სადამდე მიჰყავს ქალი ქმართან დამაკავშირებელი ინტიმური „ძაფის“ გაწყვეტას
ქალის მხრიდან ღალატი ყოველთვის გაცილებით მძიმედ აღიქმება – ეს ჩვენს საზოგადოებაში დიდი ხნიდან დამკვიდრებული სტერეოტიპია. თუმცა, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა მარტო ცოლები კი არა (ეს არავის უკვირს), ქმრებიც პატიობენ მეუღლეებს ღალატს, არ ინგრევა ოჯახი და ამის მერეც დიდხანს ცხოვრობენ ბედნიერად, ყოველ შემთხვევაში, ჰარმონიაში მაინც. ფსიქოლოგებს აქვთ პასუხი კითხვაზე: როდის ხვდება მამაკაცი, რომ ცოლის ღალატში თავადაც არის დამნაშავე? ბუნებრივია, სიყვარულსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ, მთავარი მაინც ის მესაკუთრული მიდგომაა, რომლითაც მამაკაცი თავის საკუთრებას – ცოლს ებღაუჭება. პრევენცია ვერაფრით იქნება მხოლოდ სიყვარული. საჭიროა, ცოლ-ქმარი ერთად წყვეტდეს უმთავრეს პრობლემებს და, მათ შორის, ინტიმურსაც – ეს, უბრალოდ, აუცილებელია.
თეიკო (29 წლის): მე, უფრო სწორად, ჩემნაირი ქალები, უზნეოებად და ამორალურებად არიან მონათლულნი. რა უნდა იარლიყის მიწებებას? მით უმეტეს, ორმაგად ადვილი გასაკიცხია სხვისი ცხოვრება. ჩვენ რომ ისეთი იდეალურები ვიყოთ, როგორც ამას სხვებისგან მოვითხოვთ, სამოთხეში ვიცხოვრებდით. ყველა პრობლემა ჩვენშია, მაგრამ, რატომღაც, სხვაგან ვეძებთ იმ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც ისედაც ვიცით. სიყვარული ხშირად სულაც არ გვიშლის ხელს, ვავნოთ და ვატკინოთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს. მე და ჩემს ქმარს ყოველთვის ბევრი გვქონდა საერთო. გვიყვარდა ერთმანეთი და ამიტომაც შევქმენით ოჯახი. ასეთ დროს არავინ ფიქრობს, რომ, შეიძლება, პრობლემები ყველაზე შეუფერებელ მომენტში გაჩნდეს. პირიქით, დარწმუნებული ხარ, რომ საიმედო ხელში იქნები და ვეღარაფერს ინატრებ უკეთესს; რომ შენი ცხოვრება მზიანი დღესავით ნათელი, კაშკაშა და თბილი იქნება... ისე გვიხაროდა ერთმანეთი, ისე გვეამაყებოდა... მართალი ყოფილა, რომ ქალს ჰაერივით სჭირდება ყურადღება და იმის დადასტურება, რომ ის ქალია. ამის მოთხოვნილება ნებისმიერ ქალს აქვს, მიუხედავად ასაკისა და ფიზიკური მონაცემებისა. როცა კაცს ეს ავიწყდება, მას ვეღარაფერი შველის. უკვირთ ხოლმე, როგორი კარგი ქმარი ჰყავდა და როგორ მიატოვაო... როგორ უღალატაო... არ არის ასე მარტივად. შვილი რომ გავაჩინე, იმ დღიდან ჩემმა ქმარმა ჩემში ქალი ვეღარ დაინახა. ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობ? დღისით, თითქოს, ყველაფერი კარგად იყო: ჩემი ქმარი გიჟდებოდა შვილზე. იდეალური მამა იყო – მზრუნველი, ყურადღებიანი; ყველაფერში მეხმარებოდა. ბავშვის დაბანაშიც კი... ვიცინოდით, ვმხიარულობდით, როცა პატარა გვიღიმოდა, მაგრამ, საღამოს იწყებოდა ჩემი კოშმარი: ქმრისთვის როგორც ქალი, აღარ ვარსებობდი.
– და, გადაწყვიტეთ, საყვარელი გაგეჩინათ?
– არა, რას ამბობთ! მე ჩემი ქმარი მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს. მაგრამ, წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა: მინდოდა მოფერება, ჩახუტება, ალერსი... ის კი უცხოსავით გადაბრუნდებოდა და იძინებდა. ლამის ჭკუიდან შევიშალე.
– ქმარს არ დაელაპარაკეთ? მიზეზი არ ჰკითხეთ?
– როგორ არა. მითხრა, მე თვითონაც არ ვიცი, რა მჭირსო. რაღაც ბარიერი გამიჩნდა შენთან ურთიერთობაში. ცოტა ხანს უნდა მოითმინო, ალბათ, გამივლის და ყველაფერი ძველებურად იქნებაო. ფსიქოლოგთან წასვლაც შევთავაზე. ეწყინა – მე ნორმალური ვარ, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები არ მჭირდება. ჩვენ შორის პრობლემას ნელ-ნელა თავად მოვაგვარებო. ანუ, სრულ გაუგებრობაში დავრჩი. თვისთავად, გამიჩნდა ეჭვი, რომ ვიღაც ჰყავდა.
– ანუ, თქვენი ღალატი შურისძიება იყო?
– არა. მე არ ვარ შურისმაძიებელი. ამის გაფიქრებამ გული დამწყვიტა და დამადარდიანა. მღალატობს და, ახლავე გავიქცე, მეც ვუღალატო-მეთქი, ასე ნამდვილად არ ყოფილა. საკუთარ თავში ჩავიკეტე. მარტო რომ ვრჩებოდი, ვტიროდი. ბავშვს რომ ვასეირნებდი, საერთოდ არ ვიღიმებოდი. სიცილი და მხიარულება დამავიწყდა. თითქოს სიცოცხლე ჩაკვდა ჩემში. არაფერს კარგს არ ველოდი. ვფიქრობდი, ალბათ, დადგება დღე, როცა ქმარი საერთოდ მიმატოვებს-მეთქი. მაგრამ, ბედისწერამ სხვანაირად განსაჯა. მოულოდნელად, პარკში, სადაც ბავშვს ვასეირნებდი ხოლმე, ვიღაც ახალგაზრდა გამომელაპარაკა, ჩემზე 7 წლით უმცროსი. ბავშვს მოეფერა, მერე მე მომიბრუნდა და მითხრა, არაჩვეულებრივი გოგონა გყავთ, თქვენ კი ძალიან სევდიანი ხართ ყოველთვისო. ეტყობა, იმ მომენტში ძალიან ცუდად ვიყავი, ისე ცუდად, რომ სრულიად უცხო ადამიანს, თანაც მამაკაცს, კალთაში ავუტირდი. მომისმინა. სანამ ვლაპარაკობდი, თავზე მისვამდე ხელს. ისე მესიამოვნა მისი ხელისგულიდან წამოსული სითბო, ცრემლები ჩამომცვივდა, მაგრამ, გულიდან მძიმე ლოდიც მომცილდა. მოვუყევი, რომ ქმართან მქონდა პრობლემები. თუმცა, დეტალები მთლად არ გამიმხელია – მორიდების მომენტი მქონდა. იმ დღის შემდეგ, აბსოლუტურად ყოველდღე, ბავშვი პარკში რომ ჩამყავდა სასეირნოდ, ჩემი ახალი ნაცნობი იქ მხვდებოდა, ერთხელაც არ დაუგვიანია. ორი კვირის შემდეგ გაცილებით უკეთ ვიყავი, გავიღიმე.... ყველაფერს აკეთებდა ჩემს გასახალისებლად. ხან სუვენირს დამახვედრებდა, ხან ყვავილს, ხან ნაყინს ან შოკოლადს... ერთხელაც, თავისთან დამპატიჟა, ოღონდ, ისე ლამაზად, რომ უარი ვერ ვუთხარი. უგემრიელეს ჟასმინის ჩაის დაგალევინებ, მოგეწონებაო... ცოტა კი შევყოყმანდი, მაგრამ, ჩემში ერთბაშად და მოულოდნელად გაიღვიძა ქმრის მიმართ აგრესიამ. მაშინ ვიფიქრე: რატომაც არა. თვითონ ხომ მღალატობს და საერთოდ არაფერს აკეთებს ჩვენი ურთიერთობის გამოსასწორებლად. მე რატომღა უნდა ვიყო მისი ერთგული, თანაც უბედური-მეთქი.
– თქვენ ხომ არ იყავით დარწმუნებული იმაში, რომ ქმარი გღალატობდათ?
– ამას უკვე ნაკლებად ჰქონდა მნიშვნელობა. რადგან, მე თავად გამიჩნდა იმ კაცთან სიახლოვის სურვილი. გული ისე მიცემდა, როცა მასთან შესახვედრად მივდიოდი, როგორც 16 წლის შეყვარებულ გოგონას.
– ანუ, შეგიყვარდათ?
– თავიდან მეგონა, რომ შემიყვარდა, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ეს მხოლოდ გატაცება იყო, თუმცა, ძალიან ძლიერი. მან ის დეფიციტი შემივსო, რომელიც ტკივილს მგვრიდა, ლაღად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ამ ადამიანთან ურთიერთობამ მომცა ყველაზე მთავარი – ისევ მაგრძნობინა ქალობა, თუმცა, საკმაოდ მძიმე შედეგის საფასურად – ღალატს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. მე სრულად მაქვს გაცნობიერებული, რაზე წავედი. ბევრიც ვინერვიულე და თავს ვერც გავიმართლებ. თუმცა, ზოგჯერ ასეთი დანაშაულიც აუცილებელია. მიზანი ამართლებს საშუალებასო – ჩემს შემთხვევაში შედეგმა გაამართლა.
– თქვენ შედეგი წინასწარ არ იცოდით...
– მართალია, წარმოდგენა არ მქონდა, რა მოჰყვებოდა ამას, მაგრამ, იმ დღეებით ვცხოვრობდი. ბოლომდე ვისრუტავდი მოულოდნელ ბედნიერებას და არაფერზე ვფიქრობდი. მე სასურველი ქალი გავხდი. არსებობდა მამაკაცი, რომელსაც სიხარულით აკანკალებდა ჩემს დანახვაზე და ეს საკუთარი თავის რწმენას მმატებდა. იმ სამი თვის განმავლობაში, სანამ ერთმანეთს ვხვდებოდით, შევიცვალე: თვალები მიბრწყინავდა; თავს საგულდაგულოდ ვუვლიდი, ვიპრანჭებოდი; ცხოვრება მიხაროდა. რა თქმა უნდა, სულელი არ ვარ და არ ვფიქრობდი იმას, რომ ჩემი ქმარი ვერ ამჩნევდა ამ ცვლილებას, მაგრამ, რადგან ხმას არ იღებდა, მეგონა, კმაყოფილი იყო, რომ აღარ ვტიროდი, აღარ ვაწუხებდი წუწუნით. რას წარმოვიდგენდი, თუ ყველაფერი ეცოდინებოდა.
– იცოდა, რომ ღალატობდით და ხმას არ იღებდა?
– დიახ. პარკში დავუნახივართ ერთად. შეიძლება, ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ მასთან ვიწექი, მაგრამ კაცისთვის იმის დანახვაც საკმარისია, როგორ ეხუტება მისი ცოლი სხვას... ხომ მეთანხმებით?
– აპირებდით ქმრისთვის სიმართლის თქმას და მის მიტოვებას?
– არა, ეს არც დამიშვია. ქმარი მიყვარდა, როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ. მის მიმართაც გამიჩნდა თბილი გრძნობა და ვნება, მაგრამ, სიყვარული სულ სხვა რამეა. ოჯახის დანგრევა და ჩემი შვილისთვის მამის გვერდით ცხოვრების ბედნიერების წართმევა არც მიფიქრია. როგორც კი ამ ალბათობამ გაიჟღერა, მაშინვე ამეხილა თვალი და უკანაც დავიხიე. სამთვიანი ურთიერთობის შემდეგ, ჩემმა საყვარელმა მითხრა: დროა, შენს ქმარს სიმართლე უთხრა, წამოხვიდე მისგან და სულ ერთად ვიყოთ. მე აღარ მინდა, სიყვარელ ქალს სხვასთან ვიყოფდე. შეხვედრიდან შეხვედრამდე ადგილს ვერ ვპოულობ, ვნერვიულობ და განვიცდი. მინდა, ჩემი მეგობრები გაგაცნო და ყველგან გვერდით მყავდე. შენ და შენი შვილი ჩემთან უნდა გადმოხვიდეთ საცხოვრებლადო. გული კინაღამ გამისკდა. ხომ არ გადაირიე, მე ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ, ამაზე ხომ არც გვილაპარაკია-მეთქი. არ მეგონა, ასე თუ შემიყვარდებოდიო. მაშინ ერთბაშად გავაცნობიერე, რომ სერიოზული პრობლემა შევუქმენი საკუთარ თავს. ქმარშვილიანმა ქალმა, ჩვილის პატრონმა, რომანი გავაბი ჩემზე უმცროს ბიჭთან. ჩემი ოჯახი საფრთხის წინაშე ისე დავაყენე, საერთოდ არ დავფიქრდი, რას ვაკეთებდი. თვალწინ დამიდგა, როგორ ზრუნავდა ქმარი ჩემზე მთელი ორსულობის განმავლობაში; როგორ მივლიდა, როცა ერთხელ ფილტვების ანთებით გავხდი ავად; როგორ უცვლიდა ღამით ბავშვს საფენებს, ჩემთვის რომ გამოძინება ეცლია და ძალიან შემეშინდა. სახლში კი არ წავედი, გავიქეცი. ეს უფრო საკუთარი თავისგან გაქცევას ჰგავდა. რომ მივედი და ქმარი შინ დამხვდა. ისე შემომხედა, მივხვდი, ყველაფერი იცოდა. დავჯექი, ძალა მოვიკრიბე და ყველაფერი მოვუყევი. ისიც ვუთხარი, ის ბიჭი სამუდამოდ მასთან წასვლას რომ მთავაზობს, მაგრამ, მარტო შენ მიყვარხარ და სხვა არავინ მჭირდება-მეთქი. მიყურა, მიყურა და... – ჩემი ბრალიაო, თქვა. მეგონა, მიღრიალებდა, წაიღე შენი ნივთები და წადი სახლიდანო. მაგრამ, ასე არ მოხდა. პირიქით, მაგრად ჩამეხუტა და მთხოვა, მაპატიე, რომ ჩემი უყურადღებობით აქამდე მიგიყვანეო. მისმა ასეთმა საქციელმა უფრო ცუდად გამხადა... გეფიცებით, მერჩივნა, ეჩხუბა, სკანდალი მოეწყო... სინდისი საშინლად დამიმძიმდა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ორივემ გავიღეთ მსხვერპლი. ეს იყო ძლიერი „შეჯანჯღარება“, რომელიც ჩვენს ურთიერთობას სასიკეთოდ წაადგა. ვნებაც გაგვიახლდა და ერთმანეთის მიმართ ლტოლვაც. აღარ მიკითხავს, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში ამ ხნის განმავლობაში – ვიგრძენი, რომ აღარ მქონდა ამის უფლება. მთავარია, რომ ახლა ერთად ვართ და კარგად ვართ. უბრალოდ, ის, რაც მოხდა, ორივემ უნდა წავშალოთ ჩვენი ცხოვრებიდან. სხვათა შორის, „იმასთან“ ურთიერთობა მაშინვე კი დავამთავრე, მაგრამ, კიდევ დიდხანს მხვდებოდა სახლთან და პარკში, დაბრუნებას მთხოვდა. იძულებული გავხდი, მეთქვა, რომ, თავს თუ არ დამანებებდა, ქმარს ვეტყოდი ყველაფერს. აი, მაშინ კი შემეშვა. მწარე გაკვეთილი მივიღეთ მე და ჩემმა ქმარმა... არადა, შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება...