კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-35(661) 

ციხიდან ერთი კვირის გამოსული ვიყავი, როდესაც ლაშამ და ლევანმა საშინელი ამბავი მაცნობეს. მეძინა. ძალიან ციოდა და მიუხედავად იმისა, რომ ოთხი პლედი მეფარა, ძილშიაც ვგრძნობდი იანვრის სუსხს. მთელი ღამე ვასია ბრილიანტი მესიზმრებოდა, რომელიც რაღაცას მეუბნებოდა, თითქოს ინფორაციას მაწვდიდა, მაგრამ ვერაფერს ვგებულობდი. ძლიერი ბრახუნის ხმამ გამომაღვიძა. თვალი რომ გავახილე, ცხრას თხუთმეტი წუთი აკლდა. გაბრაზებული ავდექი, კარი გავაღე და გაფითრებული ლაშა და ლევანი დავინახე შეშლილი სახეებით. მივხვდი, ცუდი ამბავი მოიტანეს. ისინი ჯერ სახლში შემოვიყვანე და მერე ვკითხე:

– რა მოხდა?

– ბერძენა მოკლეს! – მითხრა ლევანმა.

ასეთ საშინელ ამბავს ნამდვილად არ ველოდი. ამიტომ ელდა მეცა და ნიკაპი ამიკანკალდა. რის ვაი-ვაგლახით სიგარეტი ამოვაცურე კოლოფიდან. რომ გავაბოლე და ცოტა ძალები მოვიკრიბე, ვიკითხე:

– როდის, სად?

– გუშინ, საბურთალოზე. პანაშვიდიდან გამოვიდა და მანქანაში რომ ჯდებოდა, ვიღაც ნიღბიანებმა ავტომატებიდან ჩაცხრილეს, – – მითხრა ლევანმა. 

იმ პერიოდში ბერძენა ლენინგრადში ცხოვრობდა. საქართველოში რომ სიტუაცია აირია, ბესპრეძელს გაერიდა და დროებით ლენინგრადში დასახლდა. მე სროკზე ვიმყოფებოდი და ის ლენინგრადიდან მიგზავნიდა გრევებს და მაყუთს. თბილისში ბერძენა ერთი ჩვენი ძმის დასაფლავებაზე ჩამოვიდა და როგორც ეტყობა, ჩემთან რომ მოდიოდა, მაშინ ჩაცხრილეს.. ბერძენას მკვლელობის მიზეზი მალევე დადგინდა. გავიგეთ შემკვეთისა და შემსრულებლების ვინაობებიც და დღესდღეობით ყველა დიდი ხნის ტრუპია...

– თქვენ ვინ გითხრათ ბერძენას ამბავი? – იმ იმედით ვკითხე, იქნებ ეშლებათ-მეთქი.

– საბურთალოელებმა. წეღან დაგვირეკეს. ზუსტი ინფორმაციაა – ნაღდად ბერძენაა მოკლული, – მითხრა ლაშამ. 

ნახევარი საათის შემდეგ, ბიჭებთან ერთად უკვე მორგში ვიყავი, სადაც უმოწყალოდ დაცხრილული ბერძენას ცხედარს ექსპერტიზას უტარებდნენ. იქვე იმყოფებოდა ნახევარი თბილისი, რომელთა შორის მხოლოდ ორნი ვიყავით ქურდები. ასევე უამრავი ადამიანი შეიკრიბა ბერძენას დაკრძალვაზე. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ოცდაათამდე ქურდი ჩამოვიდა, რომელთა უმრავლესობა იმ დღესვე უკან გაემგზავრა. იქ იყო ბერძენას მკვლელობის შემკვეთიც, რომელიც დიდად დამწუხრებული ჩანდა და ვერც კი იფიქრებდი, რომ ბერძენა მან მოაკვლევინა.

კოტიკო ბერძენიშვილი მთაწმინდიდან გავასვენეთ, კუკიაზე დავკრძალეთ თავის მშობლებთან და ერთ პატარა რესტორანში გავშალეთ ქელეხის სუფრა, რომელსაც ყბედალო თამადობდა. ქელეხის შემდეგ მე და ყბედალო ერთად დავბრუნდით მთაწმინდაზე და გზაში ბერძენასთან დაკავშირებულ ამბებს ვიხსენებდით. ჩვენთან ერთად ლაშა და ლევანიც იმყოფებოდნენ. ოთხივე ჩემთან შევიკრიბეთ და ბერძენას მოსაგონარი სუფრა ჩემთანაც გავშალეთ.

პირველი სადღეგრძელო რომ შევსვით მე და ყბედალომ, ბიჭები ფეხზე წამოდგნენ და სანამ ისინიც დალევდნენ, ლაშამ თქვა:

– გოგი ბიძია, ზურა ბიძია, სანამ ცხონებულ ბერძენას შესანდობარს ვიტყვით, სიმთვრალეში ნათქვამი რომ არ გამოგვივიდეს, ერთი აბიავა გვაქვს.

„აბიავა,“ ქურდულ ჟარგონზე განცხადების გაკეთებას ნიშნავს.

– რა აბიავა? გისმენთ – უთხრა ლაშას ყბედალომ, რომელიც იმავდროულად, მისი ნათლია იყო. ლაშა თავისი ნათლიის ოთახში ცხოვრობდა, მის საწოლში ეძინა და იმ ავეჯით სარგებლობდა, რომლითაც ბავშვობაში – ზურიკო ტაბიძე.

– აქ ორი ქურდი ხართ და მე და ლევანი საქმის კურსში გაყენებთ, რომ ქურდობა გვინდა, – თქვა ლაშამ. შემდეგ ჭიქა ასწია და სანამ შესვამდა, დააყოლა – ბერძენას ხსოვნა იყოს. ღმერთმა აცხონოს მისი სული.

იგივე გაიმეორა ლევანმაც.

– რას იტყვი, ნათლიმამ, როგორ შეაფასებ შენი ნათლულის აბიავას? – ვკითხე ყბედალოს, რომელმაც თავი გააქნია და მითხრა:

– უსერიოზულესი განცხადებაა და არ ველოდი, არ მეგონა, თუ ის ამ გზას აირჩევდა. მართალია, ნათლია ვარ, მაგრამ რომ ვნათლავდი, ქურდობა ნამდვილად არ დამინათლავს მისთვის. ბავშვობაში ისეთი მოღუნული ფეხები ჰქონდა, მეგონა, ფეხბურთელი გამოვა-მეთქი და მამაო რომ მირონს სცხებდა, გუნებაში ვიმეორებდი: „ფეხბურთელობა და „გურიაში“ თამაში დაუბედე-მეთქი“.

ყბედალოს სიტყვებს „გურიაში“ თამაშის შესახებ, რა თქმა უნდა, სწორად ჩავწვდი, ბიჭები კი ვერ მიხვდნენ და ლევანმა ჰკითხა:

– რატომ „გურიაში“, ზურიკო ბიძია? ყველა ხომ თბილისის „დინამოში“ თამაშზე ოცნებობდა?

ყბადალოს ჩაეცინა და ლევანს ნახევრად ხუმრობით მიუგო:

 – კი, „დინამოში“ თამაში უნდოდათ, მაგრამ „დინამო“ მილიციის გუნდი იყო და მე – ქურდი კაცი ჩემს ნათლულს გაძაღლებას ხომ არ დავანათლავდი?

– ჰოდა, იმიტომაც აირჩია ქურდობა, – ვიხუმრე მე და მერე უკვე სერიოზულად განვაგრძე, – ლაშას და ლევანისგან კი ვიცოდი, რომ ქურდულ ცხოვრებას აპირებდნენ, მაგრამ აბიავა სულ სხვაა, როდესაც ასეთ რამეს ორ ქურდს უცხადებენ, თავისთავად, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. ამ ბიჭებს ორი კვირაა ვიცნობ და მათზე ცუდი აზრის არ ვარ, მაგრამ ქურდული ცხოვრება სულ სხვაა. მათ მე ამის შესახებ უკვე ვუთხარი და შემიძლია, კიდევ გავუმეორო.

– შენ ფიქრობ, რომ ვერ გაქაჩავენ? – მკითხა ყბედალომ.

– მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ კარგად უნდა დაფიქრდნენ, ყველაფერი აწონ-დაწონონ და ოფიციალური აბიავა მერე გააკეთონ, – მივუგე ყბედალოს და ბიჭებს მივუბრუნდი:

– ჩვენი კანონებით, როცა ასეთი აბიავა კეთდება, ვალდებულები ვართ, თქვენ შესახებ სხვა ქურდებიც ჩავაყენოთ საქმის კურსში და ამის მერე უკან დასახევი გზა უკვე აღარ გექნებათ,  უმკაცრესი ქურდული კანონებით მოგიწევთ ცხოვრება. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით და აბიავაც მერე გააკეთეთ.

– გოგი ბიძია, ჩვენ მართლა კარგად დავფიქრდით და აბიავაც იმიტომ გავაკეთეთ. ასი წლის მერეც იგივეს ვიტყვით, ამიტომ აზრი არ აქვს გადადებას, მხოლოდ დროს დავკარგავთ, – მიპასუხა ლაშამ, რომელიც ძალიან დალაგებულად და მშვიდად ლაპარაკობდა.

– მეც ზუსტად მასე ვფიქრობ, – დაამატა ლევანმა, – გოგი ძია, მას შემდეგ, რაც თქვენ გაგიცანით, მივხვდით, რომ ადამიანს თუ კაცური ცხოვრება უნდა, ქურდულ გზას უნდა დაადგეს. მე და ლაშამ კი კაცურად უნდა ვიცხოვროთ.

– ქურდული ცხოვრება, რა თქმა უნდა, კაცური ცხოვრებაა, მაგრამ კაცურად რომ იცხოვროთ, აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც ქურდული გზა აირჩიოთ. აი, მაგალითად, შეგიძლიათ, კარგი პედაგოგი, ინჟინერი ან, თუნდაც, მღვდელი გახდეთ და პატიოსნად იცხოვროთ. ეგეც კაცურია, – ვუთხარი ბიჭებს.

– და მაინც, ჩვენ ქურდული გზა ავირჩიეთ და ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, – ჯიუტად გაიმეორა ლაშამ.

– კი, მასეა, – დაადასტურა ლევანმაც.

– კარგით. ქურდობა გინდათ? ქურდობა იყოს. მე ვიღებ თქვენს აბიავას, მაგრამ ამ წუთიდან, თქვენს თითოეულ სიტყვასა და საქციელს დავაკვირდები და თუკი რამე შეგეშლებათ, მკაცრადაც მოგთხოვთ პასუხს. იგივეს იზამს ყბედალოც, – ვუთხარი ბიჭებს.

– აბა, რა! – დაადასტურა ყბედალომ, – მე ვფიქრობ, რომ ბიჭები არაფერში ჩაიჭრებიან და ღირსეულ შევსებას მივიღებთ.

ბერძენას შესანდობარს ღამის ორ საათამდე ვსვამდით. შემდეგ ლაშა და ლევანი წავიდნენ, ყბედალო კი ჩემთან დარჩა.

დღესდღეობით ლაშა და ლევანი ქურდები არიან და რუსეთში მოღვაწეობენ. სულ რაღაც ათიოდე წელი დასჭირდათ, ეს სტატუსი რომ  მიეღოთ. მე და ყბედალო კი თითქმის ოცწლიანი ქურდული ცხოვრების შემდეგ მოგვნათლეს.

– გახსოვს, კობრა, ჩვენ რომ აბიავა გავუკეთეთ ქურდებს, ქურდობა გვინდაო? – მკითხა ყბედალომ, როცა ბიჭები წავიდნენ.

– მაგას რა დამავიწყებს, – ღიმილით მივუგე ყბედალოს და ჩვენი ქურდულ გზაზე შედგომის მომენტი გავიხსენე.

მე და ყბედალო, მაშინ ჯერ 18-18 წლისაც არ ვიყავით. ზურიკო ტაბიძე როსტოვიდან იყო ჩამოსული, ვითომდა სტუდენტურ არდადეგებზე, სინამდვილეში კი ჯიბგირობის ერთწლიანი სტაჟი ჰქონდა – ვასია ბრილიანტის პაძელნიკი იყო. მე კი სვანეთში ერთწლიანი იძულებითი ცხოვრების შემდეგ, მამაჩემს ახალი ჩამოყვანილი ვყავდი, რადგან ჯარი მიწევდა და მას იმედი ჰქონდა, არმიაში დავვაჟკაცდებოდი... თუმცა, მე სულ სხვა გეგმები მქონდა და, რა თქმა უნდა, ჯარში წასვლას არ ვაპირებდი.

როსტოვიდან დაბრუნებულ ყბედალოს რომ პირველად შევხვდი, ჩემი ბავშვობის ძმაკაცი საკმაოდ შეცვლილი მეჩვენა. მართალია, ლაპარაკის სურვილი არ განელებოდა და ძველებურად საათობით შეეძლო გაება... მაგრამ, საკმაოდ დადინჯებული და რაც მთავარია, დავაჟკაცებული იყო.

– კობრა, ძმაო, როგორ ხარ? – გადამეხვია ყბედალო.

– სტუდენტს ვახლავარ, – ირონიულად მივუგე ყბედალოს და, რა თქმა უნდა, მისი დანახვა ძალიან გამიხარდა. თუმცა, მართლა სტუდენტი მეგონა და მას ქურდული საქმის მოღალატედ ვთვლიდი.

ყბედალო მშვენივრად მიხვდა ჩემს განწყობას, გაეცინა და მითხრა:

– მაგარი ყოფილა სტუდენტობა. სტუდენტური ცხოვრება სულ სხვაა. ჯგუფები, ლექტორები, აქეთ – ნაშები, იქით – რესტორნები, თან, სწავლა, მოკლედ, არ მოიწყენ. აი, წაგიყვან როსტოვში და შენი თვალით ნახავ.

„როსტოვში რა ჩემი ფეხები მინდა სტუდენტებთან? რომელი სტუდენტი მე ვარ?! მე ჩემი ქურდული გზა მაქვს, შენ კი – შენი, სტუდენტური“, – გავიფიქრე გუნებაში, მაგრამ არ მინდოდა, ბავშვობის ძმაკაცისთვის გული მეტკინა. მასთან მშვიდობიან ატაშოლს ვაპირებდი და ვუთხარი:

 – ახლა მეჩქარება, ზურიკო, და მერე გნახავ. წავედი.

„ატაშოლი“ ქურდულად დაშორებას ნიშნავს. ყბედალო, რა თქმა უნდა, მიმიხვდა ჩემს ზრახვებს, მაგრამ შოუს განაგრძობდა და მითხრა:

– სად მიდიხარ, შე ჩემა. ერთი წელია, ერთმანეთი არ გვინახავს. შენი ამბავიც მაინტერესებს. მე ჩემსას გეტყვი. იცი, რა ლექტორები მყავს? განსაკუთრებით  – ერთი. მის არც ერთ ლექციას არ ვაცდენ და მისი საგანი მიყვარს ყველაზე მეტად.

– რა ლექციები, ვინ ლექტორი, – აგდებულად მივუგე ყბედალოს, მან კი, ვითომ ვერ მიხვდა ჩემს განწყობას, მითხრა:

– ვინ ლექტორი და, ძია ვასია.

– ვინ ძია ვასია, მაიცა, რა!

– ძია ვასია, ბრილიანტი! – ჩვეულებრივად თქვა ყბედალომ, – მას მთელი საბჭოთა სტუდენტობა იცნობს და საკავშირო ლექტორია.

ბრილიანტის სახელისთვის ყური კი მქონდა მოკრული, მაგრამ ყბედალომ ისე გამაბრუა, ვერ მივუხვდი ხრიკებს და გაღიზიანებულმა ვუთხარი:

– არც შენი სტუდენტები მაინტერესებს და არც შენი ვასკა ბრილიანტი.

– ვასია ბრილიანტი, – შემისწორა ყბედალომ.

– ჰო, ვასია ბრილიანტი, გაიგე? – გავიმეორე მე.

– ეს იმიტომ, რომ სტუდენტი არ ხარ და ძია ვასიას არ იცნობ. აი, მისი სტუდენტი რომ იყო, მაშინ მასე აღარ გაბრაზდებოდი.

– არც მინდა, ძმაო. მე ჩემი ქურდული გზა მაქვს, შენ კი – შენი, სტუდენტური. გამარჯობა-გაგიმარჯოს... აი, მთელი ჩვენი ბაზარი. შენ შენთვის, მე – ჩემთვის, – ბოლომდე გავუხსენი ყბედალოს კარტები და წასვლა დავაპირე, მან კი მითხრა:

– გოგია, შე გოიმო. აღარ გინდა, ხომ, სტუდენტთან ძმაკაცობა და არც ყველაზე ცნობილ ქურდს, ვასია ბრილიანტს იცნობ?

– ყბედალო, შე გოთვერანო, დამაბოლე, ხომ?  სულ არ შეცვლილხარ და შენი გამოსწორება არ იქნება.

 იმ დღიდან მოყოლებული, ჩვენი ძმაკაცობა აღდგა და ყბედალო დაწვრილებით მიყვებოდა თავის როსტოვულ თავგადასავლებს. ვასია ბრილიანტს ეთაყვანებოდა.

– გაგაცნობ და შენ თვითონ ნახავ, რა ტიპია, – მეუბნებოდა ყბედალო ბრილიანტზე, – ნაღდი ზაკონნიკია და ყველა პატივს სცემს. თბილისში რომ მოვდიოდი, მითხრა: ადგილობრივი ქურდები ჩააყენე საქმის კურსში, ქურდობა რომ გინდაო. სხვათა შორის, დაუსწრებლად შენც გიცნობს და ორივემ უნდა ვუთხრათ ქურდებს ჩვენი ამბავი.

მე და ყბედალომ ბერძენასთან ვიზიტები აღვადგინეთ და ერთ მშვენიერ დღეს, როცა მასთან ორი ქურდი იმყოფებოდა, აბიავა გავაკეთეთ. ჩვენ წინასწარ ვიყავით შეთანხმებულები, თუ როგორ უნდა გვემოქმედა და რადგან ყბედალოს  ჩემზე მეტი  გამოცდილება ჰქონდა, ძირითადად მას უნდა ებაზრა. ყბედალომ პაუზით ისარგებლა და „ზურა ტბილისსკის“, იგივე ზურა ქართველიშვილს და მასთან სტუმრად ჩამოსულ პარმენ ქუჩულორიას, მეტსახელად „ფუსოს“, უთხრა:

– აბიავა გვაქვს და თუ შეიძლება, მოგვისმინეთ.

ზურა ქართველიშვილი და ყბედალო მეზობლებიც იყვნენ და ზურასაც, ისევე, როგორც მანამდე მე, ეგონა, რომ ყბედალო სტუდენტი იყო. მისი სიტყვები გაუკვირდა, მაგრამ უთხრა:

– აბა, ერთი თქვი, რა აბიავა გაქვს.

– ზურა, აქ ორი ქურდი ხართ და საქმის კურსში გაყენებთ, რომ ქურდობა გვინდა, – მშვიდად თქვა ყბედალომ.

– ხუმრობ, ტო? – გაეღიმა ზურას.

– არა, სიმართლეს ვამბობ.

– ბიჭო! კობრაზე ბაზარი არ არის, მაგის ამბების საქმის კურსში ვარ და პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ შენ სტუდენტი ხარ და ჩვენი კანონებით, სტუდენტი ქურდი ვერ გახდება, – გაუიასნა ზურამ თავის მეზობელ ყბედალოს, რომელიც მის ხელში იყო გაზრდილი და ამიტომ იყენებდა გვერდით. ანუ, მეზობლურად და არა – ქურდულად, მაგრამ სტუდენტისგან ქურდობაზე აბიავას ვერ მიიღებდა და იმიტომაც უთხრა უარი.

– არა, ზურა, რა სტუდენტი, უბრალოდ, ჩემებს ვატყუებ. ერთი წელია, როსტოვში ვჯიბგირობ და ამას ჩემი პაძელნიკიც დაადასტურებს, – მშვიდად აუხსნა ყბედალომ ქართველიშვილს.

– შენი პაძელნიკი ვინაა?

– ვასია ბრილიანტი! – ისეთი პათოსით თქვა ყბედალომ, რომ აშკარა იყო, ეფექტის მოხდენას ცდილობდა და მიაღწია კიდეც. მაგრამ, არც მთაწმინდელი ზურა ტბილისსკი იყო ბრილიანტზე ნაკლები და ყბედალოს უთხრა:

– საღოლ, მაგრად გაჩითულხარ. ბრილიანტის პაძელნიკობა ხუმრობა არაა. ძია ვასიას კარგად ვიცნობ.

– ის კი შენზე ამბობს, ჩემი ძმააო, – უთხრა ყბედალომ ზურას და ბრილიანტის ხელით დაწერილი ქსივა მისცა:

– აი, შენთან გამომატანა.

ზურამ წერილი გაშალა და ხმამაღლა წაიკითხა: „ზურა, ძმაო, გამარჯობა. ბრილიანტი ვარ. ბალტუნი ჩემი პაძელნიკია და საქმის კურსში გაყენებ. შენ კი მასზე ჩვენს სხვა ძმებს მიაწვდინე ხმა. გისურვებ ყოველივე კარგს. ქურდული მოკითხვით, ბრილიანტი“.

ბრილიანტის ასეთ წერილს ისეთივე ძალა ჰქონდა ქურდულ სამყაროში, როგორც სტალინის ხელმოწერილ ბრძანებას რომელიმე გენერლის დანიშვნის შესახებ საბჭოთა კავშირში. როგორც ერთს, ასევე მეორეს არ გაუვიდოდა წყალი და ბრილიანტის წერილი, რა თქმა უნდა, საუკეთესო რეკომენდაცია იყო ქურდობის მსურველისთვის.

– საღოლ, ძმაო, – გაიმეორა ზურამ და ფუსოს გადახედა, – ვიღებ აბიავას და ალბათ, არც ფუსოს ექნება პრეტენზიები.

– რაზეა ბაზარი. ბრილიანტის ეს ქსივა საუკეთესო რეკომენდაციაა. თანაც, მეც ვხედავ, რომ პატიოსანი ბიჭები არიან და, რა თქმა უნდა, მეც ვიღებ აბიავას, – თქვა ფუსომ, რომელიც დღესდღეობით საბჭოთა ქურდების ელიტაში მოიხსენიება.

ქურდული აბიავა სახელოვანი ქურდების მიერ მიღებული იყო. ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავით და ყბედალომ ზურას უთხრა:

– ბრილიანტმა თქვენი პირველი შეხვედრის ისტორია მიამბო და შეიძლება, მოვყვე?

– მაშინ მეორე სროკზე გამიშვეს და მარდოვიაში მიკრეს თავი, – თქვა ზურამ და ყბედალოს მოუბრუნდა, – მოყევი!

შემდგომში ეს ისტორია მრავალჯერ მოვისმინე და მის მიმართ ინტერესი არასდროს გამნელებია. მაშინ კი პირველად ვისმენდი და ყბედალოს მთელი გულისყურით ვუგდებდი ყურს. მან ჩაახველა და დაიწყო:

– მორდოვიის სტროგაჩები ახალი გაშავებული ჰქონდა ძია ვასიას, როდესაც იქ მორიგი ეტაპი მიიყვანეს. მთელ ზონაში ის ერთადერთი ქურდი იყო და ძალაუფლების განსამტკიცებლად კოლეგა სჭირდებოდა. მართალია, ზეკების უმრავლესობა ბრილიანტს ემხრობოდა და ემორჩილებოდა, მაგრამ კოლონიის ადმინისტრაცია სიტუაციის შეცვლას ცდილობდა და ბრილიანტის მოწინააღმდეგეებს, ანუ წითელ აქტივისტებს, ყოველმხრივ უწყობდა ხელს. ადმინისტრაციული ფორმალობები რომ დასრულდა და ეტაპირებულები ზონაში შეიყვანეს, დოინჯშემოყრილი ბრილიანტი ახალმოსულების წინ დადგა და მათ მიმართა:

– ქურდები არიან?

ეტაპირებულებს ერთი შავგვრემანი, საშუალოზე მაღალი, ხმელი კაცი გამოეყო, რომელიც ასევე დოინჯშემოყრილი იდგა და მტკიცედ მიუგო.

– მე ვარ ქურდი!

ძია ვასიამ ყურადღებით შეათვალიერა შავგვრემანი და უთხრა:

– მე შენ არ გიცნობ.

– არც მე გიცნობ შენ, – უთხრა შავგვრემანმა ძია ვასიას, რასაც იქ შეკრებილი პატიმრების სიცილი მოჰყვა. თუმცა, ყველას სახეზე შეეყინათ სიცილი, როცა შავგვრემანის დაბღვერილი, მწველი მზერა დაინახეს...

– მე ვარ ბრილიანტი! – თქვა ძია ვასიამ.

– მე კი – მარგალიტი! – არ შეეპუა ძია ვასიას დაბღვერილი შავგვრემანი, რითაც ლეგენდარული ქურდი თავის სწორუპოვრობაში დაარწმუნა.

ძია ვასია შავგვრემანს მიუახლოვდა, ორივე ბეჭზე ხელები დაარტყა, გადაეხვია და თქვა:

– ქურდი ხარ! ძმა ხარ! კეთილი იყოს შენი დაბრუნება მშობლიურ სახლში!

ყბედალომ რომ თხრობა დაასრულა, ქართველიშვილს გაეცინა და თქვა:

– მე და ბრილიანტმა იქ საქმეები დავატრიალეთ, ნუ იტყვი. ზონის უფროსი გვეხვეწებოდა: ორიოდე წითელი აქტივისტი მაინც დამიტოვეთ, რომ სამსახურიდან არ გამაგდონო. კაროჩე, თითქმის ყველა ჩვენს მხარეს გადმოვიდა. პავიაზკიანები აღარ დარჩა და კოლონიის უფროსი სწორედ ამან შეაშინა.

– ვიცი. მეც მსმენია ეს ისტორია. მაგრები ხართ, ძმებო, – თქვა ფუსომ და განაგრძო, – ბრილიანტი ჯერ კიდევ მაშინ ვნახე საქმეში, სანამ ქურდი გახდებოდა. ერთხელ, ერთმა ნაშამ ტრეტიაკოვის გალერეაში შემათრია და სურათებს ათვალიერებდა, მე კი დავყვებოდი, თან ერთი სული მქონდა, მალე დასრულებულიყო ჩემი წვალება და ლოგინში ჩავწოლილიყავით. სროკიდან სამი დღის გათავისუფლებული ვიყავი, ქალი მწყუროდა და ნაშასაც იმიტომ დავთანხმდი ტრეტიაკოვკაში ვოიაჟზე. ერთ-ერთ დარბაზში ახალგაზრდა ვასიას მოვკარი თვალი, რომელსაც ჯერ არ ერქვა ბრილიანტი და ბუტირკის ციხეში მყავდა გაცნობილი. მანაც შემნიშნა, მოვიდა და მომესალმა.

– ვინმეს აძოვებ? – ვკითხე ვასიას.

– ჰო, ერთი ფირმაჩია და მგონი, კარგადაც გავპარსავ, – მომიგო ვასიამ, მომიბოდიშა და ერთ-ერთი ჯგუფისკენ გაემართა, რომელიც რეპინის სურათებს ათვალიერებდა.

„ფირმაჩს,“ ანუ უცხოელს, ვასიამ ძალიან მოხდენილად ამოაცალა პიჯაკის ჯიბიდან სქელი საფულე, თვალი ჩამიკრა და იქიდან გაქრა... თუმცა, ერთი წუთის შემდეგ კვლავ გამოჩნდა, ისევ უცხოელებთან მივიდა, შემდეგ ჩემთან და გაოცებულმა ვკითხე:

– რა მოხდა, მაყუთი არ ჰქონდა?

– ექვსასი მანეთი და ორასი დოლარი, – მითხრა ვასიამ, – დოლარებს რა თავში ვიხლიდი და საბუთებთან უკან დავუბრუნე.

– პიჯაკში ჩაუდე? – გავოცდი მე.

– ჰო, – გამიღიმა ვასიამ, – წამოდი, კარგი კუში ავიღე და შენს ქალთან ერთად რესტორანში გეპატიჟები. 

იმ საღამოს „არაგვში“ მაგრად შევუბერეთ  და ჩემმა ნაშამ ვასიასაც გაუჩითა ქალი. წლების მერე უკვე ზონაში შევხვდით ერთმანეთს. ორივე ქურდები ვიყავით და ვასიას ბრილიანტი ერქვა.

ფუსომ რომ თხრობა დაასრულა, ყბედალოს უთხრა:

– ბრილიანტის სიტყვა ჩვენში ძალიან ძვირად ფასობს, ქსივებს ის ტყუილად არ წერს და აბა, შენ იცი, ძია ვასიას ნდობას როგორ გაამართლებ...

– კობრა! ფუსოც მაგარი ვინმე იყო, არა? – მითხრა ყბედალომ, როდესაც წარსულის ამბები გავიხსენე.

– ღმერთმა აცხონოს ისიც და სხვა ჩვენი ძმებიც, – ვუთხარი ყბედალოს, – გვიანია. დავიძინოთ. ღამე მშვიდობისა...

ყბედალო მეორე დღესვე როსტოვში გაემგზავრა. ერთ თვეში კი ლაშა და ლევანიც თან წაიყვანა. იქ მათ საფუძვლიან, ქურდულ აღზრდას შეუდგა. ერთი კვირის შემდეგ მეც მოსკოვში წავედი და ჩემს ძველ ნაშასთან, გრიმიორ ოლგასთან დავსახლდი. მასთან ახალგაზრდობაში გლდანში ვიმალებოდი. ოლგა დედის გარდაცვალების მერე, მარტო ცხოვრობდა სამოთახიან ბინაში და რომ დამინახა, ძალიან გაუხარდა.

– კობრა! საყვარელო, რამდენი წელია, არ მინახავხარ, – აღტაცებული ოლგა კისერზე ჩამომეკიდა და კოცნა დამიწყო, – ხომ ჩემთან ჩამოხვედი?

– თუ არ გამიშვებ, კი, – ვუთხარი ოლგას, რომელსაც ძველი ფიგურა კვლავაც შემორჩენილი ჰქონდა და ჩემში დიდ ნდომას აღძრავდა...

– ძლივს ხელში ჩაგიგდე და სადმე გაგიშვებ? – მითხრა ოლგამ და მოულოდნელობა დაეტყო, – მოდი, ახლავე შევუდგეთ.

– რა გვეჩქარება, წინ კიდევ ბევრი დრო გვაქვს, – მივუგე ოლგას.

– გახსოვს, სოფლელი ოლეგი რომ მეარშიყებოდა? სიცილით მკითხა ოლგამ საწოლში, როდესაც სიყვარულის პირველმა ტალღამ ჩაიარა და გავაბოლეთ.

– მაგარი გოიმი იყო. ქურდად მირჩევდნენო, რომ ამბობდა. ჩემზე კი გითხრა: დოუფრთიანებელი ბარტყიაო, – ღიმილით გავიხსენე ოლეგა ტაქსისტი.

– შენ იცინე, იცინე და ოლეგა ისე გაიჩითა,  იმდენი მაყუთი იშოვა, რომ დღეს ესპანეთში ცხოვრობს, იქ ვილა აქვს, – მითხრა ოლგამ.

– ქურდად აირჩიეს? – გამეცინა მე. 

– ეროვნულ მოძრაობას შეეტენა და პარლამენტში მოხვდა. პერევაროტის მერე კი გაიქცა და ახლა ესპანეთშია.

– საღოლ, ოლეგა! – ვთქვი მე, – მოხევა მართლა მაგარი იცოდა. ხუთასი მანეთი რომ მივეცი და ვუთხარი, შენი ქურდული წილია-მეთქი, შიშისგან თავისი ტაქსი ისე მოწყვიტა ადგილიდან, ბორბლებს კვამლი აუვიდა.

– სოჩიდან რომ დავბრუნდი, კარგა ხანს შიშისგან ახლოს არ გამკარებია და შორიდან მითვალთვალებდა. ალბათ, ფიქრობდა, ძაღლები არ უთვალთვალებდნენ და მეც შარში არ გავეხვიოო. ბოლოს კი ისევ შემომიძვრა და ძველებურები დაიწყო.

– ცოლობას გთხოვდა? – ვკითხე ოლგას.

– ჰო, – სიცილით მითხრა ოლგამ, – ერთხელ შენზე მკითხა, როგორ არის ვალერაო.

– ვინ ვალერა, ბატონო ოლეგ? – ვითომ ვერ მივხვდი, რას მეკითხებოდა.

– ჯერ ერთი, ხომ გთხოვე, ბატონობით ნუ მომმართავ-მეთქი. ოლეგი დამიძახე, – მითხრა ოლეგამ და განმიმარტა, – შენი ძმა, ვალერა, რამ დაგაბნია, ოლგა?

– მაგას არც ვალერა ჰქვია და სულაც არაა ჩემი ძმა, – ვუთხარი ოლეგას. მას კი სახეზე ცარცის ფერი დაედო, თითქოს კატასტროფა მოხდაო და მკითხა:

– რავა, ოლგა, ამდენი ხანი უცხო მამაკაცთან მარტო რჩებოდი სახლში და თანაც ღამითაც?

– მერე რა, ბატონო ოლეგ, რა არის ამაში ცუდი?

– არაფერი, რავა, ოლგა ნუ გადამრიე კაცი, უცხო კაცთან ღამით, ამდენი ხანი... ვინაა მაინც...

– ჩემი საყვარელი, – მშვიდად მივუგე ოლგას, თანაც სიგარეტი გავუბოლე, – მერე რა, რამე პრეტენზიები გაქვთ ჩემთან?

ცივწყალგადასხმული ოლეგა კუდამოძუებული წავიდა და მას მერე ფეხი აღარ შემოუდგამს ჩემთან. მერე სხვას გადაეკიდა და ერთ ქვრივთან დაიწყო სიარული მეზობელ სადარბაზოში, რომელიც ბოლოს ცოლად მოიყვანა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3