სად „უჯოკრავს” კოკა დავლაძე მსოფლიოში წამყვან ბილიარდის „მამებს” და რატომ მოსწონს მას მაგიდაზე გადაწოლილი გოგონები
21 წლის კოკა დავლაძე, მართალია, ამერიკაში სასწავლებლად წავიდა, მაგრამ ბილიარდის თამაშით, და კიდევ უფრო მეტის მოგების სურვილით, ისე გაერთო, რომ ერთი წლით აკადემიური აიღო. დღეს კოკა ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ბილიარდის ცნობილ და წარმატებულ მოთამაშედ ითვლება. საკმაო გავლენაც აქვს ამ სპორტის „მამებთან” და მასზე დიდ იმედებს ამყარებს მისი სპონსორი. როგორც თავად ამბობს, მთავარია, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდეს და ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს.
კოკა დავლაძე: უკვე ერთი წელიწადია, რაც ამერიკაში სასწავლებლად ჩამოვედი, მაგრამ ერთი წლით აკადემიური ავიღე. აქტიურად ვთამაშობ ბილიარდს და დრო აღარ მრჩებოდა. ბილიარდის თამაში დაახლოებით ექვსი წლის წინ დავიწყე, საქართველოს ჩემპიონიც გავხდი და 18 წლის ასაკში, კიევსა და ესპანეთშიც გახლდით ტურნირებზე, სადაც საკუთარი ფინანსებით წავედი – საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და კარგი შედეგებიც ვაჩვენე. ძალიან მომწონდა ბილიარდის თამაში. ბევრი ვივიარჯიშე, „დავამუღამე” და მივხვდი, ეს ის სპორტია, რომელშიც ჩემს სათქმელს მსოფლიო ასპარეზზე ვიტყოდი. ახლა ამის „მუღამი” მაქვს. დამეთანხმებით, უცხო ქვეყანაში ჩასულს, პრეტენზია გქონდეს ბილიარდის წამყვანი მოთამაშე გახდე და შენი სათქმელი თქვა ამ სპორტის სახეობაში, რთულია. მით უმეტეს, რომ ეს ის სპორტია, სადაც ყოველდღიურად თუ არ თამაშობ, სწორი ხედვა და გათვლა არ გაქვს, შედეგს ვერ მიაღწევ. თან, ეს ერთადერთი სპორტის სახეობაა, სადაც, რაც წლები გემატება, მით მეტი გამოცდილება გაქვს და მეტ შედეგს აჩვენებ. თავიდან, ამერიკაში რომ ჩამოვედი, ინტერნეტის საშუალებით ვიღებდი ინფორმაციას, თუ სად ტარდებოდა შეჯიბრებები, ტურნირები და უბრალოდ, სად ხდებოდა ვარჯიში. აქ უამრავი ტურნირი ტარდება ყოველ შაბათ-კვირას საბილიარდოებში და ძალიან მაღალი დონეცაა. მეც მივედი, ვცადე და მოვიგე რამდენიმე ტურნირი. ასე დაიწყო ჩემი წარმატება და ვცდილობ, უფრო მეტს მივაღწიო.
– პირად საუბარში აღნიშნე, სპონსორიც მყავს და დიდ იმედებს ამყარებს ჩემზეო. ალბათ, რთულია უცხო მხარეში ჩახვიდე სრულიად მარტო, შენით გაიკვლიო გზა და სპონსორიც იშოვო?
– სპონსორიც მყავს და მგონი, დიდ იმედებსაც ამყარებს ჩემზე (იცინის). თუ შენში რაღაც პერსპექტივა და პოტენციალი არ დაინახა სპონსორმა, ისე არ დაგაფინანსებს. ვის აქვს ორი თავი და გადასაყრელი ფული? ჩემი სპონსორი კერძო პირია, საკმაოდ შეძლებული. მოეწონა ჩემი თამაში, დამელაპარაკა და დაფინანსება შემომთავაზა. დღეს უფრო მეგობრები ვართ. სამწუხაროდ, საქართველოში, ბილიარდი არ არის პოპულარული, არც სათამაშო მაგიდები ვარგა და არც თამაშის დონეა სახარბიელო. წარმოიდგინეთ, საქართველოს ჩემპიონი გავხდი და 150 ლარი გადმომეცა ჯილდოდ. მახსოვს, ვხუმრობდი, ჯანდაბას ტაქსის ფული ხომ მაინც ავინაზღაურე-მეთქი (იცინის). ამერიკაში კი, საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარიდან იწყება. უბრალო შეჯიბრებებში 2 500-3 000 დოლარიც მომიგია. მაგალითად, ერთი კვირის წინ, ოთხ წუთში, 1 400 დოლარი მოვიგე. ასეთი მოგებები ხშირია.
– მსოფლიო ჩემპიონატზე თუ აპირებ საქართველოს სახელით გასვლას?
– თუ დამაფინანსებს საქართველოს ფედერაცია, მაშინ გავალ ჩემი ქვეყნის სახელით, თუ არადა, ამერიკის ჰიმნის ფონზე ვიასპარეზებ, სხვა რა გზაა?
– ამერიკაში, საკმაოდ ბევრი გოგონა თამაშობს ბილიარდს. თუმცა, ამბობენ, ეს მანდილოსნებისთვის ცოტა უხერხული სპორტიაო.
– მე ძალიან მომწონს, ქალი რომ ბილიარდს თამაშობს. რაღაცნაირად უხდება (იცინის). აბა, წარმოიდგინეთ, გოგონა რომ მოიმარჯვებს კიას, გადაწვება მაგიდაზე, წამით გაირინდება და ბურთებს დაშლის, რა მაგარი სანახავია. ქართველი გოგონები ამას ვერ აკეთებენ. უფრო სწორად, სექსუალურობაც აკლიათ, მაგიდაზე გადაწოლაც უხერხულობას უქმნით და ვერც თამაშობენ. თან, ქართველო გოგონები ისე გიყურებენ, თითქოს მათი ვალი გაქვს. ამერიკელი გოგონები კი უფრო უკომპლექსოები და მოქნილები არიან თამაშის დროს. ძალიან მაგრადაც თამაშობენ ბილიარდს. ჩემი ქართული ბუნებაც ხიბლავთ და თუ კარგად თამაშობ, ეს კიდევ ერთი პლუსია მათ თვალში. ტურნირზე ბევრი ამერიკელი გოგნა მოდის და უნდა ნახოთ, რა თვალით მიყურებენ (იცინის). თამაშის დროს კი მე მათთვის არ მცალია, ამ დროს ასტრალში ვარ, მხოლოდ ერთ რამეზე – სიზუსტეზე ვფიქრობ. როცა ბილიარდს ვთამაშობ, გოგო კი არა, საკუთარი სახელი და გვარიც არ მახსოვს. ზოგადად, ამერიკელები ქართველებს საერთოდ არ გვგვანან. აქ სხვა წესებია, სხვა მენტალიტეტი, ცხოვრება დუღს. თავიდანვე მომხიბლა ამ ქვეყანამ და ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, ქართული ტრადიციები მენატრება და ნოსტალგია მაგიჟებს-მეთქი. აქ ვარჯიშიც უფასო მაქვს, სპონსორიც მყავს და მეტი პერსპექტივაც მაქვს. ვივარჯიშებ და მომავალი წლიდან აქტიურად ჩავებმები არა მარტო ამერიკის, არამედ, იაპონიის, აზიის, ფილიპინების თუ სხვადასხვა ქვეყნის ტურნირებში.
– ესე იგი, ჯოხით ხელში, მსოფლიოს დაპყრობას გეგმავ?
– ჰო, ვგეგმავ, ჯოხით ხელში უნდა დავიპყრო მთელი გლობუსი (იცინის). მთავარია, არ დაგეზაროს დროის ხარჯვა, ივარჯიშო, იშრომო და შედეგს აუცილებლად მიაღწევ.
– წარმოიდგინე, ამერიკის ჩემპიონი რომ გახდე ბილიარდში, რა შეიცვლება შენს ცხოვრებაში?
– რა მოხდება და, მექნება ბევრი ფული, მეყოლება მაგარი მანქანა, მექნება „შიკარნი” ვილა და დიდი მედალი გულზე. იმედია, ეს ოცნება დროში არ გამეწელება. (იცინის). ხშირად აქ, ბილიარდის სათამაშოდ, კოსტიუმში გამოწკეპილები მოდიან „სვეტსკი” ამერიკელები. ასე ჩაცმა აუცილებელია, ისე არ შეგიშვებენ კლუბში. მე კი, ყველა მიცნობს და ჯინსის შარვლითა და ბოტასებითაც კარგად მიშვებენ, ყოველგვარი „ფეისკონტრილის” გარეშე. გავიცანი მსოფლიოში ცნობილი, ათეულში შესული მობილიარდეები – ჯეისონ შო, ბრონი ალკანო და ასე შემდეგ. მათთან ერთადაც ხშირად ვთამაშობ და ერთ ტურნირზე მოვუგე კიდეც. ჩემზე მინიმუმ, ოცი წლით უფროსები არიან. მათთან ერთად ვვარჯიშობ და ბევრ რამეს ვსწავლობ. რომ ვეუბნები, ქართველი ვარ-მეთქი, „რუსს” – ასე მეძახიან. ვუხსნი, რუსი არა, ქართველი-მეთქი. მათთვის საქართველო, მაინც რუსეთთან ასოცირდება. მეუბნებიან, ჯერ 21 წლის ხარ და ყველაფერი წინ გაქვსო. ბევრი ახალგაზრდა თამაშობს ბილიარდს, მაგრამ წარმატებას ცოტა აღწევს.
– დავიჯერო, ხინკალი, ხაჭაპური და შემწვარი დედალი არ მოგენატრა?
– თქვენ წარმოიდგინეთ, არა. აქაც არის ქართული რესტორანი და თუ მომენატრება, მივალ და მივირთმევ. ძირითადად, ქუჩაში მიწევს ჭამა. სახლში ვერაფერს ვაკეთებ, მირჩევნია გარეთ ვჭამო. მომწონს ამერიკა და ვაპირებ, აქ ავიწყო კარიერა, აქ დავსახლდე და დავიხარჯო. ამ ეტაპზე ასეა, მერე კი ვნახოთ. ფილიპინები და ამერიკა – ის ქვეყნებია, სადაც ბილიარდს დიდ პატივს სცემენ. ამიტომ, მეც ამ ეტაპზე აქ მირჩევნია ცხოვრება. ამერიკაში, ოცნებები ხდება, მაგრამ, ამისთვის ბევრი უნდა იწვალო, იშრომო და მაქსიმუმი გააკეთო. ჩემთვის ერთ ღამეში იცვლება ცხოვრება – ხან ვიგებ, ხან ვაგებ. ფულზე თამაში ოფიციალურია და თუ არ გარისკე, ისე შამპანურსაც ვერ დალევ. საქართველოში კი ფულზე თამაში არ ღირს. მანდ არ წამიგია, მაგრამ ხშირად, მოგებაც მინანია.
– რატომ?
– აბა, კაცს რომ ფულზე ეთამაშები, მოუგებ, ის კი შუქისა და გაზის გადასახდელ ფულს გაძლევს და ნულზე რჩება, ცოტა უხერხულია. ნამუსიც ხომ უნდა გქონდეს, მოგებულ ფულს რომ ჯიბეში იდებ? აქ კი ასპარეზიც დიდია, ფულიც ტრიალებს და არც მოგების გრცხვენია. თუ ბილიარდი ფულზე არ ითამაშე, ისე თამაშის დონეს ვერ აწევ. ჩაფიქრებული მაქვს, მსოფლიო რანგის მობილიარდე გავხდე და ყველა ქვეყნის ტურნირები მოვიგო. დღეს, ეს ჩემი ყველაზე მთავარი დევიზია და სხვა არაფერზე ვფიქრობ.