რატომ იჭერდნენ გია კერესელიძის ვუნდერკინდობის გამო გრიშა ჩიგოგიძეს და როგორ გადაიღო მან ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში ანიმაციური ფილმი
„უფალი ყოველთვის ადამიანის გვერდით არის, მთავარია‚ ჩვენ არ დავკარგოთ არასდროს იმედი. პირიქით, მუდმივად უფლისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ფილმი „ნინო“, რომელზეც ახლა ვმუშაობ, სწორედ ამისთვის არის – უფლის სადიდებლად – უფლისკენ, სიყვარულისკენ ნაბიჯის გადასადგმელად. მახსოვს‚ ერთ დღეს ძალიან ვღელავდი, წმიდა ნინოს ხატთან ვიდექი და ვლოცულობდი: „დამეხმარე, წმიდა ნინო!..“ უცებ მშრალი კანდელიდან წვეთი ჩამოვარდა და შუბლზე დამეცა – ეს ჩემთვის ნიშანი და დიდი ნუგეში იყო: ვიცი‚ ყველაფერი გამოვა და ძალიან კარგ ფილმს გადავიღებთ. მსახიობების დიდი ნაწილი შერჩეულია, კოსტiუმებიც იკერება, არაჩვეულებრივი დეკორაციები გააკეთა ორმა ნიჭიერმა ადამიანმა: მარიამ ჭიჭივეიშვილმა და ნათია ქადაგიშვილმა... ფილმის გადაღებაც თავის დროზე დაიწყება,“ – ეს არის ამონარიდი რეჟისორ გია კერესელიძის ინტერვიუდან, რომელიც ფილმს იღებს წმიდა ნინოზე. მკითხველი დამეთანხმება, რომ ამ დიდი და ყველასთვის საყვარელი წმიდანის შესახებ ფილმის გადაღება მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია‚ ამ საშვილიშვილო საქმეში თითოეულ ჩვენთგანს შეგვიძლია მონაწილეობის მიღება – ფილმის საბანკო ანგარიშზე თუნდაც მცირედი თანხის ჩარიცხვით. ამიტომაც, გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს: PNC BANK. ARTMANGIA Pictures, LLC Checking – 5309073446 Swift-PNCCUS33.
ოჯახი
გია კერესელიძე: დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ოჯახში იზრდება ადამიანი. დიდება უფალს ყველაფრისთვის, განსაკუთრებით კი – მშობლებისთვის. დედა იყო არაჩვეულებრივი, ნიჭიერი მხატვარი, ისიც კინოში მუშაობდა. ფილმი „ქვევრი“ ხომ გახსოვთ? აი, დედამ დახატა ამ ფილმის ტიტრები – ქართული სტილით, სამოციანების დიზაინით. შემდეგ მიშა კობახიძესთან მუშაობდა ფილმებზე – „ქორწილი“ და „ქოლგა“. მოკლედ, თავიდან ბოლომდე ხელოვნებაში იყო ჩართული, მამა კი კინორეჟისორი გახლდათ. როდესაც საქართველოში დაიწყეს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების გადაღება, ის ერთ-ერთი პირველი იყო. მის პირველ მხატვრულ ფილმს კი ერქვა „მხოლოდ 17 კილომეტრი“. მაგრამ, იმ დროს მე დავიბადე და, ამიტომ, დოკუმენტური ფილმების გადაღებაზე გადავიდა, რადგან, ოჯახს რჩენა სჭირდებოდა და ამ კუთხით უფრო მეტი სამუშაო ექნებოდა. სწორედ ამ ფილმის გადაღებისას გაიცნო დედაჩემი, რომელმაც ტიტრები დაუხატა. შეუყვარდათ ერთმანეთი და მერე მე გავჩნდი. მამა დღესაც ცოცხალია, დედა კი გარდაიცვალა, ღმერთმა აცხონოს. მამა ერთ-ერთი ცნობილი ჯაზმენი იყო. ძველი თაობის ხალხმა, ვისაც ჯაზი უყვარდა, ყველამ იცის კოტე კერესელიძე, რომელიც ჯაზს ძალიან კარგად უკრავდა გიტარაზე. ბენი გუდმენი რომ იყო ჩამოსული, მასთან ერთადაც დაუკრა. გუდმენის გიტარისტმა სიმები აჩუქა მამას და ამის გამო „კაგებემ“ დაიჭირა – „შპიონური“ ამბების გამო; მოკლედ, პრობლემები შეუქმნეს. მამა არასდროს ყოფილა კომუნისტი, პარტიის წევრი, ამერიკაზე აფანატებდა ყოველთვის და, როგორც ჩანს, ამ გარემომ შემდეგში ჩემს მომავალზეც იმოქმედა. გადასარევ მუსიკაზე ვარ გაზრდილი – მამა ერთ-ერთი ძლიერი კოლექციონერი იყო, რომელსაც ჯაზის ფირფიტები ჰქონდა. ოჯახში მუდმივად ხელოვანი ხალხი მოდიოდა, საოცარი აურა იყო – ბოჰემური სიტუაცია: მუსიკა, ხელოვნება, საინტერესო ხალხი, ისეთ თემებზე საუბრობდნენ... მეც სულ მაინტერესებდა და ხელოვნებით ნელ-ნელა ვიმუხტებოდი. დედა და მამა ერთი გუნდივით იყვნენ. მამა, რომ სცენარს წერდა, დედა ეხმარებოდა – დედას აზრს ეკითხებოდა: რას ფიქრობდა. ერთმანეთს ფანტასტიკურად უგებდნენ...
9 წლის ასაკში გადაღებული პირველი ანიმაციური ფილმი
4 წლის ასაკიდან ვხატავდი და დედაჩემს სულ დავყავდი კონკურსებზე. 9 წლის რომ გავხდი, მამამ დაბადების დღეზე პატარა, 8-მილიმენტრიანი კამერა მაჩუქა და მულტფილმი გადავიღე... მანამდე კი დედას და მამას ვკითხე, როგორ უნდა გადავიღო მულტფილმი-მეთქი. კადრებად და მერე ნელ-ნელა უნდა ამოძრაოო. მოკლედ, ორწუთიანი ფილმი გავაკეთე. რომ გავამჟღავნე და ეკრანზე გავუშვი – ეს იყო საოცარი გრძნობა და მგონი, მაშინ დავავადდი კინოთი, ხელოვნებით. ეს არის ჯადოსნობა... არაჩვეულებრივი გრძნობა, როდესაც შენით რაღაცას აკეთებ, მერე კი იმას აცოცხლებ და ეკრანზე მოძრაობს. პრემიერა სახლში მქონდა: სუფრა იყო გაშლილი და ბევრი ხალხი – მოვიდა. შეფასების მომენტიც ძალიან სასიამოვნო იყო. ხალხს მოსწონს – ეს იგი, ეს უნდა ვაკეთო, – ამან უფრო მეტი სტიმული მომცა. მამამაც მითხრა: ფილმი ისეთი რამ არის, მისი მონაწილე ხდებიო. ამიტომაც არ შეიძლება ცუდი ფილმების გადაღება – სიბოროტის მუხტი მაინც გადმოდის ადამიანზე. ამის გამოც გადავწყვიტე, რომ მეკეთებინა კეთილი, კარგი ფილმები – ეს ჩემი პრინციპია... ძალიან გამიმართლა კიდევ იმაში, რომ მოვხვდი არაჩვეულებრივ პედაგოგთან, გრიშა ჩიგოგიძესთან, პიონერთა სასახლეში, „პიონერფილმში,“ სადაც კინოში ჩემი მეორედ დაბადება მოხდა, ანიმაციის, ფილმების მხრივ. ჩემი კარიერა სწორედ აქედან დაიწყო. გრიშა ჩიგოგიძე გენიოსი ადამიანია, რომელმაც გაზარდა კარგი და კეთილი ადამიანების უამრავი თაობა. არაჩვეულებრივი დრო იყო და დიდი სიყვარულით ვიხსენებ. დღესაც არსებობს ეს სტუდია, სადაც მუშაობს ბატონი გრიშა ჩიგოგიძე და, გული მწყდება, რომ ამ გენიოს ადამიანს მიზერული ხელფასი აქვს. არადა, ის, რომ დღეს პიონერთა სასახლე არსებობს, მისი დამსახურებაც არის. ამ სტუდიაში გადავიღე ფილმი „სახიფათო გართობა“ – ერთწუთიანი პოლიტიკური ფილმი, რომელმაც, სხვათა შორის, საერთაშორისო ფესტივალებზე უამრავი პრიზი აიღო. კიდევ, გადავიღე ფილმი, რომელსაც „ყვავილის მოედანი“ ჰქვია: ყვავილზეა, რომელიც ასფალტიდან შუა ტრასაზე ამოვა. დიდი სატვირთო დაამუხრუჭებს – არ გადაუვლის, ეს კი საცობს შექმნის. უცებ ჩნდება მილიციელის ჩექმები – მოდის და ყვავილი შეშინებულია: რას მიზამენო. პოლიციელი გაიღიმებს და ცარცით წრეს შემოუხაზავს და ყველა მანქანა გვერდს უვლის. კარგი მესიჯი იყო და ბუმი მოჰყვა ამ ფილმს, კარგი პრიზები აიღო... მოკლედ, „პიონერფილმი“ გახდა ჩემი სახლი: სულ იქ ვიყავი, არც სკოლაში დავდიოდი, კინოს გარდა არაფერი მაინტერესებდა და, კიდევ – ხატვის. შემდეგ ანიმაციის წრე გაიხსნა და მე ამიყვანეს პედაგოგად, როგორც ვუნდერკინდი, რომელიც ჯერ ისევ სკოლაში სწავლობდა. ამას ერთი ამბავი მოჰყვა – გრიშა ლამის დაიჭირეს: ბავშვი სკოლაში სწავლობს და თქვენ მასწავლებლად დანიშნეთო. კი, მაგრამ, ეს ბავშვი გენიოსია და, რა მნიშვნელობაა აქვს, რამდენი წლისააო. ხელფასი მქონდა 20 მანეთი, მაგარი თანხა იყო: მხოლოდ ნაყინს კი არ იყიდდი, გაიგულავებდი და გოგონებსაც დაპატიჟებდი. ბოლოს ეს დავა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ მეც ისეთ ასაკს მივუახლოვდი, რომ ხელი ჩაიქნიეს: ჯანდაბას, ასწავლოსო. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, პედაგოგობა მაინდამაინც არ მომწონდა – ბევრი დრო მიჰქონდა, მე კი საქმის კეთება მერჩივნა. როცა უმაღლესში გამოცდების ჩაბარებაზე მიდგა საქმე, მამა ამბობდა: სარეჟისოროზე უნდა ჩააბაროსო, დედა – სამხატვრო აკადემიაშიო. გამოგიტყდებით და, აკადემიაში უფრო ლამაზი გოგონები იყვნენ, თუმცა, იმას არ ვამბობ, რომ თეატრალურში არ იყვნენ ლამაზები. უბრალოდ, აკადემია უფრო განსხვავებული, ეგზოტიკური, „ფირმენი“ იყო და, გარემოც – შემოქმედებითი. თეატრალურში გელა კანდელაკის ჯგუფში უნდა ჩამებარებინა და, იმის მაგივრად, რომ მასთან მევლო გამოცდებზე, აკადემიაში დავდიოდი. სახლში მოვდიოდი და ვამბობდი: ოთხიანი მივიღე, ხუთიანი, ოთხიანი და, ბოლოს – სამიანი. გადაირივნენ – სამიანი როგორ მიიღეო. მამაჩემა გელას დაურეკა, მან კი უთხრა: შენი შვილი საერთოდ არ მინახავსო. სახლში ისეთი ამბავი ატყდა, მახსოვს, ტუალეტში ჩავიკეტე. ბოლოს დედაჩემსა და მამაჩემს შორის კამათი ატყდა. შემდეგ წელს, კიდევ ერთმა უნიჭიერესმა და გენიოსმა პედაგოგმა, მსოფლიო რანგის მხატვარმა მამია მალაზონიამ, გახსნა ანიმაციის ფაკულტეტი. ეს რომ გავიგე, ვთქვი: „ავრორას“ ჩემთვის უსროლია-მეთქი, – თან კინოა, თან აკადემია, თან – ანიმაცია, მოკლედ, ის, რაც მე მინდოდა და ჩავაბარე. ჩემმა ფილმმა – „მზეზე უფრო“ – ბევრი პრიზი აიღო. 1990 წელს ამერიკაში ჩავედი ფესტივალზე, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. ამ დროს საქართველოში დაიწყო ომი, რუსეთით უნდა გადმოვფრენილიყავი და, მოკლედ, დავრჩი – ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების მეორე ნაწილი – ეპოპეა.
ამერიკული ეპოპეა
ფაქტობრივად, ქუჩაში დავრჩი... 90-იანი წლები, ფლორიდა, კაციშვილს არ ვიცნობდი, ქართველი კი არა, რუსი ემიგრანტიც არ იყო. ინგლისური ძალიან ცუდად ვიცოდი, ჯიბეში მხოლოდ 400 დოლარი მედო. ნულიდან დავიწყე ყველაფერი... ისევ ხელოვნებამ მიხსნა: ვხატავდი და მერე ჩემს ნახატებს ვყიდდი, გამოფენებს ვაწყობდი. შემდეგ ერთი პროტესტანტული ოჯახი გავიცანი, რომელმაც შვილივით მომიარა და მათთან ხუთი თვე ვცხოვრობდი, ორი წელი კი – არალეგალადაც. იმ დროს ბევრი ამერიკელი გოგონა გამოჩნდა, რომლებსაც ფიქტიური ქორწინების გაკეთება უნდოდათ, მაგრამ, მე არასდროს მდომებია ქაღალდის გამო ვინმეს გამოყენება. ერთი გოგონა იყო, ჯიჯი. მასთან ურთიერთობის დროს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და, უნდა გადამეწყვიტა, რომელთან დავრჩენილიყავი. ჯიჯისთან მივედი და ვუთხარი: მაპატიე, კარგი გოგო ხარ, მაგრამ, არ შემიძლია ამის გაკეთება-მეთქი. ჩემი ცოლი რუსია და უფრო მისკენ მიმიწევდა გული, უფრო კარგადაც ვუგებდი და ენის პრობლემაც არ გვქონდა. ჯიჯის მამა ამერიკაში ძალიან ცნობილი და წარმატებული ადვოკატია. ჯიჯი ძალიან კარგი გოგო აღმოჩნდა და ჩემი დახმარება გადაწყვიტა. სანამ მამამისთან მივიდოდი, მანამდე ყველა ადვოკატი მეუბნებოდა: აიღე შენი ბარგი-ბარხანა და აქედან გაიქეციო. მაგრამ, ამათთან რომ მოვედი და ჩემი საბუთები ნახეს, გაიცინეს. გულზე მომხვდა, ქაღალდი უკან გამოვართვი და ვკითხე – სასაცილო რა არის-მეთქი. ბოდიში მომიხადეს: იმაზე ვიცინით, აქამდე რომ გეუბნებოდნენ, არაფერი გამოგივაო. შენი საქმე 99 პროცენტით გამოვა, 1 პროცენტი ის არის, შენი ქაღალდები რომ აიღო და წახვიდე აქედანო. ისეთი ქეისი შექმნეს, დამნაშავეები ამერიკელები გამოიყვანეს: ასეთი ნიჭიერი ადამიანი ასეთ მდგომარეობაში რომ ჩააგდეთ, საერთოდ, რას ფიქრობთ, ამერიკა რით განვითარდა – ნიჭიერ ხალხს თავშესაფარს, რომ ართმევს და აქედან უშვებსო?! გასაუბრებაზე ქალთან გავედი და, რომ ნახა ჩემი საბუთები, იტირა: ეს რა გიქნესო. მოკლედ, ბოდიშები მომიხადეს, მოქალაქეობაც გამიკეთეს და, საერთოდ, ხელისგულზე მატარეს – მამაჩემი, და, ძმა, მთელი ჩემი ოჯახი ჩამოიყვანეს დედაჩემის გარდა, რომელიც ომის დროს გარდაიცვალა – ოპერაცია გაუკეთეს და, ფაქტობრივად, მოკლეს. ამის მერე ჩემი კარიერა ძალიან კარგად აეწყო: USA TODAY-ში ვმუშაობდი, ცნობილი გაზეთია. იქ ვიყავი რეკლამების მთავარი განყოფილების სინიორ გრაფიკ-დიზაინერი, სერიოზული თანამდებობა მქონდა. ჩვენს ქვეყანასაც თუ უნდა განვითარება, ნიჭიერ ხალხს უნდა შეუწყოს ხელი, სხვანაირად არაფერი გამოვა. დღეს ფილმს ვაკეთებ – „ნინოს“ და საქართველოდან არანაირი დახმარება არ არის. არადა, ბევრმა არც კი იცის ნინოს ისტორია, არც ის, რომ სიტყვა „ნინო“ ნიშნავს „თევზს“. ძალიან საინტერესო ფილმი იქნება, უმაგრესი სცენარით, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ვწერდი და რომელმაც რუსეთის კინოინდუსტრიის მოწონება დაიმსახურა. სურვილი აქვთ, რომ გადაიღონ, მაგრამ მე ქართველი ვარ... ერთადერთი პრობლემა ფინანსებია, თუმცა, არც არის ეს პრობლემა, რადგან ვიცი, რომ გადაწყდება. პრობლემა არ არსებობს, არსებობს საკითხისადმი ჩვენი მიდგომები, წუწუნი. „ვერ გავაკეთებ...“ – აი, ამან დამწყვიტა საქართველოში ყველაზე მეტად გული. ბევრი მოდის და ამბობს: ეს ჰოლივუდის დონეა, ჩვენ ვერ გავქაჩავთო. პროდიუსერი ვერ ვნახე, პირდაპირ გეუბნებით, „მანდრაჟი“ აქვთ. ან, მეორე ვარიანტია: ეს არ არის ის ხალხი, რომელმაც ამ ფილმზე უნდა იმუშაონ. ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ, როდესაც ვესაუბრე ბიზნესმენებს, მათ, ვინც ამ სფეროში ტრიალებს, მითხრეს: ჩვენ მოგცემთ ფულს, ოღონდ, ჯერ სხვამ ჩადოსო. ეს მოდის იქიდან, რომ ადამიანები მცირედ მორწმუნეები არიან და არ სჯერათ ღმერთის. მე სულ ვლოცულობ იმაზე, რომ შეიკრას ის გუნდი, რომელიც უფლისგან იქნება. ვინც რეალურად დამეხმარა, ეს არის ბატონი გელა სული, რომელიც 23 წელი ამერიკაში ცხოვრობდა. მას შევხვდი, ამ პროექტში დიდი მომავალი დაინახა და ბევრი საუბრის გარეშე გამოგვიყვეს სტუდია, სადაც ქასთინგი ჩატარდა და დიდი დახმარება აღმომიჩინეს. ახლა კინოსტუდია „ქართული ფილმისგან“ ვქირაობთ ოფისს და აქ მიდის მასალის დამუშავება. ქასთინგზე უამრავი ხალხი გადავიღეთ, კიდევ ვეძებთ მსახიობს ნანა დედოფლის როლზე, ასევე, რიფსიმეს როლზე ლამაზ გოგონას... ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ამერიკიდანაც გვაქვს დაფინანსება, მაგრამ, ის ფინანასები, რომ ფილმი დაიძრას, თავის დროზე მოვა და, იმედი მაქვს, რომ ამას ქართველი გააკეთებს, თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული არავინ ჩანს. რაც მთავარია, უფალმა უნდა აირჩიოს ის კაცი, მე არ ვირჩევ... უწმიდესმა ისეთი რამ იწინასწარმეტყველა ფილმზე – თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან დროული და საჭიროა. აღფრთოვანებული იყო ნიცათი, ასევე, სცენარით, მთელი ნამუშევრით. თავიდანვე გვითხრა, რომ წმიდა ნინოს როლზე არ უნდა ეთამაშა მსახიობს, რათა, შემდეგ მას არ ეთამაშა სხვა ფილმში და სხვა სახე არ შეექმნა... უკვე გვაქვს ფილმის კინოთეატრებში ჩვენებაზე შემოთავაზება ბრაზილიიდან და საბერძნეთიდან, რუსეთი ისედაც დაინტერესებულია. რაც მთავარია, სწორი გზით მივდივართ, თუმცა, ბევრი დაბრკოლებებია. მაგრამ, ერთმა ბერმა მითხრა: გიხაროდეს, რომ დაბრკოლებები გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ფილმი უფლის სადიდებლად კეთდებაო...