როგორ მოახერხა შებღალული სახელის აღდგენა ცნობილმა თბილისელმა ქურდმა
– დანებზე წამოაგეთ დამნაშავე! – თქვა „ქოფაკმა“, რომელსაც დანარჩენებიც აჰყვნენ და ექვსმა ქურდმა ერთად გაიმეორა:
– დანებზე, დანებზე!
გამოთქმა: „დანებზე წამოაგეთ“ („ნა ნოჟი“) უმაღლესი ქურდული ვერდიქტის სიტყვიერი გამოხატულებაა და სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს. ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა ყველა შეკრება, რომელზეც ქურდები კოლეგას სიკვდილს უსჯიდნენ. განაჩენს, აღსრულების პროცედურა მოჰყვებოდა. ასეთ დროს ქურდს ჯერ თვითმკვლელობის შანსს აძლევდნენ, ხოლო, თუ უარს იტყოდა, მაშინ განაჩენს, ეგრეთ წოდებული „შემსრულებელი“ ახორციელებდა. ის სიკვდილმისჯილ ქურდს ცალკე გაიყვანდა, ტყვიას გულში დაახლიდა, შემდეგ ცხედარს ტოვებდა, რათა დაეკრძალათ და მიდიოდა.
1970 წლის 2 მაისს ქალაქ როსტოვში ქურდული შეკრება გაიმართა, რომელზეც შვიდი კანონიერი ქურდი „ქოფაკის“ წინამძღოლობით, თავიანთ კოლეგას – „ლიხოის“, იგივე ნოდარ გაგოშვილს ასამართლებდნენ. ლიხოი როსტოვის ოლქის მაყურებელი იყო, ქურდული სალარო ებარა და კოლეგები მას სალაროს გაფლანგვაში ადანაშაულებდნენ. გაგოშვილს 120 ათასი მანეთი ჰქონდა მიბარებული და იქიდან 60 ათასი გაქრა. დარჩენილი 60 ათასი ლიხოიმ წარმოადგინა და კოლეგებს უთხრა, რომ დანარჩენი მას არ გაუფლანგავს.
– აბა, სად გაქრა მაყუთი? – ჰკითხა ლიხოის „ჯინმა“, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა და პირველმა მან წამოაყენა ლიხოის სიკვდილით დასჯის იდეა.
– როგორ დაიკარგა, არ ვიცი, მაგრამ მე არ გამიფლანგავს. ალბათ, მომპარეს, მაგრამ ვინ და როგორ, არ ვიცი... ეს აპრავდანია არაა, მაგრამ გთხოვთ, ორი კვირა დამაცადოთ და ფულს დავაბრუნებ – თქვა ლიხოიმ.
ქურდებმა ლიხოის უარი უთხრეს და ეს იმით ახსნეს, რომ ის მიიმალებოდა. ყველაზე მეტად ჯინი აქტიურობდა. მან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქურდებს უარი ეთქვათ ლიხოისთვის. სწორედ ამის შემდეგ გაისმა ქურდების საშინელი ვერდიქტი: დანებზე...
– ესე იგი, დანებზე? – გაიმეორა ლიხოიმ და ჩაიცინა. შემდეგ რევოლვერი ამოაცურა ქამრიდან, ქურდებს მიუშვირა და უთხრა:
– არავინ გაინძრეთ, თორემ დაგხოცავთ! სისულელე იქნება, რომ ცხვარივით დავემორჩილო თქვენს უსამართლო გადაწყვეტილებას. მე ახლა წავალ, მაგრამ დავბრუნდები. თანაც, სიმართლით დავბრუნდები და ვაი მას, თუკი კრისა თქვენ შორისაა. ქურდული განაჩენი კი ძალაშია და დამნაშავეს პირადად მე მოვუღებ ბოლოს.
ლიხოის საქციელმა ქურდები გააქვავა. ნოდარ გაგოშვილმა იქიდან მშვიდობიანად გააღწია და მიიმალა.
ორმაგი მკვლელობა
ქურდული შეკრებიდან გაქცეული ლიხოი სრულ არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა და თუკი ადრე მხოლოდ მილიციას ემალებოდა, ახლა უკვე ქურდებსაც არიდებდა თავს. შეკრების მონაწილეებმა მთელ ქურდულ სამყაროს შეატყობინეს, რომ ლიხოი კრისა, ანუ სალაროს ქურდია და მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესეს. თუ ლიხოის ქურდი მოკლავდა, მაშინ ის თავისი კოლეგებისგან საყოველთაო პატივისცემას დაიმსახურებდა. ხოლო თუ მკვლელი არაქურდი იქნებოდა, მაგრამ რეპუტაციაშეულახავი აღმოჩნდებოდა, მას ქურდის ტიტულს მიანიჭებდნენ. ლიხოის მოკვლა ეკრძალებოდათ რეპუტაციაშელახულებს და მას თავად ქურდები მოკლავდნენ. ასეთ სიტუაციაში, ლიხოის, ფაქტობრივად, ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა, დასამალი ადგილი არსად იყო და დევნილი მგელივით ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა.
ნოდარ გაგოშვილი წარმოშობით თბილისელი იყო, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში 18 წლის განმავლობაში არ ჩასულა. 41 წლის ლიხოი ნეპმანელი ქურდების მიმდევარი იყო. ამიტომ, არც ცოლ-შვილი ჰყავდა და არც პირადი ქონება გააჩნდა. როსტოვში ის გარდაცვლილი ქურდის, „სალომას“ მეუღლის ბინაში ცხოვრობდა, რომელიც თავად როსტოველმა ქურდებმა გამოუყვეს. 40 წლის სალომა 1969 წელს უეცრად გარდაიცვალა. მაშინ მისი 27 წლის მეუღლე – ანა ფეხმძიმედ იყო და 3 თვეში ბიჭი გააჩინა. ანასთან ერთად ამ სახლში სალომას დედა, რიტა გიორგევნა ცხოვრობდა. 70 წელს მიღწეული ქალი ქურდის ქვრივი გახლდათ. ისიც ახალგაზრდობაში დაქვრივდა და თავისი რძლის მსგავსად, შვილი ქმრის გარდაცვალების მერე გააჩინა. რიტა გიორგევნა თავისი სილამაზითა და პატიოსნებით განთქმული იყო და ქურდები მას დედას ეძახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნოდარს ეუხერხულებოდა სალომას ახლობლებთან ცხოვრება და სხვაგან გადასვლა უნდოდა, რიტა გიორგევნა მას არ უშვებდა, შვილივით პატრონობდა და ძალიან უყვარდა. შეკრებიდან გაქცეული ნოდარი სალომას სახლში აღარ დაბრუნებულა. მან ტელეფონით დაურეკა სალომას დედას და უთხრა:
– ნოდარი ვარ, დეიდა რიტა. რაღაც მოხდა და თქვენთან ვეღარ დავბრუნდები. ერთი რამ უნდა გითხრათ, დეიდა რიტა, რაც არ უნდა გაიგოთ ჩემზე, არ დაიჯეროთ და კიდევ, იცოდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ.
– მეც ძალიან მიყვარხარ, ნოდარჩიკ. უკვე გავიგე და, რა თქმა უნდა, არ მჯერა. თავს გაუფრთხილდი.
ლიხოი სამი დღე როსტოვში იმალებოდა. შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და თავის ძველ მეგობართან, მხატვარ გოჩა ფერაძესთან შეაფარა თავი. ნოდარის ამბავს თბილისამდეც ჩამოეღწია და ფერაძემაც იცოდა. თუმცა, ლიხოის ცუდკაცობა მის ახლობლებს არ სჯეროდათ და დარწმუნებულები იყვნენ, ყველაფერი განგებ იყო მოწყობილი.
– ამხელა მაყუთი ნემსი ხომ არაა, რომ ასე უგზოუკვლოდ გაქრეს, – უთხრა ფერაძემ ლიხოის, – ნუთუ არავისზე ეჭვობ? ან, მთელი თანხა რატომ არ გაქრა?
– მეორე 60 ათასი სხვაგან მქონდა დამალული და წამღებმა, ალბათ, ვერ იპოვა. ეჭვი კი მაქვს, მაგრამ დამტკიცება უნდა.
1970 წლის 19 მაისს, ანუ ნოდარის მიმალვიდან ჩვიდმეტი დღის შემდეგ, სალომას დედა – რიტა გიორგიევნა თავისსავე ეზოს ჭაში დამხრჩვალი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, ქალი ჯერ ტროსით გაგუდეს და შემდეგ ჩააგდეს ჭაში. იმავე ბინაში აღმოაჩინეს სალომას ქვრივის, ანას ცხედარი. ეგოროვა სადისტურად იყო მოკლული. სხეულზე მას 71 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული დანით. სადისტურად დაჩეხილი ანა ლოგინში შიშველი იპოვეს. ექსპერტის დასკვნით, ქალი გაუპატიურებული იყო. მისი საშოდან სავარაუდო მკვლელის სპერმა ამოიღეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს. მოკლულის გვერდით 9 თვის ჩვილს ეძინა... ამ სურათის მხილველ მილიციელს თმა ყალყზე დაუდგა, კარგა ხანს მეტყველების უნარი წაერთვა. იმავე დღეს, როსტოვის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა განზრახ მკვლელობის მუხლით.
სამხილი
როსტოვში დატრიალებული ტრაგედიის ამბავმა თბილისში მეორე დღესვე ჩააღწია. სამსახურიდან დაბრუნებული გოჩა ფერაძე ლიხოის მიესალმა და როსტოვის ამბები რომ მოუთხრო, დასძინა:
– ეს ამბები შენ გბრალდება. ამბობენ, ლიხოი ანასთან იწვაო და დედამთილთან ერთად იმიტომ მოკლა, რომ ეს ამბავი არ გამჟღავნებულიყოო. იმასაც ამბობენ, რომ სალომას ცოლს შვილი შენგან ჰყავსო.
ცილისწამებას ლიხოი არ გაუკვირვებია. თუმცა, რიტა გიორგევნას სიკვდილმა ისე გააოგნა, რომ აცახცახდა და მთელი ხმით იღრიალა. დიდხანს იტირა, შემდეგ თვალები შეიმშრალა, ამოიხვნეშა და მეგობარს უთხრა:
– გოჩა, ძმაო, უნდა დამეხმარო! შენ გარდა, ამქვეყნად ჩემი სიმართლის მხოლოდ რიტა დეიდას სჯეროდა და ისიც მოკლეს. ჯერ ერთი, რომ შებღალული სახელი მაქვს აღსადგენი და რაც მთავარია, რიტა დეიდას მკვლელი უნდა დაისაჯოს.
– ანასი?
– ის ერთი და იგივე პიროვნებაა, თუმცა ანა ძუკნა იყო.
– ძუკნა? დარწმუნებული ხარ?
– თითქმის ასი პროცენტით. გახსოვს, ადრე რომ მკითხე და არ გიპასუხე? მაშინ სწორედ ანაზე მქონდა ეჭვი. მოკლედ, უნდა დამეხმარო და ჩემთან ერთად უხილავი გამომძიებლის როლი უნდა შეასრულო.
– რა უნდა ვქნათ?
– როსტოვში უნდა გავემგზავროთ და დავამტკიცოთ, რომ მე არ ჩამიდენია ეს. ნამდვილი მკვლელი კი ვამხილოთ და დავსაჯოთ.
1970 წლის 21 მაისს გოჩა ფერაძე და ლიხოი როსტოვში ინკოგნიტოდ ჩავიდნენ. მათ კერძო ბინა იქირავეს. ნოდარმა წვერ-ულვაში მიიწება, პარიკი გაიკეთა, მოლბერტით დადიოდა და დონის პეიზაჟებს ხატავდა. სინამდვილეში კი იმ გეგმას ახორციელებდა, რომელიც ფერაძესთან ერთად შეიმუშავა. მეგობრებმა 29 მაისს პროკურატურის გამომძიებელი სტეპანე ერემეევი გაიტაცეს და მოპარული „მოსკვიჩით“ დონის ნაპირას ჩაიყვანეს. ლიხოიმ მას ჰკითხა.
– მიცანი, სტეპან საველიჩ?
– ვერა, – თავი გააქნია ერემეევმა.
ნოდარმა პარიკი და წვერ-ულვაში მოიძრო და ისევ ჰკითხა:
– ახლა?
– ლიხოი, შენ?
– კი, მე ვარ.
– შენ ხომ ყველა ქურდი და ახლა უკვე მილიციაც გეძებს. ნუთუ მართალია, რასაც ლაპარაკობენ შენზე?
– სწორედ ამიტომ ხარ აქ, საველიჩ.
– გისმენ.
– მოკლედ, ასე. როგორც ვიცი, ანასგან სპერმაა ამოღებული და მსგავსი სპერმა რომ მოგიტანო, შეგიძლია, ექსპერტიზაზე წაიღო და იდენტურობა დაადგინო?
– საიდან მოიტან?
– ეგ მე ვიცი. მაგრამ იცოდე, საველიჩ, მახე რომ დამიგო და ძაღლები დამაყენო, არ გაგახარებ. მით უმეტეს, რომ ცამდე მართალი ვარ, – უთხრა ნოდარმა გამომძიებელს, ჯიბეში ხუთი ცალი ასმანეთიანი ჩაუდო და განაგრძო, – ეს კი სიჩუმისთვის და ჩემი დახმარებისთვის გქონდეს.
მეგობრებმა ერემეევი გაუშვეს. შემდეგ, მანქანით ძველ ქალაქში წავიდნენ და ერთ-ერთ კერძო სახლთან ჩასაფრდნენ.
ერთი საათის შემდეგ ეზოს წინ მანქანა გაჩერდა, საიდანაც ორმოციოდე წლის მამაკაცი გადმოვიდა. მეგობრებმა ის გაკოჭეს და მანქანით გაიტაცეს.
– აბა, ანდრეი, ამ ქილაში შენი სპერმა ჩაასხი და სკამზე დადე, – უთხრა ლიხოიმ გატაცებულს და შუბლზე იარაღი მიადო.
ანდრეი ლუკიანოვის სპერმა ლიხოიმ გამომძიებელ ერემეევს მეორე დღესვე გადასცა და უთხრა:
– აი, სტეპან საველიჩ, შეამოწმეთ და დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელი ამის პატრონია.
ერთ კვირაში ერემეევმა ლიხოის ცნობა მისცა, რომელშიც ეწერა, რომ მკვლელობის ადგილიდან ამოღებული სპერმა და ანდრეი ლუკიანოვის სპერმა იდენტური იყო...
სასჯელი
1970 წლის 3 ივნისს, როსტოვში, გოჩა ფერაძესა და ლიხოის მიერ ნაქირავებ ბინაში ქურდული შეკრება გაიმართა, რომელსაც ზუსტად იგივე შემადგენლობა ესწრებოდა, ლიხოის სასიკვდილო განაჩენი რომ გამოუტანა. თუმცა, ამჯერად ქურდულ საბრალდებო სკამზე ანდრეი ლუკიანოვი, მეტსახელად ჯინი, იჯდა.
შეკრება ლიხოიმ გახსნა და ქურდებს უთხრა:
– მაშ ასე, ძმებო, მე ჩემი პირობა შევასრულე და კრისა მოგიყვანეთ. ახლა კი საქმე გავარჩიოთ. სხვათა შორის, ანა და რიტა გიორგევნაც ამან დახოცა.
– რაო? – თვალები კინაღამ გადმოსცვივდა ქოფაკს, რომელსაც დანარჩენებიც აჰყვნენ.
– აი, ექსპერტიზის დასკვნა, – ლიხოიმ სპერმის იდენტურობის ცნობა ქურდებს გადასცა, – ერთი სპერმა ანას საშოდანაა, მეორე კი ამ ნაბოზრის.
ქოფაკმა რომ ცნობა წაიკითხა, ოფლმა დაასხა:
– ამ ნაბოზარს ჩემი ხელით ავკუწავ.
– ამ კრისას უჯერებთ, ძმებო? – აღრიალდა ჯინი, – არაქურდული საბუთით მდებთ ბრალს?
– ამ საბუთს ექსპერტის დასკვნა ეწოდება და წყალი არ გაუვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაბრედი ხარ, – უთხრა კოფაკმა ჯინს. შემდეგ ქურდები მას წიხლებით შესდგნენ და ნეკნები ჩაულეწეს. ბოლოს ისევ ქოფაკმა თქვა:
– ახლა დაწვრილებით მოგვიყევი ყველაფერი, რომ წამებით არ მოგკლათ. არა და ისე გაწამებთ, რომ თუკი ამქვეყნად ვინმეს რამ ჩაუდენია, ყველაფერს შენ დაიბრალებ.
ნეკნებდალეწილი ჯინი სკამზე დაჯდა და თქვა:
– მე და ანა ჯერ კიდევ სალომას სიცოცხლეში ვიყავით საყვარლები და ანამ ის ჩემი დავალებით მოწამლა. ლიხოის 60 ათასი ანამ მოპარა და ესეც მე დავავალე. ჩვენ იალტაში ვაპირებდით წასვლას საგულაოდ. თან, ლიხოის მოშორებაც მინდოდა, რომ ობშჩიაკს მოვჯდომოდი.
ანას და რიტას რას ერჩოდი?
– როგორც ეტყობა, ანა სინდისმა შეაწუხა, დამირეკა და მითხრა, რომ მეტი აღარ შეეძლო და მონანიებას აპირებდა. მას თქვენთვის უნდოდა ყველაფრის მოყოლა და ცოცხალს ხომ არ დავტოვებდი. ჩვენ რომ ამაზე ვბაზრობდით, უცებ რიტამ შემოგვისწრო და იძულებული გავხდი, მომეკლა. შემდეგ ანას ვეცი, გავაუპატიურე და მოვკალი.
– ასე უმოწყალოდ რატომ დაჩეხე?
– არ იმსახურებდა, რომ? – ცინიკურად თქვა ჯინმა.
სამი დღის შემდეგ ჯინის გვამი მდინარე დონმა გამორიყა...