართლებული რომ ყოფილიყო, ამისთვის, მართა-მარიამმა თავისზე რამდენიმე წლით უმცროსი კომნენოსი იშვილა. ამ დროისათვის ეს უკანასკნელი დასავლეთის ჯარების სარდალი, ანუ, დიდი დომესტიკოსი იყო. ალექსი უკავშირდება ბიზანტიაში მოღვაწე მეორე ქართველსაც – გრიგოლ ბაკურიანისძეს. ამ შეთქმულებას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ 1081 წლის ქართველების შეთქმულება, რამაც კომნენოსები ბიზანტიის სათავეში მოიყვანა.
გრიგოლ ბაკურიანისძე იყო აღმოსავლეთ ჯარების სარდალი, ანუ, სხოლათა დომესტიკოსი. ორი სარდალი შეთანხმდა, რომ ბოტანიატის წინააღმდეგ ერთად იბრძოლებდნენ. აღსანიშნავია ბაკურიანისძის ფრაზა, რომელიც მან კომნენოსთან შეხვედრისას წარმოთქვა: შენ თუ დღეს არ დაიწყებ მოქმედებას, მე ხვალ თავად ვეახლები იმპერატორს და მოვახსენებ, რომ შენ შეთქმულებას გეგმავო. ისტორიამ ბევრი შეთქმულება იცის, რომელიც კრახით დამთავრებულა. ამის მიზეზი, უმრავლეს შემთხვევაში, იყო შეთქმულების დროში გაწელვა, ამასობაში კი შეთქმულებას ვიღაცა გასცემდა. სწორედ ამას შიშობდა გრიგოლ ბაკურიანისძე და აფრთხილებდა კომნენოსს. ალექსიმ დაუყოვნებლივ გაილაშქრა კონსტანტინეპოლზე, ჩამოაგდო ნიკიფორე მესამე ბოტანიატი და თავად გამეფდა.
ამის შემდეგ თანამდებობები ასე გადანაწილდა: მართა-მარიამის დამსახურებით, იმპერატორი გახდა ალექსი კომნენოსი, ხოლო თანაიმპერატორად – კონსტანტინე დუკა. გამოდის, რომ მართა-მარიამი იყო მოქმედი იმპერატორის დედობილი და თანაიმპერატორის დედა; გრიგოლ ბაკურიანისძეს კი ალექსი კომნენოსის თანამდებობა ერგო: იგი გახდა დასავლეთ ჯარების სარდალი – დიდი დომესტიკოსი. ის სამხედრო უწყებაში მეორე კაცად ითვლებოდა იმპერატორის შემდეგ.
ამის შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა: ქვეყნის სათავეში მოსვლიდან ძალიან მალე ალექსი კომნენოსის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო და მასში ჩართული აღმოჩნდა კონსტანტინე დუკა. მართა-მარიამის შვილმა თავისი პრივილიგიები დაკარგა. ამის შემდეგ კონსტანტინე გარდაიცვალა. მართა-მარიამმა კი კიდევ დიდხანს იცოცხლა. სხვათა შორის, ის ესწრებოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას.
როდოპის მთაზე უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს სამონასტრო კომპლექსი. ბერძენმა არქეოლოგებმა მიაკვლიეს საფლავსაც, რომელშიც იყო ბეჭედი წარწერით: „მარია ბოტანიატი”. ასე წარიმართა სილამაზით ცნობილი ქართველი დედოფლის ცხოვრება საბერძნეთში; დედოფლისა, რომელიც თავისი სილამაზით ატყვევებდა გარშემო მყოფთ, რომლის წინაშეც უძლურნი იყვნენ თვით ბიზანტიის იმპერატორები.