მკვდარი ვერსია
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N7-35(661)
ნიკას პალატაში შესულმა პროკურატურის წარმომადგენლებმა ერთგვარი უხერხულობა იგრძნეს ზურაბის დანახვაზე, მაგრამ, იხტიბარი არ გაიტეხეს და ღიმილით მიმართეს ავადმყოფს:
– ბატონო ნიკა, ჩვენ აქ სამი საათის წინ მოვედით. პოლიციელებმა კინაღამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს და გვინდოდა, ამის გამო ჩვენ მოგვეხადა ბოდიში, თან, რამდენიმე კითხვაც დაგვესვა თქვენთვის ჩვენს საერთო საგამოძიებო საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ, თქვენმა ექიმმა არ შემოგვიშვა – გვითხრა, სამი საათის შემდეგ მოდით, როცა ავადმყოფი გაიღვიძებსო. ამ სამ საათში კი იმდენი რამ მოხდა, რომ, კითხვების დასასმელად კი არა, უკვე იმის სათქმელად მოვედით, რომ ყველაფერი დასრულდა, ანუ, მკვლელი, უფრო სწორად კი – მკვლელობების დამკვეთი, დაკავებულია და ეს მარტო ჩვენი კი არა, პირადად თქვენი და ბატონი ზურაბის დამსახურებაცაა.
– მადლობელი ვარ, რომ შემამჩნიეთ და დააფასეთ ჩემი ღვაწლი, – ირონია გაურია ზურაბმა სიტყვებს – ისე კი, სიმართლე გითხრათ, მეც დაახლოებით იმისთვის მოვედი აქ, რომ ნიკასთვის საქმის გახსნა მეხარებინა.
ნიკა სიხარულისგან წამოწითლდა და სანამ კიდევ ვინმე რამეს იტყოდა, თვითონ დაასწრო:
– აბა, მე თუ მივხვდები... – მერე თვალები მოწკურა, ვითომ ფიქრობსო და პროკურატურის წარმომადგენლებს მიმართა: ალბათ, მთავარ როლში რუხაძეა.
– როგორ მიხვდით, ბატონო ნიკა? ნამდვილი ნათელმხილველი ხართ, – წაექლესა ერთ-ერთი, როგორც ჩანს, ყველაზე დაბალი ჩინის მქონე.
ნიკა აშკარად გააღიზიანა ასეთმა ღია მლიქვნელობამ, დამიცნავად შეხედა ამ სიტყვების მთქმელს, მერე კი ზურაბს მიმართა:
– ნანა როგორ არის?
– ნანას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ექიმებმა მითხრეს, ორიოდე კვირა მაინც მოუწევს საავადმყოფოში დარჩენა, მერე კი გავუშვებთო.
– ჩემი ბრალია, რომ ის ამ დღეში ჩავარდა. მისი ფული და აგარაკი? – ჩაეკითხა ნიკა.
– ორივე დაუბრუნდება, ოღონდ, ამასაც გარკვეული დრო დასჭირდება.
– როგორ გამოიჭირეთ რუხაძე? – ისევ ზურაბს მიმართა ნიკამ, თითქოს პროკურატურის წარმომადგენლები იქ არც კი ყოფილიყვნენ.
ჩინოსნებს აშკარად ეწყინათ მათი ასეთი იგნორირება, მაგრამ, არ შეიმჩნიეს, ის კი არა, ღიმილიც კი არ მოუშორებიათ სახიდან. იცოდნენ, ნიკას ამ მდგომარეობაში ყოფნა გარკვეულწილად მათი ბრალიც იყო და, ამიტომ ცდილობდნენ, წყენა არ გამოეხატათ.
– რუხაძის მიმართ ისედაც ბევრი სამხილი გვქონდა, მაგრამ, დაკავებულებმა დაკითხვაზე ისეთები დაფქვეს, სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა და ყველაფერი აღიარა, თუმცა, მაინც კარგა ხანს უარყოფდა ყველაფერს. სიმართლე გითხრა, ძალიან გაგვიჭირდა მისი გატეხვა. მაგრამ, საბოლოოდ, მისი ცოლი დაგვეხმარა.
– ცოლი?! – გაუკვირდა ნიკას, – ცოლმა მისცა ქმრის წინააღმდეგ ჩვენება?
– ჰო. როცა გაიგო, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა და იმ საყვარლისგან – ორი შვილი, აღარ დაინდო და აღარაფერი დამალა. სწორედ მან გაგვიყვანა მთავარზე.
– რა მთავარზე?
– იმაზე, რომ რუხაძე ნარკობიზნესში იყო ჩართული. ძალიან დიდი ფული დასჭირდა და ვა-ბანკზე წავიდა. თანამზრახველები თუ პაძელნიკები ჰყავდა „ჯი აი აიშიც“ და „ინტელგრუპჯორჯიაშიც“ და...
– ანუ, ცოლმა ქმარი სამუდამო ციხისთვის გასწირა?
– დიახ, ჩემო კარგო. ქალების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა ყველაფერს პატიობს ქმარს, ღალატის გარდა, – გაეღიმა ზურაბს.
– მე ცოლს არასდროს ვუღალატებ, – სიცილით თქვა ნიკამ, მერე კი ისევ ზურაბს ჰკითხა: მაინც, როგორ ათქმევინეთ, რომ დანაშაულის ამხელა ჯაჭვი მისი „აკინძული“ იყო?
– ცხადია, დამხმარეები ჰყავდა, მაგრამ, ყველაფრის სულის ჩამდგმელი თავად გახლდათ. ისე, ამ დონეზე რომ არ გაღორებულიყო, შეიძლება, მართლა ქვეშიდან გამომძვრალიყო. როგორ ნაძირალას არ შევხვედრივარ ცხოვრებაში, მაგრამ, ასეთს – არასდროს. მაპატიეთ და, უარესი თახსირი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. კუთხეში რომ მივამწყვდიეთ, ყველანაირად ცდილობდა, თავისი შავი საქმეები სხვებისთვის გადაებრალებინა და ისეთი ადამიანების გასვრას შეეცადა, ამ საქმეებთან კავშირიც რომ არასდროს ჰქონიათ, მაგრამ, არაფერი გამოუვიდა. სხვათა შორის, ახლაც გაოცებული ვარ, სად და როდის შეისწავლა ეს „კაგებეშნიკური“ მეთოდები. ჩვენ თანაკურსელები ვიყავით. მაგრამ, ეტყობა, სკოლის ასაკიდანვე ასწავლა ვიღაცამ თვალთვალი, დასმენა, ტყუილი კომპრომატების შეთითხვნა, რადგან, პირველი კურსიდანვე უკვე ასეთი იყო. მისი დაბეზღების წყალობით გარიცხეს მაშინ რამდენიმე საუკეთესო პროფესორი და არაჩვეულებრივი ადამიანი და, სხვათა შორის, მეც იმიტომ გამრიცხეს, რომ ერთ-ერთი ასეთი „ჩაშვების“ გამო ცხვირ-პირი ამოვუნაყე უნივერსიტეტის ტუალეტში და, რა თქმა უნდა, მეორე დღესვე ამიკრეს გუდა-ნაბადი. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოვახერხე იურიდიულზე ჩაბარება, თუმცა, არა აქ, არამედ, ურალის მთელის გადაღმა...
ნიკა აშკარად დაიღალა, მაგრამ ისე აინტერესებდა ყველა წვრილმანი, სული მოითქვა თუ არა, ზურაბის გამოკითხვა განაგრძო: ერთი ის გამაგებინეთ, ანდრო სირაძე რატომ მოაკვლევინა? საბუთების მიხედვით, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ნანა სირაძის ხელმოწერა იყო გაყალბებული, ბანკშიც და დაზღვევაშიც, ოფიციალურად ყველაფერი კანონის დაცვით იყო გაფორმებული და, როგორც სანიმუშო გადამხდელისგან, ყველა სარგებელს მიიღებდა, ასე არ არის?
– ასეა, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ანდრო სირაძემ შემთხვევით რაღაცა გაიგო რუხაძის შავბნელი საქმიანობის შესახებ და, მიუხედავად იმისა, რომ ანდრო არც დამუქრებია და არც შანტაჟისთვის მიუმართავს, რუხაძეს შეეშინდა და... მით უმეტეს, გირაოში ჩადებული ქონება გაცილებით მეტი იყო იმ თანხაზე, რაც სირაძემ გაიტანა, თანაც, ცოლი ვერაფერზე ვეღარ განაცხადებდა პრეტენზიას, რადგან ყველა საბუთზე მისი ხელმოწერა იყო დაფიქსირებული...
– ანუ, რუხაძეს ყველგან თანამზრახველი ჰყავდა?
– მკვლელობაში თანამზრახველი – არა მგონია, მაგრამ საკმაოდ მსუყე ლუკმებს ყველას უდებდა პირში და, შესაბამისად...
– ის ხომ არ გაგირკვევიათ, „ინტელგრუპჯორჯია“ რა მაქინაციებს ეწეოდა?
– მაგას, რომ მოვა, დოდო მოგიყვება, მით უფრო, რომ იქ თვითონ მუშაობდა წლების განმავლობაში. „ინტელგრუპჯორჯიას“ ცალკე მოუწევს სასამართლოებში სირბილი და იქიდანაც ბევრს გაუცვდება ციხის ნარების ხეხვით შარვალი უკანალზე, – ბრაზით თქვა ზურაბმა, – შემდეგ კი შერბილებული ტონით ჰკითხა: კიდევ რა გაინტერსებს?
– აბსოლუტურად ყველაფერი, თანაც – დაწვრილებით, ცნობისმოყვარეობა არ მასვენებს, – მიუგო ნიკამ.
– დაწვრილებით მოყოლას მთელი დღე-ღამე არ ეყოფა, ამიტომ, ჯობია, ამჯერად კონკრეტული კითხვები დაგვისვა, დაწვრილებით კი მაშინ გაეცნობი საქმეს, როცა აქედან გაგწერენ, – თქვა ზურაბმა.
– კონკრეტულადაც ყველაფერი მაინტერესებს. მაგალითად, რატომ მოკლეს ვერულიძე.
– ახლა ჩვენ მოგვეცით პასუხის გაცემის უფლება, ბატონო ზურაბ, – შეკავებული წყენით წარმოთქვა პროკურატურის წარმომადგენელმა, რომელიც ჩინით უფროსი უნდა ყოფილიყო, – თორემ, ისე გამოდის, რომ ჩვენ ამ ყველაფერთან არაფერ შუაში ვართ.
– კი ბატონო, ახლა თქვენ უპასუხეთ, არც მე მაქვს არაფერი საწინააღმდეგო, და დარწმუნებული ვარ, არც ნიკას, – ღიმილით დაუთმო ზურაბმა.
– დიდი მადლობა, – თავაზიანად თქვა ჩინით უფროსმა და ნიკას მიუბრუნდა, –რაც შეეხება ვერულიძის მკვლელობას, ამ შემთხვევაში ორი ვერსია არსებობს და დღეს-ხვალ დადგინდება, რომელია სწორი.
– რა ორი ვერსია?
– ერთი ის, რომ რუხაძემ გაიგო ვერულიძისა და სირაძის დაძაბული ურთიერთობა ნანა სირაძისა და ვერულიძის ეგრეთ წოდებული რომანის გამო და გადაწყვიტა, ეს მომენტი სათავისოდ გამოეყენებინა.
– ანუ? – ჩაეკითხა ნიკა.
– ანუ, ვერულიძე ისეთ გარემოებაში მოეკლა, რომ მისი და ანდრო სირაძის სიკვდილი ერთმანეთთან ყოფილიყო დაკავშირებული. კონკრეტულად კი, შექმნეს ისეთი სიტუაცია, თითქოს ვერულიძემ ჯერ ანდრო სირაძე მოკლა, შემდეგკი თავი მოიკლა.
– ეს ერთი ვერსია. მეორე ვერსია როგორია?
– მეორე ვერსიის მიხედვით, – განაგრძო პროკურატურის წარმომადგენელმა, – როდესაც რუხაძის მიერ დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა ანდრო სირაძე და ბინიდან გასვლას აპირებდა, სწორედ ამ დროს მოვიდა სირაძესთან ვერულიძე, რომელიც კარში შეეჩეხა მკვლელს, ან, უბრალოდ, დაინახა მისი სახე. ქილერმაც თავი დაიზღვია – ხომ შეიძლებოდა, ვერულიძეს პოლიციისთვის მიემართა და, შემდეგ, გამოძიების მსვლელობისას ისე მომხდარიყო, რომ ვერულიძეს ამოეცნო მკვლელი თუნდაც სურათზე?! მკვდარი ვერულიძე კი ვერაფერს ავნებდა, მით უფრო, თუ ქილერი თვითმკვლელობის ინსცენირებას მოაწყობდა.
– ჰო, პრინციპში, ორივე ვერსია მისაღებია, – ჩაილაპარაკა ნიკამ.
– დიახ, ორივე მისაღებია, მაგრამ რომელია ამათგან სწორი ვერსია, როგორც უკვე გითხარით, ამ დღეებში დავადგენთ. კიდევ რა გაინტერესებთ?
– როგორც ვიცი, ალექსანდრე ნინუაც იმავე ორგანიზაციებთან იყო დაკავშირებული, უფრო სწორად, მასაც დიდი თანხა ჰქონდა შეტანილი „ინტელგრუპჯორჯიაში“. ნინუაც, ისევე, როგორც სირაძე, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში მოკლეს. მისმა ოჯახმა კი ეს მკვლელობა, როგორც იტყვიან, „გადაყლაპა“ და არც სამშენებლო კომპანიაში შეტანილ უზარმაზარ თანხაზე გამოუთქვამს რამე პრეტენზია, მიუხედავად იმისა, რომ „ინტელგრუპჯორჯიამ“ ლამის ოფიციალურად გამოაცხადა – საერთოდ აღარ ვაპირებ არანაირი კომპლექსის აშენებას არც დიღომში და არც სადმე სხვაგან, რადგან, სათანადო ინვესტიციები ვერ მოვაგროვეო და არც აღებული თანხების უკან დაბრუნება დაუპირებია. კომპანიის მაქინაციები, ასე თუ ისე, გასაგებია, მაგრამ, თუ შეიძლება, ასე ითქვას, რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ ნინუას ოჯახის საქციელი?
– თუ გახსოვთ, ბატონო ნიკა, ნინუა სირაძეზე რამდენიმე ხნით ადრე მოკლეს. პირადად ნინუა სირაძესთან არანაირად არ იყო დაკავშირებული. ისინი, ალბათ, არც კი იცნობდნენ ერთმანეთს. მათ მხოლოდ ერთი ჰქონდათ საერთო – მკვლელობის იარაღი, ანუ, ორივე ერთი და იმავე იარაღით იყო მოკლული, ისევე, როგორც დიმიტრი გაბისონია.
– გაბისონიაზე მერე გკითხავთ. მანამდე კი ის მითხარით, ნინუასთან რა კავშირი ჰქონდა რუხაძეს?
– ნინუაც ნარკობიზნესში იყო რუხაძესთან ერთად და, როგორც ჩანს, რაღაც ვერ გაიყვეს. ნინუას თავიდან მოშორების შემდეგ კი რუხაძე მის ოჯახს დაემუქრა: თანხის მოთხოვნის ან რაიმეს გარკვევის მცდელობის შემთხვევაში, რუხაძე მთელ „შავ“ ინფორმაციას გაუგზავნიდა სამართალდამცველებს ნინუას შესახებ და მისი ოჯახი მთელ ბიზნესს დაკარგავდა.
– როგორ, რუხაძე, თანამდებობის პირი, პროკურორი, თვითონ მივიდა ნინუას ოჯახში, დააშანტაჟა და არ შეეშინდა, რომ შესაძლებელი იყო, ნინუას შვილს იქით მოეწყო მისთვის შანტაჟი?
– რუხაძე ნაძირალაა, მაგრამ, სულელი ნამდვილად არ არის. ცხადია, ის თვითონ არ მისულა ნინუებთან. იქ ისეთი კაცი გაგზავნა, ვისაც კარგად შეეძლო დაშინებაც და დარწმუნებაც.
ნიკა ცოტა ხანს გაჩუმდა. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს რაღაცის კითხვა უნდა და ვერ გადაუწყვეტიაო. ზურაბი მიუხვდა და შეეცადა, გაემხნევებინა.
– ნუ გერიდება, რაც გინდა, გვკითხე. ნებისმიერ შეკითხვაზე გაგცემთ პასუხს, თუკი, რა თქმა უნდა, გვექნება ამის შესახებ ინფორმაცია.
ნიკამ კიდევ ცოტა ხანს იყოყმანა და მერე მაინც გადაწყვიტა, ბოლომდე გაერკვია ყველაფერი, რაც აინტერესებდა, უფრო სწორად, რისი დადგენაც უნდოდა.
– ალბათ, გახსოვთ, იპოდრომზე ცხენიდან რომ გადმოვვარდი... – ნიკამ ყველას მოავლო თვალი და გაჩუმდა.
– ცხადია, გვახსოვს, – ერთხმად დაეთანხმნენ პროკურატურის წარმომადგენლები. ზურაბმაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
– ისიც გეხსომებათ, მაშინ სასწაულით გადავურჩი სიკვდილს, – განაგრძო ნიკამ.
ისევ ყველამ დაუქნია თავი. თითოეულ მათგანს აშკარად ეტყობოდა მოუთმენლობაც და ცნობისმოყვარეობაც – ერთი სული ჰქონდათ, გაეგოთ, რისი კითხვა უნდოდა კერძო დეტექტივს.
– ცოტა უფრო დაწვრილებით რომ შეგახსენოთ, იპოდრომის მეჯინიბემ, დიმიტრი გაბისონიამ, ყველაზე წყნარი და მშვიდი ცხენი შემირჩია, სახელად „ოსკარი“, რომელიც, როგორც მაშინ ითქვა, მანქანის სიგნალის, სინამდვილეში კი საყვირის ხმაზე დაფრთხა, გადმომაგდო და თვითონ ზემოდან დამეცა. მოგვიანებით დაადგინეს, რომ იმ საყვირს ბუჩქებს ამოფარებულმა დიმიტრი გაბისონიამ ჩაჰბერა სწორედ იმ მიზნით, რომ „ოსკარი“ დამფრთხალიყო და მე გადმოვეგდე, რასაც მისი გათვლით, ჩემი სიკვდილი უნდა მოჰყოლოდა... – ნიკას აშკარად დაეტყო აღელვება. ზურაბს შეეშინდა, ცუდად არ გახდესო, ამიტომ ანიშნა, გაჩუმდიო და თვითონ განაგრძო:
– ჰო, დიმიტრი გაბისონიამ სწორედ ამ მიზნით დააფრთხო ცხენი, მაგრამ, შენ გადარჩი. აი, გაბისონია კი სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ შენ არ მოკვდი.
– ეგ ყველაფერი ვიცი, მაგრამ, მე სხვა რამ მაინტერესებს, – ისევ დაიძაბა ნიკა.
– სხვა რაღა უნდა გაინტერესებდეს? – ვერ მიხვდა ზურაბი.
– რა და... – ნიკამ პაუზა გააკეთა, თითქოს ისევ ყოყანობდა, ეთქვა თუ არა, რაც ასე აწუხებდა, მერე კი სძლია თავს და განაგრძო: რა და, იმ დღეს იპოდრომზე დოდომ წამიყვანა – როგორც მაშინ მითხრა, სიურპრიზი მომიწყო... – ნიკა ისევ გაჩუმდა.
– მერე? – ვეღარ მოითმინა პროკურატურის ჩინით უმცროსმა წარმომადგენელმა.
– მერე ის, რომ, – სიტყვა ჩამოართვა ნიკას ზურაბმა, – ნიკას აინტერესებს, დოდოც ხომ არ იყო მათთან შეკრული, ანუ, იმიტომ ხომ არ წაიყვანა ის დოდომ იპოდრომზე, რომ, მომხდარიყო ის, რაც მოხდა, ოღონდ, ლეტალური შედეგით. სწორად ჩამოვუყალიბე შენი შეკითხვა? – მიუბრუნდა ბოლოს ნიკას.
– ჰო, სწორედ ეგ მაინტერესებს. მოსვენებას არ მაძლევს იმაზე ფიქრი, დოდო იმიტომ ხომ არ დამიახლოვდა, რომ რუხაძის დავალებას ასრულებდა? – ნიკამ დარცხვენილმა გახედა პროკურატურის წარმომადგენლებს, რადგან, თავი ვერ შეიკავა და მათი თანდასწრებით იკითხა ის, რაც მხოლოდ მისი იყო, პირადული.
– თავიდან ეჭვი ჩვენც გაგვიჩნდა და ყველაფერი ძალიან ფრთხილად გადავამოწმეთ, – ისე ჩვეულებრივი ტონით დაიწყო ზურაბმა, რომ უხერხულობა მაშინვე გაჰქრა, – მაგრამ, დანამდვილებით გავარკვიეთ, რომ დოდომ არაფერი იცოდა. დიმიტრი გაბისონია მეჯინიბე იყო, რომელსაც დოდო კარგად იცნობდა, რადგან, ხშირად დადიოდა იპოდრომზე და, როგორც მეჯინიბეს ჰკითხა, ჰყავდათ თუ არა მშვიდი ცხენი სრულიად გამოუცდელი მხედრისთვის. გაბისონიამ უთხრა, რომ სწორედ ასეთი ცხენი იყო ოსკარი. მერე კი ჰკითხა, ვინ იყო ის გამოუცდელი მხედარი – ქალი თუ მამაკაცი. დოდომ ქალურად დაიტრაბახა, რომ სიურპრიზის გაკეთება უნდოდა თავისი თაყვანისმცემლისთვის, რომელიც სტუდენტობიდან მოსწონდა და, ამდენი წლის შემდეგ, ახლახან შეხვდა შემთხვევით, მერე კი შენი სახელი და გვარიც უთხრა, ესეც იმიტომ გააკეთა, რომ, თუნდაც ვიღაც უმნიშვნელო მამაკაცისთვის ეთქვა, მარტო არ ვარო – ესეც სუფთა ქალური ამბებია. გაბისონიამ კი, რომელსაც უკვე დავალებული ჰქონდა რუხაძისგან შენი თვალთვალი და ხელსაყრელ მომენტში შენი უმტკივნეულოდ ლიკვიდაცია, შეატყობინა ეს ამბავი რუხაძეს და კონკრეტული შეკვეთაც მიიღო, რაც მისთვის კრახით დამთავრდა.
– მართლა? – გაუხარდა ნიკას, – ესე იგი, დოდო ნამდვილად არაფერ შუაშია?
– იმ დღესთან დაკავშირებით მართლა არაფერ შუაშია და, საერთოდაც, არც ერთ მკვლელობასთან არ არის არანაირ კავშირში.
– ამაზე სასიხარულოს, ალბათ, არაფერს მეტყოდი, – შვებით ამოისუნთქა ნიკამ.
– კიდევ დაგრჩა რამე გასარკვევი თუ ახლა მაინც ამოწურე ყველა კითხვა? –ღიმილით უთხრა ზურაბმა.
– კიდევ ბევრი რამის დადგენა მინდა, მაგრამ, ერთსაც გკითხავთ და მეტს აღარ შეგაწუხებთ, – კვლავ მორიდებით თქვა ნიკამ.
– მიდი, გისმენთ, – გაამხნევა ზურაბმა.
– რა როლს ასრულებდა ამ ყველფერში ფიფია და რატომ გამოიყვანა რუხაძემ ციხიდან გაბისონია და ზარქუა? თუმცა, რა დიდი მიხვედრა უნდა იმას, რომ ეს ორი კრიმინალი ქილერებად სჭირდებოდა.
– სწორად მიხვდი. ფიფია კი, უბრალოდ, პატივმოყვარე იდიოტი გამოდგა, რაც მშვენივრად გამოიყენა რუხაძემ.
– ანუ, ნინუას გარდა, ყველა დანარჩენი, ზარქუამ დახოცა? – დასაზუსტებლად იკითხა ნიკამ.
– ჰო, – მოკლედ უპასუხა ზურაბმა.
– გამოდის, რომ ნანა სირაძესაც ეგ ურეკავდა მუქარით, ჩვენი ბიჭებიც მაგან დახოცა და ნანას და დოდოსაც ეგ დაესხა თავს?
– ჰო, – ისევ ერთი სიტყვით გასცა ზურაბმა პასუხი.
– ანუ, მე სწორედ ზარქუას მივდევდი, პოლიციელებმა რომ მესროლეს?
– ზურქუას მისდევდით, ბატონო ნიკა, – დაეთანხმა პროკურორის წარმომადგენელი, – მაგრამ პოლიციელებმა ვერ გიცნეს და მკვლელი თქვენ ეგონეთ.
– სად არის ახლა ზარქუა, დაიჭირეთ? – ჰკითხა მას ნიკამ.
– ზარქუა ისევ რუხაძეს ეახლა ანგარიშის ჩასაბარებლად და იმ თანხის გამოსართმევად, რასაც რუხაძე შეჰპირდა, მაგრამ, ჩვენი პატივცემული პროკურორი სულაც არ აპირებდა არაფრის მიცემას და, მით უმეტეს, მიზეზიც ჰქონდა – ზარქუამ დავალება სრულყოფილად ვერ შეასრულა და ამიტომ ფულის მიცემაზე უარი უთხრა. ამაზე ისინი წაკამათდნენ და ზარქუა ჩაშვებით დაემუქრა. ამიტომ, რუხაძემ ზარქუა ერთი გასროლით მოკლა, თუმცა, ისედაც აპირებდა მის მოშორებას – რაში სჭირდებოდა ასეთი მოწმე?! – ამ სიტყვებთან ერთად, კარი გაიღო და პალატაში გაღიმებული დოდო შემოვიდა, – ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ამდენი მკვლელობის ერთდროულად გახსნას, – მერე ნიკას საწოლთან გაჩერდა და მზრუნველობით ჰკითხა: როგორ ხარ, ტკივილები აღარ გაწუხებს?
– მოკლედ, ისეთი დახლართული საქმეა, აგათა კრისტი და ჟორჟ სიმენონიც რომ ვერ მოიფიქრებდნენ, – ღიმილით თქვა ნიკამ, მერე კი დოდოს შეხედა გაბრწყინებული თვალებით, – მე თითქმის კარგად ვარ და მიხარია, რომ დღეს ასეთ ლამაზს გხედავ.
ზურაბიც და პროკურატურის წარმომადგენლებიც შეთანხმებულივით ერთდროულად წამოიშალნენ და ნიკას დაემშვიდობნენ.
– ხვალაც შემოგივლი, ყოჩაღად იყავი, – ხელი ჩამოართვა ზურაბმა, თვალი ჩაუკრა და პალატის კარისკენ გაემართა.
– შეიძლება, ნანა სირაძეს დავურეკო? – კითხვა დაადევნა ნიკამ.
– ახლა უკვე ყველაფერი შეიძლება, – ღიმილით უთხრა ზურაბმა, ხელი აუწია და პალატიდან გავიდა.
დოდო და ნიკა რამდენიმე წუთს უხმოდ შესცქეროდნენ ერთმანეთს. დოდოს ცრემლი მოადგა თვალებზე, ნიკას ხელი აიღო, ნაზად მოეფერა და უთხრა:
– მაპატიე. ჩემ გამო ჩავარდი ამ მდგომარეობაში...
– შენ ჩემ ადგილას სხვანაირად მოიქცეოდი?
– არა.
– ჰოდა, დაივიწყე. შენ კი არა, მე უნდა გთხოვო პატიება... – გაუბედავად უთხრა ნიკამ.
– პატიება?! რის გამო? – გაუკვირდა ქალს.
– რაღაც მომენტში შენში ეჭვი შემეპარა – მეგონა, რომ...
– შენ ადგილას მეც ასე დამემართებოდა, ამიტომ, შენც დაივიწყე, – გაუღიმა დოდომ და შუბლზე აკოცა.
– ხომ არ გეწყინება, ნანას ახლა რომ დავურეკო? – თითქოს ბოდიშს უხდისო, ისე ჰკითხა ნიკამ.
– არ მეწყინება, – გაეცინა დოდოს, – მით უმეტეს, რომ ახლა სწორედ ნანასგან მოვდივარ. მოკითხვა და მადლობა შემოგითვალა. თვითონაც უნდოდა, დაერეკა, მაგრამ, არ იცოდა, შეგეძლო თუ არა მასთან ლაპარაკი.
ნიკამ მობილური აიღო და ნანას ნომერი აკრიფა.
– გისმენთ! – გაისმა ოდნავ მისუსტებული ხმა.
– ნანა, ნიკა ვარ. როგორ ხარ?
– შენ როგორ ხარ? – ნანას ისე გაუხარდა ნიკას ხმის გაგონება, პასუხის გაცემაც კი დაავიწყდა.
– მგონი, ორივე გამოვძვერით, არა? – გაეხუმრა ნიკა.
– ჰო, ღვთის და შენი წყალობით. ძალიან მადლობელი ვარ შენი, ჩუმად უპასუხა ქალმა.
– ჩემი წყალობით საავადმყოფოში მოხვდი და კიდევ მადლობას მიხდი? სიმართლე გითხრა, აღარც კი ვიცი, რა ფორმით მოგიხადო ბოდიში. როგორც ჩანს, პროფესიონალობამდე კიდევ რაღაც მაკლია.
– ზედმეტად კრიტიკული ხარ საკუთარი თავის მიმართ, – თქვა ნანამ, მერე მცირე პაუზა გააკეთა და განაგრძო: მარტო იმიტომ არ ვარ შენი მადლობელი, ქონება რომ დამიბრუნდება, შენ მე ადამიანების მიმართ რწმენა დამიბრუნე... შენ და დოდომ... – ნანამ ღრმად ჩაისუნთქა და ოდნავ გასაგონი ჩურჩულით თქვა: ნიკა, ბოდიშიც უნდა მოგიხადო.
– ბოდიშს რატომ მიხდი, ნამუსზე მაგდებ?
– არა, დოდოს გამო გითხდი ბოდიშს, უფრო სწორად, იმ სიტყვების გამო, რაც ერთხელ მასზე გითხარი. მაპატიე... მაშინ ისე ვიყავი შეშინებული, ყველა მტერი მეგონა, არადა, დოდო მართლა ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, თბილი და მზრუნველი ვერც კი წარმოიდგენ, თავზე რომ მადგა, როგორ მივლიდა. ექიმებიც კი მისგან იღებდნენ პალატაში შემოსვლის ნებართვას.
– ძალიან მიხარია ამის გაგონება.
– და, კიდევ, მინდა ერთი რამეც იცოდე. შეიძლება, თვითონ ეს არასდროს გითხრას...
– რა „რამე“? – დაიძაბა ნიკა.
– დოდოს უყვარხარ...ისე, ჩვეულებრივად კი არა, თავგანწირვამდე უყვარხარ და ამას დაფასება სჭირდება...
– დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ნანა. შენც სხვანაირად დამანახვე ადამიანები. იმედია, მეგობრებად დავრჩებით.
– აუცილებლად. მე და დოდო უკვე დავმეგობრდით.
– რომ გამოვალ, გინახულებ. აბა, ყოჩაღად იყავი!
– შენც... – თქვა ნანამ და ტელეფონი გათიშა.
დოდოს და ნიკას ნანა აღარ უხსენებიათ – ერთმანეთს უხერხული სიტუაცია არ შეუქმნეს.
– შენს ექიმს ველაპარაკე და, მითხრა, ერთ კვირაში გავწერთ, მაგრამ, ყველაფერი უნდა შეასრულოს, რასაც ვეტყვითო.
– კიდევ რა გითხრა?
– კიდევ ის მითხრა, რომ კარგი მოვლა სჭირდებაო. ამიტომ, აქედან პირდაპირ ჩემთან წავალთ და მე მოგხედავ. სანამ ბოლომდე არ გამოგაჯანმრთელებ, სახლში არ გაგიშვებ.
– პირანიები თუ რაღაც მსგავსი თევზები კიდევ გყავს? – ჰკითხა ნიკამ და დოდოს სასიამოვნოდ გაუკვირდა, რომ ნიკამ მასთან წასვლა არ გააპროტესტა.
– არა, ყველა მოვიშორე თავიდან. არც ერთ სფეროში აღარ მინდა ძალადობა, ახლა მხოლოდ მშვიდობისმოყვარე თევზები მყავს და ორი პაწაწინა წყლის კუ, – სიცილით უთხრა დოდომ.
***
ერთი კვირის შემდეგ უკვე მოღონიერებული ნიკა დოდოსთან ერთად გამოეთხოვა ექიმებს. საავადმყოფოს კიბეებზე რომ ჩამოდიოდნენ, ნიკა ქალს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– იმ ჩვენს საქმესთან დაკავშირებით, იცი, რა მაინტერესებს? „ინტელგრუპჯორჯიასა“ და „ჯი აი აის“ მაქინაციები.
– ოო, ეგ და კიდევ ბევრი სხვა სიამოვნება წინ გელის. შეგიძლია, საქმის მასალებს დაწვრილებით ისე გაეცნო, რომ სავარძლიდან ფეხიც კი არ მოიცვალო.
– ეგ როგორ?
– ყველა მასალა მოვიპოვე და კომპიუტერში ავტვირთე.
– რანაირად მოიპოვე, მოიპარე?
– ეს უკვე პროფესიონალური საიდუმლოებაა, ჩემო კარგო, – გაეცინა დოდოს და მანქანის კარი გამოაღო.