რას არ უნდა ელოდებოდეს ადამიანი ღმერთისგან და რის გამო არ უნდა დადიოდეს ქრისტიანი ეკლესიაში
„როდესაც თქვენს მცირერიცხოვნებას შევყურებ და ვხედავ, რომ ჩვენი სამწყსო ყოველი შეკრების შემდეგ სულ უფრო მცირდება, ერთდროულად ვწუხვარ და მიხარია. მიხარია თქვენ გამო, ვინც ახლა აქ ხართ; ვწუხვარ მათზედ, ვინც თქვენთან არ არის. ქების ღირსი ხართ, რადგან, მიუხედავად სიმცირისა, არ გახდით გულგრილნი; ისინი კი განკიცხვას იმსახურებენ იმის გამო, რომ თქვენებრ მოშურნენი არ არიან...”– ამბობს იოანე ოქროპირი. რატომ არის საჭირო ეკლესიაში სიარული, რა ხდება დღეს ადამიანების დაბრკოლების მიზეზი, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი).
– მამაო, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ადამიანების დიდი ნაწილი აღარ დადის ეკლესიაში და ბევრი ამბობს კიდეც: რატომ უნდა წავიდე ეკლესიაში, ეს რა საჭიროაო. ალბათ, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. თავად სასულიერო პირებიც აბრკოლებენ მათ და ეკლესიისკენ მიმავალ გზას უჭრიან.
– დღეს ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ადამიანმა არ იაროს ეკლესიაში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამის ხელშემწყობი ძალიან ბევრი პირობა არსებობს. რა თქმა უნდა, საინტერესოა, თუ რატომ გაუუცხოვდა ადამიანი ეკლესიას. როგორც აღვნიშნე, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, თუნდაც ის, რომ, ჩვენ, სასულიერო პირები, არ ვიქცევით შესაბამისად, ვაბრკოლებთ ქრისტიანებს, ხშირად მათ არასწორად ვასწავლით – ჩვენსას და არა სახარებისას. ამას გარდა, სხვა მიზეზებიც არსებობს: გაჭირვება, სოციალური პრობლემები, მაგრამ, დღევანდელი ადამიანის აზროვნება გადასულია სიბრტყისეულ მდგომარეობაში. მაგალითად, ის ფიქრობს: მე ვიარე ტაძარში, ან, მინდა, ვიარო, მაგრამ, სამსახური მაქვს და არ მცალია. დღეს სამსახურის შოვნა საკმაოდ რთულია და თუ იშოვიან, იმდენად დატვირთულები არიან, მართლა არ რჩებათ ტაძარში მისასვლელი დრო. ბუნებრივია, მოძღვრები ვერავის ვაიძულებთ, მოვიდნენ ეკლესიაში, იყვნენ ეკლესიის ერთობაში, რადგან, ამის გამო, შეიძლება, სამსახურიდან გაუშვან და ოჯახი მშიერი დაურჩეს. თუმცა, ეკლესიისადმი გაუცხოების მიზეზი მხოლოდ ეს არ არის, მთავარი პრობლემა მაინც ჩვენს აზროვნებაში, ეკლესიის, რელიგიური ცხოვრებისადმი მიდგომაშია. ღმერთი ადამიანის ცხოვრების ზნეობრივი, მორალური კანონია. ათ მცნებას, ეკლესიის ადათ-წესებს ან სჯულის კანონს რომ გადავხედოთ, არც ერთს არ აქვს ადამიანის ცხოვრებაში იძულების ფორმა. რა თქმა უნდა, ყველას სჭირდება საკუთარი თავის იძულება იმისთვის, რომ კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ, არც ერთი კანონი და არც ერთი მცნება, პირდაპირი გაგებით, არ გვავალდებულებს რამის კეთებას; ეს არც სასჯელია და არც იძულება, ეს მხოლოდ მოწოდებაა და უფლის სიყვარულის გამოხატულება ადამიანების მიმართ. უფალი გვეუბნება: ადამიანო, შენ თუ ამ მცნებებს შეასრულებ, მე კი არ მარგებ, საზღაურს მე კი არ გადამიხდი, საკუთარ თავს გაუკეთებ ყველაფერს! დღეს ეკლესიაში სიარულს ასე ვუდგებით: რადგან დავდივარ ეკლესიაში, აღსარებას ვამბობ, ვეზიარები, ესე იგი, უფლის წინაშე დამსახურებებს ვიღებ – ეს წმიდა წყლის კათოლიკური სწავლებაა. ეკლესიაში იმისთვის კი არ უნდა ვიარო, რომ ღმერთთან დამსახურებები ჩამეწეროს და მერე ღმერთმა თავზე ხელი გადამისვას – რა კარგად იქცეოდიო. დღეს ქრისტიანი ეკლესიაში მოდის იმიტომ, რომ ლოთი მეუღლე ჰყავს და, უნდა, რომ ის განიკურნოს. მაგრამ ამას ვერ აღწევს. ზოგი იმიტომ დადის, რომ სურს მატერიალური გაჭირვებისგან დაიხსნას თავი, ან, მძიმე სენი აქვს და განიკურნოს. მაგრამ, როდესაც ამას ვერ აღწევს, რადგან დღეს აღარ არის ის ეპოქა, როდესაც ხილულად ხდებოდა სასწაულები, მერე უკვე იწყება მისი გაუცხოება რელიგიურ ცხოვრებასთან, ეკლესიასთან. ადამიანის „მინდასა“ და „შემიძლიას“ შორის მუდმივად არსებობს კონფლიქტი: მინდა ეს, მაგრამ, რამდენად შემიძლია ამის გაკეთება, ამაზე აღარ ვფიქრობ.
– ამიტომაც, ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე, ლოგიკურია, როდესაც მას ამ ყველაფრის შემდეგ უფლისადმი გაუცხოება ეუფლება.
– ბევრს უთქვამს ჩვენთვის: „მამაო, ეკლესიაში ვიარე, მაგრამ, ჩემი ქმარი არ გამოსწორდა“, ან, „ისევ ის პრობლემები მაქვს, არაფერი იცვლება ჩემს ცხოვრებაში და არ მჭირდება ისეთი ღმერთი, რომელიც არ მეხმარება.“ რა თქმა უნდა, ეს არასწორი მიდგომის ბრალია. ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებას იმისთვის კი არ ვიწყებთ, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ; ეს ჩვენთვის არის საჭირო და არა ღმერთისთვის. როგორ შეიძლება, ღმერთმა ვინმე დასაჯოს?! ღმერთის წყენინებაზე რომ მიდგეს საქმე, ანუ, ჩვენი ცოდვები მას რომ შეურაცხყოფას აყენებდეს, კაცობრიობა იმდენ რამეს აშავებს, ისე ვცოდავთ და ძალიან ხშირად ისე ცუდად ვიქცევით, რომ ღმერთზე შეურაცხყოფილი არსება არ იქნებოდა არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად. ჩვენ ჩვენი ცოდვებით ღმერთს კი არ შეურაცხვყოფთ, არამედ, საკუთარ თავს, საკუთარ ღირსებას და ჩვენს უკვდავ სულს ვექცევით უდიერად. ზოგიერთის მიდგომით‚ თუ კარგ საქციელს ჩავდივართ, ღმერთი გახარებულია‚ თუ ვცოდავთ, მაშინ ღმერთი გაბრაზებულია ჩვენზე ან დაღვრემილი ზის. როგორ შეიძლება, ეს სიმართლე იყოს?! ეს ჩვენ ვართ, ადამიანები, ხან კარგ ხასიათზე, ხან ცუდზე; ხან გვწყინს, ხან გვიხარია, ღმერთი კი სიყვარულია უცვალებელი. ღმერთი უცვალებელია თავის სიყვარულში, მას არ შეუძლია‚ ერთი უყვარდეს და მეორე ეჯავრებოდეს. ბევრი იმასაც ამბობს: ღმერთმა მიმატოვა. თითქოს ის ზის ზეცაში, ღრუბლებს ამოფარებული გადმოგვყურებს და, ერთი სული აქვს‚ დაინახოს‚ რას გავაფუჭებთ ან გავაკეთებთ და მერე ადეკვატურად გვექცევაო. რა თქმა უნდა‚ ეს არასწორია. ღმერთი ჩვენთვის ზნეობრივი კანონია. თუ ადამიანი ღმერთს დაკარგავს საკუთარ თავში, ის ადამიანობასაც კარგავს, რადგან, ის ღმერთის ხატად არის შექმნილი თავისუფალი არჩევნის საშუალებით. ასე რომ‚ ეკლესიაში იმიტომ კი არ დავდივართ, ღმერთმა საჩუქრები მოგვცეს, საზღაური მოგვიზღას, არამედ, იმისთვის, რომ სულიერად განვიკურნოთ. ადამიანმა ჯერ საკუთარი თავი უნდა განკურნოს და მერე უნდა იზრუნოს სხვაზე.
– გამიგონია, რომ დღეს სასულიერო პირები აბრკოლებენ ქრისტიანებსო. შეიძლება ითქვას, რომ შეგნებულად ხდება? ან, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
– ცოტა ხნის წინ ყველამ ვნახეთ, როგორ მისდევდა სასულიერო პირი ადამიანებს გინებით. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მას ხმა ჰქონდა დადებული. შემიძლია, ასეთი კითხვა დავსვა: რატომ მე არ მივრცელებენ ასეთ ხმას?! ის, რომ სასულიერო პირი ცუდია, არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიაა ამაში დამნაშავე, ის არის ცუდი. მე, როგორც სასულიერო პირი, ჩემს ღირსებაზე, ქცევაზე თვითონ ვაგებ პასუხს. თითქმის ყველა საუკუნეში იყვნენ ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც ხალხს აბრკოლებდნენ, ამიტომაც იწვევდნენ საეკლესიო კრებებს. დღეს კი დეგრადაცია ხდება სასულიერო პირების აზროვნებაში და, აქედან გამომდინარე, ერშიც. სასულიერო პირებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით – დღეს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ადამიანები არ დავაბრკოლოთ. არ ვამბობ, რომ ვინმე ანგელოზია, ყველა მეტ-ნაკლებად ცოდვილები ვართ, მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს საზოგადო და ინდივიდუალური ცოდვები. როდესაც სასულიერო პირი ფარულად სცოდავს, მრუშობს, ეს მხოლოდ მათ იციან და ღმერთმა, არავის არ აბრკოლებენ; მაგრამ, მეორე შემთხვევაში, სასულიერო პირი ამას ღიად აკეთებს და ეს ყველამ იცის. საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, ერთსა და იმავე ცოდვაზე ორივე სასულიერო პირს ერთნაირი პასუხი არ მოეთხოვება. ორივე ცოდვაა, მაგრამ, საზოგადო ცოდვას უფრო მეტი სიმძიმე გააჩნია, რადგან, ამით ბევრი ადამიანი დაბრკოლდა. მესმის იმ სასულიერო პირების, ქართველები მაინც კონსერვატორები ვართ და, შეიძლება, ასეთი რაღაცეები არ მოგვწონს, ვღიზიანდებით. მამაკაცი რომ ხარ, შეიძლება, რაღაცაზე გაბრაზდე და გინებაც წამოგცდეს, განრისხდე, მაგრამ, ეს საკუთარ თავში უნდა გააკეთო. რა თქმა უნდა, არც ეს არის სასიამოვნო, მაგრამ, ამით ხმამაღლა არავის აყენებ შეურაცხყოფას. როგორი მართალიც უნდა იყოს სასულიერო პირი, მან მაინც უნდა შეიკავოს თავი, უნდა მოთოკოს რისხვა, რადგან, მას დღეს ათი ათასი თვალი უყურებს და თავისი ქცევით სხვა არ უნდა დააბრკოლოს, თორემ, ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც მოგვდის გული, თუმცა, საჯაროდ მაინც არ უნდა გამოვიდეთ და ჩვენი ქცევით ქრისტიანები არ უნდა დავაბრკოლოთ, ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ ისინი ეკლესიაში აღარ მოვიდნენ. დღეს, მართლაც, ბევრი აღარ მოდის ტაძარში. ისინი ამბობენ: „მე ვნახე, სასულიერო პირი ასე იქცევა, ამას აკეთებს, არ იქცევა კარგად და, არ მინდა, მოვიდე ტაძარში, რადგან, მე შენც არ გენდობი.“ ეს, რა თქმა უნდა, არასწორი გადაწყვეტილებაა. მადლობა ღმერთს, კარგი მოძღვრებიც არსებობენ და შენ მაინც ნუ მოსწყდები ეკლესიას, უფლის სწავლებას. თუ სასულიერო პირები არ ვიქცევით კარგად, ადამიანის არჩევანი მაინც არ უნდა იყოს ეკლესიისგან განდგომა.