კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნდა შეაშინო

დანით მუცელი გავუფატრე... მაგრამ, ეს უნებლიეთ გამოვიდა, მართლა უნებლიეთ. აღარც კი მახსოვს, დანისკენ ხელი რატომ გამექცა. ეს შეცდომა იყო. ჯინო გადარჩა – მაინც მსუბუქად დამიჭრია. სახლში ერთი-ორი თვე იწვა და გამოჯანმრთელდა. სამაგიეროდ, მე ვიჯექი ციხეში წელიწად-ნახევარი. გამოვედი და... ჩემ გარშემო მთელი სამყარო შეიცვალა. პრინციპში, მე არ შევცვლილვარ, სხვები შეიცვალნენ და, მაიძულეს, მეც შევცვლილიყავი. როგორ მოხდა ეს? – დღესაც ამას ვეკითხები ჩემს თავს. ო, ეს ადამიანები და მათი მცდარი შეხედულება ცხოვრებაზე!..

მოკლედ, სანამ ციხეში ვიყავი, სერაფინოს რომანი გაუბია სესტილიასთან. სესტილია ჩემი საყვარელი იყო, მასზე არ ვგიჟდებოდი. ლამაზი იყო, მაგრამ, დიდად არ მინერვიულია, სერაფინოსთან რომ მიღალატა. ისე კი, ყველაფერი გაცილებით რთულად იყო... ადამიანები ჩემგან გმირობას თუ არა, რაღაც მსგავსს ელოდებოდნენ. ეს ამბავი ბარში მითხრეს. ყველა იქ იყო. თან, ისე შემომხედეს, რომ პირი გავაღე და მექანიკურად წამოვისროლე, „ახლა მე მაგათ ვაჩვენებ!“ ეს უკვე ის იყო, რასაც ჩემგან ელოდნენ. მე ხომ უკვე „ძველი ბიჭი“ ვიყავი, კაცი დავჭერი და ციხეში ვიჯექი. საღამოს ჯულიას ძმა შემხვდა. ჯულია სესტილიაზე  მსუქანიც იყო და დაბალიც, მაგრამ, თურმე, სერაფინო მასზე აპირებდა დაქორწინებას, სანამ მე დამიჭერდნენ, თვითონ კი სესტილიასთან დაიწყებდა კურკურს. საშინელებაა, როცა შენგან იმის გაკეთებას ელოდებიან, რისიც გეშინია. ჰო, გეშინია – მე როგორ უნდა შემეშინებინა სერაფინო, ეს გოლიათი, რომელსაც ხელის ერთი გაქნევა ეყოფოდა ჩემს გასანადგურებლად. მაღალიც იყო, მხარბეჭიანიც, ქალივით უთმო და კუნთებიანი. მერე რა, რომ ამ კუნთებს არაფერში იყენებდა... უცებ რომ გადაეწყვიტა ჩემი ცემა?! მოკლედ, მაგარ შარში ვიყავი. სიმწრისგან ხელისგულებიც კი გამიოფლიანდა. ჯულიას ძმამ მითხრა, რომ ყველაფრის ორგანიზებას საკუთარ თავზე იღებდა, დანასაც თვითონ მომიტანდა საჭირო მომენტში. „აჰა, ესე იგი, მოვკლა-მეთქი“, – ვთქვი ისეთი ნაძალადევი და ყალბი სიმშვიდით, თავადვე გამიკვირდა. მთელი ჩემი არსება ყვიროდა და აპროტესტებდა იმას, რაც ასე უცხო იყო ჩემთვის. როგორ ამეხსნა ამ ხალხისთვის, რომ ის დაჭრა სრულიად შემთხვევით გამომივიდა. სესტილიაზე შეყვარებული მაინც რომ ვყოფილიყავი, კიდევ ჯანდაბას, მაგრამ არანაირად არ მიღირდა სესტილიას მკერდის გამო კატორღაში მოხვედრა. ისე, მკერდი მართლაც კარგი ჰქონდა, მაგრამ, ციხეში, მით უმეტეს, კატორღაში თავის შერგვა მეტისმეტი იყო.

ბარში ხალხი ციხიდან ჩემი გამოსვლის აღსანიშნავად შეიკრიბა: ჯულია, სერაფინო, სესტილია, მაურიციო, ძმები პომპენიები, ტერიბილი  თავისი გარმონით, კიდევ რამდენიმე ადგილობრივი და მე. გეგმა ყველამ იცოდა, თანაც, ჩემზე უკეთესად. ავტორი ჯულიას ძმა გახლდათ. მე ისე უნდა შემეშინებინა სერაფინო, რომ სასწრაფოდ შეერთო ცოლად ჯულია. ვინ უყურებდა იმას, რომ მე სერაფინოს შეშინება არ შემეძლო, ან, ვის აინტერესებდა?! მერედა, ვისი გულისთვის, სესტილიასთვის?! მაგრამ, ლოგიკა წარსულში დარჩა. დღეს მე „მაგარი ბიჭი“ ვიყავი, ძველბიჭური იმიჯით და საკუთარი ღირსება უნდა დამეცვა, რომელიც ვიღაც არარაობა სერაფინომ შეურაცხყო... 

... სერაფინო და მე ერთმანეთს თითქმის არ ვუყურებდით. თავი ცოტათი მედიდურად მეჭირა. სესტილია მორიდებით თავდახრილი იჯდა, რაც მისთვის საკმაოდ უცხო იყო; ჯულია კი, პირიქით, ზომაზე მეტად აქტიურობდა: სერაფინოს ლამის კალთაში ჩაუჯდა, ის კი უსიტყვოდ წრუპავდა რომს. არანაირი რეაქცია არ ჰქონდა ჯულიას მოურიდებელ, ხმამაღალ სიცილზე. მერჩივნა, პირიქით ყოფილიყო, ანუ, ჯულიასავით სესტილია მოქცეულიყო – იქნებ, მეეჭვიანა და მრისხანება მომძალებოდა, მაგრამ – არა! მრისხანებისა და ბრაზის მაგივრად, ისეთმა შიშმა შემიპყრო, ლამის გული ამერია. ბარში ატმოსფერო დაიძაბა. ყველა რაღაცას ელოდა. მივხვდი, რომ მათ ჩემი ყოყმანი აღიზიანებდათ... როგორ მინდოდა, უკანმოუხედავად გავქცეულიყავი ბარიდან, მაგრამ ამის ნაცვლად მივედი სერაფინოსთან და ვუთხარი:

– შენ რატომ არ სვამ? არ გაგიხარდა ჩემი ციხიდან გამოსვლა? ჩვენ აქ სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ. ყველა ვმხიარულობთ, შენ კი სულ ჩუმად ხარ.

– არა, ლუიჯი, – საწყალი ბავშვივით ჩაილაპარაკა სერაფინომ, – უბრალოდ, ცოტა მუცელი მტკივა...

– მუცელი? ჯობია, პირდაპირ თქვა, რომ სესტილიასთან რომანი გააბი და საყვარელი დამაწერე. იცი, ამისთვის რას გიზამ?! სესტილიას თავს დაანებებ, გაიგე? ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი!

სერაფინომ სესტილიას შეხედა, შეიძლება, იმ იმედით, რომ ქალი გააპროტესტებდა ამას, მაგრამ, სულ ტყუილად – ის ისევ თავდახრილი იჯდა. სერაფინო უცებ ადგა და ბარიდან გავიდა. შვებით ამოვისუნთქე. ვიფიქრე, ამით ჩემი მისია შევასრულე-მეთქი, მაგრამ, ჯულიას ძმამ მაშინვე იყვირა.

– ასე უშვებ? გაეკიდე, ლუიჯი, სწრაფად!

მიუხედავად იმისა, რომ სხეული აშკარად არ აპირებდა დამორჩილებას, ავდექი, ჯიბიდან დანა ამოვიღე, გავშალე და სერაფინოს დავედევნე, თან ვნატრობდი, გარეთ გასულს იქ არ დამხვედროდა... ის კი ნელი ნაბიჯით მიჩანჩალებდა ფართო, განათებულ ქუჩაზე. წამოვეწიე... გაშლილი დანით...

 – შენ იცი, ჯინოს რაც გავუკეთე? – მივაყენე კედელთან, ის კი ნაცემი ძაღლივით მომაჩერდა.

– ვიცი...

– შენც იმავეს გაგიკეთებ. თუ სესტილიას თავს არ დაანებებ, მოგკლავ!

– ვიცი... აღარ გავეკარები სესტილიას, აღარ გავეკარები... ღმერთმა დამიფაროს...

უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი.

– მარტო ეგ არ კმარა, ცოლად ჯულია უნდა შეირთო, – ამას რომ ვამბობდი, დანიანი ხელი ცხვირწინ მივუტანე, თან, ვფიქრობდი, ღმერთო, მიშველე-მეთქი. სერაფინოს ჩემთვის მაჯაზე რომ მოეკიდა თავისი ღონიერი თითები, აუცილებლად დამიმტვრევდა ძვლებს, მაგრამ, მე ხომ „მაგარი ბიჭი“ ვიყავი, როგორ გამიბედავდა... ისეთი შეშინებული და დამფრთხალი მიყურებდა, როგორც კურდღელი. საქმე ჩემს დანაში კი არ იყო, არამედ, ყალბ იმიჯში, რომლისაც მე არ მჯეროდა, მაგრამ, სერაფინომ დაიჯერა... დანა უხერხულად შევატრიალე ხელში და, უნებლიეთ (როგორც ჯინოს შემთხვევაში), წარმოდგენა არ მაქვს, როგორ, დანის წვერი ლოყაზე შეეხო... სისხლი რომ დავინახე, ლამის გული წამივიდა. იმან მიშველა, რომ სერაფინომ დამასწრო, მუხლები მოეკეცა და მიწაზე გაიშხლართა. ბარიდან ხალხი გამოცვივდა. ჯულია სერაფინოს მივარდა, მისი თავი კალთაში ჩაიდო, ეფერებოდა და თან იცინოდა. მე კაცები ხელს მხარზე მიტყაპუნებდნენ – მოწონებით... არ დამიჭირეს – ადგილობრივი პოლიციელები ჩემი თაყვანისმცემლების სიაში აღმოჩნდნენ... სერაფინომ ჯულია შეირთო ცოლად. ამითაც არ დამთავრდა: ცოლი მეც შევირთე – სესტილია, რა თქმა უნდა. მე ხომ კაცი მოსაკლავად გავიმეტე მის გამო. ახალმა იმიჯმა მაგარ შარში გამხვია... ახლა სესტილია ჩემი ცოლია და მალე ბავშვსაც ველოდებით. ზოგჯერ ვფიქრობ, ხომ არ აჯობებდა, სერაფინო მომეკლა და სესტილიაც ზედ მიმეყოლებინა?!

скачать dle 11.3