ჯიპუნახავები
„… არ გაგისკდეს მუცელი“
რაკი ძველებმა ისე დაამკვიდრეს, რომ ხალხის მსახურები ხალხზე მაძღრად უნდა ყოფილიყვნენ, ბუნებრივია, ამ გზას ახლებმაც უერთგულეს. ან კი, რატომ უორგულებდნენ, როდესაც, ნათქვამია, მუქთა იყოს, კუბო იყოსო.
კუბოა (პირი ქვისკენ მიქნია!) თუ უკეთესი, გაირკვა, რომ, სახელდობრ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს TOIOTA LANDCRUISER-ის „ჯიპი“ უყიდია, არც მეტი, არც ნაკლები, 79 551 ლარად. ამ ინფორმაციას გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელიც ადასტურებს, თუმცა, აი, ის კი არ იცის, თუ ვინ უნდა ისრიალოს ამ ახალი ავტოთი.
მაგრამ, რაკი ეს დუნია კეთილი და ინფორმირებული ადამიანების ნაკლებობას არ უჩივის, მოარული ხმებით, ამ 80 000-იანი „ჯიპით“ სწორედაც რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე უნდა ემსახუროს გარდაბნელებს.
მეორე მხრივ, 2004-დან 2012 წლამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტს ამ ჩვენი ბიუჯეტიდან 41 ავტომანქანა შეუძენია (ამ ფონზე რა სულმოკლეობაა ერთ „ჯიპზე“ გამოკიდება?!) მაგალითად, 2012 წელს ერთ-ერთ ავტომანქანაში 94 882 ლარიც კი გადაუხდიათ, თუმცა, ეს ავტო იმავე წელს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსთვის გადაუციათ, სხვათა შორის, როგორც, აი, ის ზემოთ ნახსენები 41-ეც.
იმას გარდა, რომ, ზემოთქმულის თანახმად, გარდაბანში ერთობ ხელგაშლილი ჩინოვნიკობა შეკრებილა, ისიც აშკარაა, რომ არ დაუკარგავს აქტუალობა საზღაპრო შეშფოთებას: „მეშინია, ბატონო, არ გაგისკდეს მუცელი!“