ვინ იყო ბანდიტი „ღამურა“ და როგორ ძარცვავდა ის და მისი ბანდა შემნახველ სალაროებს
ოპერაცია
პროფესორი დიმიტრი ჯაფარიძე ზარის ხმამ გააღვიძა, სწრაფად წამოდგა და კედლის საათს შეხედა. ღამის სამი საათი სრულდებოდა. მან ხალათი მოიცვა და კარის გასაღებად კიბეზე დაეშვა. ღვაწლმოსილი ქირურგი ჩვეული იყო ასეთ ვიზიტებს და არც ეს ზარი გაჰკვირვებია, მაგრამ გული მაინც აუჩქარდა და უცნაური წინათგრძნობა დაეუფლა. ჯაფარიძემ კარი გააღო და ქუჩაში მდგომი ახალგაზრდა შეათვალიერა, რომელიც უხერხულად უღიმოდა პროფესორს.
– გისმენთ, ყმაწვილო, – მიმართა ჯაფარიძემ ყმაწვილს.
– მე ქირურგი დიმიტრი ჯაფარიძე მინდა, – უთხრა ახალგაზრდამ.
– მე გახლავართ, გისმენთ.
– ბოდიშს გიხდით, რომ ასე გვიან გაწუხებთ. თქვენთან სასწრაფო საქმე მაქვს და შეიძლება, შემოვიდე?
– მობრძანდით, – შეიპატიჟა ჯაფარიძემ ყმაწვილი და თავის კაბინეტში შეიყვანა პირველ სართულზე. მოსულს სავარძელი შესთავაზა, თვითონაც დაჯდა და თქვა, – გისმენთ, ჩემო ბატონო, რა გნებავთ?
– კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, ბატონო დიმიტრი შეწუხებისთვის, მაგრამ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდეთ.
– თქვენთან ერთად? კი მაგრამ, რატომ და სად?
– სად, ვერ გეტყვით, მაგრამ მეგობარი მყავს ტყვიით დაჭრილი და უნდა უშველოთ, ოპერაცია უნდა გაუკეთოთ.
– რას ბრძანებთ, რის ოპერაცია. თუ ტყვიითაა დაჭრილი, სასწრაფოდ მორიგე საავადმყოფოში წაიყვანეთ და იქ დაეხმარებიან. გნებავთ, ჩემს სამსახურში დავრეკავ და გავაფრთხილებ, რომ საოპერაციო გაამზადონ და სანამ პაციენტს მიიყვანთ, მეც მოვალ.
– არა, პროფესორო, ეს შეუძლებელია. თქვენ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდეთ. დრო არ ითმენს. ჩემი მეგობარი შეიძლება, დაიღუპოს და დროზე უნდა ვუშველოთ, – უთხრა ახალგაზრდამ და ჯაფარიძეს ნაგანი მიუშვირა, თან უთხრა – კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს.
პროფესორმა სტერილური საოპერაციო ინსტრუმენტები და წამლები საექიმო ჩემოდანში ჩააწყო და დაუპატიჟებელ სტუმარს გაჰყვა. პროფესორის სახლის უკან ფურგონიანი „გაზ 21“ იდგა. ჯაფარიძე უკანა სავარძელზე დაჯდა, გვერდით ყმაწვილი მიუჯდა, კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში ჯაფარიძეს და შავი ნაჭრით თვალები აუხვია. მანქანა ადგილიდან დაიძრა. ნახევარი საათის შემდეგ პროფესორი უკვე ფარდაჩამოშვებულ, კარგად განათებულ ოთახში იდგა და ოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცს ოპერაციას უკეთებდა. ასისტენტობას კი მას ის ყმაწვილი უწევდა, რომელმაც პროფესორი წამოიყვანა.
ოპერაციამ ორ საათს გასტანა. ახალგაზრდა კაცი მუცელში იყო დაჭრილი, თუმცა გამჭოლ ტყვიას ორგანოები არ დაუზიანებია. პაციენტს საკმაოდ ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული და დასუსტებული იყო. ჯაფარიძემ ოპერაცია დაასრულა, ავადმყოფს წამლები დაუნიშნა, მის მეგობრებს აუხსნა, როგორ მოევლოთ ავადმყოფისთვის და წასასვლელად გაემზადა.
– ეს თქვენ, ექიმო, ალალი იყოს, – უთხრა ჯაფარიძეს დაჭრილის ერთ-ერთმა მეგობარმა და 5 ათასი მანეთი ჯიბეში ჩაუდო. შემდეგ პროფესორს ისევ თვალები აუხვიეს და მანქანით წაიყვანეს.
ჯაფარიძემ რომ სახვევი მოიხსნა, დაინახა, რომ ჩელუსკინელების ხიდის ქვეშ იდგა. მან საათს დახედა. ისრები დილის 10 საათს უჩვენებდა.
დაკითხვა
პროფესორი ვერაზე ცხოვრობდა, კერძო სახლში, ცოლთან და 19 წლის ქალიშვილთან ერთად. დიმიტრი ჯაფარიძეს სხვა შვილიც ჰყავდა. მას ანდრო ერქვა და 20 წლის იყო, როდესაც მოსკოვში მილიციელებმა მოკლეს. ანდრო ჯაფარიძე მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა, მაგრამ მხოლოდ პირველი კურსი დახურა. შემდეგ სწავლა მიატოვა და მთელი ორი წლის განმავლობაში მშობლებს ატყუებდა, ვითომ სწავლობდა. სინამდვილეში კი, ქურდების ბანდაში გაერია და ცუდ გზას დაადგა. ანდრო და მისი მეგობრები მდიდარი მოსკოველების ბინებს ქურდავდნენ და კარგა ხანს მოუხელთებელნიც იყვნენ. მაგრამ, ერთ-ერთი საქმის დროს მათ ბინის პატრონი იუველირი შემოაკვდათ. ის ანდროს ერთ-ერთმა მეგობარმა მისსავე დანაზე წამოაგო. სწორედ, ამ შემთხვევის შემდეგ გაიშიფრა ანდრო და ორ კვირაში „მურის“ ოპერჯგუფთანაც მოუწია შეტაკება. ურთიერთსროლისას ორი მილიციელი დაიჭრა, ტყვიებით დაცხრილული ანდრო კი მდინარეში ჩავარდა, წყალმა წაიღო და მისი ცხედარი ვერ იპოვეს. დიმიტრი ჯაფარიძემ და მისმა მეუღლემ, ლიამ, მძიმედ გადაიტანეს ერთადერთი შვილის სიკვდილი, თუმცა ჯერ ისევ ახალგაზრდები იყვნენ და ერთი წლის შემდეგ მათ ქალიშვილი, ნატო შეეძინათ.
პროფესორმა ეს ყველაფერი იმ დროს გაიხსენა, ჩელუსკინელების ხიდის ქვეშ რომ იდგა და ტაქსის აჩერებდა. შვილის გახსენებაზე ჯაფარიძეს თვალზე ცრემლი მოადგა. თუმცა, მალევე მოთოკა თავი და ცოლ-შვილი დაუდგა თვალწინ, რომლებიც ბათუმში ზღვაზე ისვენებდნენ. „კიდევ კარგი, რომ წუხელ მარტო ვიყავი სახლში“, – გაიფიქრა ჯაფარაძემ და ამ დროს ტაქსისტიც მის სახლს მიადგა.
პროფესორს სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი მამაკაცი მიუახლოვდა და ჰკითხა:
– პროფესორი დიმიტრი ჯაფარიძე ბრძანდებით?
– გახლავართ. ვისთან მაქვს საუბრის პატივი?
– პოდპოლკოვნიკი ლადო ცინცაძე გახლავართ. თქვენთან ერთი კითხვა მაქვს.
– ბრძანეთ.
– სად ბრძანდებოდით წუხელ?
– სად, არ ვიცი, მაგრამ ახალგაზრდა კაცს მუცლის ღრუ გავუსუფთავე, რომელიც ტყვიით იყო დაჭრილი... იქ უცნობმა ახალგაზრდებმა ძალით მიმიყვანეს.
– ბატონო დიმიტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა წამობრძანდეთ დაკითხვაზე, – უთხრა ცინცაძემ ჯაფარიძეს.
დაკითხვამ თითქმის 3 საათს გასტანა. პროფესორმა მილიციელებს დაწვრილებით უამბო ყველაფერი. მან ზუსტად აუწერა ცინცაძეს როგორც დაჭრილის, ასევე, დანარჩენი სამი ადამიანის გარეგნობაც, რომლებსაც ის შეხვდა.
– მათთან კიდევ ერთი კაცი უნდა ყოფილიყო და ის ხომ არ შეგიმჩნევიათ? – ჰკითხა ცინცაძემ ჯაფარიძეს.
– არა. მე ყველაფერი ზუსტად მოგიყევით. მაინც, რა მოხდა, თუ საიდუმლო არ არის?
– ბოროტმოქმედებს ჩვენს თანამშრომლებთან მოუვიდათ შეტაკება და მათ ვეძებთ. ერთ-ერთი მათგანი, ვისაც თქვენ ოპერაცია გაუკეთეთ, ჩვენიანმა დაჭრა. ვიცოდით, რომ ისინი საავადმყოფოში არ წავიდოდნენ და თქვენ ამ გზით მოგაგენით. შეგიძლიათ წაბრძანდეთ და თუ დაგვჭირდით, დაგირეკავთ, – უთხრა ცინცაძემ.
პროფესორმა ჯიბიდან 5 ათასი მანეთი ამოიღო, მაგიდაზე დადო და თქვა:
– ეს ფული ოპერაციაში გადამიხადეს.
ცინცაძემ ფულის დასტა შეათვალიერა და კოლეგებს უთხრა:
– აი, ასეთი ორასი დასტა წაიღო „ღამურამ“ და მისმა ბანდამ გუშინ და ყველაფერი უნდა ვიღონოთ მათ შესაპყრობად, – ეს რომ თქვა, ენაზე იკბინა, მერე კარამდე მიაცილა პროფესორი, მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.
ცინცაძეს სიტყვებით ჯაფარიძემ დაასკვნა, რომ ვიღაც „ღამურამ“ და მისმა კოლეგებმა მილიონი მანეთი გაიტაცეს წინა ღამეს, მაგრამ საიდან და როგორ, არ იცოდა. პროფესორი ისევ „ღამურაზე“ ფიქრობდა, როცა თავში გაუელვა: „მილიონი ქუჩაში არ ყრია, არც ვინმეს ექნებოდა სახლში, ესე იგი გუშინ ბანკი გაძარცვეს“.
ძარცვა
დიმიტრი ჯაფარიძე მართალი იყო. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თბილისში არა ბანკი, არამედ შემნახველი სალარო გაძარცვეს და იქიდან გატაცებული თანხა ზუსტად მილიონი მანეთი იყო. შემნახველი სალარო თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობდა. მძარცველებმა იქ ზემოდან, ანუ ერთ-ერთი მობინადრის ბინიდან ჩააღწიეს. სეიფი იქვე გახსნეს და უკვე სამშვიდობოს გადიოდნენ, რომ მილიციის სამორიგეო ჯგუფი შემთხვევით შეეფეთათ. ამ დროს ატყდა სროლა და ერთ-ერთი მძარცველი მუცელში დაიჭრა, თუმცა ბოროტმოქმედები გაიქცნენ და „გაზ 21-ით“ მიიმალნენ.
მსგავსი ტიპის ძარცვები ერთი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში არაერთხელ მოხდა და მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ბოროტმოქმედები აწყობილად მოქმედებდნენ. ისინი ჯერ მობინადრეებს ატყვევებდნენ, მერე სიგნალიზაციას თიშავდნენ, სუფთად ხსნიდნენ სეიფებს და იქიდან უზარმაზარი თანხით უჩინარდებოდნენ. საოცარი იყო მათი ინფორმირებულობაც – ცარიელი სეიფი არასდროს გაუხსნიათ. ბანდამ სულ, 21 საქმიდან 3 მილიონ 800 ათასი მანეთი გაიტაცა. თბილისის ძარცვით კი მათ ზღაპრული წილი შეხვდათ. იმ შემნახველ სალაროში თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის თანამშრომლების ხელფასი ინახებოდა, რომელიც მეორე დღეს უნდა დაერიგებინათ.
ოპერატიული მონაცემების თანახმად, მილიციამ იცოდა, რომ მსგავს ძარცვებს ვინმე „ღამურა“ და მისი კოლეგები სჩადიოდნენ. თუმცა, მათ შესახებ მეტი არაფერი იცოდნენ – არც ის, თუ რა ეროვნების იყვნენ. თბილისში მომხდარმა ძარცვამ კი იმას მოჰფინა ნათელი, რომ ხუთკაციანი ბანდის მინიმუმ ორი წევრი ქართველი თუ არა, ქართულ ენაზე მოლაპარაკე იყო. ღამურას ბანდის შესახებ ეს ინფორმაცია მილიციამ ჯაფარიძის დაკითხვით შეიტყო და უკვე ოთხი მათგანის მეტ-ნაკლებად ზუსტი აღწერილობა ჰქონდათ. გარდა ამისა, პროფესორმა მილიციას აცნობა, რომ ბანდიტები, სავარაუდოდ, ვერაზე იმალებოდნენ.
– კი მაგრამ, ამას როგორ ასკვნით? – უთხრა პროფესორს პოდპოლკოვნიკმა ცინცაძემ.
– მე ვერაზე ვცხოვრობ. იქ ვარ დაბადებული და გაზრდილი და თითოეული ქუჩა ზედმიწევნით ვიცი. მთავარი კი ისაა, რომ როცა ვერაზე ავდივარ, ჩემი წნევა სტაბილური ხდება და თავს მშვენივრად ვგრძნობ. ამიტომ, აქ შეცდომა გამორიცხულია. როდესაც გამიტაცეს და თვალები ამიხვიეს, ნახევარი საათის განმავლობაში ქალაქში ვიარეთ. დაახლოებით ათი წუთი პლეხანოვზე ვმოძრაობდით და ეს იმით ვიგრძენი, რომ წნევა უკიდურესად დამივარდა. ყოველთვის ასე მემართება, როდესაც პლეხანოვზე მიწევს ყოფნა და ამ უბანს ვერიდები. ბოლოს ისევ ნორმაში ჩავდექი და მივხვდი, რომ ვერაზე ავედით. ერთი სიტყვით, ჩემი გამტაცებლების ცრუ მანევრმა არ გაამართლა. გარდა ამისა, სადაც მე ოპერაცია გავაკეთე, ის ბინა კერძოა. ხის ღობე-კარი აქვს, ასასვლელი კიბე ათი საფეხურისგან შედგება, მეცხრე ჩატეხილია და კიბეებიც და მოაჯირიც ხისაა.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ზემო ვერის 80 პროცენტი ისეთი იყო, როგორც პროფესორმა აღწერა, მილიციას მაინც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა და მათ ინტენსიურად, მაგრამ ფხიზლად დაიწყეს ღამურას და მისი ბანდის ძებნა. ამ საქმეში თბილისის მილიციის მნიშვნელოვანი ძალები იყო ჩართული და ის პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი „ცეკას“ პირველი მდივანს, ვასილ მჟავანაძეს...
„ღამურა“
ოპერმუშაკების სამკვირიანმა მუხლჩაუხრელმა შრომამ შედეგი გამოიღო და იმ სახლს მიაგნეს, სადაც ბანდიტები იმალებოდნენ. კერძო სახლი ვინმე რეზო რაზმაძეს ეკუთვნოდა, რომელიც მარტოხელა იყო და მძღოლად მუშაობდა. ცინცაძემ მას ხელი არ ახლო, რომ მძარცველები არ დაეფრთხო და ხელქვეითებს უთხრა:
– აყვანის ოპერაციას შუაღამეზე დავიწყებთ, მაგრამ უკიდურესად მობილიზებულები უნდა ვიყოთ. ხომ გახსოვთ, რომ ამავე ხალხმა ორი თანამშრომელი დაგვიჭრა და ხელიდან გაგვისხლტდნენ.
რაზმაძის სახლს მილიცია ორი დღე-ღამის განმავლობაში უთვალთვალებდა, შემდეგ ცინცაძის ნიშანზე ოპერმუშაკები ბინაში შეიჭრნენ და იქ მყოფებს დანებება მოსთხოვეს. თუმცა, ბინის პატრონისა და დაჭრილის გარდა, იქ სხვა არავინ დახვდით. პოდპოლკოვნიკს ქვევიდან მანქანის ძრავას ხმა მოესმა და იღრიალა:
– გარაჟიდან მანქანით გარბიან, ქვევით ჩავიდეთ!
მილიციის ოპერები ეზოში ჩაცვივდნენ და გარაჟიდან უკუსვლით გამავალ „ვოლგას“ ცეცხლი გაუხსნეს. მანქანიდანაც საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ორმხრივ სროლაში ორი მილიციელი და ორი მძარცველი დაიჭრა, რომლებიც იქვე აიყვანეს. მესამესთან ერთად, რომელიც საღ-სალამათი იყო მეოთხემ გაქცევა ისე მოასწრო, რომ მილიციამ არ იცოდა, რა მდგომარეობაში იყო.
– მე მგონი, დაჭრილია. ჩქარა, დავედევნოთ! – ღრიალებდა ცინცაძე.
რაზმაძის ეზოდან გაქცეული მძარცველი თვით ღამურა გახლდათ, რომელსაც ტყვიამ მარცხენა ფილტვი გაუხვრიტა. თუმცა, მას ჯერ კიდევ ჰყოფნიდა ძალები და ბავშვობიდან ნაცნობ ქუჩაზე მოძრაობა უკუნეთ სიბნელეშიც კი არ უჭირდა. მან ათიოდე წუთს ირბინა. შემდეგ ერთ-ერთ კერძო სახლს მიადგა და ზარის ღილაკს თითი დააჭირა. კარი მალევე გაიღო და პროფესორმა დიმიტრი ჯაფარიძემ სტუმარს ჰკითხა:
– რა გნებავთ, ახალგაზრდავ? გისმენთ!
ღამურამ პროფესორს გაუღიმა და უთხრა:
– მიშველე! ფილტვში ვარ დაჭრილი, მამა...
დიმიტრი ჯაფარიძე შოკირებული იყო, მაგრამ ცოლ-შვილის დახმარებით ანდრო საოპერაციოში აიყვანა, ქალიშვილი დაიხმარა და 20 წლის უნახავი შვილის ოპერირებას შეუდგა.
ცინცაძე და მისი ხელქვეითები ძაღლებთან ერთად ერთი საათის შემდეგ მიადგნენ პროფესორს. მის სახლს ალყა შემოარტყეს, შემდეგ შიგნით შევიდნენ და ოპერაციის დამთავრებამდე ხმა არ ამოუღიათ.
ნაოპერაციები ანდრო ჯაფარიძე, იგივე „ღამურა“, გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და დაცვა მიუჩინეს. როცა გამოჯანმრთელდა, გაასამართლეს და 15 წლით ციხეში ჩასვეს.