ევროპის რომელი საკალათბურთო ნაკრებები არიან საქართველოს ნაკრების მეტოქეები „ევრობასკეტ 2013-ზე“ სლოვენიაში
2013 წლის ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში სლოვენია მასპინძლობს და ტურნირი სტარტს 4 სექტემბერს აიღებს. „ევრობასკეტ 2013-ში“ 24 საუკეთესო ნაკრები მონაწილეობს და მათ შორისაა საქართველოს ნაკრებიც, რომლის მეტოქე გუნდების კალათბურთელების შესახებ ამ ნომრიდან შეიტყობთ.
პოლონეთი
მარცინ გორტატი: სიმაღლე – 213 სანტიმეტრი; წონა – 109 კილოგრამი.
პოლონურ ლოძში დაბადებული 29 წლის მარცინ გორტატი პოლონეთის ეროვნულ გუნდში NBA-ს ერთადერთი წარმომადგენელია. იგი „ფინიქს სანზში” ცენტრის პოზიციაზე თამაშობს. გორტატი 2007 წლიდან ასპარეზობს NBA-ში, თავდაპირველად ის „ორლანდო მეჯიქის” ღირსებას იცავდა, ხოლო 2010 წლიდან „ფინიქს სანზის” შემადგენლობაშია. მარცინის მამა ასევე სპორტსმენი იყო – 1972 და 1976 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი მსუბუქწონოსანი მოკრივე იანუშ გორტატი.
ტომას კელატი: სიმაღლე – 196 სანტიმეტრი; წონა – 95 კილოგრამი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებული ნატურალიზებული პოლონელი ტომას კელატი წარმოშობით ერითრეიდან არის. ტომასი 2010 წლიდან იცავს პოლონეთის ნაკრების ღირსებას. მისი მეუღლე პოლონელია და სწორედ ეს ფაქტი დაეხმარა მას მოქალაქეობის მიღებაში. 30 წლის დამცველს მთელი პროფესიული კარიერა ევროპის წამყვან კლუბებში აქვს გატარებული. ამერიკული კოლეჯიდან იგი პირდაპირ ევროპაში წავიდა სათამაშოდ, ისე, რომ დრაფტზე გასვლა არ უცდია. თავისუფალ დროს კელატს ფილმების ყურება და პოკერის თამაში უყვარს.
სლოვენია
გორან დრაგიჩი: სიმაღლე – 193 სანტიმეტრი; წონა – 86 კილოგრამი.
27 წლის გორან დრაგიჩი „ფინიქს სანზის” გამთამაშებელი და სლოვენიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. გორანი სლოვენიაში დაიბადა და თავდაპირველად ფეხბურთელობას აპირებდა, თუმცა ტრავმამ შეუშალა ხელი. ბავშვობაში ის აღფრთოვანებული იყო მაიკლ ჯორდანის, ალენ აივერსონისა და სტივ ნეშის თამაშებით. გორანი ღამის 3 საათზე იღვიძებდა სპეციალურად, რომ NBA-ს მატჩებისთვის ეყურებინა ტელევიზორში. გორანს ჰყავს ძმა – ზორანი, ასევე კალათბურთელი, რომელიც ესპანური „მალაგასა” და სლოვენიის ნაკრების ღირსებას იცავს.
მირზა ბეგიჩი: სიმაღლე – 221 სანტიმეტრი; წონა – 120 კილოგრამი.
ბოსნიური წარმოშობის სლოვენიელი მირზა ბეგიჩი ნაკრების ცენტრი და ერთ-ერთი ლიდერია. მირზა ბერძნული „ოლიმპიაკოსის” ცენტრია, კარიერის განმავლობაში კი არაერთ ცნობილ ევროპულ კლუბში უთამაშია: „რეალ მადრიდში”, „ჟალგირისში” და „უნიონ ოლიმპიაში”, რომლის ღირსებასაც დიდხანს იცავდა ქართველი ვლადიმერ ბოისა. მირზა ბეგიჩი „ევრობასკეტის“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთამაშეა.
ესპანეთი
რიკი რუბიო: სიმაღლე – 193 სანტიმეტრი; წონა – 86 კილოგრამი.
ევროპის 2011 წლის ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, რიკი რუბიო, NBA-ს გუნდის „მინესოტა ტიმბერვულვზის” გამთამაშებელია. 22 წლის რიკი 2009 წელს NBA-ს დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩიეს. იგი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კალათბურთელად ითვლება. რიკი სანაკრებო დონეზე საკმაოდ ტიტულოვანია – 2009 და 2011 წლების ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლებთან ერთად, იგი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანიც არის.
ხოსე კალდერონი: სიმაღლე – 191 სანტიმეტრი; წონა – 96 კილოგრამი.
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, 2011 წლის ევროპის ჩემპიონი და 2008-2012 წლების ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი, ესპანელი ხოსე კალდერონი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო დამცველად ითვლება. კალდერონმა 2013 წელს გააფორმა კონტრაქტი NBA-ს კლუბ „დალას მავერიქსთან” 28 მილიონ დოლარზე, სულ კი NBA-ში ზედიზედ მეცხრე სეზონს დაიწყებს, მანამდე იგი „ტორონტო რეპტორზისა” და „დეტროიტ პისტონზის” რიგებში ირიცხებოდა. კალდერონი 2008-2009 წლების NBA-ს სეზონის რეკორდის მფლობელია, მან ყველაზე მეტი საჯარიმო ტყორცნა შეასრულა – 154-დან 151 შედეგიანი ტყორცნა.
ხორვატია
ანტე ტომიჩი: სიმაღლე – 218 სანტიმეტრი; წონა – 120 კილოგრამი.
26 წლის ანტე ტომიჩი ხორვატიის ნაკრების ლიდერი და ევროლიგის 2012-2013 წლების სეზონის „დრიმ ტიმის” წევრია. ტომიჩის სიმაღლე 218 სანტიმეტრია და 2008 წელს ის NBA-ს დრაფტზე „იუტა ჯაზმა” აირჩია, თუმცა, ის დღემდე ევროპულ კლუბებში ასპარეზობს. ამჟამად ტომიჩს კონტრაქტი აკავშირებს ესპანურ „ბარსელონასთან”, მანამდე კი იგი „მოსისხლე“ კლუბის – „რეალ მადრიდის” რიგებში ასპარეზობდა. ტომიჩი 2009 წლიდან თამაშობს ხორვატიის ნაკრებში და „ევრობასკეტი 2013“ მისთვის მეორე დიდი ტურნირია.
დამირ მარკოტა: სიმაღლე – 209 სანტიმეტრი; წონა – 118 კილოგრამი.
ხორვატიის ნაკრების მძიმე ფორვარდს, დამირ მარკოტას, სათამაშო სტილით სერბეთის ნაკრებისა და „ჩიკაგო ბულზის” ერთ-ერთ ლიდერს, ვლადიმირ რადმანოვიჩს ადარებენ. მარკოტა სარაევოში დაიბადა, თუმცა, ომის პერიოდში შვედეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქ დაიწყო კალათბურთის თამაში. მარკოტას შვედეთის მოქალაქეობაც აქვს, თუმცა, თავის დროზე მან უარი განაცხადა შვედეთის ნაკრებში თამაშზე და 2005 წლიდან ხორვატიის ნაკრებშია. 2012 წლიდან მარკოტა თურქული „ბეშიქთაშის” ღირსებას იცავს.
ჩეხეთი
იან ვესელი: სიმაღლე – 211 სანტიმეტრი; წონა – 109 კილოგრამი.
ჩეხეთის ნაკრების ლიდერს, იან ვესელის, სათამაშო სტილით ევროპელ სუპერვარსკვლავებს – დირკ ნოვიცკისა და ანდრეი კირილენკოს ადარებენ. ვესელი სლემ-დანქების ოსტატად ითვლება, იგი „ვაშინგტონ ვიზარდსის” მსუბუქი ფორვარდია და NBA-ში 2011 წლიდან თამაშობს. ვესელი წარმოშობით სპორტული ოჯახიდან არის: მამა ყოფილი კალათბურთელია, დედა – ფრენბურთელი, და კი ჩეხეთის ქალთა ნაკრების წევრია კალათბურთში.
ირჟი უელში: სიმაღლე – 201 სანტიმეტრი; წონა – 95 კილოგრამი.
„ნიმბურკის” მოთამაშე ირჟი უელში ვეტერანი ჩეხი კალათბურთელია, რომელმაც თავისი კარიერის საუკეთესო პერიოდი NBA-ში საკალათბურთო ასოციაციაში გაატარა. 2002 წელს უელში დრაფტზე „ფილადელფია 76-მა„ აირჩია და იმავე სეზონზე „გოლდენ სტეიტ უორიორში” გადაცვალა. შემდგომ წლებში უელშმა კიდევ რამდენიმე ამერიკული კლუბის მაისური მოირგო: „ბოსტონ სელტიქსი”, „კლივლენდ კავალიერსისა” და „მილუოკი ბაქსის”. ჩეხეთის ნაკრებისთვის ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი მესამე იქნება, ხოლო უელშისთვის – მეორე.