რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: საიმედოა თუ არა დიაგნოსტიკური აპარატის, ეგრეთ წოდებული კომპიუტერის მიერ დასმული დიაგნოზი? ავტომობილს რაღაც გაუმართაობა სჭირს, კომპიუტერმა აჩვენა კონკრეტული დაზიანება, შევცვალე და მისი მდგომარეობა არ გამოსწორდა. რა უნდა ვქნა ამ დროს?
პასუხი: ამა თუ იმ დაზიანების შემთხვევაში, სწორი დიაგნოზის დასმა მაინც ჭირს. კომპიუტერს შეუძლია, ის პრობლემა „დაინახოს”, რომელიც უშუალოდ ელექტროსისტემებთან არის დაკავშირებული და ის მარტივად გასარკვევია. თუ ჩვენმა ავტომობილმა აანთო ეგრეთ წოდებული „ჩეკი” – „ჩეკ ენჯინი”, წითელი ნათურა, რომელზეც ძრავა ხატია ან პირდაპირ წერია ინგლისურად – „ჩეკ“ მაშინ კომპიუტერი ხარვეზებს უპრობლემოდ აღმოაჩენს. თუ „ჩეკი” არ აანთო, სწორედ მაშინ რთულდება ავტომობილის სატკივარის გამოცნობა, რადგან, კომპიუტერისთვის ყველაფერი მწყობრშია. პრობლემას კომპიუტერი ვერ აგვარებს, თუ მექანიკური დეტალებია დაზიანებული. მექანიკურ დეტალებს ის საერთოდ ვერ ხედავს. აზრიც არ აქვს კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მიყვანას, მაგალითად, იმ დროს, როდესაც ძრავას რაღაც ხმები აქვს, სავალი ნაწილი ახმაურდა და, მით უმეტეს, არ ანთია „ჩეკი”. შესაძლოა, ამ დროს ავტომობილმა საწვავის წვას მოუმატოს, მაგრამ, ვერც ამ დროს მიაგნოს კომპიუტერმა პრობლემას. სენსორი, რომელიც კომპიუტერს ინფორმაციას აწვდის, მცდარ ინფორმაციას გადასცემს. თუმცა, მცდარია თუ არა ის, ამას კომპიუტერი, რა თქმა უნდა, ვერ არჩევს. ამიტომ, გირჩევთ, რა ტიპის პრობლემაც არ უნდა გქონდეთ, კარგი ხელოსანი მოიძიოთ და მას მიმართოთ.
კითხვა: რამდენად საიმედოა დატენილი ამორტიზატორები? როგორ მოვიქცე, ხომ არ ჯობია, გამოვიწერო რომელიმე უცხოური საიტიდან?
პასუხი: ნებისმიერი ტიპის ამორტიზატორის აღდგენაა შესაძლებელი, თუმცა, ძალიან ცოტა ხელოსანს შეუძლია საქართველოში ამის კარგად გაკეთება. თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი აღდგენილი ამორტიზატორი ვერასდროს ვერ იმუშავებს ისე, როგორც ორიგინალი. კატასტროფაა, თუ ერთი ამორტიზატორი აღდგენილია, მეორე კი – ორიგინალი, რადგან, ისინი შესაბამისობაში ვერანაირად ვერ მოვლენ. დატენილი ამორტიზატორი, მით უმეტეს, თუ სწრაფად სიარული გიყვართ, დამატებით საფრთხეს ქმნის. თუ მაინც გიწევთ ამორტიზატორის აღდგენა, უმჯობესია, ორი წინა ან ორი უკანა ერთდროულად მაინც აღადგინოთ. მართალია, ერთნაირები მაინც ვერ იქნება, მაგრამ, შედარებით უფრო უკეთ იქნებიან მორგებული, ვიდრე დატენილი და ორიგინალი. ამ დროს ავტომობილი უფრო კარგი სამართავი იქნება. არ გაგიკვირდეთ, თუ აღდგენილი ამორტიზატორის შემთხვევაში, ავტომობილი საერთოდ სხვანაირად იქცევა – ის უფრო ხისტია, ან, შეიძლება, უფრო რბილიც; სხვანაირად უხვევს. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ხელოსანი აღადგენს მას. საერთოდ, რისკის გაწევას, გირჩევნიათ, თუნდაც იაფიანი, დაბალი ხარისხის, მაგრამ, მაინც ქარხნული ამორტიზატორი შეიძინოთ. ამ დეტალში, მინიმუმ, ის ქარხნული სტანდარტები იქნება გათვალისწინებული, რომლებიც იმ კონკრეტულ მოდელს სჭირდება. ძალიან ბევრი გათვლა სჭირდება ამორტიზატორს, რომ ზუსტად მოერგოს ავტომობილს, მისი ზამბარებიდან, ავტომობილის სიმძიმიდან და სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორებიდან გამომდინარე. მწარმოებელი დაიცავს ქარხულ პარამეტრებს, რასაც ვერც ერთი ძალიან მაგარი ხელოსანიც კი ვერ დაიცავს ამორტიზატორის დატენისას. რაც შეეხება გამოწერას, თუ ამის საშუალება და დალოდების დრო საკმარისი გაქვთ, ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია ორიგინალი ნაწილის გამოწერა.
კითხვა: მყავს „ბეემვე ზეტ 3”, 2.8 ძრავით. ხელსაწყოების დაფაზე ავტომობილს განთავსებული აქვს ღილაკი, წარწერით – ASC. როდესაც ვაწვები, ხელსაწყოების დაფაზე ყვითელი ინდიკატორი ინთება. იქნებ, ამიხსნათ, რას ნიშნავს ეს ღილაკი, როდის და რა მიზნით უნდა გამოვიყენო, როდის არის ის ჩართული და როდის გამორთული? მანქანის ხელახალი დაქოქვისას ნათურა ჩამქრალია და, ვერ ვხვდები, სისტემა მუშაობს თუ არა.
პასუხი: ASC იშიფრება, როგორც „სტაბილურობის ავტომატური კონტროლი.“ ეს სისტემა არ აძლევს ჩვენს ავტომობილს იმის უფლებას, რომ მოცურდეს და ავტომობილის აჩქარების დროს მართვა დაგვაკარგვინოს. ამის ალბათობა კი „ბეემვეს” ამ მოდელის შემთხვევაში ძალიან მაღალია. „ზეტ 3” საკმარისად მძლავრია იმისთვის, რომ აჩქარებისას დაბუქსავდეს და მოცურდეს. რაც შეეხება ჩართვასა და გამორთვას, ნებისმიერი ხელახალი დაქოქვისას, სისტემა ჩართული და მობილიზებულია. ღილაკზე ხელის დაჭერითა და ხელსაწყოების დაფაზე ყვითელი ინდიკატორის ანთებით, ჩვენ სისტემას ვთიშავთ და ავტომობილს იმის უფლებას ვაძლევთ, რომ დაბუქსავდეს. ვინაიდან ეს ავტომობილი სპორტულია, ის აღჭურვილია უკანა ხიდის ბლოკირებით და დაბუქსავების შემთხვევაში, იოლად ახერხებს ეგრეთ წოდებულ დრიფტს. ანუ, ეს ღილაკი იმათთვისაა, ვისაც უნდათ, რომ ამ ავტომობილით გაერთონ ან სპორტული დანიშნულებით გამოიყენონ, – მწარმოებელი აძლევს მათ ამის საშუალებას; მაგრამ, იმისთვის, რომ ღილაკი ჩვეულებრივ მძღოლს შემთხვევით არ გაეთიშოს ისე, რომ ამის შესახებ არ იცოდეს, სწორედ ამიტომ გადააზღვია „ბეემვემ” სისტემა და ყოველ დაქოქვაზე ის თავიდან ირთვება. ASC-ს სხვადასხვა ავტომობილში სხვადასხვა საფეხურებად იყენებენ. თვითონ „ზეტ 3-ის“ 3.0-იან ვერსიაში, შეგვიძლია, ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით სისტემა ნახევრად გამოვრთოთ, მაგრამ, თუ ჩვენ ხელს ღილაკზე რამდენიმე წამით გავაჩერებთ, სისტემა სრულად ითიშება. უფრო თანამედროვე ავტომობილები, იგივე „ბეემვეს” უკანასკნელი მოდელები კიდევ უფრო მეტად დახვეწილია და დისპლეიზე განთავსებულ მენიუში შესვლით სხვადასხვა სისტემის უფრო დეტალურად დარეგულირებაა შესაძლებელი.
კითხვა: მყავს ავტომობილი „რავ 4”. ამ ბოლო დროს ხელის მუხრუჭის მაჩვენებელი სულ ანთია. აზიანებს თუ არა ეს რამეს? სამუხრუჭე სითხე გადავამოწმე და არ აკლია. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: სამუხრუჭე სისტემის მაჩვენებელს სულ ორი სენსორი ანთებს: ერთი დგას იქ, სადაც სამუხრუჭე სითხე ასხია, რომელიც იმ შემთხვევაში რეაგირებს და ანთებს ნათურას, თუ სითხე დააკლდა, მეორე სენსორი კი თვითონ ხელის მუხრუჭთან დგას. თუ სითხე არ აკლია, ამ შემთხვევაში, ორიდან ერთ-ერთი სენსორი იქნება დაზიანებული. იმ ავზის სენსორის გადამოწმება, სადაც სამუხრუჭე სითხე ასხია, ძალიან მარტივია: ავზის ხუფთან ერთდება სადენები, რომლებიც ძალიან იოლად იხსნება. ამ სადენების გამოერთების დროს ხელის მუხრუჭის მაჩვენებელი ანთებული უნდა დარჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სენსორი არაფერ შუაშია. ზოგადად, ეს სენსორი მილიონში ერთხელ გამოდის მწყობრიდან, მაგრამ, იმდენად იოლია მისი გადამოწმება, რომ სწორედ ამით ვიწყებთ შემოწმებას. ამის შემდეგ რჩება მეორე მიზეზი – სენსორი, რომელიც ხელის მუხრუჭთან არის დამონტაჟებული და არც მისი შეცვლაა დიდი პრობლემა. თუმცა, ამას თქვენი ძალებით ვერ მოახერხებთ, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ხელოსანთან.