რატომ გახდა პარიზში „ბარიგა“ და „ალკოჰოლიკი“ ნუკი კოშკელიშვილი და რის გამო სთხოვეს მას ფრანგებმა ცოლობა
ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმეთვიანი პაუზის, ასევე ხალისიანი დასვენებისა და თავგადასავლების შემდეგ, განახლებულ „კომედი არხზე“ აპირებს იუმორისტული გადაცემის წაყვანას. არ ეყოლება თანაწამყვანი, სამაგიეროდ, ეყოლება სტუმრები და როგორც თავად ამბობს: იქნება ბევრი იუმორი.
ნუკი კოშკელიშვილი: ძალიან კარგად დავისვენე, თან, ყველაფერი სპონტანურად გადავწყვიტე. ქუთაისში კონცერტი მიმყავდა, იქიდან ერთი დღით ვაპირებდი ბათუმში ჩასვლას. ეს ერთი დღე გადაიზარდა ორ თვეში. სამი დაქალი ვართ, სულ ერთად ვართ და ზუსტად ერთ დღეში გადავწყვიტეთ საფრანგეთში წასვლა. მეორე დღეს ვიყიდეთ ბილეთები, სასტუმროს ვაუჩერები, ავიღეთ ვიზა და გავფრინდით. ძალიან უცნაური და საინტერესო მოგზაურობა გამოგვივიდა. მაგრამ, ბოლოს თავბედი ვიწყევლეთ, რადგან ვიყავით სამი გოგო, არც ერთს არ გვყავდა შეყვარებული და სადაც შევდიოდით, ყველგან შეყვარებული წყვილები გვხდებოდნენ... ძალიან მეშინია ფრენის, არაამქვეყნიურად – ცოტა შეუგნებელი და არაადეკვატური ვხდები. ამიტომ, რუსი ლოთივით ვსვამ, რომ გავითიშო და ჩამიტანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საოცარი პანიკა მემართება. მოკლედ, ვარშავადან მივფრინავდით პარიზში, ჩავსხედით თვითმფრინავში, ასაფრენ ბილიკზე ვიყავით და უცებ თვითმფრინავმა დაამუხრუჭა. ამ დროს ვიღაცის ტელეფონი ისტერიულად რეკავდა. ისე გავმწარდი, ვიფიქრე: ახლა თმით ვითრევ-მეთქი. უცებ გამორბის სტიუარდესა და იწყებს ყვირილს: ვისი ტელეფონია ჩართული. ცოტა ხანში ვხვდები, რომ ჩემი მეორე ტელეფონი რეკავს – მამაჩემს აინტერესებს, ვარშავაში ჩავედით თუ არა. მოვიდა სტიუარდესა და მეუბნება: „ხულიგანკა“ ხარ, როგორ არ გათიშე ტელეფონიო. არაფერი მითქვამს, მთელი გულით, სულით ვეთანხმებოდი. მაშინვე გავთიშე ტელეფონი. წამიკითხა ლექცია, რომ მიკროტალღების გამო ვერ ავფრინდითო. რადგან თვითმფრინავი გაჩერებული იყო, გადავწყვიტე, ჩამერთო ტელეფონი და მამაჩემისთვის მიმეწერა: კარგად ვარ-მეთქი. ჩავიკუზე, ვრთავ ტელეფონს, წინ ზის 60 წლის კაცი, უცებ მოტრიალდა და ყვირის: ისევ ჩართო ტელეფონიო. ამის მერე ჩვენი ფრენა ასე გაგრძელდა: წყალი დაურიგეს ყველას, ჩემ გარდა; საჭმელი მოუტანეს ყველას, ჩემ გარდა და არც კი დამემშვიდობნენ.
– მოკლედ, კარგად დაგიწყია მოგზაურობა.
– თან, სამივემ გადავწყვიტეთ, რომ იაფად წავსულიყავით დასასვენებლად. ბაძანგლურად წავედით, ბომჟურად – კარვით არა, მაგრამ იაფად. თანხები, ძირითადად, გათვლილი გვქონდა მუზეუმებსა და გართობაზე. რომ ჩავედით, პირველივე წუთებში გვითხრეს: ფრთხილად იყავით, რამე არ მოგპარონო. ფოტოები, რომ ნახო, მუცელზე ყველგან მაქვს კვალი: პასპორტი, საბუთები, ყველაფერი მედო ტრუსიკში. ტრუსიკის ზემოდან კი მეცვა მაღალწელიანი „კუპალნიკი“ და მერე კაბა. ეიფელის ქვეშ კარგი ადგილი აღმოვაჩინეთ – იქ მინდორზე ვსვამდით ჩვენ სამი გოგო და დანარჩენი – შეყვარებულები. როგორ არ ვტიროდით ყოველ საღამოს, არ ვიცი. დავიფიცეთ, რომ ჩავალთ საქართველოში, მეორე დღესვე შეყვარებული უნდა გავიჩინოთო. ერთ დღეს ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახეთ ღვინოები – შედარებით იაფად. ვიყიდე დიდი ჩანთა და ღვინის ბოთლებით გავტენე: ჩვენს უბანში არ იყიდებოდა და ბარემ წავიღეთ სახლში. ამ 12 ბოთლი ღვინის ქვეშ მედო საფულე, იქიდან ვერავინ მომპარავდა. მოკლედ, მეტროში ვარ, ამოვალაგე ეს ბოთლები, რომ საფულე ამომეღო. ამ დროს მოვიდა პოლიციელი და მეუბნება: თქვენ ხართ „ბარიგა.“ ჩემს სასოწარკვეთილებას საზღვარი არ ჰქონდა: ცოტა ხნის წინ „ხულიგანკა“ ვიყავი, ახლა „ბარიგა“ ვარ. ვიდექი და ვუმტკიცებდი, რომ ალკოჰოლიკი ვარ, რადგან, სხვანაირად ვერ გაიგებდა. ბოლოს გაეცინა და წავიდა. ამის შემდეგ წავედით ნიცაში.
– ნიცაში ნამყოფი ვარ და მართლაც ულამაზესი ქალაქია.
– რომ გითხრა, ნიცაზე გავგიჟდი-მეთქი, მოგატყუებ. გაკეთებული, ლამაზი ბათუმი ბევრად მირჩევნია ნიცას, არაფრით ჩამოუვარდება. ნიციდან ძირითადად დავდიოდით მონტე-კარლოში, კანში, თან, აბსოლუტურად ავითვისეთ ყველანაირი ტრანსპორტი. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩემს დაქალებს არ ჰქონდათ ბევრი ბარგი და მე დავდიოდი დიდი ჩემოდნით. როგორც კი ნიცაში ჩავედით, სასტუმროსკენ მიმავალი გზა შეგვეშალა. ფეხით ბევრი ვიარეთ, იმდენი ვიგინე იმის გამო, რომ ჩემოდანს ვათრევდი, მგონი, საქართველოში არც ერთ გოგოს არ უგინია ამდენი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეყვარებული მჭირდებოდა სასწრაფოდ, რომელიც ჩემს ჩემოდანს ათრევდა. აღმოვჩნდი სნობი, არადა, სულ ვამბობდი: შემიძლია, ფეხით ვიარო, ეს გავაკეთო, ის... არაფერიც არ შემძლებია: აი, ფილმებში ქერა, ჭყავანა ქალები რომ არიან, ფრჩხილი მომტყდაო და რომ ნერვიულობენ, ზუსტად ასე ვიყავი. საკუთარი თავის შემრცხვა ბოლოს. თან, ვიყავი ქუსლებით, კაბით – ჩვეულებრივი ფუფულა. ბოლოს ვიღაც ბიჭს შევეცოდე, მიმიტანა ჩემოდანი სასტუმრომდე. იტალიაში რომ ვიყავი, დიდი სიამოვნება მივიღე, ქუჩაში, გიკივიან: ბელა, ბელაა!.. ამ თვალსაზრისით საფრანგეთი „დავბრაკე“. თუმცა, ცოლად გაყოლის სამი შემოთავაზება მივიღე. სამივე ერთხელ გამომელაპარაკა და მერე სათითაოდ გამომიცხდეს: ლამაზი შვილები გვეყოლება, ამიტომ ცოლად გამომყევიო. ისე, ახლა ჩემ გარშემო ბევრი თხოვდება და მივხვდი, რატომაც თხოვდებიან: 1. სამოგზაუროდ რომ მიდიან, ჩემოდანი ხომ ვიღაცამ უნდა ათრიოს; 2. საზამთროს სეზონია. გუშინ კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ შეყვარებული ძალიან კარგია, რადგან მეთოთხმეტე სართულზე ფეხით ვათრიე საზამთრო; 3. გუშინ ვიყავი „წყევლაზე“, მერე მარტო დავრჩი სახლში, შემეშინდა და მივხვდი, რომ საჭიროა შეყვარებული.
– ახლა არავინ მოგწონს?
– 15 წლის ასაკში ნებისმიერი ურთიერთობა, ფლირტი შენთვის მისაღებია. ახლა ისეთი ასაკი მაქვს, თუ დავიწყებ ურთიერთობას, ის შეიძლება, სერიოზულში გადაიზარდოს. არ მგონია, იმის დრო მქონდეს: დავშორდე, შევრიგდე, 800 კაცი მყავდეს შეყვარებული. ამიტომ, ვეძებ ისეთს, რომელიც იქნება „ერთადერთი“. აღმოჩნდა, რომ გარშემო ყველას ვიწუნებ. მე ჩამოვაყალიბე ჩემი იდეალური მამაკაცი: 1. ყველაზე მნიშვნელოვანი: იუმორის გრძნობა. მამაკაცი თუ არ გამაცინებს, გინდ მილიარდები ჰქონია, გინდ ბრედ პიტი იყოს, არ მინდა. თუმცა, ინტელექტუალური იუმორი უნდა ჰქონდეს, კლოუნი კი არ უნდა იყოს; 2. უნდა იყოს ჩემზე ჭკვიანი. ჩემზე მეტი წიგნი თუ არ აქვს წაკითხული, წავიდეს, სადაც უნდა.
– ბევრი წიგნის წაკითხვა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი ჭკვიანია.
– წიგნის ჭია არა, ერუდირებული უნდა იყოს, განათლებული და ქარიზმატული ამ კუთხით. მინდა, მისგან რაღაც ვისწავლო. იშვიათად ხდება, რომ მამაკაცთან შტერად ვიგრძნო თავი, არადა მინდა, მასთან შედარებით შტერი ვიყო. მინდა, თავის საქმის პროფესიონალი იყოს. ყველა იტყუება, როცა ამბობს: ჩემთვის მილიონებს არ აქვს მნიშვნელობაო. ვიღაც მილიონერი რომ შემიყვარდეს და ბარემ ეს თვისებებიც ჰქონდეს, თან, უზრუნველყოფილი – რატომაც არა. მაგრამ, თუ ფული ექნება და ის თვისებები, რაც ჩამოვთვალე – არა, მაშინ არ მინდა. თუმცა, არც ეს ვიცი. შეიძლება, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მილიონად გავიყიდო, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ. უნდა იყოს შრომისმოყვარე. რომ ამბობენ ბიჭები: დიდხანს ვერ ვჩერდები სამსახურში, ხომ იცი, როგორი ვარ, შემიძლია, მივიდე, შემიძლია – არა და თან, ამით რომ მარიაჟობენ, მათ მინდა ვუთხრა: ბიჭებო, ეს გულის ამრევია ნებისმიერი ქალისთვის. წინანადადება: ვერ დამილევია ძმაკაცებთან ერთად, რადგან ვმუშაობ – ბევრად უფრო მომხიბლავია. ვიზუალური მხარე ყველაზე ნაკლებად მადარდებს. არასდროს ვეძებდი ლამაზ მამაკაცს. თუმცა, ადრე ქერა მომწონდა, ახლა აღარ მომწონს და მივხვდი, რომ 7 წელიწადში ერთხელ მეცვლება გემოვნება. მაშინ, წითურები მომწონდა, მერე – ქერა და ახლა – შავგვრემანი მამაკაცები. არადა, აქამდე ადამიანად არ აღვიქვამდი შავგრემანებს. ახლა ქერები ცოტა მემოხარშულთევზება. კიდევ სათვალიანი მამაკაცები მომწონს, თუმცა, უსათვალოც თუ იქნება საინტერესო და ჭკვიანი, სიამოვნებით მომეწონება. ვიჯდები და მოვუსმენ. მამაკაცური მომხიბვლელობა ჩემთვის არ არის დამრტყმელობაში. სულაც არ მინდა, რომ მამაკაცმა დამიცვას. თუმცა, ჭკვიან მამაკაცთან ბევრად დაცულად ვიგრძნობ თავს, რადგან, მეცოდინება, რომ პრობლემის წინაშე, მას ყოველთვის ექნება ადეკვატური გამოსავალი და არა მუშტს დაარტყამს მას, ვინც მე მაწყენინებს.
– ურთიერთობაში ხარ მომთხოვნი, კაპრიზული?
– იდეალური და უპრობლემო ადამიანი ვარ. არასდროს არაფერზე ვჩხუბობ, არ ვკაპრიზობ, არ ვეჭვიანობ, არ ვმართავ სცენებს. ყველაზე მორგებული და ურთიერთობაში მარტივი ადამიანი ვარ.