ვისგან აქვს ეკო ფანგანს სრული თავისუფლება და რა საოცნებო ნივთი გაუუბრალოვდა მას
ძალიან უნდა ენდობოდე ადამიანს, მის გემოვნებას, მონდომებას, სურვილებს და შემოქმედებით უნარს, რომ საკუთარი ქორწილი ისე გააკეთებინო, თავად მხოლოდ ის იცოდე, როგორი კაბა გეცმევა. ქორწილების ორგანიზატორების შემთხვევაშიც კი, დასაქორწინებელი წყვილი, მათი მშობლები, მეგობრები, მშობლების მეგობრები, მეზობლები და ნათესავები ყველა წვრილმანში ერევიან და თავად წყვეტენ, რა, როგორ იყოს. ამ ფონზე გადაცემა „ქორწილს“ ძალიან დიდი ნდობა აქვს და რაც მთავარია, იქ ყველაფერი პატარძლის ტირილისა და მოთქმის გარეშე მთავრდება, რადგან ყველა სიურპრიზი მათთვის და მათ გარშემოა.
ეკო ფანგანი: ეს არის ყველაზე პოზიტიური გადაცემა. ყველაზე მაგარ შოუებშიც კი, არის დაძაბულობა, ცოტა ტკივილი, ცრემლი, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ყველაზე კარგად იცის, რა ემოციები აქვთ ამ ადამიანებს, რას განიცდიან, როგორი ბედნიერები არიან. ერთკვირიანი გადაღება რომ ერთ საათში მონტაჟდება, ყველაფერს ვერ ჩადებ. თუმცა, ვცდილობთ, მათი განწყობა მაქსიმალურად ვაჩვენოთ. ნერვიულობენ ყველაფერზე, მაგრამ ჩვენი ნდობა აქვთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. ხალხი ამაზე მთელი ცხოვრება ფიქრობს – წარმოუდგენიათ ეს დღე როგორი იქნება, მერე თვეობით ემზადებიან და საშინლად განიცდიან. ჩვენთან კი მოდიან, მათ სურვილებს ვიგებთ და ვეუბნებით, ერთი კვირით ადრე დაგირეკავთ და ამ ერთ კვირაში ხდება ყველაფერი. თან, ყველა ადამიანის სურვილია, ამ დღეს მაინც ხდებოდეს ცხოვრებაში ისეთი რაღაცეები, რაც მხოლოდ კინოში გვინახავს: როცა თავად კი არ ხარ ამა თუ იმ სიურპრიზის შემოქმედი, მართლა არაფერი იცი და უამრავი ადამიანი მუშაობს იმისთვის, ბედნიერება მოგანიჭოს. თან ქორწილი ბოლო ბლოკია და მანამდე, ამ ადამიანების სიყვარულის ისტორიას ვყვებით, ვუქმნით მათ ზღაპარს, რომელში მოხვედრაზეც ყველას უოცნებია. სიყვარული იმდენნაირია, რამდენი ადამიანიც და რამდენი წყვილიცააო, ამბობენ. ამიტომ, ჩვენი ყველა გადაცემა განსხვავებული და უნიკალურია.
– შენ როგორ ქორწილზე ოცნებობ?
– ხან ერთი ეტაპი მაქვს ცხოვრებაში, ხან – მეორე. ხან როგორი მინდა და ხან – როგორი. ბავშვობაში, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ალბათ, როგორც ყველა პატარას, მეც ფუშფუშა, უზარმაზარშლეიფიან კაბაზე ვოცნებობდი. მერე ეს კაბა ნელ-ნელა დავიწროვდა. ბოლოს უკვე სხეულზე შემომეტმასნა (იცინის). არასდროს თქვა, არასდროსო, არ ვიცი, როდის რა მომიფრენს, მაგრამ, რადგან დღეს მეკითხები, დღეს ამ აზრზე ვარ: ჩემი საოცნებო ქორწილია, რომ ქორწილი საერთოდ არ იყოს. არ მინდა, არ მომწონს...
– მგონი, დაიღალე.
– ამ გადაცემამდეც ასე იყო. შეიძლება, გავიზარდე, რაღაცეები გადავაფასე და ამ დღემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა. შეიძლება, მქონდეს კიდეც ლამაზი ქორწილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ტრადიციული, ქართული ქორწილი, გრძელი სადღეგრძელოებით, თეფშებისა და ჭიქების მტვრევით. არ მგონია, ისეთი ადამიანი შემიყვარდეს, ვისაც ქორწილში მელექსე თამადა და თეფშების მტვრევა ენდომება. ეჭვი მეპარება... როდესაც პატარა ასაკში ქორწინდებიან და მშობლები უხდიან ქორწილს, მათ სურვილებს ემორჩილებიან. იქ შეკრებილი თანამშრომლები, მეზობლები და ყველა ის, ვისთანაც მამას უნდა, იამაყოს: აი, ჩემს შვილს რა ქორწილი გავუკეთე, რამდენი საჭმელი და სასმელიაო. ეს ჩემთვის ტანჯვასთან ასოცირდება. ჩემს ქორწილიში ის ადამიანები უნდა იყვნენ, ვინც ძალიან მიყვარს, თუნდაც ჩემი მშობლების მეგობრები, ვისთანაც მეც ვმეგობრობ და არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ჩემს სახლში სულ სუფრა და სულ სტუმრიანობაა. გუშინაც მამაჩემის მეგობრები იყვნენ აგარაკზე ამოსული, ჩამოვიდა მისი მეგობარი, რომელიც „ლა სკალას“ კონცერტმაისტერია. მშვენივრად გავერთე მათთან ერთად. ყოველთვის ასე იყო და იქნება. ეს ორი ადამიანის ბედნიერების დღეა და არა მშობლების ამბიციების დაკმაყოფილების დღე. მე ისედაც ასე ვცხოვრობ, აბსოლუტური თავისუფლება მაქვს ჩემი მშობლებისგან და ისე ვიქცევი, როგორც მე მინდა და გამიხარდება. მათთან ძალიან მეგობრული ურთიერთბა მაქვს და ზუსტად ვიცი, მამაჩემი არასდროს დადგება და არ დამიწყებს თითის ქნევას, შენს ქორწილში ეს უნდა დავპატიჟოო.
– კაბა, როგორც უკვე თქვი, ტანზე მოტკეცილი გახდა, არა?
– ამწუთას ასე წარმომიდგენია. თან, იცი, რა არის?! ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ცხოვრებაში იმდენნაირი საქორწილო კაბა მცმია, საქორწილო კაბის უკმარისობის განცდა ნამდვილად არ მაქვს. ცხოვრებაში ერთხელ თეთრი კაბის ჩაცმაზე ყველა ოცნებობს. ამაში არის თითქოს რაღაც მაგიური, მაგრამ ჩემთვის ესეც გაუბრალოვდა, ფასი დაკარგა. ამ გადაცემისთვისაც უკვე იმდენი კაბა მაქვს მორგებული, სიუჟეტებისთვისაც მილიონნაირ კაბას მარგებენ... ხშირად წვეულებებზეც კი ისეთი კაბით მივდივარ, რომელიც ვიღაცისთვის საქორწილო კაბაა. ახლა თუ ქორწილი მექნება, ალბათ, დიდ კაბას ჩავიცვამ, დიდს თავისი მნიშვნელობით და არა სიდიდით.
– ამდენ ქორწილში ხარ ნამყოფი, განცდილი გაქვს მათი ემოციები, მათთან ერთად იხარჯები ბოლომდე. ღირს ეს დღე ამდენ ოცნებად და წვალებად?.. და ცხოვრობდნენ ისინი ტკბილად და ბედნიერად... ეს იგრძნობა?
– ეს ინდივიდუალურია. ასე, ვერ განსაზღვრავ. იმ კონკრეტულ მომენტში, ყველას ჰგონია, რომ ის ერთადერთია, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება უნდა. მაგრამ, ასე ყოველთვის არ ხდება. საერთოდ, ძალიან რეალისტი, პრაგმატული ადამიანი ვარ. ცაში გამოკერებული არ ვარ და ვარდისფერი სათვალე არ მიკეთია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მჯერა სიყვარულის და ამ დღის. შიგნიდან მაინც რომანტიკოსი ვარ და მჯერა ყველაფრის. უფრო სწორად, ვიჯერებ იმას, რაც მომწონს და რაც ცხოვრებას მილამაზებს. თუნდაც ეს ქორწილს არ ეხებოდეს. ერთ დღესასწაულს აღვნიშნავდი – მოვრთე ყველაფერი, მაგრად დავიხარჯე. აღარ მახსოვს, რომელღაც უცხო ქვეყნის დღესასწაული იყო. ჩემმა მეგობარმა მკითხა, გჯერა ამ დღისო და მე ვუპასუხე, მჯერა მსოფლიოს ყველა დღესასწაულის, რომელიც კონკრეტულ დღეს გამილამაზებს. ასე რომ, რაც გინდა და რაც გედღესასწაულება, ის უნდა იდღესასწაულო. რაც გეზეიმება, უნდა იზეიმო – იქნება ეს ქორწილი თუ ჩვეულებრივი დღე. რაღაც რომ მოგწონს, რაღაცის რომ გჯერა, ამით ცხოვრება ბევრად ლამაზი ხდება. მით უმეტეს, თუ ეს ქორწილი შენ სურვილებს შეესაბამება და არ აკეთებ იმას, რაც ნორმაა, დადგენილია თუ სხვა.
– თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდის გჯერა?
– რა სისულელეა, სად არიან რაინდები, მით უმეტეს, „ჯორჯიაში“. მაგრამ თუ მინდა, ვინმე სწორედ ასეთ უფლისწულად, რაინდად დავინახო და ამით ვიზეიმო, გავიხარო, ამას დავინახავ. ასეთი ტიპი ვარ, რაც მინდა, იყოს ლამაზი და ჯადოსნური, ასეთადაც დავინახავ. ისე, ცხენზე ამხედრებული პრინცების როგორ უნდა დავიჯერო, ისინი ხომ „ნო ეზისტე“ – არ არსებობენ! თუმცა, თუ მომინდება, იარსებებენ. ის კი არა, რომ დავბრმავდები სიყვარულით და ვეღარ დავინახავ და მომეჩვენება რომ პრინცია... არა, არაფერი არ მომეჩვენება, ზუსტად დავინახავ, რომ ასეთი არ არის. მაგრამ, მორჩა, ეს ჩემი პრინცია, მინდა, რომ ეს იყოს პრინცი ცხენზე და ასე უფრო ადვილია. რაღაც ხაფანგში აუცილებლად გაეხვევი და ბარემ თავი დაიმშვიდე.