კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გულშემატკივარი მარო ბიცოლა, ბებიას გამოგზავნილი ღორი და წიგნიდან მოპარული ფული

როგორ იწყება „თავდავიწყება“

ახლა იმას გიამბობთ ორიოდ სიტყვით, როგორ ვიწყებდი მარტვილელი ბიჭი მზადებას მსოფლიოს ჩემპიონობისთვის.

თბილისში რომ ჩამოვედი, ფეხბურთელობას ვაპირებდი, მაგრამ მერე და მერე ჭიდაობას უფრო დავუმეგობრდი. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. დედამ საბანი გამომატანა ჩემი ზომის, მაგრამ მე გავიზარდე, საბანი კი დაპატარავდა.  წელს ქვემოთ ვიფარებდი და რომ არ მყოფნიდა, საბანს პალტოს წავაშველებდი ხოლმე. ხო... ჩემი სოფლელი ქალი შემხვდა იმხანად ბაზარში – მარო. მომიკითხა, როგორ ხარ, წიეო. კარგად-მეთქი.

– ფეხბურთელი თუ გახდი, ფეხბურთელი, სკანი გოლუაფირო.

– არა, მარო ბიცოლა, ვჭიდაობ, მოჭიდავე ვარ-მეთქი. ტიიტუოოო, – გადაირია ქალი, – დედაშენს ჰგონია, ბურთს თამაშობ და შენ აქ მოჩხუბარი და მოჭიდავე გამოხვედი, მოგვჭერი თავი? – შეიცხადა. 

რას ვიზამდი? ასე და ასეა, მარო ბიცოლა-მეთქი. ქალმა კარგა ხანს ივიშვიშა. ბოლოს დამშვიდდა და „საიდუმლოდ“ მეკითხება:

– ნენა, რა ვუთხრა დედაშენს? ფარა ვარენო?..

– რა ფარა? – ვიუცხოე მომენტალურად.

– ფულს გაძლევენ – ხელფასს, მაგ ჭიდაობაში?

– კი, აბა, რა! აბა, ისე სადაა, ხელფასს მაძლევენ მშვენივრად (სადაა ხელფასი – „კაჩიგარიაში“ მოვეწყვე მაშინ მორიგედ და ბინის ქირას ძლივს ავუდიოდი).

– ხოხ! – კაი ყოფილა მაშინ მაგ! სამარგალოში თლა უფულოდ ჭიდაობენ ჩვენები... გავახარებ აპა დედაშენს, გავახარებ! – როგორც იქნა დამემშვიდობა მარო ბიცოლა და წავიდა. წავიდა და გაჰყვა ჩემი გული. „სასიხარულო“ ამბავი ჩაუტანია დედაჩემისთვის, – შენი ბიჭი, რომანი ყველას აქცევს (ერევაო) ჭიდაობაში და ხელფასი ჰქონია კიდო აუთვლელიო.

„ჩემო ენავ, ჩემი მტერი ხარ!“

... იმ დღიდან სახლიდან ფულადი დახმარება ცისკარას წყალივით შეწყდა...

ღორი და მამედა...

„მადა ჭამაში მოდის“ – 1966 წელია, გვარიანად მოვიდგი ფეხი... ერთი... ერთი ნახტომიღა დამრჩა და გასული ვარ ფონს. კარგი ცხოვრება მინდა, საქმე „წკიპზეა“ და ფულია საჭირო სასწრაფოდ, ფული... ფული... რომ არაა, რა ვიღონო?!

მხსნელად ბებია მომევლინა. უზარმაზარი, დაკლული ღორი გამომიგზავნა სამეგრელოდან. „გავყიდი ახლა საბურთალოს ბაზარზე ამ ღორს, ვიყიდი ქათმებს“... რავარი გასაყიდია? მაგრამ გვერდში ამომიდგნენ ძმები – ვოვა კანკავა და ღუღუნიშვილი. ვოვამ თეთრი ხალათი ჩაიცვა და „გამყიდვლად“ დადგა, ოღონდ მეზობელმა ქალმა იცნო:

– შენ ვოვა არ ხარ, ვოვა კანკავა?!

– რა ვოვა, რის ვოვა... მე მამედა არი, ტო, – „შეინიღბა“ ვოვა.

– არა, – არ ცხრება ქალი, – მამედა როგორ ხარ. თათარი ღორს არ გაყიდის, შენ ვოვა ხარ!

– ვა, კლეანუს, არა ვარ... გაიარე! – არწმუნებს ვოვა... ამ დროს ღუღუნიშვილი წამოეხმარა: „ჰა, ქალბატონო-ჯან, იღიდე თუ უნდა, არ უნდა და ჰაიდა, რაა! 

გაწბილებული ქალი უკანმოუხედავად გაიქცა.

ვის რისი რცხვენია

სასტუმროში ფული დამეკარგა. წიგნში მედო და უცხო ვერავინ წაიღებდა. თუმცა, ხელსაც ვერავის დავადებდი. ამიტომ თავი შევიკავე და მომავალ საკავშირო შეკრებას დაველოდე. მოხდა ისე, რომ სულ სხვა დროს და სხვა ვითარებაში, ისევ ისე განმეორდა. ამოვწერე შეკრებებში მონაწილეთა გვარები. მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ისეთი, ორივე შეკრებაზე რომ გვახლდა. ძაფის გორგლის ბოლო ხელში მეჭირა. ახლა იმ კაცს ხომ არ გავამხელ... შევედი მის ნომერში და თვალი თვალში გავუყარე:

– რაღაც ცუდ ფერზე ხარ, ავად ხომ არ ხარ? – ვეკითხები მაკარენკოსავით. ვატყობ, მართლა ეცვალა ფერი.

– მოდი, პულსს გაგისინჯავ... რამდენი გაქვს პულსი საერთოდ?

– 65-68, – მპასუხობს აშკარად შემკრთალი.

– თუ ცუდად ხარ, ექიმს გამოვუძახებ

– „ბივაეტ!“ – მითხრა აკანკალებულმა.

– „ბივაეტ ი ხუჟე... ნო ისპრავიტ მოჟნა!“ – ისევ გავუყარე თვალი თვალში და ვეცი მაჯაზე. პულსი – 120!

– რატომ, ვიტიოკ... რატომ! – „გავხსენი კარტები“.

– ნუ... რომან... – წავიდა წყლად საწყალი, – მჭირდებოდა, ძალიან მჭირდებოდა.

– მერე და, გეთხოვა, შე კარგო ადამიანო... რა, ადრეც ხომ გამიმართავს ხელი?

იცი, რა მითხრა? – თხოვნა შემრცხვაო.

რას იზამ... არსებობენ თურმე ისეთებიც – თხოვნა რცხვენიათ, ქურდობა – არა...

скачать dle 11.3