„როგორმე ქარმა თუ მიმატოვა“
ღრუბლებისა და ცოდვილი მიწის ლოგიკა
მაშინ, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ღრუბელთა სიახლოვეს 5 000-მეტრიან სიმაღლეებს ლაშქრავს ისეთი კეთილშობილური მოტივით, როგორიც ტურისტთა მოზიდვაა, აქ, ცოდვილ მიწაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტაცია, სხვათა შორის, იმავე ზეამაღლებული მოტივით, ტაქსის მძღოლებს ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს.
თუმცა, განსხვავება ღრუბლებისა და მიწის მოტივაციებს შორის მაინც არის: თუკი იქ, ზემოთ, ტურისტების მოზიდვაზე მუშაობენ, აქ, ქვემოთ, ტაქსისტების გადამზადებას ტურისტთა მოზღვავების გამო ცდილობენ.
სახელდობრ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განმარტავს, რომ „ახალი ინიციატივა უცხოელ ტურისტთა გაზრდილ რაოდენობას უკავშირდება. პროექტის მიზანი სერვისის გაუმჯობესება და მძღოლთა საქმიანობის ხელშეწყობაა.“
თუკი ჩვენებური ტაქსისტები (ვითომ ორ-ორი დიპლომი არ ეყოფოდათ), კურსებს წარმატებით გაივლიან, სერტიფიკატსაც მიიღებენ და, ზედაც, თავიანთ ტაქსიზე დასამაგრებელ ნიშნულსაც: English Speaking Driver. ხოლო, იმ მძღოლებს, ვინც უკვე ფლობს ამ საერთაშორისო ენას, სერტიფიკატსაც და ნიშნულსაც ოდენ გასაუბრების შედეგად გადასცემენ.
უდავოა, რომ ინიციატივა საშური და მისასალმებელია, თუმცა, თუ ცოტა მზე არ წაგვეშველა და როგორმე ქარმა არ მიგვატოვა, სულაც რომ ფეხშიშველებმა დავლაშქროთ ეს ჩვენი კავკასიონი და დედაწულიანად გავსხლათ ბერნსის პოეზია, არ გვიწერია სატურისტო ბედნიერება.