რაც არის – იყო
რატომ 10? მაშ რამდენი? – 20!
რადგან ბარად მოსიარულე პრეზიდენტის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მისი პრესსამსახური გვაწვდიდა (ისე, რომ სათოფეზე არ გვაკარებდა), სავსებით ბუნებრივია, რომ მყინვარწვერის დასალაშქრად მყოფი პრეზიდენტის თავგადასავლების შესახებ ცნობების მოწოდებაც მისმა პრესსამსახურმა იტვირთა: ცხადია, ჩვენი უზომოდ ცხოველი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 2013 წლის სექტემბერში, „საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამთო გამყოლთა ასოციაციის მიწვევით, მყინვარწვერის დასალაშქრად იმყოფებოდა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 5 047 მეტრია… 3-დღიანი მოგზაურობის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე გამოცდილ მთამსვლელთან ერთად მყინვარის გარშემო მთები და პლატო დალაშქრა.“ იგი მარტო არ ყოფილა – ლაშქრობის მძიმე და საპატიო ხვედრი მასთან ერთად რუს საზოგადო მოღვაწე ანდრეი ილარიონოვსა (კარგი რუსეთის წარმომადაგენელსა) და გოგა ხაჩიძესაც გაუზიარებიათ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას არც ის დაუმალავს, რომ ჩვენს პირველ პირს ბეთლემის ტაძარიც მოულოცავს (41 00 მეტრის სიმაღლეზე!). ამ თავგანწირული მსვლელობისას კი პრეზიდენტმა გაგვიმხილა, რომ საქართველოს 20 მილიონი ტურისტის გასტუმრების პოტენციალი აქვს. თუ გავიხსენებთ, რომ აქამომდე გვაჯერებდა, ჩვენი ოცნების ზღვარი 10 მილიონი ტურისტიაო, როგორც ჩანს, სამშობლო მთებმა შთააგონა, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, 20 მილიონ ტურისტსაც სავსებით თამამად დავაკმაყოფილებთ.
მაგრამ, სანამ ჩვენ იმას ვანგარიშობდით, 10 მილიონს მოვიზიდავთ თუ ძალები 20 მილიონზეც გვეყოფა, გაირკვა, რომ 1936 წლის 11 აგვისტოს ქართველ ალპინისტებს სტალინის სახელობის რაიკომში შემდეგი შინაარსის რადიოგრამა (ნომრად 21) გამოუგზავნიათ: „ ამხ. ლავრენტი ბერიას სახელობის ალპინისტების ჯგუფმა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობებმა, 9-კაციანი შემადგენლობით დალაშქრეს ყაზბეგის მწვერვალი. თან ჰქონდათ ამხანაგ ბერიას ბარელიეფი, ამხანაგების, სტალინისა და ვოროშილოვის ბიუსტებთან ერთად. ამხანაგები თავს მხნედ გრძნობენ.“
მოკლედ, ოცია თუ ათი, არაფერია ახალი ამ ცოდვილ მზისქვეშეთში.