ვინ არის აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, რომელიც მაკა შალიკაშვილისა და მისი მეგობრების ჯადოსნურ ღამეებს აფინანსებს თურქეთში და რამდენი ათასი დოლარი უჯდება მას მსახიობის გართობა
ასეთი ინტერვიუები ხშირად იბეჭდება პრესაში. უმრავლეს შემთხვევაში, სიმართლე მხოლოდ ჟურნალისტმა იცის, რადგან, რესპონდენტები ჟურნალისტებთან ერთგვარად ცრუობენ – საკუთარ „ფეისს“ მაკიაჟის გარდა, ფანტაზიებითაც მოხატავენ ხოლმე და მერე თავადვე უჭირთ საკუთარი თავის ცნობა. მაგრამ, ეს ჩემს რესპონდენტს არ ეხება. ის მგზავრობდა ავტობუსით, „მარშრუტკით,“ მეტროთი და, ახლა უკვე – იახტით, თუმცა, ისევ მაკა შალიკაშვილია.
– მაკა, შენი „სახის წიგნაკიდან“ ვხვდები, რომ კარგ ახალ ამბებში ხარ...
– ბოდიში მომითხოვია და, „სახის წიგნაკი“ რა არის?
– აი, რას ნიშნავს, რომ ინგლისურმა წალეკა ქვეყანა და ქართული ნელ-ნელა გვავიწყდება!.. „სახის წიგნაკი“ არის იგივე „ფეისბუქი.“ სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ, თურმე, ბევრმა არ იცოდა, „ჯეოსტარი“ რომ „საქართველოს ვარსკვლავს ნიშნავს“.
– „ჯეოსტარი“ ვიცოდი, მაგრამ, „სახის წიგნაკი“ პირველად გავიგე (იცინის). რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
– გავიგე, ანტალიაში ისვენებ და, თანაც, საკმაოდ საინტერესო გარემოცვაში.
– ხოო?! აი, როგორ ვრცელდება ჭორები... გარემოცვა საიდანღა გაიგეთ? (იცინის) სამუშაოს თვალსაზრისით მკვდარი სეზონია და გართობის მხრივ – აქტიური, მაგრამ, გააჩნია, რომელ ქვეყანაში ხარ.
– ყველას აქვს ინფორმაციის საკუთარი წყარო, თან, ზღვის ტალღების ხმა მესმის, მაგრამ, სიმინდი, ბულკი, სემიჩკაო, არავინ ყვირის.
– სამწუხაროდ, მგონი, ბათუმი-ქობულეთშიც აკრძალეს სანაპიროზე სიმინდი, არადა, სულ სხვა გემო აქვს იქვე ნაყიდს. ანტალიაში არა, მაგრამ, ბოდრუმის ულამაზეს სანაპიროზე ვარ, ჩემი ფანჯრიდან ჩანს აუზი, რომელიც თითქოს ზღვას უერთდება, ვილა კლდეზეა აშენებული, კიბეებით ჩადიხარ ქვემოთ და სანაპიროზე ხვდები. აივნიდან რომ ვიყურები, ისეთი სილამაზეა, თავი სამოთხეში მგონია.
– ანუ, სასტუმროში არ ცხოვრობ?
– არა. ჩემს მეგობრებს 20 სექტემბრამდე ვილა აქვთ ნაქირავები და დამპატიჟეს. მე სამი დღეა, რაც თბილისიდან გამოვექეცი და, დავბრუნდები მაშინ, როცა სარკეში ჩავიხედავ და საკუთარ სხეულს ვეღარ დავინახავ. ესენი უკვე ტარაკნებივით არიან, თან, ისეთი საოცარი ფერი აქვს ყველას, სურვილი მიჩნდება, რომელიმეს სახე ავახიო და მე მივიწებო.
– ჯერ ცხოვრება წინ გაქვს.
– თანაც, ნეტავ იცოდე, როგორი! სამი დღეა, აქ ვარ და უკვე საოცრებების მომსწრე გავხდი. წინ კიდევ როგორი ჯადოსნური დღეები მელის, წარმომიდგენია, უფრო სწორად, ვერ წარმომიდგენია.
– მაგალითად, რა საოცრებების მომსწრე ხარ?
– მე რომ აქ ვარ, თვით ეს უკვე საოცრებაა (იცინის), გარდა ამისა, ყოველღამე გრანდიოზული „ფართი“ იმართება, ამერიკულ ფილმებში რომ მინახავს, ისეთი. მთელი ვილა, თავისი სანაპიროთი, ფერადი შუქებითა და ჩირაღდნებით არის განათებული. ჩვენ 12 მეგობარი ვართ, მაგრამ, ყოველ საღამოს კიდევ უამრავი მეგობრის მეგობარი გვიერთდება და არის დიდი ამბავი.
– როგორც „ოუშენის (ოკეანის) 12 მეგობარი“ და, ყველა მეგობარი ქართველია?
– თითქმის. ჩემი დაქალის ბოიფრენდი აზერბაიჯანელი ბიზნესმენია და მან მოგვიწყო ასეთი დაუვიწყარი არდადეგები. როგორც ვიცი, ერთი დღე-ღამე 5 000 დოლარი ღირს და ამაში შედის აბსოლუტურად ყველაფერი – მომსახურე პერსონალი, თავისი ყოველდღიური ივენთებით.
– შენც ბოიფრენდთან ერთად წახვედი თუ თავისუფალ ფრენაში ხარ?
– დიდი ხანია, ბოიფრენდი აღარ მყავს. ჩვენი ურთიერთობა უფრო ღრმა და მრავლის მომცველია, საქმროსაც ვერ დავარქმევ, უბრალოდ, ცოლ-ქმარი გვქვია. მართალია, უკანონო ქორწინებაში ვარ, მაგრამ, მაინც მისი ცოლი მქვია, თუმცა, გადავწყვიტეთ, ეს ზაფხული, ცალ-ცალკე გაგვეტარებინა, რომ სექტემბრიდან ახალი ძალებით, ახალი ენერგიითა და ვნებებით დავტკბეთ. ზოგჯერ, შეიძლება, სიყვარულითაც დაიღალო და, ამიტომ, აუცილებელია, ცოტა ხანს მისგანაც დაისვენო – ურთიერთობის გადახალისების მიზნით.
– რა არის შენთვის სიყვარული?
– ანგარება! – როცა ორ ადამიანს ერთმანეთი სჭირდება. ოღონდ, ანგარება კარგი გაგებით. სიტყვა „სიყვარული“ დადებითი ემოციების ერთობლიობაა, რომელსაც ორი ადამიანი ერთმანეთის მიმართ განიცდის, მაგალითად: შენი თითოეული მოძრაობა მაგიჟებს, შენი კანის სურნელი ჭკუას მაკარგვინებს, მომწონს, როგორ იმზირები, როგორ ჭამ, როგორ დადიხარ, როგორ საუბრობ და ასე, დაუსრულებლად... სიტყვებში გამოხატული ემოციები... მერე გადის დრო და სიყვარული ნელდება, ანუ, აღარ სჭირდები ან აღარ გჭირდება; შენი საუბარი აღიზიანებს, თუმცა, მიხრა-მოხრა ისევ აღაგზნებს და, როცა ეს უკანასკნელიც დაკარგავს მასში ინტერესს, ესე იგი, სხვისმა დაუბანელმა სხეულის სურნელმა მოხიბლა და ახლა ის უნდა შეიყნოსოს; ასეთ შემთხვევაში კი იტყვიან – სხვა შეუყვარდაო.
– ამ თემას სხვა დროს ჩავუღრმავდეთ. ახლა ის მითხარი, თბილისში დაბრუნების შემდეგ რა გეგმები გაქვს?
– არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ, შესაძლოა, კოკო შანელის პირადი პიკანტური ცხოვრების შესახებ ფილმი გადაიღონ და მთავარ როლზე მიმიწვიონ. პირველადი სინჯები უკვე გავიარე და წინ კიდევ ორი ეტაპი მელის, რომლის შემდეგაც გადაწყდება, ვითამაშებ თუ არა შანელს. თუ ეს მართლა მოხდა, მაშინ ჰოლივუდში მომიწევს წასვლა და, ალბათ, ხვდები, ეს რასაც ნიშნავს.
– ფილმის რეჟისორი ქართველია?
– არა. ამერიკელი დამწყები რეჟისორი იღებს, რომლის პროდიუსერია ქართველი და სწორედ მან შესთავაზა ჩემი კანდიდატურა, თუმცა, როგორც ვიცი, შანელის შემსრულებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეძებენ. პროდიუსერების სურვილია, რომ ისინი, როგორც გუნდი, ახალი სახეებით წარდგნენ ჰოლივუდში. მანამდე კი აჭარის ტელევიზიაში განვაგრძობ მუშაობას ჩემი ყოველდღიური რუბრიკით – „ბათუმური ისტორიები“.
ნათქვამია, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო. სინამდვილეში კი, ეს ინტერვიუ „ხრუშჩოვკის“ ოროთახიან ბინაში ჩაიწერა, ფინჯან ყავასთან, სადაც ეგრეთ წოდებული ვენტილატორი უარესად გვიხუთავდა სულსაც და სხეულსაც. ინტერვიუში კი რა იყო სიმართლე და რა ფანტაზია – ეს მკითხველისთვის მიმინდვია. ყველას მაინც იმის გვჯერა, რისი დაჯერებაც თავად გვაწყობს.