კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოჰყავდა სტალინს „პახმელიიდან“ ნიკიტა ხრუშჩოვი

1942 წლის თებერვლის მიწურულისთვის, მოსკოვთან შექმნილი საფრთხე თითქმის სრულად იქნა ლიკვიდირებული, დარჩენილი იყო ფაშისტთა უმნიშვნელო ძალები, რომელთა განადგურებას წარმატებით ახორციელებდა ჩვენი ჯარი. აქედან გამომდინარე, სტალინი მშვენიერ გუნება-განწყობაზე იმყოფებოდა და წითელი არმიის 24-ე წლისთავს ბრწყინვალე გუნებაზე შეხვდა. 22 თებერვლის საღამოს სტალინმა პოსკრებიშჩევს დაავალა: „ჩვენი დიადი არმიის ზეიმზე, ხვალინდელ დღესასწაულზე, ყველა აქ მყოფი ხელმძღვანელი დაპატიჟეთ. მათ დაიმსახურეს ყურადღება და, თუ გნებავთ, მცირე გართობაც კი. ოღონდ, არავინ გამოგრჩეთ“. ხრუშჩოვი იმ პერიოდში სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრი იყო, რაღაც საქმეებზე მცირეხნიან მივლინებაში იმყოფებოდა დედაქალაქში და, ბუნებრივია, ისიც დაპატიჟებულთა სიაში მოხვდა. ტრადიციულად, ყველა დღესასწაული თითქმის ერთნაირი სქემით მიმდინარეობდა: ჯერ საზეიმო სხდომა იმართებოდა ხოლმე დიდ თეატრში, რომელიც კონცერტით მთავრდებოდა, ბოლოს კი ეს ყველაფერი კრემლის დიდ დარბაზში გაშლილი სუფრით გვირგვინდებოდა. ბანკეტი ზოგჯერ გამთენიამდე გრძელდებოდა და ამ თავყრილობებზე უშუალო, გულღია ატმოსფერო სუფევდა. დიდი თეატრის შემდეგ, 23 თებერვალს, სტუმრებმა კრემლში გადაინაცვლეს. სტუმრებს შორის უცხოელი დიპლომატებიც იმყოფებოდნენ. პირველი სადღეგრძელო, ტრადიციულად, დიდმა ბელადმა წარმოთქვა და ჩვენი სახელოვანი წითელი არმია ადღეგრძელა. მომდევნო სიტყვაში კი მოლოტოვმა დიდი ბელადის სადღეგრძელო შესვა. სტუმრებს სასმელი მოერიათ, ნელ-ნელა შექეიფიანდნენ  და ატმოსფერო უშუალო გახდა. ტრადიციისამებრ, სუფრები აალაგეს, უფრო სწორად, დიდი მაგიდები აიღეს და საჭმელ-სასმელი პატარ-პატარა მაგიდებზე გადაიტანეს, დარბაზი კი ერთგვარ იმპროვიზებულ სცენად გადაიქცა, სადაც სტუმრებს ცეკვა, სიმღერა და ლექსების წარმოთქმა შეეძლოთ, პარალელურად კი სადღეგრძელოები გრძელდებოდა. ასეთ დროს დიდი ბელადი დარბაზის ერთ-ერთ სვეტთან ჩერდებოდა ხოლმე თავის მცირერიცხოვან გარემოცვასთან ერთად და იქიდან ადევნებდა თვალს მრავალრიცხოვანი სტუმრების საქციელს. ჯერ კიდევ სუფრების ალაგებისას, კრემლის მომსახურე პერსონალმა ძლივს წამოაყენა მაგიდიდან პირდაპირ სუფრაზე ჩაძინებული ხრუშჩოვი, რომელიც საშინლად გამოთვრა და თავისი ღორული ფიზიონომია ვინეგრეტით სავსე თეფშში ჩაყო. სტალინის მახვილ თვალს ხრუშჩოვის ეს საქციელი არ გამოჰპარვია, თუმცა, მწვავე რეაგირება არ მოუხდენია, მხოლოდ დაცვის ერთ-ერთ წევრს დაავალა, ფრთხილად გაეყვანათ დარბაზიდან. მართლაც, სახემოსვრილი ნიკიტა ხრუშჩოვი ჩვენმა ბიჭებმა შეუმჩნევლად გაიყვანეს და ზეიმი გაგრძელდა. დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ ხრუშჩოვი კვლავ გამოჩნდა, ოღონდ, სახე დაბანილი ჰქონდა და, ცდილობდა, წონასწორობა შეენარჩუნებინა. ასე, ბოდიალ-ბოდიალით შემოიარა მან კრემლის უზარმაზარი დარბაზი, გზადაგზა კი სასმელს კვლავ წრუპავდა, რომელსაც თითქმის ყველა მაგიდიდან იღებდა. ამგვარად, სანამ ხრუშჩოვმა „ლოთიანი“ წრე შემოუარა დარბაზს, ისე ძლიერ შეუბრუნა სასმელმა, რომ სივრცისა და დროის კოორდინაციის მცირედი კონტროლის უნარიც კი დაკარგა. ხრუშჩოვის ეს „რვიანები“, უკვე მთელი დარბაზისთვის თვალშისაცემი გახდა. სტალინი ოდნავ გაღიზიანდა კიდეც, ცინიკური ღიმილით მიანიშნა მოლოტოვს ხრუშჩოვზე და ამასობაში, მასზე რაღაც გადაულაპარაკა. გალეშილმა ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელმაც წითელი ღვინო ჯერ ტანისამოსზე გადაისხა, შემდეგ ბოკალი იატაკზე დაემსხვრა, ბოლოს კი დარბაზის ცენტრში გადაინაცვლა, რაღაც გაურკვეველი წაილუღლუღა და „გოპაკის“ წაცეკვება სცადა... ნიკიტამ ჩაბუქნა და მარცხენა ფეხის გაშლა მოინდომა. მაგრამ, კოორდინაცია დაკარგა და კასრივით გაგორდა კრემლის დარბაზის მოკრიალებულ იატაკზე. ეს უკვე მეტისმეტი იყო. სტალინის მრისხანება მის სახეზე გაჩენილი წითელი ლაქებით გამოიხატა, თუმცა, სიტყვა არ დაუძრავს და მხოლოდ თვალებით ანიშნა ვლასიკს, ეს უმსგავსობა აღეკვეთა. ჩვენმა ორმა თანამშრომელმა გაგორებული ხრუშჩოვი ჰაერში აიტაცა და თვალის დახამხამებაში მოაშორა დარბაზს. სტალინმა ვლასიკი იხმო და უბრძანა: „ეზოში ჩაიყვანეთ (გულისხმობდა კრემლის ეზოს, სადაც იმ მომენტში 25 გრადუსი ყინვა იდგა) და, ნაძვების ქვეშ რომ სკამებია, იქ დასვით. სანამ აზრზე მოვა, იჯდეს, შემდეგ კი შეგიძლიათ, თბილი ქურქი მიაშველოთ, რომ არ გაიყინოს. უთხარით, რომ ფეხი არ მოიცვალოს ჩემს სპეციალურ ბრძანებამდე და იქ დაელოდოს გამოძახებას“.

ვლასიკს გაეღიმა და დაუყოვნებლივ გაეშურა ბრძანების შესასრულებლად. წვეულება კი გამთენიამდე გაგრძელდა. ხრუშჩოვი „გამოსაფხიზლებელში“ რომ გაიყვანეს, ღამის 2 საათი იყო. გათენდა, სტუმრები კმაყოფილები დაიშალნენ და სტალინიც თავისი საძინებლისკენ გაეშურა. მზე ჯერ არ იყო ამოსული, თუმცა, უკვე ყველაფერი კარგად ჩანდა და სტალინმა ფანჯარაში გაიხედა, საიდანაც დაინახა თბილ ქურქში გახვეული, ნაძვების ქვეშ მყოფი ხრუშჩოვი, რომელიც უკვე სრულიად ფხიზელი იყო და, რომ არ გაყინულიყო, შეუჩერებლად ხტუნაობდა. სტალინი ფანჯარას  მოსცილდა და შემოუბრუნებლად, სიარულში გვიბრძანა: „ცოტას წავუძინებ, ეგ კი მანდ იყოს, ფეხი არ მოიცვალოს“.

სამი საათის შემდეგ სტალინი უკვე თავის სამუშაო კაბინეტში იყო. პირველად მან პოსკრებიშჩევი იხმო, რომელსაც დავალება მისცა, შემდეგ მე დამიძახა და მიბრძანა: ის ლოთი მოიყვანეთ, უნდა დაველაპარაკოო. ხრუშჩოვთან რომ მივედი, ის უკვე აღარ ხტუნაობდა, რადგან, ეტყობოდა, არაქათი გამოლეოდა და სკამზე იყო ჩამომჯდარი. „ნიკიტა სერგეევიჩ, ამხანაგი სტალინი გიხმობთ“, – ვუთხარი ხრუშჩოვს, რომელზეც სტალინის ხსენებამ მაგიურად იმოქმედა, ზეზე წამოხტა და უხმოდ მომაჩერდა. ხრუშჩოვი გზაში ეშმაკურად ცდილობდა იმის გარკვევას, რა მოხდა წუხელ, მაგრამ, მე მხოლოდ მხრებს ვიჩეჩავდი და პასუხი არ გამიცია. სტალინის მისაღებში ხრუშჩოვი პოსკრებიშჩევს „ჩავაბარე“ და ჩვენს ოთახში წავედი. რაც შემდეგ იქ მოხდა, ამაზე უკვე წლების შემდეგ მიამბო მოლოტოვმა, რომელიც იმ მომენტში სტალინთან იმყოფებოდა. მოლოტოვი იხსენებს: „სტალინის კაბინეტის კარი ფრთხილად გაიღო და, ჯერ ხრუშჩოვის მოტვლეპილი თავი გამოჩნდა, რომელიც ჭარხალივით გასწითლებოდა, შემდეგ კი ტანიც. მე და სტალინი ოთახის კუთხეში, პატარა მაგიდასთან ვისხედით, რომელზეც საუზმე სამ კაცზე იყო გაშლილი. იქვე ერთი ბოთლი წითელი ღვინო და თეთრი სითხით სავსე დოქი ეწყო. ხრუშჩოვი ისე იყო დაბნეული, თავდაპირველად ვერ შეგვამჩნია და მას სტალინი დაეხმარა: „შემოდი, ნიკიტა, კეთილი იყოს შენი მობრძანება“, – მიაგება მას სტალინმა სიტყვა და მაგიდასთან მოიხმო. „ისევ მთვრალი ხარ თუ უძილობამ დაგძლია?“ – არ მოეშვა სტალინი და ანიშნა, დამჯდარიყო. ხრუშჩოვს ფერი-ფური წაუვიდა, მძიმედ დაეშვა სავარძელში და გაშეშდა. „როგორ გრძნობ თავს?“ – ჩაეკითხა სტალინი და ღიმილით გადმომხედა. ხრუშჩოვმა გაღიმება სცადა, თუმცა, არ გამოუვიდა და ძალზე უცნაური გამომეტყველება მიიღო. „რას გაჩუმებულხარ?“ – ჩაილაპარაკა სტალინმა და ფერფლი ჩიბუხიდან საფერფლეზე გადმოყარა. თან, ახალი თუთუნი მოიმარჯვა და ჩიბუხი გამართა. „იოსებ ბესრაიონოვიჩ, – ენის ბორძიკით დაიწყო ხრუშჩოვმა, – მაპატიეთ, წუხელ, ცოტა არ იყოს, ზედმეტი გადავკარი, ვერ განვსაზღვრე ჩემი ძალები...“ სტალინს ხმა არ გაუცია და ჩიბუხი გააბოლა. ხრუშჩოვი დადუმდა, სტალინმა კი განაგრძო: „რას უყურებ, ჭიქები შეავსე, ვისაუზმოთ“. ხრუშჩოვმა ღვინის ბოთლი გაუბედავად აიღო, ჯერ სტალინს დაუსხა, შემდეგ მე და ის იყო, საკუთარი ჭიქაც უნდა შეევსო, რომ სტალინმა შეაჩერა: „რას შვრები, ნიკიტა, კვლავ ღვინის დალევას აპირებ?“  ხრუშჩოვს ბოთლიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა და ერთ ადგილზე გაიყინა. სტალინი დოქს დასწვდა, ხრუშჩოვის ჭიქაზე ააპირქვავა  და თეთრი სითხით შეუვსო: „ღვინო არ გეკუთვნის, რძე დალიე. ეგ ბოთლი კი დადგი, არ გაგივარდეს და არ გადაისხა“. 

„ვისაუზმოთ“, – მტკიცედ უბრძანა მას სტალინმა და ხრუშჩოვსაც მეტი გზა აღარ ჰქონდა – გაუბედავად დასწვდა ხორცის ნაჭერს. სამივემ უხმოდ ვისაუზმეთ. მე და სტალინი მშვენიერ წითელ ქართულ „ხვანჭკარას“ მივირთმევდით, ხრუშჩოვი კი – რძეს. ტრაპეზი რომ დავასრულეთ, სტალინმა ხრუშჩოვს ფრონტის ამბები გამოჰკითხა, რაზეც ხრუშჩოვი სხაპასხუპით პასუხობდა. მოკლედ, სტალინმა ის ისე გაართო საუბარში, რომ ხრუშჩოვს წინა ღამის კოშმარები დაავიწყდა და გამოცოცხლდა. ბოლოს სტალინმა სამივე ჭიქა წითელი ღვინით შეავსო და, სასმისები ჩვენც რომ ავწიეთ, თქვა: ამ ჭიქით ჩვენი მომავალი გამარჯვების სადღეგრძელო იყოსო, – და, დალია. მეც იგივე გავიმეორე და ჭიქა ბოლომდე გამოვცალე. ხრუშჩოვმა ჭიქა ასწია, „ვიყოთო“ (ტრადიციული რუსული სადღეგრძელო) – ჩაილაპარაკა და გამოცალა. სტალინს ირონიულად გაეცინა, წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა და ხრუშჩოვს მიუგო: „დურაკ ტი, ნიკიტა, ეი ბოგუ!“ (სულელი ხარ შენ, ნიკიტა, ღმერთმანი!) – და ფანჯრისკენ მიტრიალდა. ხრუშჩოვი გაშრა, სტალინს კი ყურადღება არ მიუქცევია მისთვის, თავის სამუშაო მაგიდასთან მივიდა, ტელეფონს დასწვდა და პოსკრებიშჩევს უთხრა, საუზმე დავამთავრეთ, სუფრა აალაგონო. შემდეგ მე მომიხმო და მიმდინარე საქმეებზე დამელაპარაკა. ხრუშჩოვი კი წამოდგა, თაგვივით გაიპარა კარისკენ და კაბინეტიდან გაიძურწა“...

 

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

 

скачать dle 11.3