ყველა კაცი ერთნაირია
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N12-35(661)
წინააღმდეგობის თეორია
ნინიმ კიდევ კარგა ხანს იწრიალა ფანჯარასთან. შენობიდან ყველა გაიკრიფა. ხვდებოდა, რომ ქვემოთ ჩასვლა აუცილებლად მოუწევდა. გიგისთან შეხვედრა გარდაუვალი იყო. ლიზამ ქმარს დაურეკა და მასთან გაიქცა. ნინი დარწმუნდა, რომ მარტო დარჩა თავის გასაჭირთან პირისპირ. ამოიოხრა და ჩანთა აიღო. რამდენჯერმე თითქოს „დააწყო“ გიგისთვის სათქმელი ტექსტი... სცადა, საკუთარი თავი ისე განეწყო, რომ ყოფილ შეყვარებულთან კატეგორიული და პრინციპული ყოფილიყო, მაგრამ, გული ისე უცემდა, ალბათ, სათქმელს თავს ვერ მოაბამდა... რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ღრმად ჩაისუნთქა და კარის სახელურს ხელი მოჰკიდა. კარი ერთბაშად, თითქოს თავისით გაიღო და ნინის წინ თომა აღიმართა. გოგოს პირველად გაუხარდა თანამშრომლის დანახვა.
– შენ აქ ხარ? არ წასულხარ? – აღმოხდა გულწრფელი აღფრთოვანებით.
– გავედი და შემოვბრუნდი... ქვემოთ შენი ყოფილი შეყვარებულია...
– მერე? – თვალები მოჭუტა ნინიმ.
თომა შეყოყმანდა, გოგოს მიაჩერდა და გაწითლდა.
– მითხარი, რადგან შემობრუნდი, – გაამხნევა ნინიმ.
– შენი და ლიზას ლაპარაკიც მოვისმინე, უნებლიეთ, რა თქმა უნდა. მოკლედ, მე ახლა ჩავალ და დაველაპარაკები იმას.
– მართლა? მერე, რას ეტყვი?
– ვეტყვი რაღაცას. ყოველ შემთხვევაში, შენ პრობლემას აღარ შეგიქმნის.
– მე პრობლემას ვერავინ შემიქმნის. ვერც ერთი მამაკაცი, – თქვა ნინიმ მოგონილი სიმშვიდით.
– ვიცი, შენ მაგარი ხარ, მაგრამ, მასთან შეხვედრა ხომ არ გინდა? ჰოდა, ვეტყვი, რომ შვებულებაში ხარ.
ნინი ჩაფიქრდა და თავი დაუქნია:
– კარგი. ეგ ვარიანტი მაწყობს. ოღონდ, ზედმეტი არაფერი წამოგცდეს. არ მინდა, თქვენი ჩხუბის მიზეზი გავხდე.
– ჩხუბი რა შუაშია, ეგ რამ გაფიქრებინა? რომელი ჩხუბისთავი მე მნახე... – თომას აშკარად გაუხარდა, ნინიმ ნება რომ დართო. ეს ნდობის გამოცხადებას ჰგავდა, – წავედი, აბა...
– მოიცადე. რომ გკითხოს, შენ რა იცი, მე ვის ველოდებიო? არა, არ გამოვა. ეჭვი შეეპარება, რომ სპეციალურად მიგაგზავნე. რამე უკეთესი მოიფიქრე.
თომამ შუბლი მოისრისა...
– ვერ გამოგივიდა ჩემი დახმარება, – ხელი ჩაიქნია ნინიმ.
– ერთად რომ გავიდეთ? იქნებ, ვერ შეგნიშნოს, ან, ჩემ გვერდით რომ იქნები, ვერაფერი თქვას?! მარტოს მაინც არ გაგიშვებ.
– შანსი მოგეცა და იყენებ, არა? – გაეღიმა ნინის.
– ამას რატომ ამბობ? – ეწყინა ბიჭს, – რა შანსს ვიყენებ, შენ რა იფიქრე? მე გულწრფელად შემოგთავაზე დახმარება. თუ არ გინდა, პრობლემა არ არის, – თომა კარისკენ შებრუნდა.
– კარგი რა, ნუ გწყინს. ცუდად გამომივიდა, – ნინი ბიჭთან მივიდა და მკლავზე მოჰკიდა ხელი, – ოო, ნუ იბერები, რა... შევრიგდეთ.
– მე არც გავბუტულვარ. ამას როგორ გავბედავდი? – თომამ ისე საწყლად გაიღიმა, რომ გოგოს გული შეუქანდა სიბრალულით. გაიფიქრა კიდეც, ნეტავი, რას ვუწუნებ ამ ბიჭსო და ამ ფიქრმა ლოყები შეუფაკლა.
– კარგი, ერთად გავიდეთ. შენთან წამოვალ. თუ გინდა, სადმე ყავაც დავლიოთ.
– მართლა? – თომას თვალები გაუბრწყინდა, – არ ხუმრობ?
– რატომაც არა?! სადმე წყნარი, მყუდრო კაფე შევარჩიოთ. აქ დგომასა და ლოდინში მომშივდა კიდეც.
ბიჭმა მკერდზე მიიდო ხელი:
– ნინი, ახლა გული გამისკდება.
– ჯერ არა, რა... ჯერ ვჭამოთ, მჭირდები, – გადაიკისკისა გოგომ და ოთახიდან მასთან ერთად ხელმკლავით გავიდა...
გიგი იქვე, შენობის მთავარ შესასვლელთან იდგა. წყვილი მაშინვე დაინახა და რამდენიმე წუთი გაოგნებული უყურებდა. ქალში გაჭირვებით ამოიცნო ნინი. სიგარეტი გადააგდო და მათთან მივიდა.
– ვაა, ნინი?! ეს შენ ხარ? გავშტერდი... იმიჯი შეიცვალე? თურმე, რატომ მეუბნებოდი უარს შეხვედრაზე... ესე იგი, ჩემი დასჯა ასე გადაწყვიტე? მასულელებდი?
ნინიმ შეუბღვირა და ზურგი შეაქცია. მის ნაცვლად თომა გამოეპასუხა:
– თავი დაანებე ნინის, არ უნდა შენთან ლაპარაკი.
გიგიმ დამცინავი მზერა შეავლო თომას:
– ოჰ, შენ ვინღა ხარ? ნინი, პირადი მცველი აიყვანე? ისე, გჭირდება, მაგარ ფორმაში ხარ. წინააღმდეგი არ ვარ, ურთიერთობა აღვადგინოთ. მომწონს ახალი ნინი. აბა, რას იტყვი?
– შენ რა, ვერ გაიგე? ნინის შენთან ლაპარაკი არ უნდა. შეეშვი და სხვა მოძებნე.
გიგიმ ისევ გაიცინა და ნინის შეჩერება სცადა. თომამ სწრაფად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და გიგისა და გოგოს შორის ჩადგა.
– ნინი, უთხარი რამე ამ შენს რემბოს, აუხსენი, ვინ ვარ, – წარბი შეიკრა გიგიმ, – თორემ, ახლა მართლა გავბრაზდები!
ნინი შემობრუნდა.
– თომა რემბო არ არის. ჩემი შეყვარებულია და, გირჩევ, წახვიდე. მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. არც ურთიერთობის აღდგენას ვაპირებ. მშვიდობით!
გიგი გაწითლდა, მაგრამ, არ შეიმჩნია. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო და მხრები გულგრილად აიჩეჩა.
– კარგი. გაგეცლებით, მტრედებო. ჟღურტულში ხელს აღარ შეგიშლით. ნინი, მაინც დაფიქრდი, მერე არ ინანო.
ნინის მისთვის არც შეუხედავს. ერთი ხელი თომას მოჰკიდა, მეორე პირველივე ტაქსის დაუქნია...
***
ზუკამ შორიდანვე დაინახა ლიზას მანქანა, წამოხტა და ხელების ქნევით წინ გადაუდგა. მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა და გაჩერდა. თითქმის იმ წამსვე გაიღო კარი და აღშფოთებულმა ქალმა მთელი ხმით უყვირა:
– შენ რა, გაგიჟდი? ბორბლებში მივარდები? აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
– შენ გელოდები, – წყნარად თქვა ზუკამ. მანქანასთან მივიდა და ლიზას ორივე ხელი დაუჭირა. ქალი გაუძალიანდა:
– მგონი, სულ გასულელდი! ახლავე გამიშვი ხელი და წადი აქედან. შენი დანახვაც არ მინდა...
– არსადაც არ წავალ. რას ნიშნავს, ჩემი დანახვა არ გინდა? რით ვერ გაიგე, რომ მიყვარხარ, თანაც, ძალიან? უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია. მე თვითონ დაველაპარაკები შენს ქმარს.
ლიზას გული გადაუტრიალდა შიშით და გაკაპასდა:
– იდიოტო! მე აღარაფერს მეკითხები? არ გაბედო ჩემს ქმართან შეხვედრა! ეგ სისულელე მეორედ აღარ გაიმეორო და, საერთოდაც, მე შენთან ყველაფერი გავარკვიე. არ მიყვარხარ, არც არასდროს მიყვარდი. რაც იყო, მორჩა და დაგემშვიდობე. როგორ ბედავ და ჩემს სახლთან როგორ მოდიხარ, ან მისამართი როგორ გაიგე, ვინ გითხრა?
– შენთან, ვიყავი სამსახურში, ვუთხარი, კლიენტი ვარ-მეთქი და მომცეს მისამართი.
ლიზა გაანჩხლდა.
– თავხედო! ეს როგორ გააკეთე, ჩემს სამსახურში რატომ მიხვედი? ვინ მოგცა ამის უფლება? ხომ იცი, რომ ქმარი მყავს, რომელთან განქორწინებასაც არ ვაპირებ? გასაგებად არ გითხარი?
– შენ რა მითხარი, ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. ტელეფონს არ პასუხობდი, დაიკარგე... ლამის გავგიჟდი. მეტი აღარ შემიძლია. არ მძინავს, ვერ ვჭამ... სულ შენზე ვფიქრობ... არანორმალურად მიყვარხარ... შემიძლია, აქ, შუა ქუჩაში დავდგე და მთელი ხმით ვიყვირო – მიყვარხარ!
შეშინებულმა ლიზამ სწრაფად ააფარა ხელისგული პირზე და მიმოიხედა.
– ჩაჯექი მანქანაში, ახლავე! – უბრძანა კატეგორიული ტონით.
ბიჭი უსიტყვოდ დაემორჩილა. ლიზამ მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და იქაურობას გაეცალა. რამდენიმე კილომეტრი გაიარა და კორპუსებს შორის, მოფარებულ ადგილას გააჩერა. ზუკამ დრო იხელთა და მოეხვია. ლიზამ ისეთი სილა გააწნა, ლაწანის ხმა ექოდ გაისმა.
– ნამდვილი იდიოტი ხარ. პრობლემებს მიქმნი. ფეხებზე მკიდია, გიყვარვარ თუ არა, ეგ ჩემი საქმე არ არის. თავი უნდა დამანებო. აღარასოდეს დამირეკო და, მოკლედ, გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, აღარ მჭირდები!
ზუკამ ჯიუტად გააქნია თავი:
– არ გამოვა. მე მჭირდები.
– ღმერთო, შენ ვინ ყოფილხარ... – ხელები გაასავსავა ლიზამ, – უნდა გამაგიჟო? რა გავაკეთო, რომ თავი დამანებო?
– იცი, როგორ მომენატრე? – ბიჭს თვალები ცრემლებით აევსო, – გეხვეწები, უფლება მომეცი, რომ მოგეფერო. ძალიან გთხოვ.
ქალმა ამოიოხრა:
– თუ მოფერების უფლებას მოგცემ, თავს დამანებებ?
– არ ვიცი, ვერ დაგპირდები.
– ახლავე გადადი ჩემი მანქანიდან! – იყვირა ლიზამ, – ახლავე!
– ნუ მიყვირი. ოღონდ ახლა არ გამაგდო და ყველაფერზე თანახმა ვარ.
– ჰო? მაძლევ პირობას?
– მაშინ, შენც დამპირდი, რომ სერიოზულად იფიქრებ ჩემზე.
– ვიფიქრებ, მაგრამ, სანამ მე არ შეგეხმიანები, შენ არც უნდა დამირეკო და არც სამსახურში მომაკითხო. ჩემი სახლის გზა კი საერთოდ დაივიწყე, – გააფრთხილა ლიზამ.
– ესე იგი, ამ ღამეს ჩემთან გაატარებ?
– არა, ღამე სახლში უნდა გავატარო, ქმართან, – ლიზამ გადაწყვიტა ცოტა ეეშმაკა, – მომისმინე, მეც მინდა, ქმარს გავშორდე, მაგრამ, დრო მჭირდება. ახლა რომ ვუთხრა და ისიც გაიგოს, რომ შენ გხვდები, ყველაფერს წამართმევს – სახლს, მანქანას, ანგარიშს დამიხურავს ბანკში. იმ ასაკში არ ვარ, ნულიდან დავიწყო ცხოვრება.
– მე არაფერს მოგაკლებ, – წამოიძახა ზუკამ.
– შენ აზრზეც არ ხარ, ქალს რამდენი რამ სჭირდება, მით უმეტეს, ჩემნაირ ქალს. ამიტომ, ცოტა მაცადე და ყველაფერს მოვაგვარებ.
– არ მატყუებ? – ზუკამ მუდარით ჩახედა თვალებში.
– არა, – თავი გააქნია ქალმა, – მეც მომწყინდა ასეთი არეული ცხოვრება. თან, ვატყობ, ისე აღარ ვუყვარვარ. მაგრამ ჯერ ვერ წამოვალ მისგან. იცოდე, შენ გამო თუ დამენგრა ცხოვრება არ გაპატიებ!
– დაგიჯერებ, – მორჩილი ბავშვივით დაეთანხმა ზუკა, – ოღონდ, შენს უნახავად დიდხანს ვერ გავძლებ.
– ისევ თავიდან იწყებ? იცოდე, მართლა გადაგაგდებ მანქანიდან.
– მორჩა, ჩუმად ვარ. ღმერთო, როგორ მიყვარხარ... – ბიჭმა წელზე მოხვია მკლავი და თავისკენ მიიზიდა.
– მოიცადე, აქ არა... კუს ტბაზე ავიდეთ... – გაუძალიანდა ქალი, თავი გაითავისუფლა და ძრავა ჩართო, – მაქსიმუმ ერთი საათი მაქვს დრო...
***
გიგიმ გულმოსულმა მიაგდო მობილური ტელეფონი და სახე ბალიშში ჩარგო. ზუკა არ პასუხობდა. „როცა მჭირდება, სწორედ მაშინ იკარგება. იდიოტია, რა! ახლა მაინც სად არის? შვიდი საათი სრულდება. სამსახურიდან კი ხუთ საათზე წავიდა...“
კარზე კაკუნი მოისმა.
– ვინ არის?
– გიგი, შვილო, ხაჭაპური გამოვაცხვე. შემოგიტანო? კომპოტიც გვაქვს, – იკითხა ქალის ხმამ მორიდებით.
– დედა, ხომ გითხარი, არავინ შემაწუხოთ-მეთქი? რა ხაჭაპური და კომპოტი აგიტყდა, ხუთი წლის ბავშვი ვარ? – იბღავლა გიგიმ მთელი ხმით და კარს ბალიში ესროლა.
ზუკამ ორი საათის შემდეგ დარეკა. მხიარული და ბედნიერი ხმა ჰქონდა. ამან გიგი უარესად გააღიზიანა:
– სად ხარ, ბიჭო, ტელეფონს რატომ არ პასუხობდი? გეტყობა, კარგ გუნებაზე ხარ.
– ჰო, არა უშავს. სახლში ხარ? ამოვალ შენთან.
– კარგს იზამ. სალაპარაკო მაქვს. არ იზოზინო შენებურად, დროზე ამოდი და რამე დასალევიც ამოიყოლე.
– ლუდი? ისეც ვაპირებდი, – გაიცინა ზუკამ.
– რა ლუდი? რამე უფრო მაგარი. არაყი ან კონიაკი, – გამოსცრა გიგიმ.
– რა მოხდა, ხომ მშვიდობაა?!
– ამოხვალ და გეტყვი.
ზუკა ოცი წუთის შემდეგ უკვე გიგის ოთახში იჯდა, ორი ბოთლი არყითა და ჩიპსებით ხელდამშვენებული. მეგობრის ჩაწითლებულმა თვალებმა და არეულმა სახემ გააოცა.
– რა გჭირს, იჩხუბე?
– არა. თუმცა, აჯობებდა, რომ მეჩხუბა. დავაპირე კიდეც, მაგრამ, იმ მუტრუკს მარტო ვერ მოვერეოდი. არც ერთი ქალი არ ღირს იმად, რომ ერთი თვე ტრავმატოლოგიურში გაატარო.
– მოიცა, მოიცა, ვინ მუტრუკი, რა ტრავმატოლოგიური, წესიერად გამაგებინე, რა მოხდა?
– დღეს ნინისთან ვიყავი... აზრზე ხარ, ტო? ვიღაც კუნთებიანთან ერთად გამეჩითა.
ზუკამ პირი დააღო:
– ნინი გათხოვდა?
– გათხოვდა არა... – გიგი უსიამოვნოდ შეიჭმუხნა, – ვერ წარმოიდგენ, როგორ მომინდა, იმ წუთში მისი გალახვა. ფეხები ჩამომაწყდა ლოდინით.
– ვის ელოდებოდი და სად?
– რა ვერ გაიგე, ბიჭო! ნინის მივაკითხე სამსახურში, მაღლა არ ავსულვარ. ვიფიქრე, დამინახავს და გადაირევა-მეთქი. ხომ იცი, რა თავმოყვარე ვარ. ერთი-ერთზე მინდოდა დავლაპარაკებოდი.
– რატომ? მოგენატრა?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ბოლო-ბოლო, ხომ უნდა გამერკვია ჩვენი ურთიერთობა?
– რომელი ურთიერთობა, შენ ხომ მიატოვე? – მოულოდნელად გაცხარდა ზუკა.
– ნინის ადვოკატობას იბრალებ? – გადაირია გიგი, – ყოჩაღ, მე კიდევ შენი იმედი მქონდა. არც ისეთი ანგელოზია, როგორიც გგონია. მით უმეტეს, შენი დაცვა, არაფერში სჭირდება. უპოვია უკვე დამცველიც და ჩემი შემცვლელიც.
– აბა, შენ რა გეგონა, ტირილით დაისიებდა თვალებს და ლოყებს ჩამოიკაწრავდა? შენც ხომ აბამდი ვიღაც ნაშას?
– ჰმ, ვაბამდი, – თავი გადააქნია გიგიმ და არყიანი ჭიქა პირში გადაიმხო, – ეგ ნაშა ვინ გამოდგა, იცი? თავად ქალბატონი ნინი – თმის ფერი შეუცვლია, ლინზები ჩაუდგამს... ერთი სიტყვით, მასულელებდა. მეც მაგარი შტერი ვარ, როგორ ავყევი... სამაგიერო გადამიხადა გოგომ. უნდა ნახო, რა ვიდზეა. ახლა აღარ ვჭირდები. ოხ, ეს ქალები, ყველა ერთნაირი როგორაა...
– მე კი დღეს ლიზა ვნახე, – გაიბადრა ზუკა და არაყი ოდნავ მოწრუპა.
– ვაი შენს პატრონს! – ხელი ჩაიქნია გიგიმ. თავისი ჭიქა ისევ შეივსო და ბოღმით ჩაილაპარაკა: არ ვაპატიებ ნინის ამას...
გაგრძელება შემდეგ ნომერში