ჭეშმარიტი სარწმუნოება
გლოვა ცოდვილზე
ღირს მამა ნიფონტს, შემდგომში კი კვიპროსის ეპისკოპოსს (მეოთხე საუკუნე) იმდენად ნათელმოსილი გონება ჰქონდა, რომ ადამიანების გულის საიდუმლოებებს ჭვრეტდა. იგი იმგვარადვე ცხადლივ ესაუბრებოდა ანგელოზებს, როგორც თავის მეგობრებს.
ერთხელ, როცა წმიდა ანასტასიას ეკლესიიდან (კონსტანტინოპოლში) მოდიოდა თავისი ქოხისკენ, ერთი სახლის კართან ყმაწვილის შესახედაობის მწარედ მოტირალი ანგელოზი იხილა. ნიფონტმა ჰკითხა ტირილის მიზეზი. მან უპასუხა: „მე დამაყენეს ადამიანის მფარველად, რომელსაც ახლა ამ სახლში მეძავთან სძინავს. მიჭირს უკანონობის ყურება, რასაც იგი სჩადის. როგორ არ ვიტირო, როდესაც ვხედავ, რა წყვდიადშია დანთქმული ხატი ღვთისა?“
„რატომ არ დასჯი, რომ აღარ შესცოდოს?“ – გაუკვირდა ნეტარ მამას. დამწუხრებულმა ანგელოზმა ამოიოხრა და უთხრა: „არ შემიძლია მასთან მიახლოება. მას შემდეგ, რაც შეცოდება დაიწყო, იგი ეშმაკთა მონად იქცა და აღარ მაქვს მასზე უფლება. ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა, აჩვენა ვიწრო და ფართო გზა, ხოლო არჩევანი კი მას მიანდო“.
დისტანცია
ყველგან დისტანცია დაიცავი, სული კი ღმერთს მიუახლოვე. თუ ცეცხლში წყალს ჩაასხამ, არც ცეცხლი გექნება და არც წყალი.
თუ სხვისას მოისურვებ და შენსას შეიძულებ, ერთსაც დაკარგავ და მეორესაც.
თუ მიეახლები მოსამსახურეს, როგორც ცოლს, არც ცოლი გეყოლება და არც მოსამსახურე.
თუ ხშირად სვამ სხვისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, საკუთარს დაკარგავ.
თუ გამუდმებით ითვლი სხვის ფულს, სულ უფრო ნაკლები გექნება საკუთარი.
თუ გამუდმებით ითვლი სხვის ცოდვებს, საკუთარს განამრავლებ.
თუ მელიის მადევარი მას დაეწევი, მამალს დაიბრუნებ; დათვის მადევარი მას დაეწევი, ვერც მამალს დაიბრუნებ და თავსაც დაიღუპავ.
ტანჯვის საზომი
მებაღე ტოტებს ჭრის, რათა ხე სწრაფად გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი მოიტანოს. თუ იგი გადაამეტებს და ზედმეტს მოჭრის, ხე გახმება.
გწამდეს, რომ შენი ტანჯვა არასოდეს გადასცდება საზღვრებს. ღმერთი ნებისმიერ მებაღეზე მეტი მზრუნველობითა და გულმოწყალებით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე.
თუ მექოთნემ თიხის ცეცხლში გაჩერების ზომა იცის, რათა ის არ გასკდეს, ნუთუ ღმერთმა არ იცის ჩვენი ტანჯვის საზღვრები? გჯეროდეს, ღმერთს ადამიანზე მეტი განსჯის უნარი აქვს.