გარდაცვლილი გოგონა პროფესორს გამოეცხადა
მეოცე საუკუნის დასაწყისში მოსკოვში ცხოვრობდა ცნობილი ექიმი, ვლადიმირ ნიკოლოზის ძე როზანოვი.
ის ავადმყოფებს შინ იღებდა. მორიგი პაციენტი რომ გააცილა, მის კაბინეტში თორმეტიოდე წლის ბაფთიანი, ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი გოგონა შევიდა.
– ექიმო, – მიმართა მან პროფესორს, – დედაჩემი ძალიან ცუდადაა. ძალიან გთხოვთ, ახლავე წადით, – და თავისი მისამართი უთხრა.
პროფესორი გააოცა ბავშვის ჩაცმულობამ და მისმა დაჟინებამ. აღუთქვა მოვალო და გაისტუმრა.
ექიმი სამგზავროდ გამოეწყო და მისაღებში მსხდომ პაციენტებს სთხოვა, დალოდებოდნენ, რადგან, სასწრაფოდ უნდა ენახა იმ გოგონას დედა, ახლა რომ იყო მასთან.
– რომელი გოგონა? – გაოცდნენ ისინი, – თქვენს კაბინეტში არავინ შემოსულა და არც იქიდან გამოსულა ვინმე. ჩვენც გაგვიკვირდა, როცა გავიგონეთ, რომ ვიღაცას ესაუბრებოდით.
გაოცებული როზანოვი სასწრაფოდ გაეშურა იმ მისამართზე, გოგონამ რომ მისცა.
კარი შეშფოთებულმა მასპინძლებმა გაუღეს.
– ექიმო, რა კარგია, რომ მოხვედით! ვინ შეგატყობინათ, ასე რომ გვჭირდებოდით?
პროფესორი სასწრაფოდ შეიყვანეს სასტუმრო ოთახი. იქ მას გონდაკარგული ქალი დახვდა, რომელსაც თითქმის აღარ ეტყობოდა სიცოცხლის ნიშანწყალი. ოთახის შუაგულში კი მიცვალებული ესვენა – ვარდისფერკაბიანი და ბაფთიანი პატარა გოგონა, სწორედ ის, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ექიმმა საკუთარ კაბინეტში ნახა.
როგორც ჩანს, დედის მწუხარებამ და მისმა მძიმე მდგომარეობამ ისე ააღელვა პატარა მიცვალებულის სული, რომ, ღვთის მადლით, საშუალება მიეცა, დედისთვის ექიმი გამოეძახებინა.
ქართველი ეპისკოპოსი ორჯერ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს
20-30-იან წლებში, სანამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად აკურთხებდნენ ეფრემს (სიდამონიძე), იგი ეპისკოპოსის ხარისხში ასრულებდა მსახურებას. სწორედ ამ დროს დააპატიმრეს ის და ათი წლით ციმბირში გადაასახლეს. სწორედ მის მონაყოლს გადმოგვცემს თავის ქადაგებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე: „... მან ციხეში 7 წელი გაატარა. უწმიდესისა და უნეტარესის, კალისტრატეს (ცინცაძე) თხოვნითა და მეოხებით, იგი მრავალ სხვა სასულიერო პირთან ერთად გაათავისუფლეს.
... სასწაულებრივი იყო მისი ცხოვრება ციმბირში. იქ ციხის ზედამხედველი, ვინმე ებრაელი ყოფილა, რომელსაც სრულიად უმიზეზოდ (აბანო ცუდად გაათბეო) კარცერში მისი ჩასმა გადაუწყვეტია. კარცერს გისოსები ჰქონია, მაგრამ შუშა – არა. ეს ხდებოდა ზამთარში, რაც იმას ნიშნავდა, რომ დილით იქიდან გაყინულ ადამიანს გაიტანდნენ – ეს პირდაპირ სიკვდილის მისჯას ნიშნავდა. როცა მომავალი პატრიარქი კარცერში ჩასასმელად მიჰყავდათ, ციხის უფროსი დაინტერესებულა, თუ სად მიდიოდნენ. როდესაც შეიტყო, იგი თავისთან წაუყვანია. ასე გადაარჩინა ამ კაცმა სიკვდილს ეფრემ მეორე.
როცა სამშობლოში ბრუნდებოდა, შიმშილისაგან სულ დასიებული და იმდენად დაუძლურებული ყოფილა, რომ ექთანი გამოაყოლეს. მისულან კასპიის ზღვასთან, სადაც გემზე ასასვლელად დიდი რიგი იდგა. როდესაც მისი რიგი მოვიდა, უკვე ადგილი აღარ დარჩა. შემდეგ ის ყვებოდა, რომ ტირილი დაიწყო და იხვეწებოდა, როგორმე ადგილი გამოენახათ მისთვის, რადგან ამდენი წელი თავისი ქვეყანა არ ენახა, მაგრამ, უარი მიიღო. გავიდა ორი-სამი საათი და შეიტყვეს, რომ ეს გემი ხალხთან ერთად ჩაიძირა. ასე გადაურჩა იგი რამდენჯერმე სიკვდილს და ბოლოს ჩამოვიდა თბილისში...
(უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებიდან ბარბარობის დღესასწაულზე, 2005 წლის 17 დეკემბერს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში)